კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი
- ქალბატონო სოფია, რას გვეტყვით კომპიუტერის ზემოქმედების შესახებ?
- აქამდე მიიჩნეოდა, რომ მხედველობას აქვეითებს დიდი ხნის განმავლობაში ტელევიზორის ყურება, ცუდი განათების პირობებში და მოძრავ ტრანსპორტში კითხვა. დღეს ამ მიზეზებს დაემატა კიდევ ერთი მავნე ფაქტორი - კომპიუტერი. 1998 წელს ამერიკელმა მედიკოსებმა შემოიღეს ახალი ტერმინი - კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი (Сomputer Vision Syndrome, CVS), იგივე კომპიუტერული ასთენოპია. CVS მხედველობის სპეციფიკური დარღვევაა და მას ემართება, ვინც ბევრ დროს ატარებს მონიტორთან. მიიჩნევა, რომ ყოველდღიურად ამ სინდრომის მსხვერპლია კომპიუტერთან მუდმივად მომუშავე ადამიანების 40% და პერიოდულად მომხმარებელთა 92%.
- რა იწვევს ამ სინდრომს?
- სპეციალისტებმა გამოყვეს 5 ძირითადი მიზეზი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თვალზე:
1. მონიტორებზე გამოსახულების პიქსელური სტრუქტურა. საქმე ის არის, რომ მონიტორზე გამოსახულება არა ხაზებით, არამედ მიკროსკოპული წერტილების სახით მოგვეწოდება, თვალი კი ასეთ გამოსახულებაზე მწვავედ რეაგირებს.
2. თვალზე უარყოფითად მოქმედებს მონიტორიდან არეკლილი სინათლე. კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც პირდაპირ ხვდება თვალზე, აზიანებს ტვინს, რადგან მხედველობის დაღლა - ეს ტვინის დაღლაა.
3. მონიტორებს უმეტესად მცირე კონტრასტულობა აქვს, რაც ჩვენს თვალს ძალიან არ სიამოვნებს, ამიტომ ის იძაბება და სწრაფად იღლება.
4. მხედველობაზე უარყოფითად აისახება აგრეთვე კადრების ნათების მონაცვლეობა.
5. მხედველობას აუარესებს მონიტორზე წარმოქმნილი ბლიკები. ისინი ვლინდება სხვა მანათობელი საგნების ანარეკლის სახით.
მხედველობას ვნებს მონიტორსა და თვალებს შორის არასწორად შერჩეული დისტანცია და ფერები. გარდა ამისა, თვალები სწრაფად იღლება, როდესაც იძულებული ვართ, გამუდმებით ვატაროთ მზერა ეკრანსა და კლავიატურას ან ქაღალდის ფურცელს შორის. ექიმები დიდხანს ეძებდნენ მტკიცებულებას, რომ კომპიუტერი აზიანებს თვალს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს. მართლაც, კომპიუტერი არც კატარაქტას, არც გლაუკომას არ იწვევს. ერთადერთი მოსალოდნელი ცვლილება ახლომხედველობის განვითარება ან გაძლიერებაა. CVS-ის ყველა სიმპტომი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფში შედის ე.წ. მხედველობითი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის გაუარესებასთან, მეორეში - „თვალისა“, რომლებიც თვალებში არასასიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.
- რას უჩივის პაციენტი?
- მხედველობითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- აკომოდაციის დარღვევა - შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით;
- მხედველობის გაორება;
- კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა;
- მაკკალაჰის მხედველობითი ეფექტი - თუ ეკრანიდან მზერას შავ ან თეთრ საგანზე გადავიტანთ, ის იმ ფერისა მოგვეჩვენება, რომელიც დომინირებდა ეკრანზე.
თვალის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
- თვალებში წვის შეგრძნება;
- თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
- ქუთუთოებქვეშ ქვიშის შეგრძნება;
- ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში;
- ტკივილი თვალის მოძრაობის დროს;
- თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე.
- როდის იწყება ჩივილები?
- კომპიუტერის მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა ჩივილებს აღნიშნავს კომპიუტერთან 4 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობის შემდეგ, ხოლო კომპიუტერთან შეუსვენებლივ 6 საათი მუშაობის შემდეგ ეს ჩივილი აქვს პრაქტიკულად ყველას. შედარებით ნაკლები დატვირთვა ადგება მხედველობას მონიტორიდან ინფორმაციის კითხვისას, მეტი - მისი შეყვანისას, ყველაზე მეტად კი დაღლას იწვევს მუშაობა დიალოგურ რეჟიმში და კომპიუტერული გრაფიკა.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?
- ექიმების უმრავლესობა პაციენტებს ურჩევს, შეზღუდონ კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა, სწორად შეარჩიონ მონიტორის მდებარეობა და დროდადრო შეისვენონ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორის სწორად შერჩევას.
- რას გულისხმობს მონიტორის სწორად შერჩევა, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
- შედარებით უსაფრთხო მონიტორის მინიმალური პარამეტრებია:
- დიაგონალი - 17 ინჩი; გარჩევადობა - 1280X1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე - 100 ჰც. აქვე უნდა ითქვას, რომ დამცავი სათვალე და ეკრანი თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის.
- მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული მონიტორიდან არეკვლის დონე.
- სასურველია, ეკრანისა და კლავიატურის ფერის ფონი ერთმანეთს ემთხვეოდეს.
- 15-დუიმიანი მონიტორიდან თვალების დაშორება უნდა იყოს, სულ მცირე, 35-40 სმ, ხოლო 17 და 19-დუიმიანიდან - 50-60 სმ.
- თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15 გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
- მონიტორის ირგვლივი ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი. მონიტორის მდებარეობა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ სინათლე ან ადგილობრივი განათება ხვდებოდეს ეკრანზე.
- დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების პირობებში ან მაგიდის ნათურის ფონზე.
- მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას და სხვ.).
- დოკუმენტიდან ტექსტურ რედაქტორში ტექსტის გადაწერის დროს აუცილებელია კოპი-ჰოლდერის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მხედველობის ზედმეტი კონცენტრირება.
- მონიტორთან მუშაობისას 20-30 წუთში ერთხელ აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მოკლე ხნით მხედველობის კონცენტრირება შორეულ საგნებზე და თვალების გავარჯიშება. მაგალითად, ასე: მოვაცილოთ მზერა მონიტორს და თვალის კაკლები აქეთ-იქით ვამოძრაოთ.
6-7 წლამდე ასაკის ბავშვების კომპიუტერთან დაშვება არასასურველია; 7-დან 12 წლამდე ასაკის ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის ოპტიმალური ხანგრძლივობაა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - დღეში არა უმეტეს 2-2,5 საათისა. კომპიუტერთან მუშაობის რამდენიმე წესი:
- მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ უნდა იყოს წამოწეული; სკამი, სასურველია, ბრუნავდეს; კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე უნდა იყოს, ტერფები კი აუცილებლად ეხებოდეს იატაკს.
- თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ, ხშირად უნდა გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ სამუშაო ოთახი. თუ გსურთ, მშვიდად ჩაგეძინოთ, გვიანობამდე ნუ იმუშავებთ. ეცადეთ, 8 საათი მაინც იძინოთ სრულყოფილად, რადგან კომპიუტერთან მუშაობისას დომინირებს ტვინის აღგზნების მექანიზმი.
- მშობლები წუხან, რადგან არ იციან, როგორ მოაცილონ მოზარდი კომპიუტერს...
- მოზარდი შეიძლება დავტვირთოთ სპორტით, ცეკვით, სიმღერით, არ მოვერიდოთ მის ეზოში გაშვებას, მან თანატოლებთან ერთად რეალურ სამყაროში უნდა ითამაშოს, დახარჯოს ენერგია და თავი აარიდოს კომპიუტერთან ურთიერთობით მიღებულ სტრესს. აქვე გეტყვით, რომ კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლენისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებთან მუშაობის ნება დაერთოს.
- როგორ მკურნალობენ კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომს?
- ოპტიკურ კორექციას (სათვალეს, კონტაქტურ ლინზებს), აგრეთვე მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ ექიმი ოფთალმოლოგი. არ შეიძლება სათვალის ან კონტაქტური ლინზების დამოუკიდებლად შერჩევა და მათი შეძენა არასპეციალიზებულ დაწესებულებაში.
- რა საჭიროა ბუნებრივი ცრემლის პრეპარატები?
- მათი დანიშნულებაა თვალის ლორწოვანა გარსის გამოშრობის თავიდან აცილება. ასეთი პრეპარატი უნდა ჩავიწვეთოთ საშუალოდ 3-4 საათში ერთხელ კომპიუტერთან მუშაობის დროს.
- საკვებ დანამატებს თუ მოაქვს რაიმე სარგებლობა?
- ბიოაქტიური კვებითი დანამატებიდან აღსანიშნავია შავი მოცვის პრეპარატები - როგორც ტაბლეტები, ასევე ნაყენი და სიროფი. მიიჩნევა, რომ შავი მოცვი ააქტიურებს ბადურა გარსს. თუმცა პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია და მისი შერჩევა ექიმ ოფთალმოლოგის კომპეტენციაში შედის.
- რას გვეტყვით მხედველობის გაუმჯობესების კომპიუტერულ პროგრამებზე?
- კომპიუტერული სინდრომის მასობრივი გავრცელების გამო ამჟამად საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება Anti-Strain-ის ჯგუფის პროგრამები, რომელთა ძირითადი მიზანია მხედველობის სიმახვილისა და კონტრასტული მხედველობის გაუმჯობესება და ამის ხარჯზე ბადურა გარსის მაქსიმალური შეგუება მონიტორთან. დღეისთვის ცნობილი პროგრამებიდან ყველაზე ეფექტურია: RDS, FRS, Fractal Mac, Safe eyes, T-antistrain, Relax.
- ამრიგად, ეს სინდრომი იკურნება?
- ზრდასრულ ასაკში კომპიუტერული მხედველობის სინდრომი უმთავრესად შექცევადია - სათანადო მკურნალობისა და კომპიუტერული ჰიგიენის დაცვის პირობებში 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლებელია განკურნება ან ხანგრძლივი რემისიის მიღება. 20-25 წლამდე ასაკის პაციენტები ბროლის (აკომოდაციური) კუნთის შედარებით დიდი რეზერვის გამო უფრო გვიან გრძნობენ მხედველობით დისკომფორტს, ჩივილების გამოვლენის დროისათვის კი მათ უკვე აღენიშნებათ მეტ-ნაკლებად გამოხატული რეფრაქციის მანკი და/ან ასთენოპია, ამიტომ ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა კმს-ის პროფილაქტიკას ენიჭება.
- როგორ მოვახერხოთ ეს?
- კომპიუტერული დაღლილობის სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს, ესენია:
- კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა;
- პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;
- ადეკვატური ოპტიკური კორექცია;
- მედიკამენტური მკურნალობა;
- კმს-ის პროფილაქტიკა და სპეციალური მკურნალობა.