რა იწვევს სიბრმავეს

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თვალის კლინიკა “ოპტიმედის” დამფუძნებელი ალესანდრე ალექსიძე:
- სიბრმავე კრებითი ტერმინია, რომელიც მრავალ განსაზღვრებას აერთიანებს. აბსოლუტური სიბრმავე ორივე თვალში სინათლის მყარი შეუგრძნობლობაა. სიბრმავე შეიძლება იყოს პროფესიული და მოქალაქეობრივი. ამ უკანასკნელს პრაქტიკულ სიბრმავესაც უწოდებენ.
ხარისხობრივად განასხვავებენ სრულ და არასრულ, შეუქცევად და შექცევად ანუ გარდამავალ სიბრმავეს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არასრული ანუ ნაწილობრივი სიბრმავე მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითებაა, რომლის დროსაც ის არ აღემატება 0,04-ს უკეთ მხედველ თვალზე (კორექციით). მკითხველს ალბათ უფრო მეტად აინტერესებს შექცევადი და შეუქცევადი სიბრმავე, მათი გამომწვევი მიზეზები და განმაპირობებელი დაავადებები.
შექცევადია სიბრმავე, რომელიც მკურნალობით, მათ შორის - ქირურგიული ჩარევით, უკუიქცევა, ანუ რომლის დროსაც შესაძლებელია მხედველობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა სხვადასხვა ხარისხით, ხოლო შეუქცევადია სიბრმავე, როდესაც მხედველობის გაუმჯობესება, აღდგენა ვერც ქირურგიული ჩარევით და ვერც სხვაგვარი მკურნალობით ვერ ხერხდება.
შექცევად სიბრმავეს სხვადასხვა რამ უდევს საფუძვლად. მაგალითად, კატარაქტა (ბროლის შემღვრევა) შექცევადი სიბრმავის მიზეზებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ის ფართოდაა გავრცელებული როგორც ქალებში, ისე მამაკაცებშიც, თუმცა ბოლო ხანს მის მკურნალობაში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან თვალსაჩინო შედეგებია.
კატარაქტა ძირითადად ქირურგიულ პათოლოგიად ითვლება, რადგან მისი მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულ ჩარევას ეფუძნება და, როგორც უკვე მოგახსენეთ, შედეგები ძალიან შთამბეჭდავია. ისიც უნდა ითქვას, რომ კატარაქტის ადრეულ სტადიებზე ჩვენ მივმართავთ ინსტილაციებს ანუ მკურნალობას, რომელიც მიზნად ისახავს კატარაქტის სტაბილიზაციას, იმას, რომ პათოლოგიური პროცესი არ გაღრმავდეს და ქირურგიულ მკურნალობამდე არ მივიდეს საქმე. თუმცა ასეთი პაციენტი ძალიან ცოტაა, კატარაქტის მკურნალობა ძირითადად ოპერაციული ჩარევით ხდება.
სწორედ ამ შთამბეჭდავი შედეგების გამოა, რომ პაციენტთა უმრავლესობა ოპერაციას იკეთებს. თუ წინათ თავს იკავებდნენ შიშისა თუ სხვა მიზეზით, დღეს თამამად თანხმდებიან, რადგან იციან, რომ ოპერაციის შედეგად მხედველობა რადიკალურად გაუუმჯობესდებათ.
- კატარაქტის ოპერაციას ოფთალმოქირურგიის მარგალიტს უწოდებენ, რადგან ძალიან კარგი და აშკარა შედეგი აქვს პაციენტისთვის. ეს ოპერაცია განსაკუთრებულად მაღალეფექტურია, რადგან სავსებით კურნავს - პაციენტს ოპერაციამდე აქვს კატარაქტა, ოპერაციის შემდეგ კი აღარ, განსხვავებით გლაუკომის დროს ჩატარებული ქირურგიული მკურნალობისგან, რომელიც პროცესის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
იქნებ ოპერაციის არსსა და თანამედროვე მეთოდებზეც გეთქვათ რამდენიმე სიტყვა...
- კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ოპერაციის ძირითადი მიზანიც სწორედ ამ შემღვრეული ბროლის ამოღება და მის ნაცვლად ხელოვნურის ჩადგმაა. მოდი, ისტორიას და მეთოდოლოგიის დახვეწას ნუ შევეხებით, შორს წაგვიყვანს. განვიხილოთ ის მეთოდი, რომელიც ბოლო წლებში ფართოდ არის დანერგილი და წარმატებით გამოიყენება. ეს არის ე.წ. ფაკოემულსიფიკაცია, რაც გულისხმობს ბროლის ემულსიფიცირებას ანუ სითხედ გადაქცევას ულტრაბგერის მეშვეობით. ხალხში რატომღაც ცნობილია, თითქოს ლაზერით კეთდებოდეს ოპერაცია, პაციენტები ხშირად გვეკითხებიან: “ექიმო, ხომ ლაზერით გამიკეთებთ?” მინდა, მკითხველის გასაგონად ვთქვა, რომ ეს შეცდომაა. ბროლის მასების დაშლა და სითხედ გადაქცევა ხდება არა ლაზერით, არამედ ულტრაბგერით. ამას მოსდევს ასპირაცია - ამ მასის ამოწოვა - და ხელოვნური კუმშვადი ბროლის ჩასმა.
ამ ბროლის ჩასასმელად (შესაყვანად) ძალიან მცირე განაკვეთია საჭირო, თვალში კი იშლება. კუმშვადიც იმისთვისაა, რომ პატარა ნაპრალში გაეტიოს. ეს არის ოპერაციის ძირითადი არსი. ამ ქირურგიული ჩარევის შედეგად მაღალი მხედველობა მიიღება. ეს არ გახლავთ მარტივი პროცედურა - ძალიან ნატიფია და დიდ ოსტატობას მოითხოვს.
ფაკოემულსიფიკაცია კარგი მეთოდია. მას მრავალი უპირატესობა აქვს ტრადიციულ ექსტრაკაფსულარულ ექსტრაქციასთან შედარებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიდ განაკვეთს და ბროლის არა ემულსიფიცირებას, არამედ მთლიანად ამოღებას თავისი ბირთვიანად. ეს ბირთვი საკმოდ დიდია, ამიტომ მისი სრული ექსტრაქციისთვის უფრო დიდი განაკვეთის გაკეთება გვიხდება.
ტრადიციული ექსტრაკაფსულარული ექსტრაქციაც არ გახლავთ ურიგო მეთოდი, თუმცა დღეს ის ვერ შეედრება დახვეწილ და საკმაოდ სრულყოფილ ფაკოემულსიფიკაციას. ამ უკანასკნელის უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, ის არის, რომ ნაკლებტრავმულია. ბუნებრივია, რაც უფრო მცირე ზომის განაკვეთი კეთდება, მით უფრო ნაკლებტრავმულია ოპერაცია და, შესაბამისად, ხანმოკლეა რეაბილიტაციის პერიოდი. განაკვეთის ზომა ძირითადად 3 მმ-ს შეადგენს. თანამედროვე მეთოდიკით 2,5-2,3 მმ ზომის განაკვეთზეც გადავდივართ.
საზოგადოდ გახშირდა კატარაქტა თუ უფრო ხშირად გვესმის ნაოპერაციები პაციენტების კმაყოფილება და უბრალოდ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს პრობლემა ბევრს აწუხებს?
- კატარაქტით დაავადებულთა რაოდენობამ მართლაც მოიმატა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: მოიმატა სტრესულმა ფონმა, რადიაციულმა ფაქტორმა, გახშირდა სხვადასხვა პათოლოგია. ბროლი კი ძალიან მგრძნობიარეა, ნატიფად რეაგირებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებზე, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე. კატარაქტა ხომ საბოლოო ჯამში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია. აქედან გამომდინარე, გარკვეული მნიშვნელობა კვებით ფაქტორსაც ენიჭება. მკაცრი დიეტები ამაში დიდ როლს ასრულებს და მძიმე დაღს ასვამს ბროლის სიჯანსაღეს. ჩვენ გვყავდა რამდენიმე პაციენტი, რომელთაც კატარაქტა დაემართათ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ძალიან დიდი წონის დაკლების გამო. საბოლოოდ ოპერციული ჩარევაც კი დასჭირდათ. შესაძლოა, ზოგიერთი შემეკამათოს, დიეტამ როგორ უნდა გამოიწვიოს კატარაქტა, სხვა რამის ბრალი იქნებოდაო, მაგრამ როდესაც ადამიანი ერთ თვეში დაიკლებს 37 კილოგრამს, ცხადია, აქ სხვა მიზეზების ძიებას აზრი აღარ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ბროლი მეტად მგრძნობიარე ავასკულარული სტრუქტურაა (სისხლძარღვები არ გააჩნია) და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს შემღვრევით პასუხობს, ამიტომ ცხოვრების ჯანსაღი წესის, რაციონალური კვებისა და, საზოგადოდ, ცალკეულ ორგანოთა ნორმალური ფუნქციობის როლს კატარაქტის პრევენციაში ვერ უარვყოფთ.
ეს - რაც შეეხება შექცევადი სიბრმავის ყველაზე ხშირ მიზეზს - კატარაქტას. შეუქცევადი სიბრმავის გამომწვევი დაავადებებიდან რომელს გამოყოფდით?
- სამწუხაროდ, არსებობს შეუქცევადი სიბრმავეც. როდესაც მას ვეხებით, უნდა გამოვყოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა და თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. ეს დაავადებებია მთელ მსოფლიოში შეუქცევადი სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზი. რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება, მაგრამ სიბრმავის უშუალო მიზეზად გვევლინება. არ მინდა, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ თუ გლაუკომითაა დაავადებული, აუცილებლად დაბრმავდება. ასე არ არის. როდესაც ვამბობთ, რომ გლაუკომა არის შეუქცევადი სიბრმავის მიზეზი, ეს იმას ნიშნავს, რომ გლაუკომის დროს ადგილი აქვს მხედველობის სრულ დაქვეითებას, სრულ გაქრობას, ეს კი შედეგია მხედველობის ნერვის სრული გლაუკომური ატროფიისა.
მაღალი თვალშიდა წნევის გამო ხდება მხედველობის ნერვის სრული ატროფია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ მკურნალობს, არ იტარებს ანტიგლაუკომურ თერაპიას, ამდენად, თვალშიდა წნევა არაკომპენსირებულია და გლაუკომა პროგრესირებს. წნევის მატება და მხედველობის ნერვის დაზიანება საბოლოოდ სრულდება გლაუკომური ატროფიის ერთ-ერთი ფორმით, რომელსაც გლაუკომურ ექსკავაციას ვეძახით. სწორედ ეს პროცესი ითვლება შეუქცევადად, რადგან მხედველობის ნერვის ბოჭკოები სხვა სენსორული ნერვის ბოჭკოების მსგავსად ვეღარ აღდგება
ატროფიის (სრული განლევის) შემდეგ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც დრო გადის, გლაუკომის დროს ნერვული ბოჭკოების სრული ატროფიის პროცენტი სულ უფრო მეტად ქვეითდება. ეს უპირველესად იმის შედეგია, რომ ძალიან დაიხვეწა გლაუკომის სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური არსენალი, ბაზარზე გამოჩნდა თვისობრივად ახალი ანტიგლაუკომური პრეპარატები, რომელთა წყალობითაც წარმატებით ვახდენთ თვალშიდა წნევის კომპენსირებას და მხედველობის ფუნქციების სტაბილიზაციას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიცოცხლისუნარიანობას ვუნარჩუნებთ და ვუხანგრძლივებთ მხედველობის ნერვის ბოჭკოებს. ამ კუთხით შედეგები ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ პაციენტი სისტემატურად არ მიმართავს ექიმს, არ იზომავს თვალშიდა წნევას და არ იწვეთებს სათანადო პრეპარატებს, გლაუკომა პროგრესირებს და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ გლაუკომას სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. რა თქმა უნდა, სხვა დაავადებების დროსაც უნდა აკონტროლებდეს ადამიანი თავის მდგომარეობას, ჰიპერტონიული დაავადება იქნება ეს, შაქრიანი დიაბეტი თუ სხვა, მაგრამ გლაუკომის დროს მუდმივი კონტროლი და სისტემატური მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.