როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს
.
სამწუხაროდ, XXI საუკუნეში განათების, საყოფაცხოვრებო თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, თვალის პათოლოგიებმა წინა საუკუნეებთან შედარებით იმატა. ჩვენს წინაპრებს რომ თვალისჩინი ღრმა სიბერემდე არ ღალატობდათ და რომ წინათ სათვალეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იყენებდა, ყველას კარგად მოეხსენება.
ჩვენს ყოფაში რომ მხედველობა გადაძაბული აქვს ადამიანს, ცუდად ხედავს და ახალგაზრდობიდანვე სჭირდება მხედველობის კორექცია, ესეც აღარავის უკვირს. კომპიუტერთან მუშაობა, გამუდმებით საჭის ტრიალი, ტელეეკრანზე გასაოცარი სისწრაფით ცვლადი და მოძრავი კადრები, საზოგადოდ, ცხოვრების დაძაბული რიტმი მეტისმეტად ღლის ჩვენს თვალებს. ადამიანი ვერც კი გრძნობს, რომ მისი მხედველობის ორგანო ფიზიოლოგიურ ასაკზე გაცილებით ადრე ბერდება და იფიტება გადაძაბვისგან.
იმისთვის, რომ მხედველობის ფუნქცია დიდხანს შეინარჩუნოთ, ყოველთვის ლამაზი თვალები გქონდეთ და მოციმციმე მზერით ყველა მიიზიდოთ, აუცილებელია სისტემატურად შეასრულოთ თვალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები. ეს ვარჯიშები დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ - დილით, შუადღისას და ძილის წინ, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავთ.
რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს თვალებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, შედეგად უმჯობესდება მხედველობის ორგანოს კვება (ტროფიკა), სრულფასოვნად ხორციელდება და დიდხანს ნარჩუნდება მისი ფუნქცია. გარდა ამისა, აღნიშნული ვარჯიშები თვალის კუთხეებსა და ქუთუთოებთან ნაოჭების განვითარების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
-
ვარჯიში დაღლილობის მოსახსნელად
- დღეში რამდენჯერმე (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილობას იგრძნობთ) მზერა მოძრავ საგანზე გადაიტანეთ, თვალი ადევნეთ ამ საგანს ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ.
- კომპიუტერთან მუშაობის, ხანგრძლივი კითხვისა თუ წერის, საზოგადოდ, ერთფეროვანი სამუშაოს შესრულების შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ და თვალები განტვირთეთ. ამისთვის ჯერ მაღლა აიხედეთ, შემდეგ დაბლა დაიხედეთ, მზერა რომელიმე შორეულ წერტილს მიაპყარით, შემდეგ ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ გაიხედეთ, ბოლოს შეხედეთ ცხვირის წვერს.
- ხელისგულები ენერგიულად მოისრისეთ, თვალებზე აიფარეთ და თვალის კაკლებს მსუბუქად დააწექით.
-
კომპრესები დაღლილი თვალებისათვის
- დაღლილი თვალებისათვის საუკეთესოა ღიღილოს ყვავილი. აიღეთ 40 გრამი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთით გააჩერეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. ნაყენი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ და გააცივეთ. შეგრილებულ ნაყენში დაასველეთ ბამბის ტამპონები და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ.
- გვირილას უხსოვარი დროიდან იყენებენ კოსმეტიკაში. მისი ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალების სიწითლისა და გაღიზიანების დროს. 3 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 10-15 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ, კარგად გამოწურეთ დოლბანდში ჩარჩენილი გვირილაც. ნაყენი სიგრილეში შეინახეთ არა უმეტეს 3 დღე-ღამისა. თუ ამ ნაყენში დასველებულ ბამბის ტამპონებს დღეში რამდენჯერმე დაიდებთ თვალებზე, დაღლილობას საერთოდ ვეღარ იგრძნობთ.
- თვალებისთვის სასარგებლოა კამის, ოხრახუშისა და პიტნის ნაყენებიც.
-
ვარჯიში, რომელიც ააქტიურებს თვალების სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, აუმჯობესებს მხედველობის ორგანოს კვებასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამაღლებს თვალების მამოძრავებელი კუნთების ტონუსს.
- დახუჭული თვალის კაკლები წრიულად ამოძრავეთ ჯერ ასეთი მიმართულებით: მარცხნივ, ზემოთ, მარჯვნივ და ქვემოთ, - მერე კი საპირისპირო მიმართულებით. თითოეული მიმართულებით მოძრაობა შეასრულეთ 4-5-ჯერ. თვალები თავისუფლად უნდა გქონდეთ დახუჭული და არა დაძაბულად მოჭუტული.
- დახუჭული თვალის კაკლები ჯერ ზემოთ, მერე კი ქვემოთ მიმართეთ. გაიმეორეთ 8-ჯერ.
- "ხამხამი" - გამჭოლი მზერა მიმართეთ წინ 30 წამის განმავლობაში (ანუ აირჩიეთ რომელიმე საგანი და თვალი არ მოაშოროთ), ამის შემდეგ თვალები ერთხანს სწრაფად ახამხამეთ, ბოლოს კი ისევ უძრავად იყურეთ წინ. გაიმეორეთ 3-ჯერ.
- "მოძრაობა V" - გაიხედეთ მარცხნივ, აიხედეთ ზემოთ, გაიხედეთ მარჯვნივ, დაიხედეთ დაბლა. გაიმეორეთ 8-ჯერ.
- დაძაბეთ ქუთუთოების კუნთები, თითქოს თვალის კუთხეების აწევა გსურდეთ. ეს ვარჯიში ხელს უწყობს თვალის კუთხეებთან არსებული ნაოჭების - ე.წ. ბატის თათების - გასწორებას.
- ჯერ ცხვირის წვერს შეხედეთ, მერე კი მზერა შორეულ წერტილს მიაპყარით. გაიმეორეთ 8-ჯერ.
- გახელილი თვალებით იყურეთ წინ. შემდეგ თვალები დახუჭეთ. საჩვენებელი და შუა თითებით მორიგეობით დააწექით ჯერ ერთი, მერე მეორე თვალის გარეთა კუთხეს.
- დახუჭეთ თვალები და სცადეთ მათი მოჭუტვა ხელის თითების წინააღმდეგობის გადალახვით - ამ დროს საჩვენებელი თითები თვალის გარეთა კუთხეებს აწვება, შუა თითები - წარბების შუა ნაწილს, ხოლო არათითები - თვალის შიგნითა კუთხეებს.
- თვალები დახუჭეთ. სცადეთ წარბების შეჭმუხვნა თითების წინააღმდეგობის გადალახვით (თითების განლაგება წინა ვარჯიშის ანალოგიურია).
- თვალები დახუჭეთ. საჩვენებელი და შუა თითებით გააკეთეთ ჩანგალი და დააფიქსირეთ თვალების გარეთა კუთხეები. გაიხედეთ მარჯვნივ და მარჯვენა თვალი დაახამხამეთ. ამავე დროს თითებით მაქსიმალურად დააწექით თვალების კუთხეებს. იგივე მოძრაობა შეასრულეთ მარცხენა მხარესაც. ვარჯიში გაიმეორეთ 3-ჯერ.
მხედველობის ორგანოსთან ერთად განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება ქუთუთოებს და თვალების ირგვლივ არსებულ კანს. ბევრს თვალების ქვეშ არსებული ტომრები მეტისმეტად აღელვებს. ტომრებს სხვადასხვა რამ აჩენს - დაღლილობა, უძილობა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, შინაგან ორგანოთა დაავადებები... თუ თქვენი ჯანმრთელობა და გარეგნობა გაღელვებთ, აუცილებლად გაარკვიეთ თვალების ქვეშ ტომრების გაჩენის მიზეზი და იზრუნეთ მის აღმოფხვრაზე.
-
ტომრების საწინააღმდეგო ნიღბები
თვალების ირგვლივ კანის მოვლის წესები
- სასურველია, კვირაში ორჯერ უმი კარტოფილის ნიღაბი გაიკეთოთ. დოლბანდისგან წინასწარ მოამზადეთ 4X4 სმ ზომის ტამპონები. აიღეთ ერთი საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ, გათალეთ, შემდეგ ისევ გადაავლეთ წყალი და წვრილად გახეხეთ. გაწურეთ, დოლბანდის ნაჭრებზე გაანაწილეთ და 10-15 წუთით დაიდეთ თვალებზე.
- კარგად გარეცხილი და მაცივარში გაცივებული კიტრი (შეიძლება კარტოფილიც) მრგვალ-მრგვლად დაჭერით და დაიდეთ თვალებზე. ნაჭრები შეთბობისთანავე ცვალეთ. პროცედურა 20-30 წუთს გააგრძელეთ.
- აიღეთ ოხრახუში, კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დახუჭულ ქუთუთოებზე დაიდეთ. ზემოდან დანამული ბამბის ან დოლბანდის ტამპონი დაიფარეთ. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია.
- წვრილად გახეხილ კარტოფილს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ფქვილი და ამდენივე რძე. მიღებული მასა დაიდეთ ქუთუთოებისა და თვალების ირგვლივ არსებულ კანზე.
- აიღეთ ერთი ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი. მიღებული მასა დაიდეთ ქუთუთოებისა და თვალების ირგვლივ არსებულ კანზე.
- აიღეთ დაძველებული თეთრი პურის გული, გაჟღინთეთ თბილი რძით, მიღებული ფაფა 10-15 წუთით დაიდეთ თვალებზე. ერთი თვის განმავლობაში ამ ნიღბის რეგულარული გამოყენებით თავიდან აიცილებთ თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭების გაჩენას.
-
თვალების მოვლის რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი
- თვალების სიჯანსაღისთვის მეტად მნიშვნელოვანია არანაკლებ რვასაათიანი ძილი.
- დილით, პირის დაბანის შემდეგ, ქუთუთოებზე მატონიზებელი კრემი შეიზილეთ, საღამოს, მაკიაჟის მოცილების შემდეგ კი - მკვებავი.
- თვალების ირგვლივ არსებული მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად და მათი პროფილაქტიკისთვის რეგულარულად იკეთეთ შემდეგი ნიღაბი: 1 სადილის კოვზ შემთბარ თაფლს შეურიეთ შვრიის ფქვილი (რამდენსაც შეიზელს) და კარგად გაცივებული ერთი კვერცხის ათქვეფილი ცილა. ეს ნარევი დაიდეთ მიმიკური ნაოჭების არეში. როგორც კი გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- სასარგებლოა თვალების მსუბუქი მასაჟი დილა-საღამოს. თითის ბალიშები მსუბუქად ირტყით თვალების შიგნითა კუთხეებიდან საფეთქლისკენ.
- ნუ დაიზარებთ თვალების მოვლას. გახსოვდეთ, თვალების სილამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მათ ჯანმრთელობაზე. მოციმციმე თვალები, სხივოსანი მზერა და ახალგაზრდული გამოხედვა ადამიანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.