როგორ გავუფრთხილდეთ თვალებს?
უმნიშვნელოვანესი ელემენტია. არსებობს უამრავი დაავადება, რომლებმაც შესაძლოა მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს თვალის დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა.
ასაკთან ერთად იმატებს თვალის დაავადებების განვითარების რისკი. მათგან ყველაზე გავრცელებულია:
კატარაქტა - თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლის დროსაც მხედველობა დაბინდულია;
ყვითელი ხალის (მაკულას) დეგენერაცია - მაკულა ბადურას ცენტრალური ნაწილია. ასაკდამოკიდებული მაკულური დეგენერაცია სიბრმავის ერთ-ერთი მიზეზია;
დიაბეტური რეტინოპათია - დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მომატებული დონე იწვევს ბადურას სისხლძარღვების დაზიანებას;
მშრალი თვალის სინდრომი - ცრემლის უკმარისობა თვალების გამოშრობას, დისკომფორტს და მხედველობის დარღვევას იწვევს;
გლაუკომა დაავადებათა ჯგუფია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხედველობის ნერვის პროგრესირებადი დეგენერაცია
არსებობს წესები, რომელთა დაცვით შესაძლებელია თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნება:
იკვებეთ ჯანსაღად და მრავალფეროვანი საკვებით თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებების დიდ ნაწილს ადამიანი საკვებიდან იღებს. აუცილებელი ნივთიერებებია:
- A ვიტამინი – აუცილებელია თვალში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედების, ფოტორეცეპტორების, გამართული მუშაობისთვის. მისი ნაკლებობისას ვითარდება ღამის სიბრმავე, თვალების სიმშრალე ან უფრო მძიმე გართულებები, რაც დეფიციტის სიმძიმეზეა დამოკიდებული. A ვიტამინი მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში მოიპოვება. ამ ნივთიერებით ყველაზე მდიდარია ღვიძლი, კვერცხის გული და რძის ნაწარმი, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია მცენარეული ანტიოქსიდანტებიდანაც - A პროვიტამინის კაროტინოიდების სახით, რომლებიც ავსებს A ვიტამინის მოთხოვნილების 30%-ს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბეტა კაროტინი, რომელსაც კომბოსტო, ისპანახი და სტაფილო შეიცავს;
- E ვიტამინი ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია, რომელიც ცხიმოვან მჟავებს მავნე ჟანგვისგან იცავს. ვინაიდან ბადურაში ცხიმოვანი მჟავა ბევრია, E ვიტამინის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მისმა მძიმე დეფიციტმა შესაძლოა ბადურას დეგენერაცია და სიმრმავეც კი გამოიწვიოს. E ვიტამინის საუკეთესო წყაროა ნუში, მზესუმზირა, სელის ზეთი.
- თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - EPA და DHA. DHA ბევრია ბადურაში. მისი დეფიციტი მხედველობის დარღვევას იწვევს, განსაკუთრებით - ბავშვებში. ომეგა-3-ის დანამატები კარგია მშრალი თვალის სინდრომის დროს. გარდა ამისა, შეუძლია ისეთი დაავადებების პრევენცია, როგორიცაა, დიაბეტური რეტინოპათია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით განსაკუთრებით მდიდარია ცხიმიანი თევზი;
- ლუთეინი და ზეაქსანთინი ყვითელი კაროტინოიდული ანტიოქსიდანტებია, რომლებსაც მაკულურ პიგმენტებსაც უწოდებენ. ისინი კონცენტრირებულია ბადურას ცენტრალურ ნაწილში არსებულ ყვითელ ხალში. ლუთეინი და ზეაქსანთინი ასრულებს მზისგან, უმეტესად - ლურჯი გამოსხივებისგან, ბუნებრივი დამცავის როლს. ლუთეინი და ზეაქსანთინი ერთად გვხვდება ისპანახში, ჭარხლის ფოთლებში, ყვავილოვან კომბოსტოში, ფსტაში, მწვანე ბარდაში, კვერცხის გულში, შავ ყურძენში. კაროტინოიდების შეწოვა უმჯობესდება ცხიმთან ერთად მიღებისას;
- თვალებს სხვა ორგანოებზე მეტი ანტიოქსიდანტი სჭირდება. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C ვიტამინი. თვალის სითხოვან გარემოში C ვიტამინის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ორგანიზმის ნებისმიერ სხვა სითხეში. ამ გარემოში C ვიტამინის დონეს პირდაპირპროპორციული კავშირი აქვს საკვებით მის მიღებასთან. კვლევებით დადგენილია, რომ კატარაქტით დაავადებულებს ანტიოქსიდანტური სტატუსი დაბალი აქვთ. C ვიტამინით მდიდარია მრავალი სახეობის ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით - ციტრუსები, ბროკოლი, ტკბილი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო;
- თვალში დიდი რაოდენობითაა თუთია - მრავალი შეუცვლელი ფერმენტის კომპონენტი, რომელთაგან ბევრი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. თუთია მონაწილეობს ბადურას მხედველობის პიგმენტების ფორმირებაშიც, ამიტომ მისი დეფიციტი ღამის სიბრმავეს იწვევს. მისი ბუნებრივი წყაროა ხორცი, გოგრის თესლი, მიწის თხილი.
შეინარჩუნეთ ნორმალური წონა ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს იმატებს დიაბეტის განვითარების რისკი, რომელიც, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის განვითარების ალბათობას ზრდის.
რეგულარულად ივარჯიშეთ ვარჯიშით შესაძლებელია დიაბეტის, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტეროლის დონის კონტროლი.
ნუ მოწევთ. მოწევისას იმატებს ასაკდამოკიდებული თვალის დაავადებების განვითარების რისკი.
ატარეთ მზის სათვალე მზის გამოსხივებას შეუძლია დააზიანოს თვალები და გაზარდოს კატარაქტისა და ასაკდამოკიდებული ბადურას დეგენერაციის განვითარების რისკი. მზის სათვალე უნდა ბლოკავდეს როგორც ულტრაიისფერი A, ისე ულტრაიისფერი B სხივების თითქმის 100%-ს.
დაიცავით ჰიგიენა. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას აუცილებელია ხელების დაბანა კონტაქტური ლინზების ჩასმისა და ამოღების წინ, ასევე მათი სწორი წმენდა და დროული შეცვლა.
დაასვენეთ თვალები. კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად გვავიწყდება თვალების დახამხამება, რაც თვალების დაღლას იწვევს. დაძაბულობის შესამცირებლად რეკომედებულია, ყოველ 20 წუთში ერთხელ გავიხედოთ შორს, 20 წამის განმავლობაში.
ყველა ადამიანს სჭირდება მხედველობის შემოწმება. ზოგიერთი დაავადება გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, გამოკვლევა კი ერთადერთი გზაა ადრეულ სტადიაზე მათ გამოსავლენად.