მხედველობის ორგანოს კვლევა
თვალის გასინჯვას მიკროსკოპით (ბიომიკროსკიპია), ექობიომეტრიას (თვალის სიგრძის განსაზღვრა), თვალის ულტრაბგერით კვლევას (В-სკანი), კომპიუტერულ კერატოტოპოგრაფიას და ბადურას (თვალის ფსკერი) დეტალურ კვლევას გაფართოებული გუგის პირობებში, ასევე ცრემლის პროდუქციის განსაზღვრას, პაციენტის მხედველობის ველის გამოკვლევას. აუცილებლობის შემთხვევაში
კვლევის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.
როგორც წესი, ექიმი კვლევას იწყებს ანამნეზის შეკრებით და შემდეგ ხდება ცენტრალური მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა ცხრილის საშუალებით.
თუ ცხრილის ტესტი აჩვენებს, რომ პაციენტს ესაჭიროება კონტაქტური ლინზები ან სათვალე, ექიმი ზომავს რეფრაქციის დარღვევას სხვადასხვა სიძლიერის ლინზების საშუალებით. თუ აღნიშნული კვლევის შეფასება ვერ ხერდება ცხრილის საშუალებით, პაციენტი ვერ არჩევს დიდ ასოებს, მხედველობა ფასდება თითების რაოდენობის განსაზღვრით. შემდეგ ისაზღვრება პაციენტის მიერ თითების მოძრაობის აღქმა და ბოლოს – სინათლისა და სიბნელის გარჩევის უნარი.
მხედველობის ველის განსაზღვრისას შესაძლებელია შეფასდეს მხედველობის ველის დაკარგვის მიახლოებითი ხარისხი.
გუგის რეაქცია სინათლეზე საშუალებას იძლევა შეფასდეს მხედველობის ტრაქტის მდგომარეობა. პირდაპირი სინათლის რეფლექსის არარსებობა აღინიშნება მხედველობის ნერვის ცალმხრივი დაზიანებისა და ბადურას ცენტრალური არტერიის ოკლუზიის დროს.
გლაუკომით დაავადებულებს უვლინდებათ რკალისებური სკოტომა. ცენტრალური სკოტომა შეიძლება აღინიშნოს მხედველობის ნერვის ნევრიტის დროს.
თვალშიდა წნევა იზომება უკონტაქტო ტონომეტრის საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაზომვა კონტაქტური ტონომეტრის საშუალებითაც. გლაუკომის გამოსარიცხად შესაძლებელია ჩატარდეს კომპიუტერული პერიმეტრია, ანუ მხედველობის ველის გამოკვლევა.
ნებისმიერი ოპერაციული ჩარევის წინ ტარდება რეფრაქციული კვლევა, რომელიც მოიცავს მხედველობის სიმახვილის განსაზღვრას, ბიომიკროსკოპიას, ოფთალმოსკოპიას, ტონომეტრიას, რეფრაქტომეტრიას, რქოვანას კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ულტრაბგერით ბიომეტრიას, ულტრაბგერით პაქიმეტრიას. მიღებულ დიანგოსტიკურ მონაცემებს ქირურგი იყენებს ექსიმერ-ლაზერული კორექციის ჩატარებისას. რეფრაქციული ოპერაციის წინ ტარდება პაქიმეტრია – რქოვანას სისქის განსაზღვრა, რომელიც ლაზერის ზემოქმედების მაქსიმალური დასაშვები სიღრმის გამოთვლის საშუალებას იძლევა.
ნებისმიერი მიკროქირიურგიული ან ლაზერული ჩარევის წინ საჭიროა მხედველობის სრული კომპლექსური კომპიუტერული დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც გამოავლენს არსებული პრობლემების სპექტრს და განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას.
თვალის დაავადებების დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია:
ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის შემოწმება სპეციალური ცხრილებისა და საცდელი ლინზების საშუალებით. აღნიშნული კვლევა სუბიექტურია, რადგანაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დიაგნოსტიკის მომენტისათვის მხედველობის ორგანოებისა და საზოგადოდ, ორგანიზმის მდგომარეობაზე. ვიზომეტრიის ერთ-ერთი სახესხვაობაა სათვალის შერჩევა.
ავტორეფრაქტომეტრია – რეფრაქციისა და თვალის რქოვანას სიმრუდის ძალის კვლევა რეფრაქტომეტრის საშუალებით.
კერატომეტრია – რქოვანას წინა ზედაპირის სიმრუდის განსაზღვრა. აღნიშნული კვლევა გამოიყენება ხელოვნური ბროლის ოპტიკური ძალის გამოსათვლელად, ასევე შესაძლებელია ასტიგმატიზმის გამოვლენა და გაზომვა.
ტონომეტრია – თვალშიდა წნევის გაზომვა გლაუკომის დიაგნოსტიკისა და თვალის ნერვის მდგომარეობის შესაფასებლად.
პახიმეტრია – რქოვანას სისქის განსაზღვრა მის სხვადასხვა წერტილში. კვლევა ულტრაბგერის ზემოქმედების საშუალებით ტარდება და გამოიყენება რქოვანას დისტროფიის დიაგნოსტიკისათვის, ლაზერული კორექციის წინ და თვალის მდგომარეობის შესაფასებლად რქოვანას გადანერგვის შემდგომ.
ბიომიკროსკოპია – რქოვანას, ბროლის, ფერადი გარსისა და თვალის სხვა ნაწილების ვიზუალური კვლევა.
ოფთალმოსკოპია – ყველაზე გავრცელებული კვლევაა ნაპრალოვანი სანათის საშუალებით, რომლის დროსაც თვალის კაკალსა და თვალის დანამატს აპარატით ათვალიერებენ. ტარდება რქოვანას, ფერადი გარსის, ბროლისა და მინისებური სხეულის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის.
გონიოსკოპია ტარდება წინასაკნის კუთხის პათოლოგიების აღმოსაჩენად (სიმსივნე, უცხო სხეული და ა.შ.).
კერატოტოპოგრაფია – თვალის კვლევა მისი ზედაპირის სკანირების გზით, რომლის ძირითადი მიზანია რქოვანას სფერულობის განსაზღვრა. სკანირება ხდება ლაზერის სხივის საშუალებით, შედეგები კი ტოპოგრაფიული რუკაა, რომელზეც სხვადასხვა სიმაღლის უბნები სხვადასხვა ფერითაა გამოსახული.
თვალის სიმშრალის ხარისხს შირმერის ტესტის საშუალებითაც ადგენენ.