როგორ შევინარჩუნოთ პოტენცია მოხუცებულობამდე
ნაწილობრივ ეს უკავშირდება ისეთ მოვლენას, რომელსაც აგეიზმს უწოდებენ და რომელსაც ბევრი საერთო აქვს რასიზმთან. აგეისტი ხანდაზმულ, მოხუც ადამიანს აღიქვამს დახავსებულ, ყბედ, აბეზარ, დაჩაჩანაკებულ, სრულიად უსარგებლო არსებად, რომელსაც ზნეობაზე ძველმოდური შეხედულებები აქვს და რომელსაც ისეთი არაფერი შეუძლია, რაც მას სოციალურ მნიშვნელობას მიანიჭებდა. სექსუალობასთან დაკავშირებით აგეიზმი დესექსუალიზაციის უკიდურეს ფორმად გამოიყურება, ანუ "რაკი მოხუცები ხართ, წყალწაღებულები ხართ".
არადა, სიბერის გავლენა სქესობრივ ქცევაზე საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. შესაძლებელი გახდა იმის დამტკიცება, რომ სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობა და მისდამი ინტერესი ღრმა მოხუცებულობამდე არ ქრება, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ქალებშიც და მამაკაცებშიც იკლებს სქესობრივი აქტივობის გამოვლენის სიხშირე. ქვეითდება სქესობრივი აქტიურობაც, ნაწილობრივ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ნაწილობრივ კი ქცევის დადგენილი ნორმებისა და კულტურული ტრადიციების გამო.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გვერდით არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შანსს, დატკბნენ სქესობრივი ცხოვრების სიამეებით. ამისთვის კი ადამიანმა ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოს მზადება. "დაიჭირე წამი, თორემ სამუდამოდ ხელიდან გაუშვებ მას" - ეს ძველი გამონათქვამი სავსებით შეესაბამება ხანდაზმულთა უმრავლესობას, განურჩევლად იმისა, რაზეა საუბარი - ძალაზე, სიბრძნეზე, სხეულის მოქნილობაზე თუ სქესობრივი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობაზე.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი დიეტა, სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და სტრესთან გამკლავება - ხანდაზმულობისას ეს ყველაფერი ისევე აუცილებელია, როგორც ახალგაზრდობისას. ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, სექსუალური პრაქტიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა მამაკაცი სქესობრივად აქტიური დარჩეს 70 ან 80 წლის ასაკშიც, ხოლო ქალი - სიცოცხლის ბოლომდე. მაშ ასე, რა წესები უნდა დავიცვათ ახალგაზრდობისას, რათა ხანდაზმულ ასაკში ინტიმური ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე უარის თქმა არ მოგვიხდეს?
-
ნუ მოაწყობთ ხანგრძლივ შესვენებებს
თუ, მაგალითად, სპორტზე ან სამუშაოზე გადაერთეთ და თანდათანობით თავი მიანებეთ სქესობრივ ცხოვრებას, ტესტოსტერონის გამომუშავება ნელ-ნელა დაქვეითდება, სურვილი უფრო და უფრო იშვიათად გაგიჩნდებათ და გარკვეული ხნის შემდეგ საწოლისკენ მხოლოდ დასაძინებლად წახვალთ. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მორცხვმა ახალგაზრდებმა, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ რეალური ცხოვრებით იცხოვრონ, ინტერნეტში სხედან. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 30 წლის მამაკაცები, რომლებიც საკუთარი კარიერით არიან ხელფეხშეკრულნი და 40 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებიც მეუღლეს დაშორდნენ.
იძულებითი თავშეკავება ყველა მამაკაცისთვის ნაცნობია: სამხედრო სამსახური, მივლინება, სამსახურში მორიგეობა, შეყვარებულთან ჩხუბი - ამ ყველაფერს ძალუძს, სქესობრივ ცხოვრებაში ერთგვარი პაუზა გააჩინოს. თუ პაუზა სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ადრინდელ მაჩვენებლებს მიაღწიოთ.
საინტერესოა, რომ ძლიერი სქესობრივი კონსტიტუციისას სექსისგან თავის შეკავება ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს, სამაგიეროდ რეაქციები უფრო მალე აღდგება. ხანმოკლე თავშეკავება განსაკუთრებულ გამოცდას არ წარმოადგენს, მაგრამ ფორმაში ჩადგომა მაინც არ არის ადვილი. თუ სქესობრივი ცხოვრების წყვეტას თავიდან ვერ აიცილებთ, ექიმები სპეციალური ჟურნალების შეძენას ან კვირაში ერთხელ მაინც "საქმის საკუთარ ხელში აღებას" სთავაზობენ. სექსოლოგების მტკიცებით, როცა სქესობრივი ცხოვრება რეგულარულია, გაცილებით დიდია შანსი, სქესობრივი აქტიურობა ხანდაზმულ ასაკშიც კი შეინარჩუნოთ.
-
არ მისცე დაავადებას ქრონიკულ ფორმაში გადასვლის საშუალება
საუბარია არა წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ანთებაზე (პროსტატიტი) ან სიფილისსა თუ სექსობრივი გზით გადამდებ სხვა სნეულებებზე, არამედ იმ ერთი შეხედვით უბრალო დაავადებებზე, რომლებსაც სქესობრივ ცხოვრებასთან უშუალო კავშირი არ აქვს, მაგრამ მაინც ახდენს მასზე მნიშვნელოვან გავლენას. აბა, სცადეთ სექსი, როდესაც მაღალი წნევის გამო თავი ტყვიასავით გაქვთ დამძიმებული, ან წყლულოვანი დაავადება გახსენებთ თავს და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს მუცელში ქვა გედოთ...
-
ნუ შეეცდებით, საწოლში პლანეტის ნახევარი ჩაიწვინოთ
თითოეულ ჩვენგანს მიკრობების საკუთარი კომპლექტი აქვს. თუ მუდმივი პარტნიორი გყავთ, თქვენი და მისი მიკრობები ერთმანეთს ეჩვევიან, ახალი პარტნიორი კი მიკრობების ახალი კომპლექტია და თუ ხშირად იცვლით პარტნიორებს, თქვენი ორგანიზმი, უფრო სწორად, ჯანმრთელობა შეიძლება სწრაფად მოიშალოს.
-
არ დაინანოთ მოფერება
ახალგაზრდობისას, შეხედავ თუ არა ქალს - წამიერად აღიგზნები. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მეტად აფასებ სხვა ქალურ თვისებებს: ტემპერამენტს და სექსუალურ აქტივობას.
საინტერესოა მასაჩუსეტის ანდროლოგიის უნივერსიტეტში ჩატარებული იმ 100 მამაკაცის გამოკვლევის შედეგები, რომლებიც სქესობრივი უძლურებით იტანჯებოდნენ. გაირკვა, რომ მათ არასოდეს უცდიათ მოფერებით ან წინასასიყვარულო თამაშებით თავიანთი პარტნიორების მომზადება სქესობრივი აქტისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ქალების ორგანიზმი ამ დროს ქიმიურ ნივთიერება ნეიროპეპტიდს გამოყოფდა და სწორედ ის გახლდათ იმპოტენციის გამომწვევი.
ერთი შეხედვით, ისეთი არაფერი გვითქვამს, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ხანდაზმული ასაკი რეგულარობას, ურთიერთთანხმობასა და ზომიერებას მოითხოვს. ბუნების კანონები ყველასთვის ერთნაირია. ეს არის, რომ ერთნი ასაკობრივ ცვლილებებს ტრაგედიად აღიქვამენ, მეორენი კი ცდილობენ, მისგან ყველა შესაძლო სარგებელი მიიღონ.
ნუ შეგეშინდებათ ხანდაზმულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების, უარს ნუ იტყვით მასზე. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი საწოლ ოთახში არ მოიწყენენ. რა ასაკისანიც არ უნდა იყვნენ, რამდენ ხანსაც არ უნდა ცხოვრობდნენ ერთად, ურთიერთსიახლოვე მათთვის ძველებურად სასურველი და აუცილებელი იქნება.