ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები

რა იწვევს მწვავე ბრონქიტს?

მწვავე ბრონქიტის მიზეზი თითქმის ყოველთვის ვირუსია. უხშირესად ეს არის ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების (ეგრეთ წოდებული „გაციების“) გამომწვევი სხვადასხვა ვირუსი ან გრიპის ვირუსი. ზოგჯერ მწვავე ბრონქიტის მიზეზი შეიძლება ბაქტერიაც გახდეს. ანთების შედეგად ვითარდება ბრონქების ლორწოვანის შეშუპება, დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა და ინტენსიური ხველა, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი შეიძლება გაგრძელდეს. მწვავე ბრონქიტის ალბათობა მეტია გვიანი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი მწვავე ბრონქიტისაგან მალევე გამოჯანმრთელდება, ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე, მაგრამ თუ პაციენტს ფილტვების დაავადება აქვს, შეიძლება სიმპტომები გამწვავდეს.

როგორ ვლინდება მწვავე ბრონქიტი

ჩვეულებრივ, მწვავე ბრონქიტის სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს „გაციების“ ნიშნები - სურდო, ყელის ტკივილი, ადვილად დაღლა, შემცივნების შეგრძნება, კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის ზომიერი (37,5-38) მატება. ეს სიმპტომები საშუალოდ 3-დან 5 დღემდე გრძელდება, შემდეგ კი პაციენტს ეწყება ხველა, თავდაპირველად ნახველის გარეშე, შემდეგ ჩნდება ნახველი - მოყვითალო ან მოყვითალო-მომწვანო, ზოგჯერ სისხლის მინარევითაც. ხველას შეიძლება დაემატოს ამოსუნთქვის გაძნელება და მშრალი ხიხინი იმ შემთხვევაშიც კი, ოცა პაციენტს არ აქვს ბრონქული ასთმა.

რას ემყარება ბრონქიტის დიაგნოზი

როგორც წესი, მწვავე ბრონქიტის დიაგნოზს ექიმები ადვილად ადგენენ პაციენტის გამოკითხვისა და მისი გასინჯვის საფუძველზე. ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება ეჭვს ბადებდნეს პნევმონიის, ანუ ფილტვების ანთების არსებობაზეც. ასეთ შემთხვევაში ექიმი დიაგნოზის დასადგენად საჭიროდ თვლის გულმკერდის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფიას. უხშირესად რენტგენოგრაფიული კვლევა საჭიროა, როცა:

  • პაციენტი ასაკოვანია;
  • დაავადებების სიმპტომები მძიმეა;
  • ტემპერატურა მკვეთრადაა მომატებული, სუნთქვა გახშირებულია;
  • პაციენტს აქვს ფილტვების ქრონიკული დაავადება.

როგორ მკურნალობენ მწვავე ბრონქიტს

მწვავე ბრონქიტის მკურნალობა სიმპტომურია - ინიშნება პრეპარატები დაავადების სიმპტომების შესამცირებლად. ამ მიზნით გამოიყენება სიცხის დამწევი და საჭიროებისას ბრონქების სპაზმის მოსახსნელი საშუალებები. დღეს არსებული მონაცემების თანახმად, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები არ აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, თუმცა მას შეღავათს აძლევს, როცა ხველა შემაწუხებელია, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ადრე ითვლებოდა, რომ სქელი, წებოვანი ნახველის არსებობისას მიზანშეწონილია ანტიბიოტიკების დანიშვნა. თანამედროვე შეხედულების თანახმად, ანტიბიოტიკები არ აუმჯობესებენ პაციენტის მდგომარეობას იმ იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა ბრნქიტი ბაქტერიებითაა გამოწვეული.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) არის პათოლოგია, რომელიც ამოსუნთქვის გაძნელებას იწვევს. ის აერთიანებს ორ დაავადებას - ქრონიკულ ობსტრუქციულ ბრონქიტსა და ფილტვების ემფიზემას. პაციენტთა დიდ ნაწილს ორივე მათგანი ერთდროულად აქვს.

ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ვლინდება 2 წლის ან მეტი პერიოდის განმავლობაში ხველით, რასაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა სასუნთქი გზების დახშობასა და სუნთქვის გაძნელებასთან ერთად.

ემფიზემა არის სასუნთქი გზების ელასტიკურობის დაქვეითების შედეგად ალვეოლების ჰაერით გადავსება.

რა არის ფქოდ-ის მიზეზი?

ფქოდ-ის ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქო. გარდა ამისა, ფქოდ-ი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ნივთიერებების აირებმა, მტვერმა, დაბინძურებულმა ჰაერმა. ზოგჯერ ფქოდ-ის მიზეზი გენეტიკური ფაქტორია.

როგორ ვლინდება ფქოდ

ცნობილია, რომ ფქოდ-ის აღმოცენებასა და სიმპტომების მკვეთრ გამოვლინებას ათწლეულები სჭირდება. დროთა განმავლობაში ვითარდება:

  • უმნიშვნელო ხველა გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით, ჩვეულებრივ დილით;
  • ქოშინი ფიზიკური დატვირთვის ან აქტიურობისას;
  • სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით მწეველი პაციენტებისას;
  • ხშირად ვითარდება ფილტვების ანთება და სასუნთქი გზების ინფექციები, რომელთა მკურნალობისათვის საჭირო ხდება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა;
  • სხეულის წონის დაქვეითება;
  • დილაობით თავის ტკივილი (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო);

დაავადების მრავალწლიანი მიმდინარეობისას შეიძლება განვითარდეს:

  • გულმკერდის წინა-უკანა ზომის მატება, ყალიბდება ე. წ. კასრისებრი გულმკერდი;
  • ციანოზი ანუ კანის მოლურჯო შეფერვა სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითების გამო;
  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება მოსვენების დროსაც.

ფქოდ-ის გამწვავება

ფქოდ-ის გამწვავება არის დაავადების სიმპტომების უეცარი გაუარესება. გამწვავება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის დაკავშირებულია დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებასთან ან სასუნთქი გზების ინფექციებთან. გამწვავებაზე შეიძლება მიუთითებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

  • ხველა მომატებული რაოდენობით მოყვითალო ან მომწვანო ნახველით;
  • ქოშინი მოსვენების დროსაც;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნების შეგრძნება;
  • მათი აღმოცენებისას აუცილებელია დაიგეგმოს ვიზიტი ექიმთან.

სერიოზული გამწვავება შეიძლება გახდეს სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირების - სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზი. აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართვა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, თუ პაციენტს უვითარდება:

  • მძიმე ქოშინი (შეგრძნება, თითქოს პაციენტი იხრჩობა);
  • შფოთვა და ორიენტაციის დარღვევა;
  • ოფლის გაძლიერებული გამოყოფა;
  • ციანოზი - კანის მოლურჯო შეფერვა.

როგორ დგინდება ფქოდ-ის დიაგნოზი

ჩვეულებრივ, ექიმი არსებული სიმპტომების საფუძველზე ვარაუდობს ფქოდ-ის არსებობას. დამატებით ტარდება ფილტვების რენტგენოგრაფია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესწავლა - სპირომეტრია, სისხლში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრა - პულს-ოქსიმეტრია.

თუ პაციენტი, რომელსაც ფქოდ-ის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, ახალგაზრდაა ან არასოდეს ეწეოდა, არც ფქოდ-ის ოჯახური ისტორია აქვს, შეიძლება ჩატარდეს დამატებითი კვლევები, რათა გამოირიცხოს სიმპტომების კავშირი სხვა მიზეზებთან. ამ კვლევათაგან მნიშვნელოვანია სისხლის გენეტიკური კვლევები და ქოშინის მიზეზების დასაზუსტებლად ელექტროკარდიოგრაფია და/ან ექოკარდიოსკოპია.

როგორ მკურნალობენ ფქოდ-ს

სამწუხაროდ, შეუძლებელია უკუგანვითარდეს ფქოდ-ის თანმხლები სასუნთქი გზების ცვლილებები.

პირველი ღონისძიება დაავადების პროგრესირების წინააღმდეგ თამბაქოს მოწევის შეწყვეტაა. ამ მიზნით ექიმმა შეიძლება გარკვეული პრეპარატებიც დაუნიშნოს პაციენტს.

გარკვეული პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გაზრდისა და სუნთქვის გასაადვილებლადაც. ფართოდ გამოიყენება მედიკამენტების საინჰალაციო (შესასუნთქი) ფორმა, რაც საშუალებას გვაძლევს, პრეპარატი უშუალოდ სასუნთქ გზებში მოხვდეს. სისხლში ჟანგბადის შემცველობის გასაზრდელად ტარდება ოქსიგენოთერაპია - ჟანგბადის ინჰალაცია. ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ფილტვის რეაბილიტაციის ღონისძიებები.

დაავადების სერიოზული სიმპტომებისას ან გამწვავების დროს საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია - პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. როცა გამწვავების მიზეზი ინფექციაა, ინიშნება ანტიბიოტიკები.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფქოდ-ის დროს

თუ ფქოდ-ის დიაგნოზი დადგინდა, პაციენტი უნდა დაემშვიდობოს ზოგიერთ ჩვევას:

  • აუცილებელია მოწევის შეწყვეტა;
  • უნდა აირიდოს მწეველთა გარემოში ყოფნა (პასიური მწეველობა) და ერიდოს დაბინძურებულ ჰაერს;
  • ექიმთან განიხილოს გრიპისა და პნევმოკოკური პნევმონიის (ფილტვების ანთების) საწინააღმდეგო ვაქცინაციის (აცრის) საკითხი;
  • დაიცვას ჯანსაღი კვების პრინციპები, განსაკუთრებით წონის დეფიციტისას;
  • მიიღოს საკმარისი რაოდენობით წყალი და არ ჩაანაცვლოს ის ტკბილი გაზიანი სასმელებითა და ყავით.

პნევმონია

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება სასუნთქი გზების საბოლოო ნაწილების - ალვეოლების ანთებითი დაავადებაა. ანთებითი პროცესის პირველადი ლოკალიზაციით ის განსხვავდება ბრონქიტისაგან - უშუალოდ ქვედა სასუნთქი გზების - ბრონქების ანთებისაგან. დაავადების სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან ძალიან მძიმემდე. აშშ-ის მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად პნევმონიით კვდება 60 000 ადამიანი.

რა არის პნევმონიის მიზეზი

პნევმონია სხვადასხვა მიკრობმა (ვურუსები, ბაქტერიები) შეიძლება გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, მიკრობი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ან სხვადასხვა ზედაპირიდან ხვდება ორგანიზმში პირის ან ცხვირის ღრუს გავლით. ჩვენი ორგანიზმი ებრძვის მიკრობებს, მაგრამ ზოგჯერ ამ ბრძოლაში უძლურია, რის გამოც მიკრობი ფილტვის ტერმინალურ ნაწილში - ალვეოლაში შეაღწევს და პნევმონიას იწვევს.

პნევმონიის რისკფაქტორები

რასაკვირველია, პნევმონიით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ავად, თუმცა, დაავადების რისკი უფრო მაღალია, როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია. აღნიშნულის მიზეზი კი შეიძლება იყოს:

  • პაციენტის ძალიან პატარა ან ძალიან ხანშიშესული ასაკი;
  • მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე (მაგალითად, კორტიკოსტეროიდები და ქიმიოთერაპიული საშუალებები);
  • აივ ინფექცია/შიდსი;
  • სერიოზული დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან გულის უკმარისობა);

გარდა აღნიშნულისა, პნევმონიის რისკფაქტორებია:

  • პაციენტის ხანგრძლივი მკურნალობა სტაციონარში - პაციენტი არის სხვადასხვა მიკრობით დაავადების რისკის ქვეშ;
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია;
  • ფქოდ;
  • მწეველობა.

ამბულატორიული პნევმონია

ამბულატორიული პნევმონია არის ფილტვების ანთება, რომელიც პაციენტს უვითარდება ამბულატორიულ პირობებში, ანუ მაშინ, როცა არის შინ და არა საავადმყოფოში.

ამბულატორიული პნევმონიის მიზეზები

ამბულატორიული პნევმონიის მიზეზი მრავალი მიკროორგანიზმი - ბაქტერია, ვირუსი, სოკო ან პარაზიტი - შეიძლება იყოს. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში შეუძლებელია (და არც არის აუცილებლობა) დადგინდეს, რომელი მიკროორგანიზმია დაავადების გამომწვევი, თუმცა, პაციენტის ასაკის, თანმხლები დაავადებებისა და რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლოა ექიმმა ივარაუდოს, რომელ გამომწვევთან არის დაკავშირებული დაავადება და ისე დანიშნოს მკურნალობა.

ამბულატორიულ პნევმონიაზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ტერმინი „უსიცხო ფილტვების ანთება“ და „ფეხზე გადატანილი ფილტვების ანთება“. რასაკვირველია, არც ერთი არ არის სამედიცინო ტერმინი და გულისხმობს ამბულატორიული პნევმონიის მსუბუქ შემთხვევებს, რომელთაც ხშირად ადამიანის ორგანიზმი თავადაც უმკლავდება. ზოგიერთ პაციენტს ამ დროს აქვს მხოლოდ მსუბუქი ხველა და თავს მხოლოდ ოდნავ შეუძლოდ გრძნობს, თუმცა, შრომისუნარიანია და სამსახურსაც არ აცდენს. ხშირ შემთვევებში ამბულატორული პნევმონიის ეს ფორმა შემთხვევით, სხვა მიზეზის გამო ჩატარებული გამოკვლევისას დგინდება. უხშირესად ამბულატორიული პნევმონიის ასეთი სახის მიზეზებია ვირუსული ინფექცია ან მიკროორგანიზმები Mycoplasma pneumoniae ან Chlamydophila pneumoniae.

ჯანდაცვის სისტემისა და პაციენტების ჯანმრთელობისათვის პნევმონიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შევეცდებით, დეტალურად ვისაუბროთ ამბულატორიული პნევმონიის გამომწვევების შესახებ.

ამბულატორიული პნევმონიის ბაქტერიული გამომწვევები

ამბულატორიული პნევმონიის ფართოდ გავრცელებული ბაქტერიული გამომწვევებია:

  • streptococcus pneumoniae ანუ პნევმოკოკი - განსაკუთრებით მძიმე პნევმონიას იწვევს პატარა ბავშვებსა და ხანშიშესულებში;
  • ჰემოფილური ჩხირი (Haemophilus Influenzae) - უხშირესად ბავშვთა პნევმონიას იწვევს, თუმცა, ვაქცინაციის შედეგად შემთხვევები შემცირდა. იმ მოზრდილთა პნევმონიის ხშირი გამომწვევია, რომელთაც აქვთ ფქოდ და ბრონქოექტაზიული დაავადება;
  • ქლამიდია (Chlamydia pneumoniae) - 5-დან 35 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მოზრდილებში ფილტვების ინფექციის სიხშირის მიხედვით მეორე მიზეზია. იწვევს რესპირატორული ინფექციის აფეთქებებს ოჯახებში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში, ყაზარმებში. დაავადებას იშვიათად აქვს მძიმე მიმდინარეობა და ნაკლებად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ჩჰლამყდია პსიტტაცი - იწვევს იშვიათ დაავადებას - ფსიტაკოზს, რომელიც ფრინველებთან კონტაქტში მყოფებს უვითარდებათ.
  • mycoplasma pneumoniae ანუ მიკოპლაზმა - იწვევს ინფექციას, რომელიც ძალიან ჰგავს Chlamydia pneumoniae-თი გამოწვეულ პნევმონიას. უხშირესად გვხვდება უფროსი ასაკის ბავშვებსა და 40 წელზე დაბალი ასაკის, უმთავრესად, საერთო საცხოვრებლებში მყოფმოზრდილებთან. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება იშვიათადაა მძიმე მიმდინარეობის, სიმპტომები შეიძლება კვირებისა და თვეების განმავლობაშიც ვლინდებოდეს.

აღნიშნულის გარდა, პნევმონიის მიზეზი შეიძლება იყოს Legionella pneumophila - იწვევს პნევმონიასა და გრიპის მსგავს სიმპტომებს. პნევმონიის ამ ფორმას ზოგჯერ „ლეგიონერთა დაავადებასაც“ უწოდებენ. მის წილად მოდის პნევმონიით გამოწვეული სიკვდილობის 1-8% და ჰოსპიტალური პნევმონიებით სიკვდილობის 4%. ბაქტერია ლეგიონელა ბინადრობს წყლიან გარემოში. ის პაციენტს აავადებს კონდიციონერებისა და წყალმომარეგების სიტემის მეშვეობით.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ანუ Staphylococcus aureus, იწვევს პნევმონიას, რომელიც შეიძლება მდგრადი იყოს გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ. გამომწვევის ამ სახეს „არაჰოსპიტალურ მეტიცილინრეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკს“ უწოდებენ. ის ძირითადად ახალგაზრდების მძიმე პნევმონიის მიზეზია. მიუხედევად შემთხვევათა რიცხვის ზრდისა, აღნიშნული ინფექცია ჯერ კიდევ იშვიათია.

Pseudomonas aeruginosa - იმ პაციენტთა პნევმონიის ხშირი მიზეზია, რომელთაც აქვთ ცისტური ფიბროზი და ფილტვის სხვა დაავადებები, ასევე იმუნური სისტემის დარღვევები.

ამბულატორიული პნევმონიის ვირუსული გამომწვევები

ამბულატორიული პნევმონიის გავრცელებული ვირუსული გამომწვევებია:

  • რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი;
  • ადენოვირუსები;
  • გრიპის ვირუსები;
  • მეტაპნევმოვირუსი;
  • პარაგრიპის ვირუსი;
  • ებშტეინ-ბარის ვირუსი;
  • კოქსაკის ვირუსი.

პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს ასევე ჩუტყვავილას ვირუსმა, ჰანტავირუსმა და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსმა. ზოგჯერ ვირუსით გამოწვეული ფილტვის ინფექციის შემდეგ შესაძლოა ბაქტერიული პნევმონია აღმოცენდეს.

ამბულატორიული პნევმონიის სოკოვანი და პარაზიტული გამომწვევები

ამბულატორიული პნევმონიის სოკოვანი გამომწვევებია:

  • histoplasma capsulatum - ჰისტოპლაზმოზი;
  • სოკო Coccidioides immitis - კოქციდიომიკოზი;

იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს Blastomyces dermatitidis - ბლასტომიკოზი და Paracoccidioides braziliensiს - პარაკოკციდიომიკოზი. Pneumocystis jirovecii - პნევმოცისტა - ჩვეულებრივ, პნევმონიას იწვევს აივ/შიდსით დაავადებულებში ან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

პნევმონიის გამომწვევი პარაზიტებია:

  • ძაღლის (Toxocara canis) ან კატის (თ. ცატის) ტოქსოკარა - ტოქსოკაროზი;
  • Dirofilaria immitis - დიროფილარიოზი;
  • ფილტვის მწოველი - Paragonimus westermani - პარაგონიმოზი.

როგორ ვლინდება პნევმონია

პნევმონიის დროს პაციენტს შეიძლება აწუხებდეს:

  • უღონობა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, რასაც წინ უსწრებს შემცივნება;
  • ხველა ნახველით ან მის გარეშე (ე. წ. „შრალი ხველა“);
  • სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • ტკივილი გულმკერდში.

ძალიან ასაკოვან პაციენტებს პნევმონიის დროს შესაძლოა განსხვავებული კლინიკური სურათი ჰქონდეთ:

  • სხეულის ტემპერატურა შეიძლება ნორმალური იყოს;
  • შესაძლოა ყურადღებას იპყრობდეს გონების დაბინდვა.

ჰოსპიტალური პნევმონია

ჰოსპიტალური პნევმონია არის ფილტვების ანთება, რომელიც პაციენტს უვითარდება საავადმყოფოში მოთავსებიდან 48 საათზე მეტი პერიოდის შემდეგ. ჰოსიტალური პნევმონია, როგორც წესი, გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვინაიდან მისი გამომწვევები უფრო აგრესიულები არიან, უფრო მეტად არიან რეზისტენტულები (მდგრადები) ანტიბიოტიკების მიმართ და შესაბამისად, ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას.

ჰოსპიტალური პნევმონიის რისკფაქრორები

პნევმონიის რისკი ყველაზე მაღალია იმ ჰოსპიტალიზებულებთან, რომელთაც აქვთ მძიმე დაავადება და რაიმე მიზეზით სჭირდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. სხვა რისკფაქტორებია:

  • ახლო წარსულში ანტიბაქტერიული მკურნალობა;
  • თანმხლები დაავადებები;
  • ფილტვის, გულის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • 70 წელზე მეტი ასაკი;
  • ქირურგიული ჩარევა გულმკერდის ან მუცლის ღრუზე;
  • პროტონული პუმბოს ინჰიბიტორების (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი და სხვა) გამოყენება;
  • გამოფიტვა.

მიკროორგანიზმები, რომლებიც ჯანმრთელების პნევმონიას არ იწვევენ, შეიძლება ჰოსპიტალიზებულთა დაავადების მიზეზი გახდნენ, რადგანაც ასეთი პაციენტების უდიდეს ნაწილს იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს და სათანადოდ ვეღარ იცავს ორგანიზმს პათოგენებისაგან.

ჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევები

ჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევი დამოკიდებულია საავადმყოფოში გავრცელებულ მიკროორგანიზმებსა და პაციენტის დაავადებებზე. უხშირესად სტაციონარში აღმოცენებული პნევმონიის მიზეზია:

  • streptococcus pneumonia – პნევმოკოკი;
  • staphylococcus aureus meticilin - რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ჩათვლით;
  • გრამუარყოფითი ბაქტერიები - ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირი (Pseudomonas aeruginosa) და ჰემოფილური ჩხირი (Haemophilus influenzae);
  • ნაწლავის სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები.

მეტიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები ხშირად მდგრადია სხვადასხვა ანტიბიოტიკისადმი.

როგორ ვლინდება ჰოსპიტალური პნევმონია

ჰოსპიტალური პნევმონიის სიმპტომები არ განსხვავდება ამბულატორიული პნევმონიის გამოვლინებისაგან, თუმცა, მისი გამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგანაც პაციენტთა უმეტესი ნაწილი არის ხანშიშესული, მართვით სუნთქვაზე, მძიმედ დაავადებული, დემენციის მქონე და მათ უჭირთ ისეთი სიმპტომების აღწერა, როგორებიცაა სისუსტე, ქოშინი, ტკივილი გულმკერდში. პნევმონიაზე ეჭვს ბადებს მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გახშირება და გულისცემის აჩქარება. ასაკოვნებს შეიძლება დაემატოთ გონების დაბინდვა, უმადობა, აგზნება, უნებლიე შარდვა.

რას ემყარება პნევმონიის დიაგნოზი

პნევმონიის დიაგნოზის დასადგენად ექიმი გულდასმით სინჯავს პაციენტს - უსმენს ფილტვს და ნიშნავს ფილტვების რენტგენოგრაფიას. ხშირად იგეგმება ლაბორატორიული კვლევები - სისხლისა და ნახველის გამოკვლევა.

როგორ მკურნალობენ პნევმონიას

პნევმონიის მკურნალობის მიზნით ინიშნება:

  • ანტიბიოტიკები - ბაქტერიული პნევმონიის დროს ისინი ინიშნება სავარაუდო გამომწვევის გათვალისწინებით;
  • სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები;
  • ზოგჯერ საჭიროა სითხის შევსება და პაციენტისათვის ჟანგბადის მიწოდება.

როცა პაციენტი მწეველი ან ხანშიშესულია, მისი სრული გამოჯანმრთელების დასადასტურებლად ხშირად საჭირო ხდება განმეორებითი რენტგენოგრაფია მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირის შემდეგ.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია პნევმონიის მკურნალობა შინ, თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა - ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია საჭიროა, როცა:

  • პაციენტი ძალიან პატარაა ან ძალიან ხანშიშესულია;
  • პაციენტს აქვს სერიოზული დაავადება (მაგალითად, სიმსივნე);
  • დაავადების მიმდინარეობა მძიმეა.

როგორ ავიცილოთ პნევმონია

დაავადების თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია:

  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;
  • ვაქცინაცია (აცრა) გრიპის წინააღმდეგ;
  • პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხის განხილვა ექიმთან. აღნიშნული ვაქცინაცია რეკომენდებულია 6 წლის ასაკამდე, 65 წლის ზემოთ, თანმხლები დაავადებების არსებობისას.