ტკივილი უკანა ტანის მიდამოში

მწვავე ანალური ნაპრალის, ჰემოროიდული კვანძების, მწვავე თრომბოზისა და მწვავე პარაპროქტიტის დროს დეფეკაციის აქტის შემდეგ ტკივილი შესაძლოა აუტანელი გახდეს. სწორი ნაწლავის ზოგიერთი სხვა დაავადება (კეთილთვისებიანი სიმსივნე, კიბო) არცთუ იშვიათად დიდხანს უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადების - გაურთულებელი ბუასილის დროს კი ტკივილი, ჩვეულებრივ, არ იგრძნობა ან ოდნავ (გადაბერვის შეგრძნებით) არის გამოხატული. მრავალი ავადმყოფი პრობლემის დელიკატურობის გამო არ ჩქარობს პროქტოლოგთან ჩაწერას. სწორი ნაწლავის პრობლემები და, შესაბამისად, პროქტოლოგის კონსულტაცია უფრო ინტიმური საქმეა, ვიდრე გინეკოლოგთან მისვლა. ამიტომ პაციენტები წლობით იტანჯებიან, პირდაპირი მნიშვნელობით სისხლისგან იცლებიან, მაგრამ ექიმთან არ მიდიან. ურიგო არ იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ რაც უფრო მეტად გადადებთ ვიზიტს, მით უფრო მასშტაბური გახდება და გართულდება პრობლემა. შესაბამისად, გაძნელდება მკურნალობა და გახანგრძლივდება რეაბილიტაცია.
ანალური ნაპრალი
ეს ანალური (სწორი ნაწლავის) არხის ლორწოვანი გარსის დეფექტია, ხაზოვანი ან სამკუთხედის ფორმისა. ის სწორი ნაწლავის დაავადებათა 15%-ს შეადგენს. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალბატონები. ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება. ამასთან ეს პათოლოგია არცთუ ისე იშვიათად ბუასილთან ერთად გვხვდება. ანალური ნაპრალის ძირითად გამოვლინებად ითვლება სიმპტომთა ტრიადა: ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში, ამ უკანასკნელის სპაზმი და სისხლდენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სიმპტომები ზოგიერთი სხვა დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ აუცილებელია, მათი გაჩენისთანავე მიაკითხოთ ექიმ პროქტოლოგს. ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ. არსებობს სხვა მიზეზებიც, ამიტომ ამ დაავადების გენეზის შესახებ ერთიანი აზრი სპეციალისტებს შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. წესისამებრ, ტკივილი დეფეკაციის დროს წარმოიშობა, სისხლდენა კი, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა და დეფეკაციის წინ ან დამთავრებისას შეინიშნება. მწვავე ანალური ნაპრალის შემთხვევაში დეფეკაციის დროს თავჩენილი ტკივილი ერთხანს (წესისამებრ, არცთუ ისე დიდხანს) დეფეკაციის შემდეგაც გრძელდება. სფინქტერის (ასე ვთქვათ, სწორი ნაწლავის მომჭერის) სპაზმი საკმაოდ ძლიერია. სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად, მწვავე ნაპრალი არ შეხორცდება, ლორწოვანის დეფექტის ადგილას ნაწიბური ყალიბდება და ვინაიდან ნაწიბუროვანი ქსოვილი ელასტიკური არ გახლავთ, ყოველი დეფეკაციის შემდეგ განიცდის ტრავმირებას - ასე ყალიბდება ქრონიკული ანალური ნაპრალი. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ტკივილი, მართალია, ძლიერი არ არის, მაგრამ დეფეკაციის შემდეგაც დიდხანს გასტანს. ამის გამო პაციენტებს, როგორც წესი, დეფეკაციისადმი შიშის გრძნობა უყალიბდებათ. ადამიანი ერთგვარ მანკიერ წრეში ხვდება - დეფეკაციის შიში მის გადავადებას იწვევს, გადავადების გამო განავლოვანი მასები მკვრივდება, მკვრივი განავლოვანი მასები კი ლორწოვან გარსს აზიანებს. ეს მდგომარეობა ხასიათზეც მოქმედებს: ასეთი ადამიანები მუდამ გაღიზიანებულნი არიან, უჩივიან უძილობას და სხვა უსიამოვნო მოვლენებს. ანალური ნაპრალის პროფილაქტიკის ძირითადი საშუალება კუჭის მოქმედების ნორმალიზებაა: თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობა და, აქედან გამომდინარე, ძლიერი ჭინთვები, რომლებსაც ანალური არხის ლორწოვანი გარსის დაზიანება (გაგლეჯა) მოსდევს. თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობის საპირისპირო მოვლენა - დიარეაც, რადგან კუჭის ხშირი მოქმედება ანალური მოდამოს გაღიზიანებას იწვევს. არ არის რეკომენდებული ცხარე, მწარე და სანელებლებიანი საკვების მიღება. დაბოლოს, რაც შეეხება მკურნალობას: საგულისხმოა, რომ ანალური ნაპრალის დროს კონსერვატიულ მკურნალობას ყოველთვის არ აქვს დადებითი შედეგი, ამიტომ პროქტოლოგები ხშირად მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს.
კოქციკოდინია
კოქციკოდინიას ხშირად ტელემაყურებლების დაავადებასაც უწოდებენ. ის არცთუ ისე იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში (ამ ადგილას - უფრო მეტად) ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად ირადირებს (გადაეცემა) შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება. სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი დეფორმაციაზე მეტად ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა. თუმცა ყველაზე ხშირად, მიუხედავად ღრმა და მრავალფეროვანი კვლევისა, კოქციკოდინიის წარმოშობის მიზეზი უცნობი რჩება. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების მიზეზსა და სტადიაზე. შორსწასული ფორმებისა და კუდუსუნის ამოვარდნილობის დროს მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ხშირად იყენებენ მკურნალობის ოპერაციულ მეთოდებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა რადიკალური ჩარევაც კი ტკივილის შეგრძნებას მთლიანად ვერ ხსნის.