ლიმფური კვანძების მტერი ტროპიკული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმფური კვანძების მტერი ტროპიკული დაავადებები

იმ ქვეყნებში მოგზაურობისას, სადაც ყვითელი ცხელებაა გავრცელებული, ხშირად აუცილებელია ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრა და ვაქცინაციის შესახებ საერთაშორისო ცნობის აღება. ამ ცნობის აღება ბოლო დრომდე შესაძლებელი გახლდათ ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო კლინიკაში. იმ ქვეყნებში გამგზავრებამდე, სადაც მალარიაა გავრცელებული, ექიმისგან უნდა მიიღოთ რეკომენდაციები საპროფილაქტიკო-სამკურნალო საშუალებებისა და მათი გამოყენების შესახებ. უცხოეთში წაიყოლეთ პირველი დახმარების აფთიაქი, რათა თავი გაართვათ მცირე უსიამოვნებებს, დაგეზოგოთ წამლების საძებნელად საჭირო დრო და თავი აარიდოთ უცხო ენაზე ურთიერთობის თანმხლებ პრობლემებს. ახლა კი გაგაცნობთ იმ დაავადებებს, რომელთა უმრავლესობა ლიმფური კვანძების გადიდებით, ტემპერატურის მომატებით და სხვა მძიმე სიმპტომებით მიმდინარეობს. მრავალი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში და საკმაოდ რთული სამკურნალოა. სამაგიეროდ, ელემენტარული წესების დაცვით მათი თავიდან აცილება ადვილია.

შავი ჭირი

ეს დაავადება ახლა იშვიათად გვხვდება. მიუხედავად ამისა, მისი ბუნებრივი კერები ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა ყველგან არის. შავი ჭირის გამომწვევი (შავი ჭირის ჩხირი) აქლემებზე, კურდღლებზე, ვირთხებსა და თაგვებზე, ვირზაზუნასა და თრიაზე მობინადრე რწყილებს გადააქვთ. კბენის დროს რწყილის ხახის შიგთავსი, რომელიც შავი ჭირის ჩხირებს შეიცავს, კანში ხვდება. ამგვარად აღწევს დაავადების გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში. დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მკვეთრი მომატებით, იმავდროულად დიდდება ლიმფური კვანძებიც. ჰაერწვეთოვანი გზით დასნებოვნების შემთხვევაში ფილტვები ზიანდება. თუ მკურნალობა დროულად (პირველი 3-5 საათის განმავლობაში) დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

უნდა იცხოვროთ სასტუმროებში, სადაც ჰიგიენისა და სანიტარიულ წესებს ზედმიწევნით იცავენ, ერიდოთ მღრღნელებთან, აქლემებსა და სხვა ცხოველებთან, ასევე დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს, ხოლო თუ ამას თავს ვერ აარიდებთ, უმჯობესია წინასწარ აიცრათ.

ყვითელი ცხელება

მისი დისლოკაციის ადგილი აფრიკა და სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებია. დასნებოვნება ბუნებრივ პირობებშიც შეიძლება მოხდეს და ქალაქშიც. ამ უმძიმეს დაავადებას ფლავივირუსების გვარის ვირუსი იწვევს. ის ზოგიერთი ტიპის ტროპიკულ კოღოებს გადააქვთ. კოღო კბენს ადამიანს, შედეგად ვირუსი კანქვეშ აღწევს და ლიმფურ კვანძებში იბუდებს. 3-6 დღის შემდეგ ხდება მისი სისხლში გამოსროლა და ადამიანი ავადდება. მაღლა იწევს სხეულის ტემპერატურა, იწყება თავის ტკივილი, ხოლო ტანზე ჩნდება მოწითალო გამონაყარი. შემთხვევათა ნახევარში პაციენტის გადარჩენა შეუძლებელია.

როგორ დავიცვათ თავი?

ტროპიკებში გამგზავრებამდე აუცილებელია ყვეთელი ცხელების საწინააღმდეგო შრატის გაკეთება. ამის შემდეგ იმუნიტეტი 10 წელიწადს ნარჩუნდება. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მოითხოვენ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის საერთაშორისო დასკვნას (01.01.97-ის მონაცემებით): ბენინი, მავრიტანია (იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მხოლოდ ორი კვირით ჩადიან), ბურკინა ფასო, მალი, გაბონი, ნიგერი, განა, რუანდა, ზაირი, სან-ტომე და პრინსიპი, კამერუნი, ტოგო, კონგო, ფრანგული გვიანა, კოტ-დივუარი, ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკა, ლიბერია. იმ ენდემური ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც რეკომენდებულია ზემოაღნიშნული დასკვნის ქონა: ვენესუელა, ბოლივია, ბრაზილია, კოლუმბია, პანამა, პერუ, სურინამი, ეკვადორი, გაიანა, ანგოლა, ბურუნდი, გვინეა-ბისაუ, კენია, ნიგერია, ეთიოპია, ეკვატორული გვინეა, ჩადი, სიერა-ლეონე.

დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება (დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტი)

ამ დაავადების ვირუსი 1937 წელს აღმოაჩინეს უგანდაში. სადღეისოდ მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა და თითქმის ყველა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანას მოიცავს - აფრიკის, აზიის, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ინდონეზიას. ავადობის შემთხვევები აღრიცხულია სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, რუსეთში და სხვა. დაავადების გამომწვევი ტოგავირუსებს მიეკუთვნება. მას გარკვეული სახეობის კოღოები და ტკიპები ავრცელებენ, ხოლო ინფექციის რეზერვუარები ფრინველები და მღრღნელები არიან. დაავადებისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა - ავადობის შემთხვევები გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე იმატებს. ავადმყოფობა მწვავედ იწყება. შემცივნების შემდეგ სხეულის ტემპერატურა სწრაფად იწევს 38-40 გრადუსამდე. ზოგიერთს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, დაღლილობა, ოფლიანობა და თავის ტკივილი. დიაგნოსტიკა გართულებულია. ხშირად შეინიშნება პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით თავს იჩენს მენინგიტის ნიშნებიც. დასავლეთ ნილოსის ციების დროს სიკვდილიანობა 4-5% აღწევს.

როგორ დავიცვათ თავი?

პროფილაქტიკისთვის ელემენტარული ზომების მიღებაა საჭირო: უპირველესად, კარ-ფანჯარა სპეციალური ბადეებით უნდა დაიფაროს, რომ კოღომ სახლში შემოფრენა ვერ შეძლოს; საჭიროა მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების გამოყენება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები არ არსებობს, მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას მიმართავენ.


ებოლის, ლასას და მარბურგის ცხელება

ეს დაავადებები ბუნებრივ-კეროვან ინფექციებს მიეკუთვნება. მათი გადამტანები ცხოველები არიან, მათ შორის - მღრღნელებიც. ინფექციას  დაავადებული ადამიანიც ავრცელებს. სამივე უმძიმესი ვირუსული დაავადებაა თითქმის ერთნაირი კლინიკური ნიშნებით. მათთვის დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება, მაღალი ტემპერატურა, ჰემორაგიული გამონაყარი, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან. ხშირად სისხლნარევია განავალი და პირნაღები მასებიც. თავის, გულმკერდისა და კუჭის მიდამოში ტკივილი აღინიშნება. საინკუბაციო პერიოდი სამივე ცხელების დროს 3-დან 17 დღემდეა. ამ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები არ არსებობს, მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას მიმართავენ.

აივ ინფექცია

ეს არის ნელა მიმდინარე ქრონიკული ვირუსული ინფექცია, რომლის ფარული პერიოდიც შესაძლოა რამდენიმე თვიდან 10 წლამდე და მეტხანსაც კი გაგრძელდეს. ინფექცია უმთავრესად სქესობრივი და პარენტერალური გზებით (სისხლით დაბინძურებული, გაუსტერილებელი სამედიცინო ხელსაწყოებით, ნახმარი შპრიცით) ვრცელდება. გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაავადებულის ქსოვილებისა და ორგანოების მეშვეობითაც, მათი გადანერგვის დროს. ყოველივე ეს აუცილებლად უნდა იცოდეს ადამიანმა იმ ქვეყანაში გამგზავრებამდე, სადაც ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია დონორთა სისხლისა და ქსოვილების კონტროლის სისტემა და არსებობს სამედიცინო დახმარების დროს არასტერილური ხელსაწყოების გამოყენების საფრთხეც. აივ ინფექციით დასნებოვნებული ადამიანი ვირუსმატარებელი ხდება და დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ჯანმრთელმა შესაძლოა თავისი სქესობრივი პარტნიორებიც დააინფიციროს. აივ ინფექციის უკანასკნელი სტადია შიდსია - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომლის დროსაც ხდება ადამიანის იმუნური სისტემის პროგრესირებადი რღვევა. ეს პროცესი მკურნალობას არ ემორჩილება, ავადმყოფი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კვდება. შიდსის ნიშნებად მიიჩნევა წონის მკვეთრი კლება, ქრონიკული ფაღარათი, ლიმფური კვანძების გადიდება, შეუპოვარი ხველა, სოკოვანი დაავადებები. აივ ინფექციით დასნებოვნების პროფილაქტიკისათვის საჭიროა ერთჯერადი შპრიცებისა და პრეზერვატივების გარკვეული მარაგის ქონა და გამგზავრებამდე სტომატოლოგთან ვიზიტი.

ძილის დაავადება

ეს დაავადება გვხვდება აფრიკის 36 ქვეყანაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონებში, სადაც გავრცელებულია ბუზი ცეცე, ძილის დაავადების გადამტანი. დაკბენის შემთხვევები უმეტესად მათთან აღირიცხება, ვინც სოფლის მეურნეობას, თევზჭერას, მეცხოველეობას და ნადირობას მისდევს, ამიტომ ეს დაავადება უფრო სოფლად გვხვდება. ძილის დაავადების რეგისტრირებულ შემთხვევათა 98%-ში დაავადების გამომწვევად ტრყპანოსომა ბრუცეი გამბიენსე ითვლება, დანარჩენ 2%-ს სხვა ჯგუფის ტრიპანოსომა იწვევს. ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა რთულია, ამისთვის განსაკუთრებული კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან საჭირო. ტრიპანოსომოზის კიდევ ერთი ფორმა ლათინური ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული. მას ამერიკულ ტრიპანოსომოზს ან შაგასის დაავადებას უწოდებენ. მისი გამომწვევია უმარტივესების სხვა წარმომადგენელი, რომელიც ზოგიერთი ნიშნით განსხვავდება დაავადების აფრიკული ფორმის გამომწვევებისგან. უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში აფრიკაში სამი ეპიდემია აღირიცხა, რომელთა დროსაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დაიღუპა. გასულ წელს ეს დაავადება ჰქონდა 30 ათასამდე ადამიანს, რისკი კი დაახლოებით 30 მილიონს ემუქრება.

ინფექცია და სიმპტომები

დაავადება უმთავრესად ბუზ ცეცეს კბენით გადაეცემა, თუმცა არსებობს გადაცემის სხვა გზებიც: დედისგან შვილზე გადაცემა (ტრიპანოსომები პლაცენტიდან ნაყოფის ორგანიზმში გადადიან); სხვა სისხლისმწოველი მწერებისგან მექანიკურად გადაცემა (თუმცა ამ ტიპის გადაცემის ეპიდემიოლოგიური ზემოქმედების შეფასება საკმაოდ რთულია); აღრიცხულია შემთხვევები, როდესაც ინფიცირება გამომწვევით დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტის შედეგად მოხდა. დაავადების პირველ სტადიაზე ტრიპანოსომები კანქვეშა ქსოვილებში, სისხლსა და ლიმფაში მრავლდებიან. ამ სტადიისთვის დამახასიათებელია ლიმფური კვანძების  გადიდება, ცხელების შეტევა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვა. მეორე სტადიაში პარაზიტი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აინფიცირებს. ამ სტადიაში დაავადების ნიშნები და სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული: ქცევის ცვლილება, ცნობიერების დარღვევა, სენსორული დარღვევები, კოორდინაციის დარღვევა. ძილის ციკლის მკვეთრი მოშლა, რის მიხედვითაც ეწოდა სახელი ამ დაავადებას, მისი მეორე სტადიის მნიშვნელოვანი ნიშანია. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე სიკვდილის ალბათობა ძალიან დიდია, თითქმის ასპროცენტიანი.

ცუცუგამუშის ცხელება

დაავადების შესახებ პირველი ცნობები ჩინეთშია აღმოჩენილი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 420-265 წლებში). ევროპაში ის პირველად პალმმა აღწერა, აზიაში კი (იაპონია) ჰაშიმოტომ და სახელი “ცუცუგამუშიც” მან უწოდა (“ტსუტსუგა” - დაავადება, “მუსჰი” - ტკიპა, ტკიპისმიერი დაავადება). ამ დაავადებას სწორედ ტკიპების მიერ გადატანილი რიკეცია იწვევს. ბუნებაში ინფექციის რეზერვუარი განსაკუთრებული სახეობის ტკიპაა. დამატებით რეზერვუარებს წარმოადგენენ წვრილი მღრღნელები, მწერიჭამიები და ჩანთოსნები. ბუნებრივ კერებში ადამიანები ტკიპის ლარვებით სნეულდებიან. ლარვები ადამიანის ორგანიზმში კანიდან ხვდებიან, თუმცა ზოგჯერ დაავადება აეროგენული გზითაც გადაედება, იშვიათად - რიკეციების კონიუნქტივაზე მოხვედრის შედეგად. ცუცუგამუშის ცხელება ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის მქონე რაიონებშია გავრცელებული. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება (41 0ც-მდე), ნერვული სისტემის დაზიანება, რეგიონული ლიმფადენიტის, გენერალიზებული ლიმფადენიტის,  ლიმფადენოპათიების განვითარება, უხვი გამონაყარი, თავისა და სახსრების ტკივილი. დაავადების სიმპტომები რამდენადმე ჰგავს ტიფისას. საინკუბაციო პერიოდი 5-21 დღე გრძელდება, უმეტესად - 6-11 დღე. პროგნოზი დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, სიკვდილიანობა სხვადასხვა რეგიონში 1-დან 40%-მდე აღწევს. სპეციფიკური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში ლეტალური შემთხვევები თითქმის არ შეინიშნება. სპეციფიკური პროფილაქტიკისთვის ტარდება იმუნიზაცია ცოცხალი რიკეციოზული ვაქცინით ტეტრაციკლინთან ერთად.