ჰორმონების როლი მეტაბოლურ პროცესებში
- ქალბატონო ნათია, რა როლი ენიჭება ჰორმონებს მეტაბოლურ და ენერგეტიკულ პროცესებში?
- ჰორმონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია - სხვადასხვა ბუნების, უმეტესად, პეპტიდური, ცილოვანი, ან ცხიმოვანი ლიპიდების ნაწარმები, რომლებიც გამომუშავდება სხვადასხვა ენდოკრინული ორგანოს, ანუ ჯირკვლების უჯრედებში. ისინი გამოიყოფა უშუალოდ სისხლში და აქვს სამიზნე ორგანოები ან უჯრედები.
ზოგი ჰორმონი, გამრავლებაზე, ზოგი ზრდაზე, ზოგი კი ნივთიერებათა ცვლასა და ენერგეტიკულ პროცესებზე მოქმედებს.
ჰორმონების ნაწილი უზრუნველყოფს ანაბოლიზმს - დაგროვებას, უჯრედების გამრავლებას და ქსოვილების წარმოებას, ნაწილი კატაბოლიზმს - უჯრედების კვდომას - აპოპტოზს, დაშლას და ენერგიის გამოთავისუფლებას. როცა ეს ორი პროცესი გაწონასწორებულია, ორგანიზმში განახლების პროცესი მიმდინარეობს და ნივთიერებათა ცვლა არ ირღვევა, ხოლო თუ ანაბოლიზმი აჭარბებს, წონის მატება ხდება, კატაბოლიზმის შემთხვევაში კი - წონის კარგვა.
შესაბამისად, ჰორმონები უზრუნველყოფენ ნივთიერებათა ცვლას და ენერგიის წარმოქმნას.
- რომელი ჰორმონები ზემოქმედებს წონის კონტროლზე და კონკრეტულად რომელი ჰორმონები აძლიერებს ან აქვეითებს მადას, და რომელი ჰორმონი უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას?
- ჰორმონები ძირითადად მოქმედებენ თავის ტვინზე, კერძოდ, ჰიპოთალამუსში არსებულ შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრებზე, და შესაბამისად ზრდიან ან აქვეითებენ მადას.
წონის კონტროლზე გავლენას ახდენს: ლეპტინი, გრელინი, ინსულინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კორტიზოლი და სასქესო ჰორმონები, როგორიცაა ესტროგენი და ტესტოსტერონი.
ზოგიერთი ჰორმონი ზრდის მადას, ზოგი, პირიქით, აქვეითებს მას და აჩენს დანაყრების შეგრძნებას.
მადას ზრდის გრელინი, რომელსაც „შიმშილის ჰორმონს“ უწოდებენ. შესაბამისად, მისი დონე მაღალია ჭამამდე და დაბალი ჭამის შემდეგ. ასევე ჰიპოთალამუსის ნეიროპეპტიდები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია კვებით ქცევაში. აძლიერებენ კვებით მოტივაციას, ნახშირწყლების მოთხოვნას. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს თავის ტვინის ჰორმონები: სეროტონინი და დოფამინი, ზრდიან მადას, რადგან იწვევენ სიამოვნებას დაჯილდოვების მექანიზმით, თუმცა, მათი დაქვეითება ზრდის ნახშირწყლებისადმი მიდრეკილებას.
ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მოცემული ჰორმონის გამომუშავების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.
ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება, ნორმის დროს მას შეუძლია მადის დაქვეითება, სიჭარბისას კი - გაზრდა, სისხლში გლუკოზის დონის ცვლილების მიხედვით.
თიროიდული ჰორმონები ააქტიურებენ მეტაბოლიზმს და გავლენას ახდენენ ორგანიზმის მიერ კალორიების წვაზე. შესაბამისად, სიჭარბისას მადა ძლიერდება.
კორტიზოლი ზრდის მადას, განსაკუთრებით მაღალკალორიული საკვებით კვებისას და ეხმარება ცხიმის შენახვას, განსაკუთრებით მუცლის არეში.
მადას აქვეითებს: ლეპტინი, რომელიც ძირითადად, თეთრ ცხიმოვან ქსოვილში გამომუშავდება. ის უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას.
PYY-36 ამინომჟავიანი პეპტიდი აგებულებით მსგავსია პანკრეასისა და ნეიროპეპტიდების, გამომუშავდება ძირითადად წვრილ ნაწლავებში - ილეუსში, აქვეითებს მადას, აგზავნის დანაყრების სიგნალს.
GLP-1 გლუკაკონის მსგავსი პეპტიდი გამომუშავდება ნაწლავში, აქვეითებს მადას, აყოვნებს კუჭის დაცლას, ზრდის ნაყროვანების შეგრძნებას, რის გამოც, ფართო გამოყენება ჰპოვა მედიკამენტის სახით.
წვრილი პეპტიდების ჯგუფები, მაგ., ქოლეცისტოკინინი, გამომუშავდება 12-გოჯა ნაწლავში, მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებზე და ნაღვლის გამოყოფის სტიმულირებაზე, აქვეითებს მადას, ძირითადად ცხიმიანი საკვების საპასუხოდ.
მადაზე მოქმედებს თავის ტვინის „სიამოვნების“ ჰორმონებიც და ტრანსმიტერებიც - სეროტონინი და დოფამინი. სეროტონინი აქვეითებს მადას და იწვევს კუჭში სისავსის შეგრძნებას, დოფამინი კი, პირიქით, აძლიერებს სიამოვნების ძიების გზით - „ჯილდოს მიღების“ სახით, საკვების მიღებას და მადას. შესაბამისად, სეროტონინის დაქვეითებისას მადა ძლიერდება, ხოლო დოფამინის დაქვეითებისას ქვეითდება.
- რა ფაქტორები ეხმარება ამ ჰორმონების გამომუშავებას და შესაბამისად, წონის მატებას?
- უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰორმონები ნორმის დროს ფიზიოლოგიურად მოქმედებენ ნაყროვანებაზე, რადგან, უმეტესობას ახასიათებს პარადოქსული მოქმედება, სიჭარბის შემთხვევაში, ვითარდება ე. წ. რეზისტენტობა, მგრძნობელობის დაქვეითება.
მაგ., ინსულინრეზისტენტობა, როცა ინსულინი დიდი რაოდენობით გამომუშავდება გენეტიკური განწყობის გამო, ან ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა მექანიზმით სტიმულაციით, როგორიცაა, ცხოვრების წესის ცვლილება, ჭარბი, არაჯანსაღი კვება - მარტივი ნახშირწყლებისა და ცხიმების მაღალი შემცველობით, ბოჭკოვანი და ცილოვანი საკვების სიმცირით, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სხვადასხვა დაავადების დროს: შაქრიანი დიაბეტის, საკვერცხის პოლიკისტოზის, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის, კუშინგის სინდრომის ან დაავადებისას, სადაც კორტიზოლის დიდი რადენობით გამომუშავებასთან ერთად, მოქმედებს ინსულინრეზისტენტობის მექანიზმი, ან სტეროიდებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსისას, მსგავსად ჰიპერკორტიზოლემიისა. ამ დროს ინსულინის მოლეკულების რაოდენობრივი სიუხვის გარდა, ქვეითდება უჯრედების ინსულინის აღმქმელი რეცეპტორების მგრძნობელობა, რადგან ინსულინის ყველა მოლეკულა ვერ „ერგება რეცეპტორს“. ჭარბი ინსულინი მადას კი არ აქვეითებს, არამედ აძლიერებს და შესაბამისად, წონის მატებას იწვევს.
ლეპტინის რეზისტენტობა. ჭარბ ცხიმოვან ქსოვილში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ლეპტინი, მაგრამ ინაქტივირებული რჩება, შესაბამისად, სიმსუქნე ხელს უწყობს ლეპტინის რეზისტენტობას.
ირღვევა ლეპტინისა და გრელინის ანტაგონისტური ბალანსი და ძლიერდება გრელინი, შიმშილის გრძნობა, რაც წონის მატებას იწვევს.
ამ უკანასკნელი წონასწორობის დარღვევა ძირითადად ძილის დარღვევისას ხდება, რაც მადას აძლიერებს და წონის მატებას იწვევს.
სტრესებისა და დეპრესიის დროს ირღვევა სეროტონინისა და დოფამინის წონასწორობა, როგორც აღვნიშნეთ, სეროტონინის ნაკლებობა მადის გაძლიერებასა და სიმსუქნეს იწვევს.
- რომელი ჰორმონები მოქმედებს ენერგეტიკულ პროცესებზე და როგორ?
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (T4 და T3) აჩქარებენ მეტაბოლიზმს, ზრდიან ჟანგბადის ხარჯვას, აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას - ცხიმების, ნახშირწყლების წვას, შესაბამისად ენერგიის გამოთავისუფლებას და ტემპერატურის მატებას. მათ აქვთ ე.წ. კალორიგენული და თერმული ეფექტი.
ინსულინი უზრუნველყოფს გლუკოზის უჯრედში შესვლას და მის გარდაქმნის პროცესს - გლიკოლიზს, რაც ენერგიის გამოთავისუფლებას იწვევს ატფ-ის სახით.
ინსულინი იწვევს გლუკოზის მარაგის შექმნას ღვიძლში გლიკოგენის სახით და ცხიმოვანი მჟავების მარაგის წარმოქმნას ტრიგლიცერიდების სახით.
გლულაგონი - პანკრეასის ჰორმონი, ინსულინის საწინააღმდეგოდ, ხელს უწყობს გლიკოგენის დაშლას, გლუკონეოგენეზს და შესაბამისად, ენერგიის წარმოქმნას.
კორტიზოლი სტრესზე მოპასუხე ჰორმონია. გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. უზრუნველყოფს ენერგიის მობილიზებას სტრესის დროს ცილების, ცხიმების დაშლითა და გლუკონეოგენეზით.
ადრენალინი და ნორადრენალინი უზრუნველყოფს ენერგიის უფრო სწრაფმობილიზებას, გლიკოგენის დაშლას, გლუკოზის დონის მატებას სისხლში.
ზრდის ჰორმონი ანაბოლურია, მაგრამ ჰიპერგლიკემიური ეფექტიც აქვს.
მელატონინი აწესრიგებს ცირკადულ რიტმს, რაც გავლენას ახდენს ენერგიის დაგროვებასა და მოხმარებაზე.
- რა კავშირია ინსულინრეზისტენტობასა და სიმსუქნეს ან ჭარბ წონას შორის?
- ინსულინრეზისტენტობის დროს, ერთი მხრივ, ინსულინის ჭარბწარმოება ხდება, რაც იწვევს უჯრედების, ინსულინის რეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითებას. ინსულინის ყველა მოლეკულა ვერ „ერგება“ უჯრედის რეცეპტორს, რომ უზრუნველყოს გლუკოზის უჯრედში უტილიზაცია - შეყვანა, რის გამოც, ერთი მხრივ, სისხლში გლუკოზის დონე მაღალი რჩება და ინსულინის კვლავწარმოებას ითხოვს, მეორე მხრივ, დიდი რაოდენობის დაუტვირთავი ინსულინი გლუკოზის შემოსვლას ითხოვს სისხლში. ანუ იქმნება მანკიერი წრე. მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანს თუ აქვს ინსულინრეზისტენტობა, მისი ორგანიზმი 1 ჩაის კოვზი შაქრის ასათვისებლად 2-3-ჯერ მეტ ინსულინს ითხოვს, ვიდრე ჯანმრთელის ორგანიზმი.
შესაბამისად, ჭარბი ინსულინის სეკრეციის შედეგად მადის გაძლიერება ან ძლიერი შიმშილის გრძნობა ჩნდება, რასაც, საბოლოოდ, ჭარბი ნახშირწყლების მიღებისკენ, ჭარბი კვების, წონის მატების ან სიმსუქნისკენ მივყავართ. ჭარბი ინსულინი იწვევს ჭარბი გლუკოზის ცხიმოვან მჟავებში გადასვლას, შესაბამისად, იზრდება ტრიგლიცერიდების, გლიცერინის, ცხიმოვანი მჟავების დონე და ლიპოლიზის ნაცვლად მიმდინარეობს ლიპოგენეზი. ცხიმის ჩალაგება ხდება სამიზნე ზონებში, როგორიცაა: მუცელი, მხრები, კისერი - ღაბაბი, ვისცერული ცხიმი - აბდომინალური.
ინსულინრეზისტენტობის მექანიზმი მეტაბოლური ცვლის დარღვევის უმთავრესი კომპონენტია. რაც გლუკოზის დონის მატების, სიმსუქნისა და დისლიპიდემიის გარდა, იწვევს ჰიპერტენზიის, საბოლოოდ კი, შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
- რომელი ჰორმონული დარღვევები იწვევს წონის მატებას?
- ინსულინის სეკრეციის დარღვევა და კერძოდ, ინსულინრეზისტენტობა ან უფრო შორს წასული პრედიაბეტი, როცა უკვე უზმოდ ან საკვების მიღების შემდეგ გლუკოზა ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა დიაბეტის საზღვრებში, ზემოთ აღნიშნული მექანიზმით იწვევს მარტივი ნახშირწყლებისკენ მიდრეკილებას, შესაბამისად, ჭარბ კვებას და წონის მატებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ინსულინრეზისტენტობის მექანიზმი გვხვდება სხვადასხვა დაავადების დროს, როგორიცაა, არა მარტო შაქრიანი დიაბეტი, არამედ, საკვერცხეების პოლიკისტოზი, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, კუშინგის დაავადება ან სინდრომი, სადაც კორტიზოლის სიჭარბეა, აკრომეგალია ზრდის ჰორმონის სიჭარბის გამო, ვინაიდან ემსგავსება ინსულინს მოქმედებით. საბოლოოდ, ხშირად, ამ დაავადებების დროს, გარდა წონის მატებისა და სიმსუქნისა, შაქრიანი დიაბეტის განვითარება გარდაუვალია.
სტეროიდული ჰორმონოთერაპია ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით, სხვადასხვა დიაგნოზის გამო, იწვევს ინსულინრეზისტენტობასა და წონის მატებას.
ჰიპერპროლაქტინემიისას ჰიპოფიზში ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამომუშავდება. წონის მატება შეიძლება, ერთი მხრივ, დოფამინერგული სისტემის ბლოკირებით, და მეორე მეტაბოლური - ინსულინრეზისტენტობის მექანიზმით იყოს გამოწვეული.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დაქვეითება იწვევს მეტაბოლიზმის დაქვეითებას და შესაბამისად, წონისა და ქოლესტერინის მატებას.
ხანგრძლივი სტრესები - კორტიზოლის/ადრენალინი/ნორადრენალინი იწვევს გლუკოზის დონის მატებას, მანკიერი ჯაჭვით ინსულინის დონის მატებას, ინსულინრეზისტენტობისა და ა. შ.
ძილის რეჟიმისა და ცირკადული რითმის დარღვევა იწვევს გრელინის მატებას, ლეპტინის შემცირებას, შიმშილის ზრდას, უხვი საკვების მიღებას და წონის მატებას.
GLP-1-2 და პანკრეასული პეპტიდების დონე ქვეითდება სისტემატურად თერმულად დამუშავებული, ნაკლები ბოჭკოს შემცველობის, მაღალი გლიკემიური ინდექსის საკვების მიღებისას, აგრეთვე სწრაფი ჭამისა და სათანადოდ დაუღეჭავი საკვების ულუფების მოხმარებით.
შესაბამისად, ჭარბი წონა რომ ავირიდოთ საჭიროა: დაბალკალორიული დიეტა, მარტივი ნახშირწყლების დაბალი, მცენარეული ბოჭკოსა და ცილების მაღალი შემცველობით; სრულფასოვანი ძილი, სტრესების მართვა შეძლებისდაგვარად, დღეღამური რითმისა და ძილის ჰიგიენის დაცვა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, დღეში 20-45 წთ სიარული. მაღალი ფიზიკური აქტივობისას ჩონჩხის კუნთებში ინსულინრეცეპტორები ჯანმრთელდება, უფრო მოკლედ კი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევებითა და კლინიკური გასინჯვის შეჯერებით დადგინდეს, რომელი ჰორმონების დისბალანასია ან რომელი დაავადებაა, რათა, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები: ცხოვრების წესის ცვლილება და მკურნალობა.