ოფლის გამოყოფა და მისი დარღვევები
ოფლის გამომყოფი სისტემა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებთან, აგრეთვე კანის საფარველთან ერთად, უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ადაპტაციას (შეგუებადობას) ცხელი კლიმატური პირობებისადმი, ასევე ფიზიკური დატვირთვისადმი გარემოს ნორმალური და მომატებული ტემპერატურის პირობებში. გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ორგანიზმის ფიზიკურ აქტიურობასა და ფსიქიკურ დაძაბულობაზე დამოკიდებულებით, ოფლის გამოყოფის რეაქცია ორ ძირითად სახედ იყოფა:
1) თერმორეგულატორული ოფლის გამოყოფა – აღმოცენდება მთელ სხეულზე ადეკვატური თერმორეგულაციისათვის როგორც გარემოს ტემპერატურის ცვლილების საპასუხოდ, ასევე ფიზიკური დატვირთვისას.
2) ფსიქოგენური ოფლის გამოყოფა – აღმოცენდება ფსიქიკური დაძაბულობის შედეგად სხეულის სხვადასხვა უბანში – ხელის გულებზე, იღლიის ფოსოებში, ფეხის გულებზე, სახის ცალკეულ უბნებში ან კიდევ სხეულის მთელ ზედაპირზე.
თერმორეგულატორული ოფლის გამოყოფის ძირითადი მექანიზმი მკვლევართათვის დღემდე საკამათოა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ სახის ოფლის
გამოყოფა დამოკიდებულია სისხლის ტემპერატურის მომატებასა და შემდგომ თერმორეგულაციაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სტრუქტურების გააქტივებაზე. მეორე ნაწილის აზრით კი, აღნიშნულ სტრუქტურათა გააქტივება პერიფერიულ თერმორეცეპტორთა რეფლექსური ზეგავლენით ხდება. ისიც აღსანიშნავია, რომ თერმორეგულაციაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სტრუქტურების აგზნებაზე დიდ გავლენას ახდენს სისხლის ფიზიკური თვისებები – ოფლის გამოყოფა უფრო სწრაფად აღმოცენდება და უფრო მეტად ინტენსიური ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის წებოვნება ქვეითდება.
ოფლის გამოყოფა მუდმივად ხდება. გარემოს დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კი, ისე რომ ადამიანი ამას ვერ გრძნობს. საყურადღებოა ისიც, რომ ოფლის გამოყოფის პროცესი, როგორც სითბოს გაცემის სარეგულაციო მექანიზმი, განსაკუთრებით ძლიერდება გარემოს მაღალი ტემპერატურისას, ხოლო 33 გრადუსზე მაღალი ტემპერატურისას პერსპირაცია (ოფლის გამოყოფა) დომინანტური ხდება თბორეგულაციაში. ოთახის ტემპერატურაზე ადამიანის სხეულის ზედაპირიდან 0,5-0,6 ლ სითხე ორთქლდება, სიცხეში კი, დღე-ღამის განმავლობაში და აგრეთვე ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, გამოყოფილი ოფლის რაოდენობამ შესაძლოა 10-12 ლიტრს მიაღწიოს.
ოფლით ადამიანის ორგანიზმიდან, წყლისა და მარილების გარდა, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროდუქტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაც გამოიყოფა. ამ უკანასკნელთა შემცველობის მიხედვით, ორგანიზმის ცალკეული ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ფუნქციობაზე მსჯელობაა შესაძლებელი. მაგალითად, ოფლით შარდოვანასა და ამიაკის გამოყოფა თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს, პეპსინოგენის, ამილაზასა და ტუტე ფოსფატაზას გამოყოფა კი – საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
საოფლე ჯირკვლები
საოფლე ჯირკვლები ორი სახისაა – ეკრინული და აპოკრინული.
ეკრინული ჯირკვლები – სხეულის მთელ ზედაპირზეა მოფენილი. ადამიანის სხეულის ზომებზე დამოკიდებულებით მათი რაოდენობა 2-4 მილიონს შეადგენს. ეკრინული ჯირკვლები განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა განთავსებული ხელისა და ფეხის გულებზე, სახესა და იღლიის ფოსოებში (1 კვ. სმ-ზე 600 ჯირკვალი), შედარებით ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი ზურგისა და გულმკერდის არეში (1 კვ. სმ-ზე 60-მდე ჯირკვალი). აღნიშნული ჯირკვლების ექსკრეტორული (გამომყოფი) სადინარები კანზე ფორების სახით იხსნება. ეს ჯირკვლები ინტენსიური სისხლის მიმქოცევითა და სიმპათიკური ინერვაციით გამოირჩევა. ჯირკვლების სადინარის ნაწილში ნატრიუმი და ქლორი უკუშეწოვას განიცდის, რის გამოც ოფლი პლაზმისმაგვარ სითხედ გვევლინება. ამ ჯირკვლების მიერ გამოყოფილ ოფლს სუსტი ტუტე რეაქცია აქვს. ის ჰიპოტონურია ანუ ნატრიუმის ქლორიდის კონცენტრაცია მასში 0,3-დან 0,5%-მდე მერყეობს. ეკრინული ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ოფლი შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმს, რძის მჟავას, გლუკოზასა და შარდოვანას. საოფლე ჯირკვლების მიერ ორგანიზმში მარილების შეკავების უნარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოფლის მასიურად გამოყოფის დროს. საოფლე ჯირკვლებს ზოგადად დიდი წვლილი მიუძღვით ოსმორეგულაციაში, ანუ წყლისა და მარილების გამოყოფის გზით ოსმოსური წნევის მუდმივობის შენარჩუნებაში.
მათი ძირითადი ფუნქცია თერმორეგულაცია – სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებაა.
აპოკრინული ჯირკვლები – შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. ისინი თმის ფოლიკულებიდან ვითარდება. აპოკრინული ჯირკვლები ძირითადად იღლიის ფოსოებში, არეოლებისა და გარეთა სასმენი მილის არეში, აგრეთვე ანოგენიტალურ, ანუ სასქესო ორგანოთა და ანალური, იგივე უკანა ხვრელის მიდამოშია განთავსებული. აღნიშნულ უბნებში ლოკალიზებული აპოკრინული ჯირკვლები მთელ სხეულზე არსებული საოფლე ჯირკვლების 10-40%-ს შეადგენს. ისინი მარტივი ლულოვანი ჯირკვლებია.
მიიჩნევენ, რომ სხეულის სპეციფიკურ სუნს ეს ჯირკვლები განაპირობებს, რადგანაც მათ სეკრეტს (გამონაყოფს) თავისებური მძაფრი სუნი აქვს. ამავე დროს, ეს გამონაყოფი ცხიმისა და ქოლესტერინის შემცველობის გამო რამდენადმე მუქი ფერისაა. აპოკრინული ჯირკვლები ფუნქციობას პუბერტულ (გარდატეხის) პერიოდში იწყებენ. არსებობს ასეთი აზრი, რომ აპოკრინული ოფლის გამოყოფა უძველესი მექანიზმია, რომელსაც გარკვეული როლი აქვს სქესობრივ ქცევაში. აპოკრინული ჯირკვლები გამოყოფენ ე. წ. ფერომონებს, რომლებიც სხეულის ინდივიდუალურ სუნს განაპირობებს. აღნიშნული ტიპის ოფლის გამოყოფა ქალებს შორის მენსტრუაციის პერიოდში ძლიერდება. აპოკრინული ჯირკვლები თერმორეგულაციაში არ მონაწილეობენ. კანზე დასახლებულ ბაქტერიებს შეუძლიათ ამ ჯირკვლების სეკრეტთან ურთიერთქმედება და ცუდი, უსიამოვნო სუნის გამოწვევა. აპოკრინული ჯირკვლების დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი ჰიდრადენიტი, რომელიც გართულების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
* * *
ხელისა და ფეხის გულებზე ოფლის გამოყოფის პროცესი რამდენადმე განსხვავებულია სხეულის მთელი ზედაპირიდან მიმდინარე ოფლის გამოყოფის პროცესისაგან. ადამიანისათვის შეუგრძნობელი ამ პერსპირაციის (ოფლის გამოყოფის) ინტენსივობა აღნიშნულ უბნებში 5-20-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე სხეულის მთელ ზედაპირზე. საოფლე ჯირკვლები ხელისა და ფეხის გულებზე ინტენსიურად (მეტად მჭიდროდ) არის განთავსებული და მათგან განუწყვეტლივ გამოიყოფა ოფლი. თუმცა, ძლიერი სითბური ზემოქმედებისა (მზის აბაზანები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა) და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, ხელისა და ფეხის გულებზე, სხეულის სხვა უბნებთან შედარებით, ოფლი ნაკლებად გამოიყოფა.
როგორც ცნობილია, ადამიანს ხელისა და ფეხის გულებზე ქონის ჯირკვლები არ გააჩნია. სამაგიეროდ, უხვად მოფენილი საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ოფლი ხელისა და ფეხის გულების გაპოხვას იწვევს და აღნიშნულ უბნებს უფრო ელასტიკურს, რბილსა და ნაკლებად ტრავმულს ხდის.
იღლიის ფოსოებში, ხელისა და ფეხის გულებზე არსებულ საოფლე ჯირკვლებს შორის, მორფოლოგიური განვითარებისა და სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის თვალსაზრისით, ინდივიდუალური განსხვავებანი ნაკლებადაა გამოხატული, ვიდრე იმ საოფლე ჯირკვლებს შორის, რომლებიც სხეულის მთელ ზედაპირზეა მოფენილი. ხელისა და ფეხის გულებზე პერსპირაცია თავისი ხასიათით განსხვავდება სხეულის ზედაპირზე მიმდინარე პერსპირაციისაგან – ის არ იზრდება ჩვეულებრივი თერმული გამღიზიანებლების ზემოქმედების საპასუხოდ, მაგრამ ძალზე სწრაფად ძლიერდება ფსიქიკური და სენსორული აგენტების ზემოქმედებისას. ფსიქოგენური ოფლის გამოყოფა, რომელიც ფსიქიკური დაძაბულობისას აღმოცენდება, პრინციპულად განსხვავდება თერმორეგულატორული ოფლის გამოყოფისაგან. ის ლატენტური (ფარული) პერიოდის გარეშე აღწევს იმ ინტენსივობას, რომელიც გაღიზიანების დონის შესაბამისია, გრძელდება მანამ, ვიდრე გამღიზიანებელი მოქმედებს და სწრაფადვე წყდება, როგორც კი გამღიზიანებელი ფაქტორის მოქმედება იხსნება. ამ სახის ოფლის გამოყოფის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის რამდენადმე შეუსწავლელია. თუმცა ფაქტია, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, რეაგირებს სტრესის გამომწვევ გამღიზიანებელზე და სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში არ მონაწილეობს.
ოფლის გამოყოფის დარღვევები
განასხვავებენ ოფლის გამოყოფის ხარისხობრივ და რაოდენობრივ დარღვევებს. ეს უკანასკნელი კლინიკურ პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება. ოფლის გამოყოფის სრულ შეწყვეტას – ანჰიდროზი ეწოდება. ის მეტად იშვიათი კლინიკური სიმპტომია. უფრო ხშირია ოფლის გამოყოფის შემცირება – ჰიპოჰიდროზი, ან კიდევ მისი ინტენსივობის მომატება – ჰიპერჰიდროზი. ოფლის გამოყოფის ხარისხობრივი დარღვევები უკავშირდება ოფლის შემადგენლობისა და ფერის ცვლილებებს (იგივე ქრომჰიდროზი). ოფლის ფერი იცვლება ადამიანის ორგანიზმში რკინის მარილების, სპილენძის, კობალტის, კალიუმის იოდიდის მოხვედრისას, ქრონიკული ნეფრიტის დროს. ურემიის (სისხლში შარდოვანასა და ნივთიერებათა ცვლის სხვა მავნე პროდუქტების დაგროვების გამო ორგანიზმის თვითმოწამვლა) შემთხვევაში ზოგჯერ აღინიშნება ურიდროზი – შარდის მჟავასა და შარდოვანას გამოყოფა თმებსა და იღლიის ფოსოებში წვრილი კრისტალების სახით. სტეატჰიდროზი – ქონის ჯირკვლების სეკრეტის (გამონაყოფის) მნიშვნელოვანი შერევისას აღინიშნება. ამის გამო ოფლი ცხიმოვანი ხდება.
კლინიკური ფენომენის გავრცელების შესაბამისად, ოფლის გამოყოფის დარღვევა შესაძლოა იყოს გენერალიზებული (გავრცელებული) ან ლოკალური (ადგილობრივი). ზოგადი ჰიპერჰიდროზი, ანუ ოფლის გამოყოფის ზოგადად გაძლიერება, ძირითადად ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის სტრუქტურაა) თერმორეგულაციურ ცენტრებზე ამა თუ იმ სახის ზემოქმედების შედეგია. ლოკალური ჰიპერჰიდროზის მიზეზი კი, უხშირესად, ნერვული სისტემის ცალკეული ნაწილების დაზიანებაა.
საყურადღებოა, რომ ჰიპოჰიდროზი, რომელიც კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია, პაციენტების მიერ, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველია ხოლმე, მაშინ როცა ჰიპერჰიდროზი, პრაქტიკულად, ყოველთვის მტანჯველი და ემოციურად დამძაბველია ადამიანებისათვის. ოფლს ზოგჯერ სისხლიც ერევა. ამ მოვლენას ჰემატიდროზს უწოდებენ. ე. წ. სისხლნარევი ოფლის სინდრომი ისტერიის დროს აღინიშნება.
ოფლის გამოყოფის დარღვევა შესაძლოა საოფლე ჯირკვლების დისტროფიული ცვლილების შედეგი იყოს. ეს უკანასკნელი თანდაყოლილი ან შეძენილი შეიძლება იყოს. შეძენილი, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების (კანის ატროფია, სკლეროდერმია) ან კიდევ ასაკობრივი ცვლილების (დაბერებულ კანში) შედეგად ვითარდება.
ოფლის გამოყოფის სრული შეწყვეტა – ანჰიდროზი – სხეულის მთელ ზედაპირზე იშვიათია, რადგანაც საოფლე ჯირკვლების გარკვეული, თუნდაც უმნიშვნელო ნაწილი, მაინც აგრძელებს ფუნქციობას. ლოკალურ ანჰიდროზს რაც შეეხება, ის უპირატესად ოფლის გამოყოფის ეფერენტული (დაღმავალი) ნაწილების პერიფერიული განყოფილებების სრული დაზიანების შედეგია. ნევროლოგიური დაავადებების დროს ოფლის გამოყოფის ანომალიათა გამოკვლევით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის განსაზღვრა და დიფერენციული დიაგნოსტიკის გატარება.
პაციენტებისათვის განსაკუთრებით ძნელად გადასატანია კიდურების მომატებული ოფლიანობა ანუ აკროჰიდროზი. ამ სინდრომის დროს ძლიერად ოფლიანდება ხელის ან ფეხის გულები, აგრეთვე თითების კიდურა ფალანგების ზურგისკენა მხარეები. აკროჰიდროზი განსაკუთრებულად გამოხატულია ალკოჰოლიზმითა და პოლინეიროპათიებით დაავადებულებს შორის, ახასიათებს ფობიური დარღვევების მქონე პაციენტებსაც.