საშარდე სისტემა ორგანიზმის ფილტრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშარდე სისტემა ორგანიზმის ფილტრი

ჩვენი მოთხოვნილებები, სურვილები, მიზნები, მისწრაფებები ამ ორი სამყაროს ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება.

თირკმელი, წყვილი ანატომიური წარმონაქმნი, ადამიანის ძირითადი გამომყოფი ორგანოა, რომელიც შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება და თირკმლის ვენით გამოდის.

ფილტრატი შარდია, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში ჩადის, გროვდება და შემდეგ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და უფრო დაბლა მდებარეობს.

თირკმელებს ლობიოს მარცვლის ფორმა აქვთ. თითოეული მათგანის ნორმალური მასა 120-200 გრამია, სიგრძე - 10-12 სმ, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ. თითოეული თირკმელი შედგება ორი - გარეთა (ქერქოვანი) და შიგნითა (ტვინოვანი) - შრისგან.

ტვინოვანი შრე წარმოდგენილია პირამიდებით, რომელთა ფუძე მიმართულია ქერქის მხარეს, ხოლო მწვერვალები თირკმლის მენჯში იხსნება. თირკმელების ინერვაცია თირკმლის ნერვული წნულის ბოჭკოებით ხორციელდება. აქვე ერთი საინტერესო რამ უნდა გითხრათ: თირკმელი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელსაც დამოუკიდებლად, ნერვული იმპულსების გარეშეც შეუძლია მუშაობა. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თირკმელების გადანერგვა სხვა ორგანოებისაზე მარტივია.

თირკმელები მონაწილეობს პლაზმასა და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების, მათი მოცულობის, ელექტროლიტური და მჟავატუტოვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენს აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფასა და გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში.

თირკმლის ამ ფუნქციათა უმეტესობა ხორცილდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით, ფილტრატის ნაწილის შეწოვის (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. გარდა ამისა, თირკმელები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხვ.) სინთეზში. თირკმელებში წუთში გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25% ხვდება.

თირკმლის ინვოლუციური (განლევა, უკუგანვითარება) ცვლილებები სიცოცხლის მეოთხე ათწლეულში იწყება. 70 წლისთვის ნეფრონების პოპულაცია არცთუ იშვიათად ნახევარზე მეტად მცირდება. თირკმელების სტრუქტურულ ცვლილებებს თან სდევს მათი ფუნქციების დარღვევა: მცირდება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, კონცენტრაციული შესაძლებლობა, იზღუდება წყალელექტროლიტური და მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნების უნარი, რაც განსაკუთრებით აშკარა ხდება ოპერაციული ჩარევის, ინფექციის, დეჰიდრატაციის დროს.

მოხუცებულ ასაკში იცვლება თირკმლის დაავადებათა სტრუქტურაც: იშვიათად გვხვდება მწვავე და ქვემწვავე ნეფრიტი, თირკმელების დაზიანება სისტემური დაავადებების დროს, იმავდროულად, უფრო ხშირია ქრონიკული პიელონეფრიტი, დიაბეტური გლომერულოსკლეროზი, თირკმლის ამილოიდოზი, პარანეოპლაზიური ნეფროპათიები.

თირკმლის დაავადებები

თირკმელებს გარე სამყაროში არცთუ ისე ცოტა “მტერი” ჰყავს: გაციება, პათოლოგიური ვირუსები და სხვა, მაგრამ თუ ადამიანი მცირეოდენ ყურადღებას მაინც დაუთმობს ამ ორგანოს, ის ათმაგი სიკეთით გადაუხდის სამაგიეროს. ასეა - ჩვენ, ადამიანები, ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ თითქოსდა ელემენტარულ პრობლემებს, მაგალითად, კარიესს, წელის სუსტ ტკივილს... მაშინღა ავფორიაქდებით ხოლმე, როცა ავადმყოფობა თავად შეგვახსენებს თავს, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლოა უკვე გვიან იყოს. მაშ ასე, თირკმლის დაავადებები ემუქრებათ:

  • მაღლებსა და გამხდრებს, ანუ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასთენიური აღნაგობის მქონე ადამიანებს. ცხიმოვანი კაფსულა, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში თირკმლის მდებარეობას უზრუნველყოფს, ასეთ ადამიანებს სუსტად აქვთ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ნეფროპტოზი (თირკმლის დაწევა) მათთვის რეალური საფრთხეა. იგივე პრობლემა იჩენს თავს, როცა ადამიანი, განსაკუთრებით - ქალი წონის დასაკლებად სპეციალისტის გარეშე, ნაცნობ-მეზობლების რჩევით, სხვადასხვა დიეტას სცდის.
  • ქალებს - მამაკაცებზე მეტად. ეს ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ანატომიური თავისებურებებით აიხსნება. მათ უმრავლესობას თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, პიელონეფრიტი) ორსულობის დროს ეწყებათ, როდესაც გადიდებული საშვილოსნოს გამო ირღვევა შარდის გადინება.
  • შუახნის და უფრო ხნოვან მამაკაცებს. თირკმლისმხრივი პრობლემები მათ პროსტატის ადენომის - მამაკაცის ნომერ პირველი დაავადებისა და შარდსასქესო სისტემის სხვა “ასაკობრივი” დაავადებების ფონზე შეიძლება განუვითარდეთ.
  • ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად არ უმკურნალებს კბილებს და ცხვირ-ხახის დაავადებებს. ინფექციის გამომწვევები, რომლებიც სისხლთან ერთად მოგზაურობენ, არცთუ იშვიათად სწორედ თირკმელში იბუდებენ. განსაკუთრებით საშიშია ანგინა - ის შეიძლება გლომერულონეფრიტით გართულდეს.
  • მხართეძოზე მწოლიარეებს. დადგენილია, რომ ვარჯიში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ნივთიერებათა ცვლას. როცა მოძრაობთ, თირკმელები უკეთ მარაგდება სისხლით, აქტიურად გამოიმუშავებს შარდს. ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს შარდკენჭოვანი დაავადება გაცილებით იშვიათად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც დუნე ცხოვრების წესს მისდევს.

მკურნალობის გზები

რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო იმედის მომცემია პროგნოზი. თირკმლის პათოლოგიებს მკურნალობენ კონსერვატიულადაც და ქირურგიულადაც. როდესაც ორივე მიდგომა უშედეგოა, საქმეში “მძიმე არტილერია” - ხელოვნური თირკმელი და თირკმლის გადანერგვა ერთვება.


ხელოვნური თირკმელი

ეს გახლავთ სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც სისხლიდან თირკმლის უკმარისობისას ორგანიზმში დაგროვილი მომწამვლელი ნივთიერებები გამოაქვს. პროცედურას, რომლის დროსაც ხელოვნური თირკმლის აპარატის მეშვეობით სისხლი ურემიული ტოქსინებისგან იწმინდება, ჰემოდიალიზი ეწოდება. ის არის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ალტერნატიული მეთოდი.

ჩანაცვლება შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმელების ქრონიკული და მწვავე უკმარისობის დროს. უკმარისობა კი შესაძლოა გამოიწვიოს როგორც საკუთრივ თირკმლის, ისე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებმაც: ავთვისებიანმა ჰიპერტენზიამ, ათეროსკლეროზმა, შაქრიანმა დიაბეტმა, გლომერულონეფრიტმა (პირველადმაც და მეორეულმაც), თირკმლის თანდაყოლილმა დაავადებებმა, საშარდე გზების ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებებმა და სხვა.

ჰემოდიალიზის პროცესში პაციენტის სისხლი დაახლოებით 4-5 საათი ცირკულირებს ჩაკეტილ კონტურში - ორგანიზმიდან გამოსული, შედის დიალიზატორში, ხოლო იქიდან, გაწმენდილი, ორგანიზმს უბრუნდება.

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის კიდევ ერთი მეთოდია პერიტონეალური დიალიზი. ამ დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინები და ჭარბი სითხე გამოაქვთ მუცლის ფარის - პერიტონეუმის - გავლით. პერიტონეუმით ამოფენილია მუცლის ღრუს შიდა ზედაპირი, მცირე მენჯის ღრუ და იქ განლაგებული შინაგანი ორგანოები. პერიტონეუმი მიდიდარია სისხლძარღვებით და თუ მუცლის ღრუში შევიყვანთ სითხეს, სისხლსა და სითხეს შორის ნახევარგამტარ მემბრანად იქცევა.

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სასურველ სახეობას პაციენტი ირჩევს, ექიმს კი შეუძლია, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, მკურნალობის ყველაზე მიზანშეწონილი მეთოდი ურჩიოს. გარდა სამედიცინო ჩვენებისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტის ფინანსური მდგომარეობაც.

თირკმლის გადანერგვა

ეს ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა - ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, 1933 წელს კი პირველად იქნა გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, თუმცა ორივე პაციენტი დაიღუპა.

გარდაცვლილი ადამიანის თირკმლის პირველი წარმატებული გადანერგვა მხოლოდ 1954 წელს განხორციელდა. თირკმელმა რამდენიმე წელი იმუშავა. ამ ოპერაციისთვის 1990 წელს ჯოზეფ მიურეიმ მედიცინის სფეროში ნობელის პრემია დაიმსახურა. თირკმლის გადანერგვა გაცილებით გავრცელებულ ოპერაციად იქცა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) პრეპარატების (აზატიოპრინი) გაჩენის შემდეგ, რამაც საგრძნობლად შეამცირა უცხო ორგანოს განდევნის, მოშორების რეაქცია. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ჩატარებულია თირკმლის გადანერგვის ნახევარ მილიონზე მეტი ოპერაცია.

ჩვენს დროში თირკმლის გადანერგვა საშიშ ქირურგიულ ჩარევად აღარ მიიჩნევა და აუცილებლობის შემთხვევაში ადრეული ბავშვობის ასაკშიც ტარდება. დღეს გადანერგვისთვის იყენებენ როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორის თირკმელს. შედეგი საუკეთესოა, როცა დონორი პაციენტის და ან ძმაა. ჯანმრთელი დონორული თირკმელი ოპერაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მასში სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე, იწყებს შარდის გამოყოფას. თუ ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულებების გარეშე წარიმართა, ცოცხალი დონორის თირკმელი დაახლოებით 5 დღის შემდეგ ნორმალურად იწყებს ფუნქციობას.

თუ თირკმელი გვამისგან არის აღებული, მისი ფუნქცია სრულად აღდგება დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.

თირკმლის გადანერგვის ჩვენებად ითვლება ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობა - ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ქრონიკული პიელონეფრიტის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლის პოლიკისტოზის, ტრავმებისა და უროლოგიური დაავადებების, თირკმლის თანდაყოლილი დაავადებების ფინალური ეტაპი.

ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას მიმართავენ.

თირკმლის გადანერგვა ქრონიკულ ჰემოდიალიზსა და პერიტონეალურ დიალიზზე 1,5-2-ჯერ მეტად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამასთანავე, აუმჯობესებს მის ხარისხს. თირკმლის ტრანსპლანტაცია არჩევით მეთოდად მიიჩნევა ბავშვებში, რადგან ჰემოდიალიზის შემთხვევაში მათი განვითარება საგრძნობლად ფერხდება.

უკუჩვენებები

დღესდღეობით თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებებზე საერთო აზრი არ არსებობს, უკუჩვენებების ჩამონათვალიც სხვადასხვა ცენტრში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. სხვათა შორის, ქრონიკული არააქტიური B და C ჰეპატიტები ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. უფრო მეტიც - უკუჩვენებად აღარ განიხილება შაქრიანი დიაბეტიც, რომელმაც დიაბეტური ნეფროპათია და თირკმელების ტერმინალური დაზიანება გამოიწვია.

ოპერაციის შემდეგ

პაციენტი ხვდება ინტენსიური თერაპიის ან რეანიმაციის პალატაში, საიდანაც მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ჩვეულებრივში გადაჰყავთ.

სამედიცინო მანიპულაციების ჩამოთვლით აღარ გადაგღლით, მათ ექიმები მიხედავენ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოპერაციის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე მოგიხდეთ საავადმყოფოში წოლა. დიეტა თანდათანობით შეიცვლება სითხეებიდან მკვრივ საკვებამდე. სითხეების შეზღუდვა მანამდე მოქმედებს, სანამ გადანერგილი თირკმელი ნორმალურად არ დაიწყებს ფუნქციობას.

სიარული ოპერაციის მეორე დღიდანვე შეიძლება. დღეში რამდენჯერმე უნდა წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ. ტკივილის შესამცირებლად მხოლოდ ის პრეპარატები უნდა მიიღოთ, რომლებსაც ექიმი გაუწევს რეკომენდაციას, რადგან ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ასპირინი, სისხლდენას იწვევს.

ექიმი დიეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა სპეციალობის ექიმები ზედმიწევნით აგიხსნიან, როგორ მოიქცეთ სახლში საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.

ცხოვრება გადანერგვის შემდეგ

თირკმლის გადანერგვის შემდეგ ცხოვრება მალე უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, თუმცა საკუთარი თავისადმი მცირეოდენი ყურადღება მაინც საჭიროა.

  • თირკმლის დონორმა ერთხანს თავი უნდა არიდოს ზოგიერთ საკვებს (ცომეულს, მწარეს, ცხარეს, მარილიანს, ალკოჰოლიანს). როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ დარჩენილი თირკმელი საკუთარ თავზე იღებს დაკარგული თირკმლის ფუნქციას და მდგომარეობა სტაბილურდება. მიუხედავად ამისა, ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა.
  • რეციპიენტმა ოპერაციის მიდამო სუფთად და მშრალად უნდა შეინარჩუნოს. ექიმი ასწავლის, როგორ მიიღოს შხაპი. ჭრილობიდან ძაფებს საავადმყოფოდან გაწერის წინ ან ექიმთან განმეორებითი ვიზიტის დროს იღებენ.

სანამ ექიმი არ გადაწყვეტს, არ შეიძლება საჭესთან დაჯდომა. თავი უნდა არიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა გადანერგილ თირკმელზე ზეწოლა გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, სხვა შეზღუდვებიც დაგიწესონ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:

  • ციებ-ცხელება - ეს შეიძლება თირკმლის უკუგდების ან ინფექციის ნიშანი იყოს;
  • ნაოპერაციები ადგილის შეწითლება, შეშუპება, ამ ადგილიდან სისხლდენა;
  • ჭრილობის მიდამოში ტკივილის გაძლიერება - შესაძლოა თირკმლის უკუგდების ან ინფექციის ნიშანი იყოს.

გადანერგილი თირკმლის უკუგდების ნიშნები ზოგჯერ სხვა დაავადების ნიშნებს ჰგავს. ამიტომ, როგორც კი რამე შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმ ტრანსპლანტოლოგს. მასთან ხშირი ვიზიტი და კონტაქტი აუცილებელია.