შარდი - ბიოლოგიური სითხე
მყარი ნაშთის 2% შარდოვანაა, 0,05 პროცენტი - შარდის მჟავა, 0,075% კი კრეატინინი და მარილები, მათ შორის - ნატრიუმისა და კალიუმისა. დღე-ღამეში ორგანიზმიდან შარდით გამოიყოფა 25-30 გრამი შარდოვანა და 25 გრამი არაორგანული ნაერთი. თირკმელების დაავადებებისას, ხანმოკლე ფიზიკური დატვირთვისას შარდში შესაძლოა გაჩნდეს ცილაც, რომელიც, ჩვეულებრივ, მასში არ არის. ამ ბიოლოგიური სითხის შემადგენლობა მნიშვნელოვნად ვარირებს ჯანმრთელ ადამიანებში, ამიტომ მისი ანალიზის დროს აუცილებელია მიღებული შედეგების ფრთხილი ინტერპრეტაცია.
შარდის ფიზიკური თვისებები
რაოდენობა
შარდის წარმოქმნა ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც გორგლის კაფსულაში უწვრილესი წვეთების სახით ძალიან დაბალი კონცენტრაციის შარდი წარმოიქმნება. ეს პირველადი შარდია და შემადგენლობით ძალზე განსხვავდება იმ სითხისგან, რომელიც ორგანიზმიდან საბოლოოდ გამოიყოფა. ერთი ნეფრონი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის, სულ კი 24 საათში ორგანიზმში 60-90 ლიტრი პირველადი შარდი გამომუშავდება. გორგალი ამ სითხეს ხელახლა გადაამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს. სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნება მეორეული შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. იმის კვალობაზე, რამდენ სითხეს იღებს დღე-ღამეში, ადამიანი საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. გამოყოფილი შარდის დღეღამური რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - მიღებული სითხის რაოდენობაზე, თირკმელების მდგომარეობაზე, შარდის წარმოქმნის პროცესის სარეგულაციო მექანიზმებზე. შარდის წარმოქმნის პროცესზე ჰუმორული გზებით მოქმედებს ანტიდიურეზული ჰორმონი ვაზოპრესინიც, რომელიც ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეტორულ უჯრედებში გამომუშავდება. ეს ჰორმონი აძლიერებს თირკმელებში პირველადი შარდიდან წყლის რეაბსორბციას (უკუშეწოვას), რაც ზრდის მარილთა კონცენტრაციას მეორეულ შარდში. ამიტომ, როცა ჰიპოთალამუსის დაზიანებისას ირღვევა სისხლში ვაზოპრესინის ნორმალური კონცენტრაცია, შარდის გამოყოფა დღე-ღამეში 20-25 ლიტრამდეც კი იზრდება. ჰორმონთა გარდა, გამოყოფილ შარდის რაოდენობაზე გავლენას ახდენს მიღებული სითხე, მარილიანი საკვები და ფიზიკური დატვირთვა. აღნიშნულ ფაქტორთა გარდა, შარდის დღეღამური რაოდენობის ცვლილება, უმეტესად შარდსასქესო სისტემაში, იშვიათად კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ლოკალიზებულ პათოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, ამიტომ შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის დარღვევისას, მისი რაოდენობა იმატებს თუ დაიკლებს და, ამასთან, ეს პროცესი ორ დღეში არ რეგულირდება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და პროცესის დარღვევის გამომწვევი მიზეზის დროული დადგენა.
ფერი
ჯანმრთელი ადამიანის შარდის ფერი ბაცი ან მუქი ყვითელია. მას ფერს აძლევს შარდის პიგმენტები: უროქრომინი A და B, უროეთრინომი და ურორეზინომი. გაძლიერებული შარდვისას, სითხის ჭარბად მიღების შემდეგ შარდი ღია ყვითელი ფერისაა, დიურეზის შემცირებისას კი მუქდება. მუქი ყვითელი ფერის შარდი, ჩვეულებრივ, გაცილებით კონცენტრირებულია და მაღალი ხვედრითი წონა აქვს, ბაცი ყვითელი ფერისა კი მცირედ კონცენტრირებულია, აქვს დაბალი ხვედრითი წონა და დიდი რაოდენობით გამოიყოფა. შარდის ფერის ცვლილება ზოგჯერ უკავშირდება საღებავების შემცველი საკვების მიღებას, რაციონის ცვლილებას. მას ფერს უცვლის ზოგიერთი მედიკამენტიც. შარდი ფერს იცვლის ისეთი პროდუქტების მიღების შემდეგ, როგორებიცაა ჭარხალი, სტაფილო, შავი მოცხარი, ბროწეული. მედიკამენტებიდან ეს დამახასიათებელია რკინის პრეპარატებისთვის, ასპირინის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. ზოგჯერ იცვლება შარდის ნალექის ფერიც, მაგალითად, ურატების სიჭარბისას ნალექი მოყავისფრო ხდება, შარდმჟავას სიჭარბისას - ყვითელი, ფოსფატების სიჭარბისას კი მოთეთროა.
გამჭვირვალობა
ჯანმრთელი ადამიანის შარდში ყველა კომპონენტი გახსნილია, ამიტომ ახალგამოყოფილი შარდი სრულიად გამჭვირვალეა. მისი შემღვრევა უკავშირდება მასში ერითროციტების, ლეიკოციტების, ბაქტერიების, ცხიმოვანი წვეთების, ნალექის მარილების: ურატების, ფოსფატები, ოქსალატების - გაჩენას და მასში მარილების კონცენტრაციასა და ტემპერატურაზეა დამოკიდებული. დაბალ ტემპერატურაზე შარდიდან გამოილექება მარილები. ხანგრძლივად ნადგამი შარდი მუქდება და იმღვრევა, რადგან მასში ბაქტერიები მრავლდება. შესაძლოა, მცირედი შემღვრევა ნორმალურიც იყოს, თუ ეს ეპითელიუმითა და ლორწოთია განპირობებული. არსებობს შემღვრევის კლინიკური გრადაციები: სრული, არასრული და მღვრიე.
სუნი
ახალგამოყოფილ შარდს სუნი არ აქვს, გაჩერებისას მას ნიშადურის სუნი ეძლევა. სხვადასხვა დაავადებას შარდის სუნის დამახასიათებელი ცვლილება ახასიათებს. სუნი შესაძლოა შეიცვალოს ცხარე ან არომატული საკვების მირთმევის შემდეგ. მაგალითად, შარდს მკვეთრად უცვლის სუნს ნიორი და პირშუშხა.
ხვედრითი წონა
შარდის ხვედრით წონას განსაზღვრავს მასში არსებული მარილების, ცილის, გლუკოზის, შარდოვანას შეფარდება სითხესთან - წყალთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცვლადი მახასიათებელია, რამდენადაც მისი მაჩვენებელი დამოკიდებულია საკვების პერიოდულ მიღებაზე, ოფლის სახით სითხის კარგვასა და ჩასუნთქული ჰაერის ტენიანობაზე. თუმცა ნორმალური მაჩვენებლების მკვეთრი ცვლილება ყურადსაღებია და გამომწვევი მიზეზების დადგენას მოითხოვს. შარდის ნორმალური მაჩვენებელი ასაკის მიხედვით ასეთია:
0-1 წლის გოგონები - 1002-1030 გ/ლ; ვაჟები - 1002-1030 გ/ლ;
2-3 წლის გოგონები - 1010-1017 გ/ლ, ვაჟები - 1010-1017 გ/ლ;
4-9 წლის გოგონები - 1012-1020 გ/ლ, ვაჟები -1102-1020 გ/ლ;
10-12 წლის გოგონები - 1011-1025 გ/ლ; ვაჟები - 1011-1025 გ/ლ;
მოზრდილები - 1015-1025 გ/ლ;
ორსულები - 1001-1040 გ/ლ.
შარდის აქტიური რეაქცია pH
შარდის ქიმიური რეაქცია ცვალებადია და ძირითადად საკვების ხასიათზეა დამოკიდებული: ხორციანი საკვების მიღებისას შარდს მჟავა რეაქცია აქვს, ბოსტნეულის მიღებისას კი ტუტე ან ნეიტრალური.
შარდის გამოყოფა
თირკმელებში წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთით გადადის შარდის ბუშტში და იქ გროვდება. ამრიგად, შარდის ბუშტი შარდის ერთგვარი რეზერვუარია, რომლის პერიოდული დაცლით ადამიანი თავისუფლდება ჭარბი სითხისა და ცხოველქმედებისას წარმოქმნილი უვარგისი ნარჩენებისგან. შარდის გამოყოფა ნერვულ-რეფლექსური გზით რეგულირდება. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს საგანგებო ანატომიური წარმონაქმნი - წყვილი სფინქტერიც. ერთი მათგანი შარდის ბუშტის გამოსავალთან მდებარეობს სპეციალური მომჭერი რგოლის სახით. მის ოდნავ ქვემოთ შარდსადინარის მეორე სფინქტერია. სწორედ ესენი არეგულირებენ შარდის ბუშტის პერიოდულ და დროულ დაცლას, ამასთან, წინ ეღობებიან შარდის არადროულ, უნებლიე გამოყოფასაც. მოზრდილი ადამიანის ბუშტი საშუალოდ 500-700 მლ შარდს იტევს, თუმცა მას მოთხოვნის შესაბამისად შეუძლია მოცულობაში მოიმატოს კიდეც. შარდის ბუშტის პერიოდული ნორმალური დაცლისას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ავსების სიჩქარეს. მაგალითად, ნელი ავსებისას ბუშტი გაცილებით მეტ შარდს იტევს, ვიდრე სწრაფი ავსებისას.
შარდვის რეფლექსი
ავსების შემდეგ შარდის ბუშტი რთული რეფლექსური აქტის - შარდვის საშუალებით ასეთი მექანიზმით იცლება: სავსე ბუშტის კედელი მასში წნევის მომატების გამო იჭიმება, ეს კი ლორწოვან გარსში მოთავსებული რეცეპტორების გაღიზიანებას იწვევს. იმპულსი გაღიზიანების შესახებ ეგზავნება ზურგის ტვინის გავის ნაწილში მდებარე შარდვის ცენტრს, რომლის მეშვეობითაც შარდის ბუშტი იღებს ბრძანებას, დაიცალოს. ბრძანების მიღების შემდეგ შარდის ბუშტის სფინქტერი დუნდება, კედლის კუნთები იკუმშებიან და დაგროვილი შარდი გარეთ გამოიყოფა. უნდა ითქვას, რომ მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, მასში ყოველთვის რჩება ცოტაოდენი სითხე - ნარჩენი შარდი. შარდი ის სეკრეტია, რომელსაც ორგანიზმიდან აზოტოვანი ცვლის თითქმის ყველა საბოლოო პროდუქტი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროდუქტების უმრავლესობა, შხამები და წამლები გამოაქვს. ამიტომაც არის შარდგამომყოფი სისტემის ორგანოთა ფუნქცია ესოდენ მნიშვნელოვანი.