თირკმლის დაავადებები და შეშუპება
და შეშუპებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
შეშუპებას თირკმლის არაერთი დაავადება იწვევს.
აქ ჩამოთვლილია ის ძირითადი რამდენიმე სინდრომი, რომლებსაც შეშუპება ახლავს თან:
ნეფროზული სინდრომი
ნეფროზული სინდრომი სიმპტომთა ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს შარდში ცილის მატება, ხოლო სისხლში კლება, ასევე სისხლში ქოლესტერინის მატება, თრომბოზების მაღალი რისკი და შეშუპება.
ნეფროზული სინდრომი, როგორც წესი, თირკმლის გორგლის დაზიანებაზე მიუთითებს. ეს თირკმლის ის ნაწილია, სადაც სისხლი იფილტრება. გორგლების დაზიანების დროს ირღვევა მათი კაპილარების ბარიერული ფუნქცია,იმატებს განვლადობა.
ამ სტრუქტურულ ცვლილებას არაერთი დაავადება იწვევს. პირველად მიზეზებს შორის არის გლომერულონეფრიტი, მემბრანული გლომერულონეფრიტი და მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი. მეორეული ნეფროზული სინდრომი კი უმეტესად შაქრიანი დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურასა და ამილოიდოზის ფონზე ვითარდება.
გარდა ამისა, ნეფროზული სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკურმა დაავადებებმა, ინფექციებმა, მედიკამენტებმა, სიმსივნემ.
პათოლოგიის მიზეზი გორგლის მილაკების განვლადობის მატებაა. ამის გამო შარდში ის ნაერთები ხვდება, რომლებიც, ორგანიზმში უნდა დარჩეს (პლაზმის ცილები, მათ შორის ალბუმინი). ამის გამო იკლებს ონკოზური წნევა, სითხე ქსოვილთაშორის სივრცეში გადადის და ვითარდება შეშუპება. ორგანიზმი პათოლოგიის კომპენსირებას ცდილობს. პროცესში მთელი სისტემა ერთვება, თუმცა შეშუპება არ იკლებს, პირიქით, იმატებს.
დადგენილია, რომ შეშუპება ნეფროზული სინდრომის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის უმეტესად სახეზე, კიდურებზე და წელის მიდამოში იჩენს თავს.
ნეფროზულ სინდრომს, გარდა შეშუპებისა, ახასიათებს ცვლილებები კანზე, გამონაყარი, წყლულები, მადის დაქვეითება, წონის მატება (სითხის შეკავების გამო)
არანამკურნალები ნეფროზული სინდრომი გართულებებს იწვევს, მათ შორის: თირკმლის მწვავე უკმარისობას, თირკმლის ქრონიკულ დაავადებას, გულის უკმარისობას, ფილტვების შეშუპებას, თირკმლის ვენის თრომბოზს. ყველა მათგანი საკმაოდ საყურადღები მდგომარეობაა, ამიტომ აუცილებელია, დიაგნოზი დროულად დაისვას და მკურნალობა ჩატარდეს. მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება, პროცესის პროგრესირების შეფერხება და გართულებების პრევენციაა. მნიშვნელოვანია არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნება. ნეფროზული სინდრომის დროს უცხიმო დიეტა საკმარისი არ არის – წესისამებრ, მკურნალობის პროცესში სტატინების ჩართვა ხდება საჭირო.შეშუპების საწინააღმდეგოდ გამოიყენება შარდმდენი საშუალებები და რაციონში ნატრიუმის შემცირება.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მწვავე უკმარისობა სინდრომია, რომელიც თირკმლის ფუნქციის სწრაფი მოშლის შედეგად ვითარდება. ამ დროს თირკმელებს აღარ აქვთ უნარი, ორგანიზმი ნარჩენებისგან გაათავისუფლოს, შეინარჩუნოს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსი.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მთავარი ნიშნებია: ოლიგურია ან ანურია (შარდის რაოდენობის შემცირება ან მისი გაქრობა), სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების მატება, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა.
უკმარისობის მიზეზები
თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: პრერენული, რენული და პოსტრენული. პირველ შემთხვევაში თირკმელების დაზიანება საშარდე სისტემის გარეთ მიმდინარე პროცესების შედეგია. სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგებასაც აქვეითებს. შედეგად შარდის რაოდენობა იკლებს და აზოტის მეტაბოლიტებისგან სისხლი საკმარისად ვეღარ იწმინდება. რენული მიზეზების დროს პირველადი პრობლემა თავად თირკმელშია – ამ დროს მილაკების სტრუქტურა ან ფუნქციური მოქმედება ირღვევა, პოსტრენული მწვავე უკმარისობა კი შარდის გამომტანი გზების პათოლოგიის შედეგია.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზებს შორისაა:
- მედიკამენტები - ანთების საწინააღმდეგო არასტეროდიული საშუალებები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, შიდსის სამკურნალო პრეპარატები;
- თირკმლის ავტოიმუნური დაავადებები;
- თირკმლის ინფექციები;
- თრომბოზი;
- საშარდე გზების ბლოკირება
თირკმლის მწვავე უკმარისობის გამოვლინება სისხლში აზოტის ცვლის მეტაბოლიტების დაგროვებით, წყლისა და ელექტროლიტების დისბალანსითა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევით არის გამოწვეული.
თირკმლის უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად ვლინდება:
- მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით – კიდურებზე;
- ოლიგურია ან ანურია;
- ხელების ტრემორი;
- შეშუპება;
- სისხლჩაქცევები;
- განწყობის ცვლილება;
- უმადობა;
- დაღლილობა;
- წელის ტკივილი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ღებინება-გულისრევა;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ქოშინი
უკმარისობის მიზეზის დადგენის შემდეგ მთავარი ამოცანა თირკმლის ფუნქციის აღდგენაა. საჭიროა მჟავატუტოვანი ბალანსის, წყლისა და ელექტროლიტების თანაფარდობის მოწესრიგება. ორგანიზმის ჭარბი სითხისგან გასათავისუფლებლად საჭიროა დიურეზული საშუალებები. დიალიზის ჩვენებაა კალიუმის სახიფათოდ მაღალი დონე, ცნობიერების ცვლილება, პერიკარდიტი, აზოტის ნარჩენებისგან გათავისუფლების შეუძლებლობა.
უნდა შეიზღუდოს მარილი, კალიუმის, ცილების შემცველი საკვები. უპირატესობა ენიჭება ნახშირწყლებით მდიდარ კვებას.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
თირკმლის დაავადებათა გარკვეული ნაწილი მკურნალობის მიუხედავად, პროგრესირებს, ნეფრონების რაოდენობა სულ უფრო მცირდება და თირკმლის ქრონიკული დაავადება ვითარდება.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევაა. ის შეიძლება განვითარდეს ავტოიმუნური დაავადების, გენეტიკური დაავადების, ნეფროზული სიდრომისა და საშარდე გზების პრობლემების შედეგადაც.
თირკმლის ქრონიკული დაავადება,როგორც წესი, ნელა პროგრესიებს და სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ შეუქცევად ცვლილებები არ განვითარდება.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა დიალიზს ან თირკმლის გადანერგვას გულისხმობს. ეს ორი მეთოდი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.