გულის ფრიალის ნერვული საფუძვლები
ეს იმიტომ, რომ გულის ფრიალი ზოგჯერ თავის ტვინისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციათა დარღვევის ბრალია. სად გული და სად ტვინიო?! - ზოგს შესაძლოა გაუკვირდეს, მაგრამ თუ გულის მუშაობის თავისებურებებს ჩაუღრმავდება, იოლად მიხვდება, რომ ნერვული სისტემა მასზე უდიდეს გავლენას ახდენს. გულის მუშაობას მასში არსებული გამტარი სისტემა არეგულირებს. ეს უკანასკნელი ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილია. ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, თავის მხრივ, თავის ტვინი აკონტროლებს. აღნიშნულ სტრუქტურათა ფუნქციის დარღვევის დროს გულის გამტარი სისტემის მუშაობა ფერხდება და არითმია აღმოცენდება. თავის ტვინის მარეგულირებელი სტრუქტურების პათოლოგიურმა აგზნებამ შესაძლოა თავი იჩინოს ეპილეფსიური აქტივობის “აფეთქების” დროსაც. ამის შედეგად ვითარდება გულის გამტარი სისტემის გადამეტძაბვა (ჰიპერაგზნება), რაც ექსტრასისტოლების, მოციმციმე არითმიის ფორმირებას განაპირობებს. ასე რომ, ზოგჯერ გულის რიტმის დარღვევა ერთადერთი სიმპტომია, რომელიც ეპილეფსიაზე - მეტად ვერაგ დაავადებაზე - მიგვანიშნებს. კარდიონევროზი ხშირად ვეგეტატიური ნევროზის, იმავე ვეგეტოპათიისა და ვეგეტოდისტონიის, გამოხატულებაა. მკითხველს ალბათ ისიც აინტერესებს, რა არის თავად ვეგეტატიური ნევროზი. ვეგეტატიური ნევროზი, იგივე ვეგეტატიური დისტონია, ვეგეტოპათია, ცალკეული ქსოვილებისა და ორგანოების დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ქსოვილთა ფუნქციური და დინამიკური დარღვევების შედეგად (და არა ორგანულ ცვლილებათა გამო). ვეგეტონევროზის დროს ადამიანს შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირი ჩივილები ჰქონდეს. რაც მთავარია, საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ექიმები შესაბამის ორგანოებში სტრუქტურულ ცვლილებებს ვერ პოულობენ. მაგალითად, ადამიანს აწუხებს გული, მაგრამ კარდიოლოგი ვერ პოულობს კონკრეტულ მიზეზს და ვერ სვამს დიაგნოზს; ადამიანი გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს უჩივის, მაგრამ, გასტროენტეროლოგის დასკვნით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სავსებით ჯანმრთელი აქვს. რა ხდება ამ დროს? რა შუაშია ნერვული სისტემა? საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს ორგანიზმში უამრავი ისეთი ფუნქციაა, რომლებსაც თვითნებურად ვერ ვარეგულირებთ (მაგალითად, სუნთქვა, გულისცემა, კუჭის წვენის გამოყოფა, სინათლეზე გუგების რეფლექსი და სხვა). განგებამ იზრუნა იმაზე, რომ ფუნქციათა დიდი ნაწილი ჩვენი ჩარევის გარეშეც ჰარმონიულად მუშაობდეს. სწორედ ამ პროცესებს მართავს ვეგეტატიური ნერვული სისტემა. ბუნებრივია, თუ ამ დაბალანსებულ და გაწონასწორებულ სისტემაში რაღაც დაირღვა, მრავალი ფუნქცია მწყობრიდან გამოვა. სწორედ ესაა ვეგეტატიური ნევროზის არსი. ამრიგად, გულის ფრიალს ხშირად ნერვული საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, მის აღმოსაფხვრელად სრულიად სხვაგვარი მიდგომა და თერაპიაა საჭირო. ვეგეტატიური ნევროზი და მასთან დაკავშირებული კარდიული ჩივილები (გულის ფრიალი, ამოვარდნა და სხვა) შესაძლოა გამოწვეული იყოს:
- ქალა-ტვინის ტრავმით;
- ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურებებით (სუსტი, გაუწონასწორებელი ტიპის ნერვული სისტემა);
- სხვადასხვა ინფექციური (როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული) დაავადებით;
- ხანგრძლივი ფსიქოემოციური დატვირთვით, ქრონიკული სტრესით, მწვავე სტრესით (მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვით);
- არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული ორგანიზმის ზოგადი განლევითა და გამოფიტვით, ცხოვრების არასწორი რეჟიმით, მავნე ჩვევებით, ძილის ნაკლებობით და სხვა.
შედარებით ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პირებს, რომელთაც გული პრაქტიკულად ჯანმრთელი აქვთ, მაგრამ ნერვულ მიზეზთა გამო ხშირად აწუხებთ გულის ფრიალი და სხვა ჩივილები, ვურჩევთ:
- ახალგაზრდობიდანვე გაუფრთხილდნენ ნერვულ სისტემას;
- შეისწავლონ საკუთარი ორგანიზმი და აკონტროლონ ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვის დონე;
- დაიცვან ძილის რეჟიმი (დღე-ღამეში 9-10 საათი იძინონ, არ გადააცილონ 22 საათს);
- ყოველდღიურად ისეირნონ სუფთა ჰაერზე;
- განსაზღვრული დრო დაუთმონ ფიზიკურ აქტივობას (ნევროლოგთან შეთანხმებით და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეარჩიონ დატვირთვის ტიპი და ინტენსივობა);
- დაიცვან დღის რეჟიმი (ეს ნერვული სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს);
- აითვისონ და გამოიყენონ რელაქსაციის აუცილებელი მეთოდები;
- მიიღონ დამამშვიდებელი ნაყენები და აბაზანები, ჩაიტარონ არომათერაპიის კურსი. ყოველივე ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღება.