სიახლეები კარდიოქირურგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიახლეები კარდიოქირურგიაში

უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე აპარატურა რომ ძვირად ღირებულია და საქართველოს მრავალი კლინიკისთვის მიუწვდომელი, ესეც ბუნებრივია. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად ყველაფრისა, პროფესიონალი კარდიოქირურგები ჰყავს. ერთი მათგანია ზაზა კაციტაძე. ეს ექიმი ყველა ახალ მეთოდს შესანიშნავად ფლობს. ხშირად მიემგზავრება ევროპაში ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად და იქ ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობს. აქაც ხშირად მასპინძლობს გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოსულ უცხოელ კოლეგებს, ხელს უწყობს ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, მოკლედ, ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოქალაქეთა გადასარჩენად, მათთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ამრიგად, კარდიოქირურგიაში მიღწეულ წარმატებებსა და საინტერესო სიახლეებზე გვესაუბრება აკად. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, კარდიული და კარდიოქირუგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა კაციტაძე.

- ბატონო ზაზა, ვიცით, რომ კარდიოქირურგიაში ძალიან დიდი მიღწევებია. გთხოვთ, გაგვაცნოთ საინტერესო ინფორმაციები და სიახლეები...

- კარდიოქირურგიაში და, საზოგადოდ, ქირურგიაში წინსვლას ტექნიკური პროგრესი განაპირობებს. ერთი შეხედვით, ქირურგიაში თითქოს ვერაფერს შეცვლი, ნაკერის დადება იქნება ეს თუ კვანძისა, ტექნიკური თვალსაზრისით იგივე რჩება, ისევე კეთდება, როგორც კეთდებოდა ათეულობით წლის წინ. რეალურად კი ტექნიკური დამხმარე საშუალებების სრულყოფა ძალიან დიდ ცვლილებებს განაპირობებს. ვგულისხმობ ოპერაციული მიდგომებისა და მეთოდების ცვლილებას. თანამედროვე დახვეწილი აპარატურა ქირურგს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და მარტივად გააკეთოს ურთულესი ოპერაცია. თავიდან აიცილოს უამრავი გართულება. რაც მთავარია, მნიშვნელოვნად მოკლდება პოსტოპერაციული პერიოდი, უმოკლეს ვადებში ხდება პაციენტის სრული რეაბილიტაცია. სწორედ ამ წინსვლამ და კარდიოქირურგიაში მომხდარმა რადიკალურმა ძვრებმა განაპირობა, რომ მნიშვნელოვნად იმატა საშუალო ასაკის პაციენტების რიცხვმა. თუ წინათ ოპერაციული ჩარევა ძირითადად 45-50 წლის ადამიანებს უტარდებოდათ, დღეს არათუ 60-70 წლის, არამედ 80 წლის და 80 წელს გადაცილებულ პაციენტებსაც წარმატებით ვმკურნალობთ. ახლახან, მაგალითად, 84 წლის ქალბატონს გავუკეთე ოპერაცია.

- სახელდობრ, რომელ ოპერაციებზეა საუბარი და რა შეიცვალა რადიკალურად?

- მაგალითად, აღსანიშნავია აორტული სარქვლის გამოცვლა ტავი (თAVI) მეთოდით. ეს მეთოდი  5-6 წელია ფართოდ გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში. აშშ-ში 80 წელს გადაცილებულ პაციენტებს პრაქტიკულად მხოლოდ ამ გზით უცვლიან სარქველს. გვინდა, თAVI მეთოდი საქართველოშიც დავნერგოთ. ახლა - რაც შეეხება თავად მეთოდს. დავიწყოთ იმით, რომ 80-85 წლის ადამიანებს ხშირად სჭირდებათ აორტული სარქვლის გამოცვლა. ამ დროს, ჩვეულებრივ, ორგანიზმში იდგმება ბიოლოგიური სარქველი, რადგან 60 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის ვარფარინის დანიშვნა აღარ არის საჭირო. დღეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, დანერგილია მეთოდი, რომელიც გულისხმობს ფეხიდან, კერძოდ, ბარძაყის არტერიიდან გულში შესვლას, როგორც კორონაროგრაფიის დროს. ორგანიზმში შეგვყავს სპეციალური ბალონი, რომელიც იბერება და ამტვრევს კალციფიცირებულ, ჩაკირულ სარქველს. ბალონს აქვს ერთგვარი დამჭერი ფილტრი, რომელიც არ აძლევს კალციფინატებს გაფანტვისა და თავის ტვინში გადასვლის საშუალებას. ძველი დაზიანებული სარქვლის დამტვრევა-მოშორების შემდეგ იმავე მოწყობილობით ხდება ახლის ჩადგმა. სარქველს აქვს სპეციალური კაუჭები, რომლებითაც ის ეჭიდება, მიემაგრება შესაბამის ადგილს. მთლიანობაში ძალიან საინტერესო პროცედურაა. დიახ, არ შემშლია - ასე უწოდებენ მას ამერიკაში, ოპერაციად არც კი განიხილავენ, ისევე როგორც სტენტირებას. აღნიშნული მეთოდით სარქვლის გამოცვლის პროცესი მაქსიმუმ ერთ საათს გრძელდება, მაშინ როცა კლასიკური ოპერაცია, სულ ცოტა, 3-4-საათიანია. ტრადიციული ძველი მეთოდით ოპერაცია ღია წესით უნდა ჩავატაროთ, გავხსნათ გულმკერდის ღრუ, გამოვიყენოთ ხელოვნური სისხლის მიმოქცევა გულის გაჩერებით, კარდიოპლეგიით, გავხსნათ აორტა, ამოვიღოთ იქიდან ძველი სარქველი და ახალი ჩავაკეროთ.


დღეს ეს ურთულესი ოპერაცია ჩანაცვლებულია ძალზე სწრაფი და მოხერხებული პროცედურით, რომელიც მაქსიმუმ ერთ საათს გასტანს და 80 წელს გადაცილებულ პაციენტებთან ყოველმხრივ პრაქტიკულია. რეაბილიტაციის პერიოდი საგრძნობლად შემოკლდა - თუ ადრე პაციენტი 10-12 დღე უნდა დარჩენილიყო კლინიკაში, თAVI მეთოდი საშუალებას აძლევს, სამ დღეში გაეწეროს, მაქსიმუმ ორ კვირაში კი სამსახურს დაუბრუნდეს. დიდი ნახტომია აგრეთვე გულის ენდოსკოპიური ქირურგიის განვითარება. დღეს ევროპასა და ამერიკაში შუნტირება უმთავრესად ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება. არსებობს ე.წ. რობოტული ქირურგია და თორაკოსკოპია. 8-9 წელია, რაც ქირურგები რობოტის - და ვინჩის მეშვეობით მუშაობენ. და ვინჩი თავდაპირველად გამნაღმველებისთვის შეიქმნა, მაგრამ შემდეგ დიდი გამოყენება პოვა კარდიოქირურგიაში. მას უმთავრესად შუნტირებისთვის იყენებენ, თუმცა მისი დახმარებით მიტრალურ სარქველზეც ხდება ჩარევა. რობოტული ქირურგიის არსი ასეთია: ქირურგი რობოტს დისტანციურად მართავს, გულმკერდის ღრუზე კეთდება სამი ხვრელი, საიდანაც ხდება მანიპულირება და ხორციელდება მსხვილი სისხლძარღვების შუნტირება. ეს ერთგვარად კომბინირებული, ჰიბრიდული მეთოდია, რადგან ყველა კორონართან (გულის გვირგვინოვან არტერიასთან) მიდგომა ვერ ხერხდება, შესაბამისად, დანარჩენ კორონარებში სტენტირება წარმოებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, კორონაროშუნტირება დღეს უმთავრესად რობოტული ან ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება. რობოტული ქირურგია ერთხანს ძალიან პოპულარული იყო. კერძოდ, 2000 წლის დასაწყისში. ევროპაში დღეს უფრო მეტად ენდოსკოპიურ ქირურგიაზე არიან გადართულნი. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი უკეთესად მუშაობს და უკეთეს შედეგებს იძლევა. შუნტირების გარდა, თორაკოსკოპით დაახლოებით 5-6 სმ-იანი განაკვეთიდან ტარდება მიტრალური სარქვლის პლასტიკა ან პროთეზირება. ადამიანი, რომელიც კლასიკური ოპერაციის შემდეგ 10 დღე მაინც უნდა ყოფილიყო კლინიკაში და დიდი გართულებების რისკჯგუფში იქნებოდა, ახლა, დიდი-დიდი, 3-4 დღეში ტოვებს კლინიკას.

- ორივე შემთხვევაში ხომ ქირურგი მანიპულირებს, ყველაფერი მონიტორზე ჩანს და შესაბამისად კონტროლდება, ორივე პროცედურა ნაკლებინვაზიურად არის აღიარებული. მაშ, რატომ დაიჯაბნა რობოტული ქირურგია?

- ევროპაში მეც გამიკეთებია და ვინჩის მეშვეობით ოპერაცია. რობოტით თითქოს უფრო დიდი დისტანციიდან გიწევს მანიპულირება, უფრო ხანგრძლივი მუშაობა გიხდება. გარდა ამისა, პრობლემა ის არის, რომ ნაკერის დადების დროს უყურებ ძაფის დაჭიმულობას, მხედველობითი მგრძნობელობა მოდის წინ, ტაქტილური (შეხებითი) კი უკან იხევს, არადა ამ უკანასკნელს ქირურგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ მრავალი ნიუანსი და ტექნიკური დეტალია, რის გამოც მედიცინა თორაკოსკოპიულ ქირურგიაზე გადავიდა.

- ალბათ, არც ეს მეთოდებია დანერგილი საქართველოში...

- სამწუხაროდ, ჯერ არა, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ენდოსკოპი დაახლოებით 400-500 ათასი ევრო ღირს, რობოტი - ალბათ მილიონიც. ეს ძალიან ძვირია, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში თორაკოენდოსკოპის შეძენას და საქართველოშიც იქნება შესაძლებელი ამ მეთოდით მკურნალობა.

- მაშინ იმაზეც გვიამბეთ, რაც უკვე  დანერგილია საქართველოში და ხელმისაწვდომი.

- როგორც ვიცი, ჯოენის კლინიკაში სამ პაციენტს ჩაუდგეს ახალი თაობის ე.წ. გაწოვადი სტენტი. სტენტების სრულყოფის კუთხითაც დიდი წარმატებებია. თავდაპირველად ჩვეულებრივი რკინის სტენტი შეიქმნა, რომელიც ამცირებდა სისხლძარღვის შევიწროების ხარისხს. აღმოჩნდა, რომ სტენტი კი იდგმება სისხლძარღვში, მაგრამ მის ხარიხებს შორის ხდება ათერომული ფოლაქის ჩაზრდა და რესტენოზი ანუ განმეორებითი შევიწროება ვითარდება. მეორე ნაბიჯი იყო დათრომბვის პრობლემის გადასაჭრელად წამლით დაფარული სტენტების შექმნა. სტენტზე დატანილი სპეციალური ნივთიერება (მაგალითად, სიროლიმუსი, პაქლიტაქსელი და მრავალი სხვა) სტენტის არტერიაში ჩადგმის შემდეგ თავისუფლდება და ხელს უშლის უჯრედების პროლიფერაციას (დაყოფა-გამრავლებას), ნივთიერებათა დალექვა-შეწებებას და ათერომული ფოლაქის ხელმეორედ ჩამოყალიბებას. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით უკვე არსებობს გაწოვადი სტენტებიც. ისინი გაცილებით ძვირია, თუმცა დიდი უპირატესობით გამოირჩევა, არტერიაში ჩადგმის შემდეგ გაიწოვება. ეს ძალიან დიდი ნახტომია კარდიოქირურგიაში. იმის გამო, რომ რესტენოზი ვითარდება და განმეორებითი სტენტირება ხდება საჭირო, პაციენტებს ზოგჯერ ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ, სამჯერ უდგამენ სტენტს. ცხადია, იმ ადგილას, სადაც სტენტი გაწოვილია, უფრო ადვილი და მიზანშეწონილია მისი ხელმეორედ ჩადგმა. ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა გაწოვადი სტენტების შესაქმნელად. კორონარულ არტერიაში ინტერვენციული ჩარევის მეთოდიკა დღეს მეტად დახვეწილია და წარმატებით გამოიყენება გულის იშემიური დაავადების მკურნალობაში. კარგა ხანია, საქართველოში, ისევე როგორც მოწინავე ქვეყნებში, შუნტირება კეთდება მომუშავე გულზე. ასიდან 98 შემთხვევაში გულს არ ვაჩერებთ, რადგან არსებობს მოწყობილობა, რომელიც აჩერებს გულის მხოლოდ კონკრეტულ უბანს. მართალია გვიხდება გულმკერდის გახსნა, კლასიკური მიდგომითა და მეთოდით ოპერაციის ჩატარება, მაგრამ მომუშავე გულზე ვმანიპულირებთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტექნიკური პროგრესი, გარდა იმისა, რომ სიახლეებს გვთავაზობს, ძველ მეთოდებსაც ცვლის და ხვეწს. ტექნიკური საშუალებების სრულყოფა, ახალი მედიკამენტების, სანარკოზე საშუალებებისა თუ ტკივილგამაყუჩებლების გაჩენა საშუალებას გვაძლევს, უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გავაკეთოთ ოპერაცია და უამრავი გართულება ავიცილოთ თავიდან. მაგალითად, წინათ არ იყო საყლაპავშიდა ექოსკოპია. დღეს მისი წყალობით შეიძლება სრულყოფილად დავაკვირდეთ გულის ფუნქციობას, მის ცვლილებებს, საფუძვლიანად შევისწავლოთ, რომელი უბანია დაზიანებული, რა მდგომარეობაშია, თუ სარქვლის აღდგენითი ოპერაცია ჩატარდა, განვსაზღვროთ, რამდენად გამართულად და წარმატებით ჩაიარა ქირურგიულმა ჩარევამ. ერთი სიტყვით, საზოგადოდ ხარისხის კონტროლი და მართვაა შესაძლებელი, ყოველივე ეს კი მკურნალობის წარმატების გარანტიაა.