მიოკარდიუმის ინფარქტი
.
70 წლის განმავლობაში გული 2,5 მილიარდჯერ იკუმშება, გამოთვლილია, რომ ეს ძალა საკმარისია 10-12-ვაგონიანი მატარებლის იალბუზზე ასატანად. მოსვენებისას გულს დღე-ღამეში სჭირდება 38-40 ლ ჟანგბადი, რომლის მისაღებადაც საკუთარ სისხლის მიმოქცევის სისტემაში, გვირგვინოვან არტერიებში, დაახლოებით 300 ლიტრი სისხლი უნდა გაატაროს.
თუ ამ სისტემაში რაიმე მიზეზით ხანგრძლივად დაირღვა გულისთვის ჟანგბადის მიწოდება, ამ ორგანოს განსაზღვრულ უბნებში უჟანგბადობის გამო გულის უჯრედების - კარდიომიოციტების - კვდომა დაიწყება, რასაც მედიცინაში გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქვია.
-
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკფაქტორები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკფაქტორებია:
- მაღალი არტერიული წნევა;
- ასაკი: მამაკაცებისთვის - 40 წლიდან, ქალებისთვის - 50 წლიდან;
- ფსიქოემოციური დატვირთვა;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ახლო ნათესავებში;
- შაქრიანი დიაბეტი;
- გაცხიმოვნება;
- საერთო ქოლესტერინის მაღალი დონე (5,5მმოლ/ლ-ზე მეტი)
- თამბაქოს წევა.
-
სტატისტიკა
- მამაკაცთა 20 და ქალთა 10 პროცენტს 35 წლის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა ტიპის დარღვევები ეწყება, რომლებიც ზოგჯერ გულსისხლძარღვოვანი კატასტროფით - მიოკარდიუმის ინფარქტითა და ინსულტით მთავრდება.
- მამაკაცებს ინფარქტი გაცილებით ხშირად ემართებათ, რაც იმით არის განპირობებული, რომ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ცვლილებები მათ ქალებზე გაცილებით ადრე ეწყებათ.
- ინფარქტი ყველაზე ხშირად სიცოცხლის მეექვსე ათწლეულზე გვსტუმრობს, 50-59 წელი ის პერიოდია, რომლის წილადაც შემთხვევების 41,2% მოდის.
- 30-35 წლის ასაკში ინფარქტის შემთხვევები მამაკაცებში 24-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში, შემდგომ ეს სხვაობა კლებულობს, 60-65 წლის ასაკში ქალების შემთხვევებს მხოლოდ ორჯერ აღემატება.
- ცნობილია, რომ ყოველმა მეხუთე ინფარქტგადატანილმა არ იცის ამის შესახებ, ყოველ მეოთხეში კი ინფარქტის ამოცნობა არ ხერხდება და ამის შესახებ მხოლოდ პროფილაქტიკური სკრინინგული გამოკვლევების შედეგად გებულობენ.
- პირველი მცდელობები, გულისთვის თავს მოეხვიათ ხელოვნური რიტმი და ამ გზით მისი დარღვეული მუშაობისთვის სტიმული მიეცათ, განხორციელდა დაახლოებით 150 წლის წინათ, 1872 წელს, 1889 წელს კი მაკვილიამმა გამოაქვეყნა ცნობები გულის ელექტრული სტიმულაციის შესახებ, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი მეთოდის გამოყენების ტექნიკა სხვადასხვა ტიპის გულის რიტმის დარღვევების დროს.
- დღეს უკვე ყოველწლიურად გულის ნორმალური მუშაობის აღსადგენად მსოფლიოში 350 ათასი ელექტროსტიმულატორის იმპლანტირება ხდება, მათგან 35-40 ათას შემთხვევაში პაციენტები 14 წლამდე ასაკისანი არიან.
- დახვეწილი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მედიკამენტების ფართო არჩევანის მიუხედავად, მიოკარდის ინფარქტით ყოველწლიურად 500 ათასი ადამიანი იღუპება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია - ფაქტობრივად, ინფარქტით წელიწადში ერთი დიდი ქალაქის მთელი მოსახლეობა ნადგურდება.
-
ინფარქტის კავშირი სხვა დაავადებებთან
- არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი გულის იშემიურ დაავადებას, შაქრიან დიაბეტსა და ინფარქტს შორის. ინფარქტი საკმაოდ ხშირად სწორედ გულის იშემიური დაავადების ფონზე ვითარდება.
- შაქრიანი დიაბეტით მოავადეებში საკმაოდ დიდია კორონარული ათეროსკლეროზის განვითარების რისკი, ამ ტიპის პაციენტებში ეს დაავადება გაცილებით ახალგაზრდა ასაკში ვითარდება, ამასთან, საკმაოდ მძიმე ფორმით.
-
ინფარქტის ძირითადი მიზეზები
-
- თამბაქო
ინფარქტის პირველი და ძირითადი მიზეზი თამბაქოს წევაა. წელიწადში საშუალოდ 7300 სიგარეტს ეწევა აქტიური მწეველი. ცნობისთვის, პირველი ინფარქტი მწეველ მამაკაცებს 8 წლით ადრე ემართებათ არამწეველებზე, ხოლო მწეველი ქალები არამწეველებზე 15 წლით ადრე ხდებიან ინფარქტგადატანილები. საქმე ის გახლავთ, რომ თამბაქოში არსებული ნაერთები აზიანებენ ფილტვის ქსოვილს და იწვევენ მათში თრომბების განვითარებას, სწორედ ეს თრომბები ახშობენ გულის გვირგვინოვან არტერიებს და შედეგად მის კვდომას - ინფარქტს იწვევენ.
თამბაქოს კვამლში არსებული ნახშირბადის ოქსიდი აქტიურად უერთდება სისხლში არსებულ ჰემოგლობინს და წარმოქმნის კაროქსიჰემოგლობინს, რომლის სისხლში მაღალი შემცველობაც (3%-დან 5%-მდე) 30-55 წლის მამაკაცებში იშემიური დაავადების განვითარების რისკს 20-ჯერ ზრდის.
უკანასკნელ ხანს საკმაოდ შემცირდა ინფარქტის ასაკი, იგი გაცილებით ახალგაზრდა ადამიანებსაც ემტერება. თამბაქო ახალგაზრდა ქალების (36 წლამდე) 75%-ში ინფარქტის მიზეზს წარმოადგენს.
-
- არასწორი კვება
მეორე ძირითადი მიზეზი ადამიანების კვებისადმი არასწორი მიდგომაა. ბევრს უჭირს ზომიერების დაცვა იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომლებიც ქოლესტერინის მაღალი შემცველობით ხასიათდებიან. საშუალოდ ჩვენ თანამემამულეთა დიდი ნაწილი წელიწადში მიირთმევს 40 კგ სოსისსა და ძეხვს, 5 კგ ყველს, 3 კგ კარაქს. ეს ყველაფერი კი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავენ, რაც სისხლში მის დონეს მკვეთრად ზრდის და ქოლესტერინიც, რომელიც ილექება სისხლძარღვთა კედლებზე, ართულებს სისხლის გადინებას, რაც იწვევს ინფარქტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამასთანავე მწეველიცაა.
-
- სიზარმაცე
დღევანდელი ცხოვრების თანმდევი ჰიპოდინამია, ანუ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ერთიათად ზრდის ინფარქტის რისკს. დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ გონივრულად შერჩეული დატვირთვით, ინფარქტი გაცილებით ნაკლებად ემუქრებათ.
-
- სტრესი
დღეს ეჭვგარეშეა, რომ ინფარქტი და სტრესი ერთგული თანამგზავრები არიან. სტრესისას სისხლში იზრდება ნაჯერი ცხიმების დონე, რომლებსაც სტრესულ სიტუაციებში სისხლძარღვთა საკმაოდ ხანგრძლივი სპაზმის გამოწვევა შეუძლიათ. სპეციალისტები გამოყოფენ ე.წ. სტრესკორონარული ტიპის პიროვნებას, ასეთები ყველაზე ხშირად ავადობენ ინფარქტით, რადგან მუდმივად გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტის გამო ქრონიკულად შფოთვასა და დეპრესიაში არიან.
-
- მემკვიდრეობა
ინფარქტსა და სტენოკარდიას მემკვიდრული ბუნება აქვს, ეს დაავადება 4-ჯერ ხშირია იმ ადამიანებში, რომელთა ნათესავებსაც იგივე პათოლოგია აღენიშნებოდათ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: კორონარულ არტერიათა სისტემის ერთნაირი ტიპი, მსგავსი ცხიმოვანი ცვლის თავისებურება, კვების ერთი ტიპი, მავნე ჩვევისადმი მიდრეკილება (თამბაქო და ალკოჰოლი), ცხოვრების ერთნაირი წესი, მსგავსი ფსიქო-ემოციური სფერო და სამსახურებრივი მდგომარეობა.
-
- ათეროსკლეროზი
ათეროსკლეროზის პირველი ნიშნები (სისხლძარღვებში ლიპიდური ლაქები და ხაზები) - ადამიანებს ადრეულ ბავშვობაში - 10 წლამდე ასაკში უჩნდებათ, რომლებიც შემდგომ ქრებიან, 18-20 წლის ასაკში კი ისევ ჩნდებიან. 25 წლის ასაკში ლიპიდური ლაქები უკვე გულის არტერიებში ვლინდებიან, ხოლო 35-49 წლის ასაკში ათეროსკლეროზული ცვლილებები თავის ტვინის არტერიებსაც მოიცავს.
ცნობილია ოცამდე სერიოზული დაავადება, რომელთა საფუძველსაც სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება წარმოადგენს. ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ათეროსკლეროზთან დაკავშირებულ დაავადებათა გართულებით. ყველაზე ნაკლებად ეს პათოლოგია ესკიმოსებს ემართებათ, უწინ მიაჩნდათ, რომ ამის მიზეზი ის განსხვავებული კლიმატური პირობები იყო, რომელშიც ესკიმოსები ცხოვრებდნენ, ახლა ეს ჰიპოთეზა უარყოფილია, თუმცა მიზეზი, რომელიც ახსნის, თუ რა იცავს ესკიმოსებს ათეროსკლეროზისგან, ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის. ცნობილია ათეროსკლეროზის 250-მდე რისკფაქტორი, თუმცა რეალობაში მხოლოდ რამდენიმე მათგანი მიიღება მხედველობაში.
ბოლო ხანს საკმაოდ საინტერესო ვირუსული თეორია ჩამოყალიბდა, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ჰერპესვირუსებს, კერძოდ კი ეპშტეინ-ბარის ვირუსს მიაკუთვნებს. აღსანიშნავია, რომ ჰერპესვირუსთა ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენლის აქტიურ გამრავლებას ხელს უწყობს ნიკოტინი.
სამწუხაროდ, დაგვიანებული დახმარების გამო ინფარქტის შემდგომ პირველ დღეებში პაციენტთა 41-42% იღუპება. ამიტომ აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა კარგად იცოდეს დაავადების პირველი ნიშნები, რათა დროულად გამოიცნონ დაავადება და დროული დახმარებით ინფარქტის შემდგომ აიცილონ თავიდან ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი მრისხანე გართულებანი.