პირველადი დახმარება მწვავე კორონარული სინდრომის დროს
ასეთ განსხვავებას განაპირობებს გულისათვის სისხლის მიწოდების დარღვევის თავისებურება - გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული სისხლძარღვის რომელ უბანში აღმოცენდება სისხლის მიწოდების ბლოკირება (შეწყვეტა), რამდენად ხანგრძლივია აღნიშნული დარღვევა, რამდენად მნიშვნელოვანია გულის დაზიანება. ამ განსხვავებების საფუძველზე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს:
- არასტაბილური სტენოკარდია - უეცრად, მიულოდნელად აღმოცენებული ტკივილის ან ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რაც შესაძლოა ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდებოდეს ან განვითარდეს მოსვენების დროსაც;
- მიოკარდიუმის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე - გულის შეტევა, რომელიც არ იწვევს ელექტროკარდიოგრამაზე მნიშვნელოვან დარღვევებს, მაგრამ ვითარდება სისხლის გარკვეული ტესტების (ანალიზების) ცვლილება. შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტისას გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების სრული დახშობა არ ხდება ან დაიხშობა მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთის განმავლობაში;
- მიოკარდიუმის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით - ეს არის უფრო ძლიერი ტკივილით მიმდინარე გულის შეტევა, რომლის დროსაც იცვლება ელექტროკარდიოგრამა და სისხლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწვავე კორონარული სინდრომი ყოველწლიურად მრავალი ადამიანის ავადობისა და შრომის უნარის კარგვის მიზეზია. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტს აქვს ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ზეწოლის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ანუ ქოშინი. ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომლის შემთხვევაშიც დახმარების გადადება დაუშვებელია, რადგანაც სწორედ დაუყოვნებელი დახმარების შემთხვევაშია შესაძლებელი გართულებების თავიდან აცილება.
არასტაბილური სტენოკარდია
სტენოკარდია არის კორონარული არტერიების დაავადებით გამოწვეული ტკივილი და/ან დისკომფორტი გულის არეში. კორონარული არტერიების დაავადების დროს გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვები ვიწროვდება ათეროსკლეროზული პროცესის შედეგად, რაც გულის კუნთის სისხლით მომარაგებას აქვეითებს - იწვევს იშემიას, რაც ვლინდება გულმკერდში ტკივილითა და დისკომფორტით. სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ფიზიკური დატვირთვისას, როცა გაზრდილია გულის კუნთის მოთხოვნა ჟანგბადზე.
სტაბილური სტენოკარდიისას ტკივილი გარკვეული კანონზომიერებით აღმოცენდება, უმთავრესად დატვირთვისას და პაციენტმა ხშირად კარგად იცის, რა ოდენობის დატვირთვა არის მისი მიზეზი. აღნიშნულისაგან განსხვავებით არასტაბილური სტენოკარდიისას ტკივილი, ზეწოლა, დისკომფორტი გულმკერდში ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს, ტკივილის შეტევა ხშირად უფრო ხანგრძლივია და ტკივილიც უფრო ძლიერია, ვიდრე სტაბილური სტენოკარდიისას. ეს თავისებურება თავს იჩენს მოსვენებისას აღმოცენებული შეტევების დროსაც. არასტაბილური სტენოკარდია გადაუდებელი მდგომარეობაა, რადგანაც შეიძლება გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტს) მოასწავებდეს.
სტენოკარდიის სიმპტომები
სტენოკარდიის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ხშირად უჩიოდეს არა ტკივილს, არამედ მკერდის ძვლის არეში ზეწოლას, დისკომფორტს ან წვის მსგავს შეგრძნებას. არასასიამოვნო შეგრძნება შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე და მოიცავდეს ქვედა ყბას, მხრებს, ზედა კიდურებს, კისერს, მუცლის ზედა ნაწილს.
ჩვეულებრივ, სტენოკარდიის შეტევა ნელა იწყება, შეგრძნება თანდათან ძლიერდება, პიკს აღწევს, შემდეგ ინტენსივობა ნელა მცირდება და გაივლის. სტაბილური (დაძაბვის) სტენოკარდიისას დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვის შემცირებისთანავე მცირდება. ზოგჯერ პაციენტს აქვს ქოშინი, რაც სტენოკარდიის ეკვივალენტურია (ტოლფასია). ზოგიერთი სიმპტომი ქალებს შორის უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან. მათ შორის აღსანიშნავია:
- ბოყინი;
- გულისრევა ან ფაღარათი;
- თავბრუ ან გაბრუების შეგრძნება;
- ოფლის გამოყოფა;
- ძლიერი დაღლის შეგრძნება.
ეს სიმპტომები, გულმკერდის არეში ტკივილის მსგავსად, შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტს მოასწავებდნენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გულმკერდში დისკომფორტის დროს სამედიცინო დაწესებულებაში დროული მიმართვა.
როდის არის აუცილებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გულმკერდში ტკივილის დროს
აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, თუ:
- გულმკერდში ტკივილი პირველად აღმოცენდა, ძლიერია ან ძლიერდება;
- გულმკერდში ტკივილს ახლავს ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება;
- ფიზიკური აქტივობის შეწყვეტისა და მოსვენების შედეგად ტკივილი არ მცირდება;
- ტკივილი არ მცირდება სტენოკარდიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებისას;
- ტკივილს ახლავს სისუსტე, თავბრუ, გაბრუება;
- ტკივილს ახლავს შიშის, განგაშის შეგრძნება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სიმპტომები არ გამორიცხავს მიოკარდიუმის ინფარქტს, რომლის დროსაც მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს!
პირველადი დახმარება სტენოკარდიის დროს
თუ ჩვენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც გულმკერდში ტკივილი დაეწყო, აუცილებელია:
- ვურჩიოთ, შეწყვიტოს ფიზიკური ან ნებისმიერი საქმიანობა, დავეხმაროთ მოხერხებულად დაჯდომაში, შევეცადოთ, უცებ შევქმნათ მშვიდი გარემო;
- თუ ტკივილი პირველად აღმოცენდა, პაციენტისათვის უცხო მდგომარეობაა და მას არა აქვს დადგენილი სტენოკარდიის დიაგნოზი, მაშინვე უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
- თუ პაციენტს სტენოკარდია დადგენილი აქვს, შეტევების დროს იღებს გარკვეულ პრეპარატს, მაგრამ თან არ აქვს მედიკამენტი, შესაძლებლობის შემთხვევაში დავეხმაროთ, რომ მედიკამენტი მიიღოს. თუ ეს ვერ მოხერხდება, გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
- თუ მედიკამენტის მიღების მიუხედავად, ტკივილი არ მოიხსნა ხუთი წუთის განმავლობაში ან მოიხსნა, მაგრამ კვლავ განახლდა, ასევე აუცილებელია სასწრაფო დახმარება;
- სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება აუცილებელია ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილის დროს.
საჭიროა თუ არა კვლევები სტენოკარდიის დროს
პასუხი ცალსახაა - კვლევები აუცილებელია. ექიმი გამოკითხვითა და გასინჯვით აზუსტებს დეტალებს და ნიშნავს კვლევებს, რათა გამოირიცხოს გულმკერდში ტკივილის სხვა მიზეზები მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით. ამ მიზნით შეიძლება დაიგეგმოს:
- ელექტროკარდიოგრაფია;
- სისხლის გარკვეული ანალიზები - მიოკარდიუმის დაზიანების დროს სისხლში იმატებს გარკვეული ნივთიერებების აქტივობა;
- დატვირთვის ტესტი - სარბენ ბილიკზე პაციენტის სწრაფი სიარულისას ჩაიწერება პაციენტის კარდიოგრამა, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ კარდიოგრამის ცვლილებას ფიზიკური დატვირთვის პირობებში;
- კორონარული ანგიოგრაფია - სპეციალური კათეტერი შეჰყავთ ზედა ან ქვედა კიდურის არტერიის გავლით გულთან და საკონტრასტო ნივთიერებით რენტგენოლოგიურად იკვლევენ გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების მდგომარეობას, საზღვრავენ მის შევიწროვებას;
- კომპიუტერული ტომოგრაფია - შესაძლებელია გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების გამოკვლევა.
ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით ექიმი საზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას - საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა თუ გვირგვინოვანი სისხლძარღვებით გულის კუნთისათვის საკმარისი სისხლის მიწოდების აღსადგენად საჭიროა სტენტირება ან ოპერაციული მკურნალობა - აორტოკორონული შუნტირება.
გულის შეტევა - მიოკარდიუმის ინფარქტი
ტერმინი, „გულის შეტევა“, თანამედროვე ინგლისურენოვან ლიტერატურაში მიოკარდიუმის ინფარქტის სინონიმია. ბუნებრივია, ის გადაუდებელი მდგომარეობაა და როცა ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ გვერდით მყოფს გულის შეტევა/მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს, აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო საიტების მონაცემთა თანახმად, პაციენტი, რომელსაც გულის შეტევა აქვს, 3 საათით აყოვნებს მიმართვას სამედიცინო დახმარებისათვის. აღნიშნული ფაქტი განაპირობებს, რომ გულის შეტევისას პაციენტთა არც თუ უმნიშვნელო ნაწილი ისე კვდება, რომ სტაციონარს ვერ აღწევს. ამავე დროს უდავოა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტისას რაც უფრო სწრაფად მიმართავს პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას, მით უფრო მეტია მისი გადარჩენის შანსი. დაუყოვნებელი მკურნალობა ამცირებს გულის დაზიანებული უბნის ფართს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს ელემენტარული წარმოდგენა მიოკარდიუმის ინფარქტის/გულის შეტევის დროს პირველადი დახმარებისა და სწორი ქმედების თაობაზე.
გულის შეტევის/მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები
მიოკარდიუმის ინფარქტის კლინიკური გამოვლინება, ანუ დაავადების ნიშნები, სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში, განსხვავებულია. ტკივილი და ზოგადი მდგომარეობა შეიძლება იყოს საშუალო სიმძიმის ან მძიმე. ქალებს, მოხუცებს და დიაბეტით დაავადებულებს ხშირად აქვთ სუსტად გამოხატული ან ატიპური, უჩვეულო სიმპტომები. მათ შორის აღსანიშნავია:
- ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა, განსაკუთრებით ხანდაზმულებს შორის;
- ტკივილი გულმკერდში, რაც შეიძლება იყოს ზეწოლის, მოჭერის ან სისავსის მსგავსი. ტკივილი უხშირესად ლოკალიზებულია გულმკერდის შუა ნაწილში, თუმცა შეიძლება მოიცვას ბეჭების, ქვედა ყბის, ზედა კიდურების, ზურგის, მუცლის არე. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთზე უფრო ხანგრძლივად ან შემცირდეს და გაძლიერდეს;
- ცივი ოფლი;
- თავბრუ, გაბრუება;
- გულისრევა, ფაღარათი, ღებინება;
- ზედა კიდურების (უფრო მეტად მარცხენა კიდურის) დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტა;
- ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება;
- სისუსტე და დაღლილობა, განსაკუთრებით მოხუცებსა და ქალებს შორის.
ჩვეულებრივ, მიოკარდიუმის ინფარქტის/გულის შეტევის დროს ტკივილის ხანგრძლივობა 15 წუთი და მეტია.
პირველადი დახმარება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს
თუ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ თქვენ გვერდით მყოფადამიანს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს, რეკომენდებულია:
- დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
- დაეხმაროთ ავადმყოფს, რომ დაჯდეს კომფორტულად, დამშვიდდეს, მოდუნდეს, ეცადეთ შექმნათ მშვიდი გარემო;
- ეცადოთ, რომ ავადმყოფმა შეიხსნას მოჭერილი ტანსაცმელი, რაშიც მშვიდად უნდა დაეხმაროთ;
- თუ პაციენტი გულის ტკივილის გამო ნიტროგლიცერინს იღებს, დაეხმარეთ, რომ ამჯერადაც მიიღოს პრეპარატი;
- თუ პაციენტი უგონოდაა, კითხვებზე არ პასუხობს, არ სუნთქავს და არ ესინჯება პულსი, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შემდეგ დაიწყეთ რეანიმაცია;
- მრავალი ექსპერტის აზრით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების შემდეგ, რეკომენდებულია, პაციენტმა მიიღოს ასპირინის 325 მილიგრამიანი ტაბლეტი ან პრეპარატის დაბალი დოზა - 81 მგ. ეს გამართლებულია, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანი არ არის ალერგიული ასპირინის მიმართ და მას არა აქვს ის დაავადება, რომლის დროსაც ასპირინის მიღება შეიძლება საშიში იყოს;
- უნდა დავიმახსოვროთ, რომ ყველა შემთხვევაში, პირველი ქმედება არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. თუ პაციენტთან რამდენიმე ადამიანია, ერთი იძახებს სასწრაფო დახმარებას, დანარჩენი ცდილობს ზემოთ აღწერილი რჩევებით იმოქმედოს. თუ გულის შეტევის/მიოკარდიუმის ინფარქტის მქონესთან მხოლოდ ერთი ადამიანია, თავდაპირველი ქმედება სასწრაფოს გამოძახებაა. ის არ უნდა გადაიდოს არც ერთი ზემოთ დასახელებული ღონისძიების გამო.
მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის დროს დაუშვებელია:
- ადამიანის მარტო დატოვება;
- სიმპტომების იგნორირება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების დაყოვნება;
- ლოდინი, რომ ყველაფერი თავისთავად გაივლის;
- ენის ქვეშ ან დასალევად სხვადასხვა მედიკამენტის თვითნებურად გამოყენება (გამონაკლისია მხოლოდ ნიტროგლიცერინი, ისიც მაშინ, როცა პაციენტი მას ექიმის დანიშნულებით ადრეც იღებდა).
როგორ გრძელდება კვლევა და მკურნალობა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს
მიოკარდიუმის ინფარქტის წინასწარი დიაგნოზისას ექიმი განაგრძობს პაციენტის კვლევას დიაგნოზის დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის გადაწყვეტის მიზნით. შესაძლოა დაინიშნოს:
- ელექტროკარდიოგრაფია - მიოკარდიუმის ინფარქტისას ვითარდება დამახასიათებელი ცვლილებები;
- სისხლის ანალიზი - მიოკარდიუმის დაზიანებისას სისხლში იმატებს გარკვეული ნივთიერებების აქტივობა;
- ექოკარდიოგრაფია - მიოკარდიუმის ინფარქტის დროს გულის კუნთის ყველა ნაწილი ნორმალურად არ იკუმშება;
- კორონარული ანგიოგრაფია.
მიოკარდიუმის ინფარქტის/გულის შეტევისას პაციენტს ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი, ენიშნება მედიკამენტები გულმკერდში ტკივილის შესამცირებლად, დასამშვიდებლად, შედედების საწინააღმდეგოდ, ბეტა ბლოკერები გულის დაზიანების შესამცირებლად.
გულის კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის აღსადგენად ტარდება ან მედიკამენტური მკურნალობა (თრომბოლიზური საშუალებებით) ან კორონაროგრაფია და სტენტირება. გაურთულებელ შემთხვევებშიც კი, პაციენტი 3-5 დღის განმავლობაში სტაციონარში რჩება.