რატომ ჩქარდება გულისცემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჩქარდება გულისცემა

სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობით ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ დაიტრაბახებს. გულის მუშაობას ყველაზე ხშირად მაშინ უჩივიან, როდესაც გულისცემა უჩქარდებათ.

რატომ ჩქარდება გულისცემა და არის თუ არა ის ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული ძვრების გამომხატველი სიმპტომი?

საერთოდ, გულისცემის სიხშირე, იგივე გულის შეკუმშვათა რიცხვი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა რაოდენობის სისხლი უნდა გადაქაჩოს გულმა სისხლძარღვებში. ჩვეულებრივ, გულს მეტი ჯაფა ადგება ფიზიკური დატვირთვისას.

ზრდასრული ადამიანის გულისცემის სიხშირე (ნორმალური პულსი) წუთში 60-დან 80-ის ფარგლებში მერყეობს, სპორტსმენებისა – 40-დან 60-ის ფარგლებში. ასაკოვანი ადამიანებისა და დასუსტებულ პირთა გულისცემა შესაძლოა წუთში 90-100 დარტყმამდე გახშირდეს. ბავშვებს უფრო ხშირი გულისცემა აქვთ, ვიდრე მოზრდილებს, წუთში 80-130 დარტყმა ასაკზე დამოკიდებულებით.

პულსი არტერიული კედლის რიტმული რხევაა, განპირობებული მარცხენა პარკუჭიდან აორტაში სისხლის გადასვლის შედეგად მისი კედლის შერხევით და ამ ტალღის სისხლძარღვის კედლის გასწვრივ გავრცელებით. პულსი ისინჯება მაჯაზე თითის დადებით (ამ შეთხვევაში ითქმის „მაჯისცემა“), საფეთქელზე, ქვედა ყბის კუთხესთან, საზარდულის არეში და სხვა. პულსის სიხშირე შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიცხვს. ეს უკანასკნელი ყველაზე მცირეა წოლისას. წამოჯდომისას გულისცემა 4-6 დარტყმით ჩქარდება, ადგომისას კი – 5-6 დარტყმით. ბუნებრივია, სიარულისა და მით უფრო – სირბილისას გულისცემა ჩქარდება. ასეთ შემთხვევაში წუთში 160 დარტყმაც კი ნორმად მიიჩნევა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავარჯიშები ადამიანების გული ბევრად რიტმულად და მშვიდად მუშაობს, თანაც – მეტისმეტად არ ჩქარდება.

ყურადსაღები და საგანგაშოა ისეთი სიტუაცია, როდესაც გულისცემა წუთში 100 დარტყმამდე ჩქარდება ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში. აგრეთვე მდგომარეობა, როდესაც სირბილისა თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ 5-10 წუთში გულის ნორმალური რიტმი არ აღდგება. ასეთი სიტუაციები შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მანიშნებელი იყოს.

გულისცემა ნერვული დაძაბულობისა და ძლიერი ემოციების დროსაც ჩქარდება. გულს აჩქარებულ რეჟიმში მუშაობას აიძულებს არაერთი დაავადება და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილება. მაგალითად, სხეულის ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით მომატებისას ზრდასრული ადამიანის გულისცემა წუთში 8-10 დარტყმით ჩქარდება, ბავშვებისა – 15-20 დარტყმით. გულისცემის სიხშირეს ცვლის არტერული წნევის მერყეობა, ასთმა, ანემია, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღევა. ტაქიკარდია ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება აღენიშნებათ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც სტენოკარდიული შეტევები გადაიტანეს.

გულის მუშაობის რიტმიდან გამოსვლას ხელს უწყობს კოფეინი, ნიკოტინი, ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი. ამიტომაც მოგვიწოდებენ მედიკოსები ჯანსაღი წესით ცხოვრებისაკენ.

გულის ნორმალური მუშაობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი. ჭარბი წონის მქონე პირთა გული ბევრად რთულად უმკლავდება მასზე დაკისრებულ ფუნქციას. თამამად შეიძლება ითქვას – ტანჯვით ფუნქციობს. თუ თქვენ ზედმეტი კილოგრამების დაკლება გადაწყვიტეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ განტვირთვის დიეტების ფონზე ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ნივთიერება უნდა მიაწოდოთ, განსაკუთრებით – კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები. მინერალური ცვლის მოშლამ შესაძლოა გულისცემის მნიშვნელოვანი აჩქარება გამოიწვიოს.

როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია

1) ფიზიოლოგიურმა ტაქიკარდიამაც კი შესაძლოა სერიოზული ზიანი მოუტანოს ორგანიზმს. გულისცემის აჩქარების გამო სისხლის ცირკულაცია ირღვევა, შესაბამისად, ორგანოები და ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს იწყებენ. ასეთ დროს ჰიპოქსიის (ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება) მანიშნებელია თავბრუხვევა, ტკივილი გულის არეში, ქოშინი და გულწასვლაც კი. ტაქიკარდია ზრდის ინსულტის აღმოცენების რისკს, აუარესებს გულის მუშაობას და მისი უეცრად გაჩერებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

2) თუ ტაქიკარდია ფიზიკური დატვირთვის შედეგად აღმოცენდა, აუცილებლად დაჯექით (უმჯობესია დაწოლა) და 10-15 წუთით შეინარჩუნეთ მშვიდი მდგომარეობა. შეეცადეთ ისუნთქოთ ნელა და ღრმად. ყოველივე ეს ტაქიკარდიის უარყოფითი შედეგების მინიმიზების საშუალებას მოგცემთ – ქსოვილები ჟანგბადით გაჯერდება და თვითშეგრძნებაც გაგიუმჯობესდებათ.

3) თუ ტაქიკარდიის მიზეზი ძლიერი ემოციური დატვირთვაა, დალიეთ მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალება. მაგალითად, კატაბალახას ან შავბალახას ნაყენი. კარგ ეფექტს იძლევა პიტნის ნაყენიც. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანა, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას.

4) თუ ტაქიკარდია უეცრად აღმოცენდა და გულისცემის სიხშირე წუთში 100 დარტყმას აღწევს, თვალებში გიბნელდებათ და გულის მუშაობის დარღვევებს შეიგრძნობთ, სახეზე ცივი წყალი შეისხით (უმჯობესია ყინულიანი). ამის შემდეგ მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. დალიეთ კორვალოლი ან ვალოკორდინი. მოგვიანებით კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს ტაქიკარდიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად.

5) გულისცემის აჩქარების მოსახსნელად ძლიერად დააწექით თვალის კაკლებს. ყოველი ზეწოლა 8-10 წამს უნდა მოიცავდეს. პროცედურა კი, სულ მცირე, 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც წესი, ამ დროის გასვლის შემდეგ გულისცემის სიხშირე ნორმას უბრუნდება.

6) თუ გულისცემის სიხშირე წუთში 120-140 აღწევს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმთა მოსვლამდე კი მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

7) ტაქიკარდიის განმეორებითი შეტევების თავიდან ასაცილებლად მიიღეთ კალიუმისა და მაგნიუმის პრეპარატები, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით კვებისა და დასვენების რეჟიმი, გამორიცხეთ საკვები რაციონიდან შოკოლადი და კოფეინის შემცველი სასმელები. უარი განაცხადეთ სპირტიან სასმელებზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტაქიკარდია ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება (წუთში 90-ზე მეტი დარტყმა) შეიძლება იყოს როგორც ნორმალური, ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური გამოვლინება. ფიზიოლოგიური ტაქიკარდია აღინიშნება ფიზიკური დატვირთვისას, აღელვების, შიშის, თუნდაც დადებითი ემოციისას.

პათოლოგიური ტაქიკარდია კი ბევრი დაავადებისა თუ პათოლოგიური პროცესის დამახასიათებელი სიმპტომია. ის რამდენიმე მიზეზის გამოა საშიში. ჯერ ერთი, გახშირებული შეკუმშვების ფონზე გულის მუშაობის ეფექტურობა საგრძნობლად ქვეითდება. ასეთ რეჟიმში გულის პარკუჭები ვერ ასწრებს სისხლით ავსებას, შესაბამისად, არტერიული წნევა ქვეითდება და სისხლის ნაკადი ორგანოებისაკენ მცირდება. მეორეც, საკუთრივ გულის სისხლით მომარაგება უარესდება. აჩქარების ფონზე გულს წუთში ბევრად მეტი სამუშაოს შესრულება უხდება და ბუნებრივია, მეტი ჟანგბადიც ესაჭიროება. ეს უკანასკნელი კი სისხლის ცუდი მომარაგების ფონზე გულის კუნთს სათანადოდ ვერ მიეწოდება. ამიტომაც იშემიური დაავადებისა და შედეგად ინფარქტის განვითარების რისკი იზრდება. ყოველივე ამის გამო ტაქიკარდია მეტად ყურადსაღები სიმპტომია. ის დაავადება არ არის. ტაქიკარდიის ყველაზე ხშირი მიზეზი ვეგეტატური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციის დარღვევაა, აგრეთვე ჰემოდინამიკის მოშლა და არითმიის სხვადასხვა ფორმა.

ნერვული და ენდოკრინული სისტემების გავლენა

სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციის გაზრდამ შესაძლოა გულისცემის აჩქარება გამოიწვიოს. ამასთან, როგორც გულზე სიმპათიკური ნერვული ბოჭკოების პირდაპირი ზემოქმედებით, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებზე ზეგავლენითა და ადრენალინის სეკრეციის (გამოყოფის) გაზრდით. სიმპათიკური ნერვული სისტემის ზემოქმედებით გამოწვეული ტაქიკარდია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება აღენიშნოთ, აღელვებისას, კოფეინის მიღებისას და სხვა.

ენდოკრინული დარღვევებიდან კი ტაქიკარდიის მიზეზად ადრენალინის გაძლიერებული გამოყოფით მიმდინარე პათოლოგიები გვევლინება. მაგალითად, ფეოქრომოციტომა, ჰიპოთალამური სინდრომი და სხვა.

ჰემოდინამიკური მახასიათებლები

სისხლის წნევის შემანარჩუნებელი, უკუკავშირის პრინციპით მოქმედი მექანიზმების ზეგავლენით გულის შეკუმშვათა რიცხვი იზრდება არტერიული წნევის დაქვეითების პირობებში. ამიტომაც ტაქიკარდია აღმოცენდება როგორც საპასუხო რეაქცია სისხლის მოცულობის შემცირებისას. მაგალითად, სისხლის დაკარგვის ან ორგანიზმის გაუწყლოებისას. სისხლის წნევის მკვეთრად ვარდნა და შესაბამისად, ტაქიკარდია შესაძლოა სხეულის მდებარეობის უეცარმა ცვლილებამაც გამოიწვიოს.

არითმიები

ტაქიკარდიის მიზეზი ზოგჯერ სინუსური რიტმის მოშლაა. ამ დროს გულის რიტმის მაკონტროლებელი სინუსური კვანძის მიერ იმპულსთა გენერაცია (წარმოქმნა) ირღვევა. ასეთ შემთხვევაში სინუსურ ტაქიკარდიაზე საუბრობენ. ზოგჯერ ტაქიკარდიის მიზეზი წარმოქმნილ იმპულსთა სინუსური კვანძიდან პარკუჭებისაკენ გატარების დარღვევაა.