რატომ ფრიალებს გული
ისე რომ, ჯანმრთელი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, როგორ მუშაობს მისი გული, მაგრამ თუ რიტმში დარღვევები გაჩნდა, უმალვე ვიგრძნობთ. "გული მიფრიალებს, ექიმო!" - ხშირად შესჩივიან პაციენტები კარდიოლოგს. გულის "ფრიალის" მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, არიტმიაა. რა იწვევს მას ან რამდენად საშიშია იგი? ამ და სხვა კითხვებით ექიმ კარდიოლოგს ნინო ჯიბლაძეს მივმართეთ.
- ქალბატონო ნინო, მაინც რატომ გვიფრიალებს გული?
- გულის ფრიალი გახშირებული ან გაძლიერებული გულისცემის შეგრძნებაა. ხშირად თან სდევს ტაქიკარდია. გულის ფრიალი და ტაქიკარდია, განურჩევლად მიზეზისა, სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. გულის ფრიალი სუბიექტური სიმპტომია. ზოგიერთს გულის ნორმალურ შეკუმშვათა შეგრძნებაც შეუძლია, მაშინ, როდესაც ზოგიერთი გულის რიტმის სერიოზულ დარღვევებსაც კი ვერ გრძნობს, ამიტომ გულისცემის შეგრძნება ყოველთვის გულის დაავადების ნიშანი არ არის.
- რას წარმოადგენს არითმია და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი?
- არითმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა. ჩვეულებრივ, მაჯაზე ხელის დადებისას რიტმულ გულისცემას შევიგრძნობთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა გულის რიტმული მუშაობა ირღვევა. სწორედ ეს არის არითმია. ხალხში ამას პულსის გამოვარდნას, გულის ფრიალს, გულის აჩქარებას უწოდებენ. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები;
- ფსიქოემოციური გადაძაბვა, ცენტრალური ნერვული და/ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ესა თუ ის პათოლოგია;
- მედიკამენტების (შარდმდენები, ანტიარითმიული და დიგიტალისის პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები) მიღება;
- ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
- სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება, გადაცივება.
არსებობს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, რომლებიც გონების დაკარგვით და ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება და ისეთი ტიპის არითმიები, რომლებიც მკურნალობას არ საჭიროებს. არითმია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც რომელიმე სერიოზული დაავადებით, ასევე ისეთი ბანალური, ყოფითი მიზეზით, როგორიც არის ემოციური გადაძაბვა, ყავის დიდი რაოდენობით მიღება.
- ზემოთ ტაქიკარდია ახსენეთ. რას ნიშნავს ეს?
- ტაქიკარდია გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც გულის შეკუმშვების რიცხვი სხეულის ნორმალური ტემპერატურისა და მოსვენებისას წუთში 80 და მეტი დარტყმაა, ხოლო ფეხზე დგომისას წუთში 100-ს აღემატება. ტაქიკარდიის დროს პულსის გახშირებამ შესაძლოა წუთში 150 დარტყმას მიაღწიოს. ტაქიკარდია ნორმალურად ითვლება ფიზიკური დატვირთვის, ნერვული გადაძაბვის, სხეულის ტემპერატურის მატების დროს. მაგრამ არსებობს მდგომარეობებიც, რომელთა დროსაც ტაქიკარდია პათოლოგიურ გამოვლინებად მიიჩნევა. მათ მიეკუთვნება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- ჰიპერთერმია (სხეულის ტემპერატურის მომატება);
- ინტოქსიკაცია (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, კოფეინით, ნიკოტინით და სხვა);
- ანემია;
- ემოციურ-ნევროზული ფონი;
- თირეოტოქსიკოზი.
- ტაქიკარდიის გვერდით ხშირად ახსენებენ ბრადიკარდიას. რა არის ეს?
- ბრადიკარდია გულის შეკუმშვების ისეთი შენელებაა, როდესაც პულსი წუთში 55-მდე და მეტად მცირდება. ბრადიკარდია ჯანმრთელ, ნავარჯიშევ ადამიანებში ნორმალურ მოვლენად ითვლება მოსვენებისა და ძილის დროს, მაგრამ შესაძლოა, ამა თუ იმ პათოლოგიის ნიშანიც იყოს. მაგალითად, ისეთისა, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამტარი სისტემის სხვა დაზიანება, მიოკარდიტი, თანდაყოლილი ანომალიები), ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ქალასშიგა წნევის მატება, ნეიროცირკულატორული დისტონია, ინფექციური დაავადებები, ფარისები ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, მედიკამენტები (საგულე გლიკოზიდები, ბეტა-ადრენობლოკერები, ვერაპამილი, რეზერპინი) და სხვა.
- რა არის ექსტრასისტოლია?
- ეს არის გულის ნაადრევი შეკუმშვები, რომლებიც განპირობებულია სინუსის კვანძის გარეთ იმპულსის წარმოშობით. ექსტრასისტოლებს ავადმყოფი შესაძლოა ვერ გრძნობდეს ან აღიქვამდეს როგორც პულსის გამოვარდნას, გულის არეში დარტყმას, გულის ფრიალს ან გულის გაჩერებას. ექსტრასისტოლია შეიძლება შეგვხვდეს როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული გულის შემთხვევაში. განპირობებულია ვეგეტატიური და ფსიქოემოციური დარღვევებით, მედიკამენტური მკურნალობით (საგულე გლიკოზიდებით), ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, ალკოჰოლისა და აღმგზნები საშუალებების ჭარბი გამოყენებით, თამბაქოს წევით.
- რას გვეტყვით პაროქსიზმული ტაქიკარდიისა და მოციმციმე არითმიის შესახებ?
- ტერმინი "პაროქსიზმული ტაქიკარდია" გულისცემის უეცარ მომატებას გულისხმობს. ამ დროს გულისცემა წუთში 140-250-მდე იმატებს. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია შეიძლება განვითარდეს როგორც გულის პათოლოგიის დროს, ისე მის გარეშეც. შეტევები უეცრად იწყება და უეცრადვე წყდება. ზოგჯერ პაციენტებმა თავადაც კარგად იციან, როგორ მოიხსნან პაროქსიზმი და მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ხველა, ჩაკუზვა, ცივ წყალში სახის ჩაყოფა. კლინიკურ სურათს ძირითადად ჰემოდინამიკის მოშლის ხარისხი განაპირობებს, ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია გულისცემის სიხშირეზე, გულის თანმხლები დაავადების სახეობასა და სიმძიმეზე.
მკვეთრი ტაქიკარდიის დროს (130-220 დარტყმა წუთში) სისტოლური არტერიული წნევა მკვეთრად მცირდება, ხოლო დიასტოლური იმატებს. ამ დროს პაციენტები გრძნობენ ძლიერ საერთო სისუსტეს, აქვთ გონების დაკარგვის წინათგრძნობა, თუმცა სინკოპე იშვიათად ვითარდება. ზოგჯერ აღინიშნება ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ოფლიანობა. შეტევის დასასრულს პაციენტები ხშირად გამოყოფენ დიდი რაოდენობით შარდს. ხანშიშესულ პაციენტებს პაროქსიზმის ფონზე შესაძლოა სტენოკარდიის შეტევა განუვითარდეთ.
რაც შეეხება წინაგულების ციმციმს, ამ დროს წინაგულები გულის მუშაობაში არ მონაწილეობს, ხოლო პარკუჭები მოუწესრიგებლად იკუმშება. წინაგულების ციმციმი შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის პათოლოგიით (მიოკარდიუმის და/ან პერიკარდიუმის პირველადი ან მეორეული დაზიანებით) ან გარეგანი მავნე ზემოქმედებით. ხშირად იგი ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის, თირეოტოქსიკოზის, გულის მანკის (მიტრალური სტენოზის), ფილტვის არტერიის ემბოლიის, ელექტროლიტური ცვლის დარღვევის, მედიკამენტური ინტოქსიკაციის (დიგოქსინი, ქინიდინი) დროს.
მოციმციმე არითმია ძირითადად ქრონიკული სტაბილური რიტმია, თუმცა არცთუ იშვიათად მოციმციმე არითმიის პაროქსიზმის სახითაც აღმოცენდება. თუ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი გულის მძიმე დაავადების ფონზე განვითარდა, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება - მოსალოდნელია ფილტვების შეშუპება, სტენოკარდიის მძიმე შეტევა. იმ შემთხვევაში, როდესაც პარკუჭების რიტმი კონტროლდება (მაგალითად, დიგოქსინით), წინაგულების ციმციმი არ იწვევს ჰემოდინამიკის სერიოზულ გაუარესებას და პაციენტები ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებენ შედარებით დამაკმაყოფილებელ კლინიკურ მდგომარეობას.
მოციმციმე არითმიის დროს წინაგულებში ხშირად ლაგდება თრომბები და შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ორგანოს თრომბოემბოლია, რაც ასეთი არითმიების ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა.
- საშიშია თუ არა არითმია?
- სიცოცხლისთვის საშიშია არითმიები, რომლებიც გამოწვეულია გულის ორგანული პათოლოგიით, როგორიც არის, მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი, გულის უკმარისობა. არსებობს ფატალური არითმიები, რომელთა დროსაც გული ვეღარ ასრულებს ტუმბოს ფუნქციას, ამის გამო წყდება სისხლის მიმოქცევა, პაციენტი კარგავს გონებას, წნევა ნულამდე ეცემა და თუ რამდენიმე წუთში არ მოხდა კარდიოპულმონური რეანიმაცია, ვითარდება სიკვდილი.
ფატალურ არითმიებს მიეკუთვნება პარკუჭების თრთოლა და ფიბრილაცია. ისეთი არითმიები, რომლებიც გამოწვეულია ჰიპერთირეოზით, ემოციურ-ნევროზული ფონით ან ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით, შედარებით ნაკლებსაშიშია და მათი მკურნალობა ძირითადად გამომწვევი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.
- რას ნიშნავს არითმოგენული პათოლოგიები?
- არითმოგენული პათოლოგიების დროს გული მიდრეკილია რიტმის დარღვევისკენ. ასეთია ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი - მიდრეკილება შეტევითი ხასიათის გულის აჩქარებისკენ (პაროქსიზმებისკენ). მას ახასიათებს გულის მოულოდნელი, უმიზეზო აჩქარება, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ ასევე უეცრად რეგულირდება. ეს შეტევა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს.
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომს საფუძვლად უდევს წინაგულიდან პარკუჭისკენ იმპულსების ანომალიური გატარება, ანუ ელექტრული იმპულსი, რომელმაც გულის შეკუმშვა უნდა განახორციელოს, მასში გაივლის არა ჩვეული, არამედ ანომალიური - დამატებითი - გზით. ასეთ იმპულსებს კი აქვთ მაღალი სიხშირის შეკუმშვების განვითარების უნარი (მაღალი სიხშირის ტაქიკარდია).
- რა იწვევს არითმიის დროს გონების დაკარგვას?
- გონების დაკარგვა ანუ სინკოპე არითმიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. მისი მიზეზია გულის მეტისმეტად ხშირი შეკუმშვა. ამ დროს გული იმდენად სწრაფად იკუმშება, რომ ვერ ახერხებს სისხლის მიმოქცევის წრეებში სათანადო რაოდენობის სისხლის გადასროლას, აქედან გამომდინარე, ტვინს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიეწოდება, წნევა ეცემა და ადამიანი გონებას კარგავს.
სინკოპე ყველაზე ხშირად ვითარდება პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს. იშვიათად გონების კარგვა ბრადიარითმიასაც (გულისცემის გაიშვიათებას) ახლავს თან.
- ვის შეიძლება განუვითარდეს ასეთი არითმია?
- სიცოცხლისთვის საშიში არითმიის რისკფაქტორებია:
- დატვირთული მემკვიდრეობა - უეცარი კარდიული სიკვდილი პირველი რიგის ნათესავებში;
- ანამნეზში გულის იშემიური ან სხვა სტრუქტურული დაავადება.
- რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
- თუ გულის ფრიალი და ტაქიკარდია ხშირად მეორდება ან უბრალოდ ძლიერ შფოთვას იწვევს, მით უმეტეს, თუ გაქვთ გულის რომელიმე პათოლოგია, აუცილებლად ეჩვენეთ კარდიოლოგს ან რითმოლოგს.
- როგორ ხდება არიტმიის დიაგნოსტირება?
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ობიექტურ სურათს იძლევა ისეთი გამოკვლევები, როგორიც არის ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა, 24-საათიანი ეკგ-მონიტორირება და დატვირთვის ტესტები (ტრედმილი, ველოერგომეტრია - ეკგ დატვირთვით). არსებობს ინტრაკარდიული კვლევებიც - გულშიგა კვლევა კათეტერის დახმარებით და სხვა.
- რას გულისხმობს არიტმიების მკურნალობა?
- არითმიის მკურნალობა მის მიზეზზეა დამოკიდებული (როგორც ვთქვით, მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროცირკულატორული დისტონია, თირეოტოქსიკოზი, მიოკარდიტი, გულის მანკი, ალკოჰოლიზმი, ელექტროლიტური დისბალანსი, ინფექციური პათოლოგია და სხვა). გულის პათოლოგიით გამოწვეული არითმიები გამომწვევი დაავადების მკურნალობასაც მოითხოვს. ანტიარიტმიული პრეპარატები ინიშნება ინდივიდუალურად. პრეპარატების უეფექტობის შემთხვევაში პარკუჭოვანი არიტმიების დროს მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას (რადიოსიხშირული აბლაცია), ბრადიარიტმიების დროს - კარდიოსტიმულატორის ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას.
- როგორ მკურნალობენ ფატალურ არითმიებს?
- პარკუჭოვანი ფიბრილაციის მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა დეფიბრილაცია, ანუ ელექტრული შოკი, რომელიც დეფიბრილატორით ხორციელდება. სასწრაფო დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იყენებენ გარეგანი მოხმარების დეფიბრილატორებს - ასეთი არითმია ხშირად უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზად იქცევა, მისი მკურნალობა კი დროულ დეფიბრილაციას მოითხოვს. დეფიბრილატორი არიტმიის დაწყებისთანავე ამოქმედდება.
არსებობს მცირე ზომის, იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, რომელიც 80 გ-ს იწონის. იგი კანქვეშ ინერგება და ელექტროდით უკავშირდება გულს. ეს არის უნიკალური აპარატი, რადგან შეუძლია ამოიცნოს, როდის იწყება არიტმია, რა ტიპისაა და საჭიროა თუ არა შოკური თერაპია, ხოლო თუ არიტმია სიცოცხლისთვის საშიშია, მყისვე ახორციელებს ელექტრულ შოკს.
- რამდენი ხანი ძლებს ასეთი აპარატი? აუცილებელია თუ არა მისი გამოცვლა დროთა განმავლობაში?
- აპარატის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 5-7 წელია, შემდეგ კი უნდა გამოიცვალოს.
პაროქსიზმული ტაქიკარდიის მოხსნის მექანიკური მეთოდები
პაროქსიზმული ტაქიკარდიის ხანმოკლე შეტევები ხშირად თავისთავად წყდება, ხანგრძლივი შეტევისას კი შეგიძლიათ ძალიან ფრთხილად მოსინჯოთ რეფლექტორული ზემოქმედების მექანიკური მეთოდები:
- ავადმყოფი მოათავსეთ ჰორიზონტალურად. დააჭირეთ ცერა თითები დახუჭული თვალის კაკლებზე და სთხოვეთ, 3-4 ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვა შეიკავოს. ცერა თითების წვერებით დააწექით თვალბუდის ზემოთ რკალებზე. ზეწოლა განაგრძეთ 3-4 წამი. ამ პროცედურამ უნდა გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება (უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი). პარალელურად ყურადღება მიაქციეთ გულისცემის სიხშირეს. პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ 2-3 წუთის შემდეგ. უკუნაჩვენებია ახლომხედველებისთვის.
- დააწვინეთ ავადმყოფი ჰორიზონტალურად, თავი გვერდზე გადაუწიეთ. მოსინჯეთ საძილე არტერია ქვედა ყბის კუთხეში, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის წინ. 10-20 წამის განმავლობაში მეორე და მესამე თითებით აკეთეთ საძილე არტერიის მასაჟი. ზეწოლის ძალა თანდათან გაზარდეთ. როგორც კი გულის ფრიალის შეტევა შეწყდება, მასაჟიც შეწყვიტეთ.
- ავადმყოფს სთხოვეთ, ღრმად ჩაისუნთქოს და სუნთქვა შეიკავოს, შემდეგ პირი მოკუმოს, ცხვირი დაიცოს და გაიჭინთოს.