ექოკარდიოსკოპია

- ექოკარდიოსკოპია კარგა ხანია ეკუთვნის იმ გამოკვლევათა რიცხვს, რომლებიც პაციენტთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.რას ემყარება აღნიშნული კვლევა და რა ინფორმაციას იღებს ექიმი მისი საშუალებით?
- ექოკარდიოგრაფია ულტრაბგერითი (მაღალი სიხშირის ბგერით) გამოკვლევის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ფართოდ გამოყენებული არაინვაზიური გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გულის, მისი კამერების (ღრუების, ნაწილების) სტრუქტურულ თავისებურებათა, ზომების, ფორმების გამოვლენა, გულის კედლების, სარქვლოვანი აპარატის აგებულების, გულის კუმშვისა და ავსების ფუნქციის, გულშიგა სისხლის მიმოქცევის შეფასება.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ექოკარდიოგრაფიის როლი გულის სარქვლოვანი დაავადებების (მანკების) დიაგნოსტიკასა და ადეკვატური მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრაში. ახლო წარსულში, როდესაც ექოკარდიოსკოპია ჯერ კიდევ არ იყო დანერგილი, გულის სარქვლოვანი პათოლოგიების, კარდიომიოპათიებისა და პერიკარდიუმის დაავადებების დიაგნოსტირება მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ხდებოდა. ამის გამო ხშირი იყო ჰიპერ და ჰიპოდიაგნოსტიკა, შედეგად პაციენტებს უტარდებოდათ არასწორი ან არაადეკვატური მკურნალობა.
დღევანდელი აპარატურის წყალობით მსგავსი დიაგნოსტიკური ცდომილებანი ძალიან იშვიათია. თანამედროვე ექოსკოპია არათუ ორგანზომილებიან სივრცეში იძლევა გულის ვიზუალიზაციის საშუალებას, არამედ შეუძლია სამგანზომილებიან ჭრილში დროში რეალური გამოსახულების მიღება, რაც აადვილებს თანდაყოლილი პათოლოგიებისა თუ კარდიომიოპათიების, სარქვლოვანი პათოლოგიების (მანკების), ასევე გულის მოცულობითი დაავადებებისა და სისტემური ემბოლიის მიზეზების (სიმსივნე, თრომბი, ვეგეტაცია) დიაგნოსტიკას.
- რა ინფორმაციას გვაწვდის დოპლეროგრაფია, როდის არის ის ნაჩვენები?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- დოპლეროექოკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს, თვალყური ვადევნოთ სისხლის ნაწილაკების მოძრაობას, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევას გულსა და სისხლძარღვებში. მისი მეშვეობით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ პათოლოგიური ნაკადების არსებობა და ისინი ხარისხობრივად შევაფასოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოპლეროგრაფია სარქვლოვანი დაავადებებისა (სტენოზი, ნაკლოვანება) და გულშიდა შუნტების კვლევისათვის. დოპლეროექოკარდიოგრაფიის ჩვენებები, ისევე როგორც საზოგადოდ ექოკარდიოგრაფიისა, მკაცრად განსაზღვრულია, ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
- ალბათ ექოკარდიოსკოპიის ფართოდ დანერგვისა და პაციენტთა შორის პოპულარობის შედეგია, რომ ბოლო ხანს ჩვენი მკითხველები ხშირად გვთხოვენ დახმარებას ამა თუ იმ დასკვნის ინტერპრეტაციაში. მრავალი შეკითხვა ეხება ექოკარდიოსკოპიით დადგენილ "მარცხენა პარკუჭის დიასტოლურ დისფუნქციას", "ჰიპერტროფიული ტიპის დიასტოლურ დისფუნქციას". რას გულისხმობს ეს ორი დიაგნოზი, რამდენად სერიოზულია მდგომარეობა?
- გულის ფუნქცია მისი ავსებისა და სისხლის გადატუმბვის უნარზეა დამოკიდებული. ამ ორი პროცესის მონაცვლეობას განაპირობებს გულის მოდუნებისა და შეკუმშვის პროცესების თანმიმდევრობა ანუ დიასტოლური და სისტოლური ფუნქცია.
კუმშვადი ფუნქციის დარღვევა სისტოლური დისფუნქციაა, ხოლო ავსების ფუნქციისა - დიასტოლური. ასაკის მატებასთან ერთად გულის დიასტოლური ფუნქცია რამდენადმე ირღვევა, რაც განსაკუთრებულ პათოლოგიად არ განიხილება და ნორმის ვარიანტად არის მიჩნეული, თუმცა სხვა სიტუაციაში დადგენილია, რომ დიასტოლური დისფუნქცია ასოცირებულია გულის უკმარისობის განვითარების მაღალ რისკთან ან თავად არის გულის უკმარისობის სიმპტომატიკაზე პასუხისმგებელი.
სხვადასხვა დაავადების გავლენით გულის კუნთი, მიოკარდიუმი, მყიფე, ნაკლებ დრეკადი ხდება, რაც ხელს უშლის მის მოდუნებას, შესაბამისად, ავსებასაც, ამიტომ გული იღებს და გადატუმბავს ნაკლები მოცულობის სისხლს, აღნიშნული ცვლილება კი გულის უფრო მეტად დატვირთვის აუცილებლობის შემთხვევაში არღვევს მიოკარდიუმის ადაპტაციის უნარს და ხელს უწყობს გულის უკმარისობის განვითარებას, ამიტომ რიგ შემთხვევაში აუცილებელია დიასტოლური დისფუნქციის გამომწვევი დაავადებებისა და რისკფაქტორების აგრესიული მკურნალობა. ასეთ დაავადებათა შორის უნდა აღვნიშნოთ არტერიული ჰიპერტენზია, კორონარული არტერიების დაავადება, სარქვლოვანი პათოლოგიები, პერიკარდიუმის დაავადებები და სხვა.
ჰიპერტროფიული ტიპის დიასტოლური დისფუნქცია გულისხმობს I ტიპის დიასტოლური ფუნქციის - ეგრეთ წოდებული რელაქსაციის (მოდუნების) - დარღვევას. ეს უკანასკნელი შედარებით მსუბუქი ფორმაა, დიასტოლური ფუნქციის დარღვევის პირველი სტადიაა, რომელიც შემდგომ შესაძლოა პროგრესირებდეს. იზოლირებული დიასტოლური დისფუნქცია ხშირად წინ უძღვის სისტოლური ფუნქციის დარღვევას ან სისტოლურ დისფუნქციასთან ერთად ვლინდება.
- რას აღნიშნავს ტერმინი "განდევნის ფრაქცია", მისი რომელი ცვლილებაა საყურადღებო?
- გულის სისტოლურ (კუმშვად) ფუნქციას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. მათ შორის მნიშვნელოვანია პრედატვირთვა (ანუ გულთან მისული სისხლის მოცულობა), პოსტდატვირთვა (ანუ გულის შემდგომი დატვირთვა - აორტის რეზისტენტობა, კედლის სტრესი), გულისცემის სიხშირე, მიოკარდიუმის კუმშვადობა. გულის კუმშვადი ფუნქციის რაოდენობრივი მახასიათებელია წუთში გადმოსროლილი სისხლის მოცულობა (გულის წუთმოცულობა), რომელსაც გამოთვლიან ერთი შეკუმშვისას გადმოსროლილი (დარტყმითი მოცულობა) სისხლის მოცულობის გულისცემის სიხშირეზე გამრავლებით.
ვინაიდან ყველა ზემოხსენებული პარამეტრი დროში ცვალებადია, ყველა მათგანის ექოსკოპიური შეფასება ძნელია, ამიტომ გულის სისტოლური ფუნქციის შესაფასებლად შეიქმნა სპეციფიკური მაჩვენებელი - განდევნის ფრაქცია. განდევნის ფრაქცია წარმოადგენს გულის როგორც ტუმბოს ფუნქციის რაოდენობრივ მახასიათებელს. მისი ნორმის ზღვარი 55-70%-ია. განდევნის ფრაქციის ნორმიდან ნებისმიერი გადახრა საყურადღებოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაქვეითება, რაც გულის სისტოლური ფუნქციის დარღვევაზე (უკმარისობაზე) მიანიშნებს.
- პაციენტები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვებით ექოსკოპიისას გამოვლენილი მიტრალური თუ აორტული რეგურგიტაციის შესახებ. რას ნიშნავს ეს ტერმინი?
- გული ოთხი ნაწილისგან ან, როგორც ჩვენ ვამბობთ, ოთხი კამერისგან შედგება. ესენია ორი - მარჯვენა და მარცხენა - წინაგული და ორი პარკუჭი. წინაგულებსა და პარკუჭებს შორის ეგრეთ წოდებული ატრიოვენტრიკულური სარქვლებია მოთავსებული.
გულის მარცხენა ნაწილებს შორის მდებარეობს მიტრალური ანუ ორკარიანი სარქველი, ხოლო მარჯვენა ნაწილებს შორის ტრიკუსპიდური ანუ სამკარიანი სარქველი. ასევე მნიშვნელოვანია ფილტვის არტერიისა და აორტის სარქვლები, რომლებიც გულს დიდ სისხლძარღვებთან აკავშირებენ. თითოეული სარქვლის ფუნქციაა სისხლის გადაწოდება გულის ერთი ნაწილიდან მეორეში და/ან სისხლძარღვებში. სარქვლის ფუნქცია ერთგვარად იმ კარების (შესასვლელის) ფუნქციას ჰგავს, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს შემსვლელთა ნაკადს. ნორმალურ სიტუაციაში სარქველიც სისხლს ატარებს მხოლოდ ერთი მიმართულებით და მხოლოდ მაშინ, როცა ღიაა. დახურულ მდგომარეობაში კი სარქველი ხელს უშლის სისხლის ნაკადის უკუდინებას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ფიზიოლოგიურ პირობებში შესაძლოა სისხლის ნაკადის უკუდინება მინიმალურად არსებობდეს. რეგურგიტაცია სწორედ ნაკადის უკუდინებას ნიშნავს.
მიტრალური რეგურგიტაციის შემთხვევაში სისხლის ნაკადი ბრუნდება მარცხენა წინაგულში, აორტული რეგურგიტაციისას კი აორტიდან სისხლის ნაკადი ბრუნდება მარცხენა პარკუჭში.
იმის მიხედვით, თუ რა ხარისხისაა ნაკლოვანება ან რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, განსხვავებულია პაციენტის მდგომარეობა, კლინიკური სიმპტომები და ბუნებრივია, მკურნალობის ტაქტიკაც. შესაძლოა შემოვიფარგლოთ მხოლოდ პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებით ან საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობა. მძიმე შემთხვევებისას შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციული ჩარევა.