გულით ავადმყოფებისთვის ღამე ნამდვილი სატანჯველია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის დაავადებები და ძილი

რა პროცესები მიმდინარეობს ღამით ჩვენს ორგანიზმში და გულის რომელი დაავადებები მწვავდება ამ დროს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჟვანია.

- ქალბატონო ნინო, რისი ბრალია ღამით გულის დაავადებების გამწვავება?- ღამით ყველა დაავადების გამწვავება განპირობებულია ერთი მხრივ ორგანიზმში მიმდინარე იმ პროცესებით, რომლებიც ღამით მძაფრდება (ორგანიზმის სადღეღამისო რიტმის შესაბამისად), მეორე მხრივ კი იმ ცვლილებებით, რომლებიც მთვარის ენერგიის გავლენით არის გამოწვეული.

- გულის რომელი პათოლოგიების გამწვავება ან განვითარებაა მოსალოდნელი ღამით? როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- უპირველეს ყოვლისა, მიოკარდიუმის ინფარქტისა. მისთვის დამახასიათებელია შემდეგი მოვლენები: გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან, აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარცხენა ბეჭში, ხელსა და კისერში. ზოგ შემთხვევაში ინფარქტი ასთმური ვარიანტით - სუნთქვის გაძნელებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი აბდომინალური ვარიანტით, რომელსაც კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ახასიათებს. ტკივილი 20 წუთზე მეტხანს გრძელდება, თან სდევს შფოთვა, ცივი ოფლი, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ - ძლიერი შიშის შეგრძნება, საერთო სისუსტე. ხშირად ეს მოვლენები იწყება სისხლის მაღალი არტერიული წნევის ფონზე, თუმცა ინფარქტის ჩამოყალიბების შემდეგ წნევა ეცემა.

მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის შემთხვევაში (გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მკერდის ძვლის უკან, ძლიერი ტკივილის დროს) ავადმყოფს სასწრაფოდ უნდა დავუდოთ ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ, თუ საშუალება გვაქვს, გავუკეთოთ ტკივილგამაყუჩებელი ნემსიც.

თუ ნიტროგლიცერინის მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი არ ჩაცხრა ან არ შემცირდა მაინც, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტთან და დაუყოვნებლივ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, რათა გაკეთდეს ელექტროკარდიოგრამა, რომელიც დიაგნოზის დასმაში დაგვეხმარება.

მიოკარდიუმის ინფარქტის აბდომინალური ფორმის ნიშნები ძალიან ჰგავს ნაწლავური ინტოქსიკაციის ნიშნებს, ამიტომ ავადმყოფს მანამდე არ უნდა მივცეთ კუჭის გამწმენდი საშუალება, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ გულის დაავადება გამორიცხულია.

ღამით მოსალოდნელია პრინცმეტალის სტენოკარდიის შეტევების განვითარებაც. პრინცმეტალის სტენოკარდია (მას ვაზოსპასტიკურ სტენოკარდიასაც უწოდებენ) ვითარდება ღამით, მოსვენებისას. ამ დროს ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს ST სეგმენტის ელევაცია, რომელსაც გარდამავალი, ხანმოკლე ხასიათი აქვს და, წესისამებრ, უშუალოდ შეტევის დროს აღინიშნება. პრინცმეტალის სტენოკარდია უმეტესად 51-57 წლის მამაკაცებს ემართებათ. მისი განვითარების მექანიზმი, ისევე როგორც ღამით განვითარების მიზეზი, დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ მას საფუძვლად უდევს კორონარული არტერიების ძლიერი სპაზმი, რომელსაც ამ სისხლძარღვის ხანმოკლე დინამიური ოკლუზია მოჰყვება.

მიიჩნევა, რომ ამ სპაზმის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს ენდოთელიუმის ფუნქციის მოშლა, რასაც თან სდევს ძლიერი ვაზოკონსტრიქტორის (სისხლძარღვების შემავიწროებელი ნივთიერების) ენდოთელინის გამომუშავება.

პრინცმეტალის სტენოკარდიაზე ეჭვის შემთხვევაში ტაქტიკა ისეთივეა, როგორიც მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის დროს: ავადმყოფს ენის ქვეშ ნიტროგლიცერინი უნდა დავუდოთ და თუ 5-10 წუთის შემდეგ შეტევამ არ გაიარა, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

- მოსალოდნელია თუ არა ღამით კარდიული ასთმის შეტევის განვითარება?

- კარდიული ასთმის შეტევები უმეტესად სწორედ ღამით, გამთენიისას ვითარდება. ამ დროს ადამიანს უჭირს სუნთქვა, სუნთქავს ხმაურით, ზოგჯერ ხროტინითაც, ახველებს, ზოგჯერ პირიდან ამოსდის ქაფიანი, მოვარდისფრო, სისხლიანი ნახველი, სუნთქვის გაძნელების გამო უჭირს წოლა და იძულებული ხდება, წამოჯდეს.

კარდიული ასთმის შეტევის დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, ავადმყოფის ოჯახის წევრებმა კი კარდიული ასთმის შეტევა შეიძლება დაავადების ისტორიიდან გამომდინარე ივარაუდონ, რადგან კარდიული ასთმა უმთავრესად გულის ქრონიკული უკმარისობის ფონზე ვითარდება. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, პირველი დახმარებისთვის კი შეგვიძლია გამოვიყენოთ წნევის დამწევი და შარდმდენი პრეპარატები. უმჯობესია, შარდმდენი პრეპარატი გაკეთდეს ინექციის სახით, ინტრავენურად, უკიდურეს შემთხვევაში - კუნთში.


- იმატებს თუ არა ღამით არტერიული წნევა?

- პაციენტთა უმრავლესობას სისხლის არტერიული წნევის მომატება გამთენიის ხანს აღენიშნება. ჰიპერტონიული კრიზიც უმეტესად ამ დროს ვითარდება. სისხლის არტერიული წნევის მომატება ძნელი ამოსაცნობი არ არის. მას თან სდევს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ - ტკივილი გულის არეში. ასეთ დროს საკმარისია გაიზომოს სისხლის არტერიული წნევა, რომ დადგინდეს ამ მდგომარეობის მიზეზი. ჰიპერტონიული კრიზი კი არის სისხლის არტერიული წნევის სწრაფი და ძლიერი მომატება, რასაც თან სდევს თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და/ან თირკმელების სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი გაუარესება.

ჰიპერტონიული კრიზი ვითარდება სხვადასხვა ფაქტორის გავლენით. ეს ფაქტორები შესაძლია იყოს ძლიერი ფსიქოემოციური გადატვირთვა, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღება...

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, ჰიპერტონიულ კრიზად უნდა ჩაითვალოს სისხლის დიასტოლური წნევის მომატება არანაკლებ 120 მმ -მდე, თუმცა კრიზის სიმპტომები ხშირად ვითარდება უფრო დაბალი წნევის ფონზეც. როდესაც ჰიპერტონიულ კრიზს ვეჭვობთ, უნდა მივმართოთ ექიმს, ღამით - სასწრაფო დახმარების ბრიგადას, მანამდე კი ავადმყოფს მივცეთ არა მარტო წნევის დამწევი, არამედ დამამშვიდებელი საშუალებაც.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ გულის შეტევისას ავადმყოფებს წოლა უჭირთ...

- საზოგადოდ, წოლის მანერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანმრთელი ადამიანები ღამით უმეტესად ზურგზე წვანან. მათ უქვეითდებათ სიმპათიკური და უაქტიურდებათ პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა, რაც ამცირებს გულის კუმშვადობას და წუთმოცულობას. შეიძლება ითქვას, რომ გული ეკონომიურ რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებს, მათ 50%-ზე მეტს აღენიშნება ამა თუ იმ ფორმით გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მათ ღამით გულის მუშაობის რეგულაცია ასე გამოკვეთილი არ აქვთ, ამიტომ ზურგზე წოლისას ხშირად ეძაბებათ სასუნთქი სისტემა, უწევთ ინტრათორაკალური (გულმკერდის შიგნითა) წნევა, უმწვავდებათ სუნთქვის უკმარისობა, უვითარდებათ ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის უკმარისობა), ერღვევათ ენდოთელიუმის ფუნქცია...

- რატომ არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები უმეტესად ღამით ვითარდება?

- ბოლო ხანს კანადაში, ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით როგორც ჰიპერტონიის, ისე გულის უკმარისობის გამწვავება მჭიდროდ უკავშირდება სუნთქვის გაძნელებას, რომელიც აღენიშნებათ როგორც გულის უკმარისობის, ისე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს. საქმე ეხება როგორც ცენტრალური, ისე ობსტრუქციული ხასიათის სუნთქვის დარღვევას. სუნთქვის გაძნელებას მოჰყვება ქსოვილების ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), რომელიც, თავის მხრივ, ზრდის გულის დატვირთვას და პოსტდატვირთვას, სიმპათიკურ აქტივაციას, რასაც მოჰყვება გულისცემის გახშირება, სისხლძარღვების შევიწროება, ენდოთელიუმის დისფუნქცია. ენდოთელიუმის დისფუნქციის ფონზე ჭარბად გამოიყოფა ენდოთელინი, რომელიც ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ნივთიერება). სისხლძარღვების შევიწროება კი, როგორც ვიცით, იწვევს სისხლის არტერიული წნევის მომატებას, რასაც შესაძლოა ჰიპერტონიული კრიზის ან კარდიული ასთმის განვითარება მოჰყვეს.