სისტემური სოკოვანი ინფექციები - მიკოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისტემური სოკოვანი ინფექციები - მიკოზები

ოპორტუნისტული სოკოვანი ინფექციები

იმუნიტეტის დასუსტება, რომლის ფონზეც ვითარდება ოპორტუნისტული სისტემური სოკოვანი ინფექცია, შესაძლოა გამოწვეული იყოს შიდსით, აზოტემიით, შაქრიანი დიაბეტით, ლიმფომით, ლეიკემიით ან სისხლის სისტემის სხვა სიმსივნით, დამწვრობით, გლუკოკორტიკოიდებით (ჰორმონებით), იმუნოსუპრესანტებით (იმუნური სისტემის დამთრგუნველებით), ანტიმეტაბოლიტებით მკურნალობით. იმუნური დარღვევა ასევე უვითარდებათ პაციენტებს, რომელთაც რამდენიმე დღის გატარება უწევთ ინტენსიური მოვლის პალატაში. ამის მიზეზია სამედიცინო პროცედურები, თანმხლები დაავადებები და/ან კვების დაქვეითება. ოპორტუნისტული სისტემური სოკოვანი ინფექციის ტიპური მაგალითებია:

  • კანდიდიაზი;
  • ასპერგილოზი;
  • მაკრომიკოზი (ზიგომიკოზი);
  • ფუზარიოზი.

სისტემური მიკოზი, რომლიც იმუნურ სისტემა დაზიანებულ პაციენტებს ემართებათ, ხშირად მწვავედ გამოვლინდება სწრაფად პროგრესებადი ფილტვების ანთებით, ფუნგემიით (სისხლის სოკოვანი ინფექციით) ან პროცესის ფილტვგარეთ გავრცელებით.

პირველადი სოკოვანი ინფექციები

ეს ინფექციები, ჩვეულებრივ, სოკოს სპორების შესუნთქვის შემდეგ ვითარდება. ფილტვების ანთება ინფექციის პირველი გამოხატულებაა. ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირებთან სისტემურ სოკოვან ინფექციას ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს, გავრცობილი (დისემინირებული) პროცესი ფილტვების ანთებითა და სეპტიცემიით იშვიათია და თუ სოკოვანი ინფექცია განვითარდა,ის ნელა პროგრესირებს. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე და დიაგნოზის დასმამდე შესაძლოა თვეებიც გავიდეს. ასეთი ქრონიკული მიკოზის დროს სიმპტომები იშვიათადაა თვალსაჩინო, თუმცა შესაძლოა თავი იჩინოს ცხელებამ, შემცივნებამ, ღამის ოფლიანობამ, უმადობამ, წონის კლებამ, სისუსტემ, დეპრესიულმა განწყობამ. ზიანდება სხვადასხვა ორგანო და კლინიკური სურათიც ამის შესაბამისია. პირველად სოკოვან ინფექციებს, განსაკუთრებით - ეგრეთ წოდებულ ენდემურ მიკოზებს, თავისებური გეოგრაფიული გავრცელება ახასიათებს. მაგალითად:

  • კოქციდიოიდომიკოზი შემოიფარგლება უმთავრესად ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთი და მექსიკის ჩრდილოეთ რეგიონებით;
  • ჰისტოპლაზმოზი, უპირველეს ყოვლისა, გვხვდება აშშ-ის აღმოსავლეთსა და შუა დასავლეთში;
  • ბლასომიკოზი შემოიფარგლება ჩრდილოეთი ამერიკითა და აფრიკით;
  • პარაკოქციდიოიდომიკოზი (წინათ მას სამხრეთამერიკულ ბლასტომიკოზს უწოდებდნენ) მხოლოდ აღნიშნულ კონტინენტზეა გავრცელებული.

მოგზაურებს ამ დაავადებების სიმპტომები შესაძლოა გამოაჩნდეთ ენდემური რეგიონებიდან დაბრუნებიდან დიდი ხნის შემდეგ. როცა სოკო ფილტვში არსებული პირველი კერიდან მის გარეთაც ვრცელდება, შესაძლოა ჩამოყალიბდეს დამახასიათებელი სურათი, კერძოდ:

  • კრიპტოკოკოზის დროს - ქრონიკული მენინგიტი;
  • პროგრესირებადი დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის დროს - რეტიკულოენდოთელური სისტემის (ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი) გენერალიზებული დაზიანება;
  • ბლატომიკოზის დროს - კანის ერთი ან მრავალი უბნის ან პროსტატის დაზიანება;
  • კოქციდიოიდომიკოზის დროს - ძვლისა და სახსრების ინფექცია, კანის დაზიანება, მენინგიტი.

დიაგნოზი

სოკოვანი ინფექციის დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება:

  • მიკროსკოპიული კვლევა, კულტურალური კვლევა (სოკოს გაზრდა სპეციალურ ნიადაგზე);
  • სეროლოგიური კვლევები - აქტუალურია ასპერგილოზის, ბლასტომიკოზის, კანდიდოზის, კრიპტოკოკოზის, ჰისტოპლაზმოზის დროს;
  • ჰისტოლოგიური (ქსოვილის) კვლევა.

როცა ექიმი მწვავე ან ქრონიკულ პირველად სოკოვან ინფექციას ვარაუდობს, ის დეტალურად შეისწავლის პაციენტის მოგზაურობისა თუ საყოფაცხოვრებო ისტორიას, რათა განსაზღვროს ინფიცირების გზა - ეს შესაძლოა წლების წინათ მომხდარიყო. ფილტვის სოკოვანი ინფექცია მოითხოვს დიფერენცირებას ტუბერკულოზისგან,ფილტვის სიმსივნისგან. ამ დროს იღებენ მასალას მისი კულტურალური და ქსოვილოვანი აგებულების შესწავლისთვის. შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ნახველის გამოკვლევაც, თუმცა ზოგჯერ აუცილებელია ბრონქოალვეოლური ლავაჟი (ბრონქოსკოპიით მიღებული სითხის გამოკვლევა), ტრანსთორაკალური (გულმკერდიდან) ბიოფსია ნემსით, ქირურგიულად მიღებული მასალის შესწავლა. პირველადი სისტემური მიკოზის გამომწვევი სოკოს ამოცნობა ქსოვილის შესწავლით ძნელი არ არის, თუმცა სპეციფიკური დიაგნოზის დასასმელად და კონკრეტული სოკოს იდენტიფიცირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სოკოვანი კულტურა. უნდა ითქვას ისიც,რომ ნახველის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა საკამათოა, როცა ვლინდება ნორმალური (მაგალითად, კანდიდა ალბიკანსი) ან გარემოში არსებული (მაგალითად, ასპერგილა) ფლორა, ამიტომ დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა აუცილებელი გახდეს სოკოვანი ინფექციის არსებობის სხვა მტკიცებულებები - ორგანიზმის იმუნური სისტემის დათრგუნვა, სეროლოგიური კვლევის დადებითი შედეგი, ქსოვილების დაზიანება.

ბლასტომიკოზი

ფილტვების ბლასტომიკოზი თანდათანობით იწყება ცხელებით, შემცივნებით, ოფლიანობით. მოსალოდნელია აგრეთვე გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე. ფილტვების ინფექცია, ჩვეულებრივ, ნელა პროგრესირებს. ზოგჯერ პაციენტები მკურნალობის გარეშეც მომჯობინდებიან ხოლმე. თუ პროცესი განივრცო, ბლასტომიკოზმა შესაძლოა ორგანიზმის მრავალი არე დააზიანოს, თუმცა ყველაზე მეტად ზიანდებაკანი,ძვლები, შარდსასქესო სისტემა (პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - ჩათვლით). კანის ინფექცია იწყება ძალიან მცირერიცხოვანიგამონაყარით, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ჩირქს. ინფიცირებული ძვლების ზემოთ ქსოვილები შუპდება, მტკივნეულია. მამაკაცებს შესაძლოა განუვითარდეთ სათესლე ჯირკვლების ან პროსტატის ინფექცია, რასაც ტკივილი და დისკომფორტი მოჰყვება.

კანდიდიაზი

ამ სოკოვან ინფექციას ყველა იცნობს პირის ღრუს დამახასიათებელი დაზიანებით. მან შესაძლოა დააზიანოს საყლაპავიც, რაც ყლაპვის დროს ტკივილს იწვევს. კანის დაზიანება გამონაყარით გამოვლინდება. გაცილებით სერიოზულია მდგომარეობა, როცა პროცესი სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება. იწყება ცხელება, გულის მოსმენისას ისმის შუილი, დიდდება ელენთა, ზოგჯერ ვითარდება შოკიც, რომლისთვისაც დამახასიათებელია წნევის დაცემა და შარდის გამოყოფის შემცირება. ბადურასა და თვალის შიდა ნაწილის ინფექცია შესაძლოა სიბრმავით დასრულდეს. მძიმე ინფექციის დროს ზიანდება თითქმის ყველა ორგანო, პაციენტი კვდება.


კოქციდიოიდომიკოზი

პაციენტთა დიდ ნაწილთან მწვავე პირველადი კოქციდიოიდომიკოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდეგ. ისინი სუსტადაა გამოხატული და გაციების ნიშნებს ჰგავს. მოიცავს ხველას, ცხელებას, შემცივნებას, გულმკერდის ტკივილს, ზოგჯერ - ქოშინს. გამორიცხული არ არის სისხლიანი ნახველის გამოყოფა. ზოგჯერ ვითარდება კონიუნქტივიტი, ართრიტი (სახსრების ანთება), კანზე ჩნდება დამახასიათებელი კვანძოვანი ელემენტები - კვანძოვანი ერითემა. ეს არის ალერგიული რეაქცია სოკოზე და იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი ეფექტურად ეწინააღმდეგება ინფექციას. დაავადების პროგრესული ფორმა იშვიათია და შესაძლოა, ინფიცირებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგ აღმოცენდეს. მას ახასიათებს ზომიერი ცხელება, უმადობა, წონის დაქვეითება, სისუსტე. ფილტვის ინფექციის პროგრესირებისას ვითარდება ქოშინი. პროცესი ფილტვიდან შესაძლოა გავრცელდეს ძვლებზე, სახსრებზე, ღვიძლზე, ელენთაზე, თირკმელზე. გამორიცხული არ არის ტვინისა და მისი გარსების ინფიცირება. ამ უკანასკნელს მენინგიტამდე მივყავართ. ინფექცია ხშირად ქრონიკულია, იწვევს თავის ტკივილს, კონფუზიას, წონასწორობის დარღვევას, მხედველობის გაორებას, სხვა დარღვევებს. არანამკურნალევი მენინგიტი სასიკვდილოა.

კრიპტოკოკოზი

კრიპტოკოკი, ჩვეულებრივ, სუსტ სიმპტომებს იწვევს. უფრო მკვეთრი სიმპტომები აღმოცენდება, როცა ვითარდება:

  • მენინგიტი - თავის ტკივილი, გონების დაბინდვა;
  • ფილტვის ინფექცია - ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ - გულმკერდის ტკივილით, ხველით, მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის გაძნელებით;
  • კანის ინფექცია - გამონაყარი, ზოგჯერ - ჩირქოვანი, ჭრილობები.

ჰისტოპლაზმოზი

ჰისტოპლაზმოზი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ქვემოთ აღწერილ სამ ფორმას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ფილტვის მწვავე ჰისტოპლაზმოზი

სპორების ჩასუნთქვიდან 3-21 დღეში ვითარდება სისუსტე, ტემპერატურის მომატება, ხველა, გაციების მსგავსი სიმპტომები. მკურნალობის გარეშე ეს ყველაფერი უმეტესად ორ კვირაში უკუვითარდება და იშვიათად გასტანს ექვს კვირაზე მეტხანს. ეს ფორმა იშვიათადაა სასიკვდილო, თუმცა ასეთი დასასრულიც მოსალოდნელია პაციენტებთან, რომლებსაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ (მაგალითად, შიდსის დროს).

პროგრესირებადი დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი

ეს ფორმა ჯანმრთელ მოზრდილებთან, ჩვეულებრივ, არ გვხვდება. ის ვითარდება ჩვილებთან ან ძალიან პატარა ბავშვებთან იმუნური სისტემის სისუსტის დროს. თავდაპირველად ნიშნები ნაკლებშესამჩნევია - სისუსტე, ავადმყოფობის შეგრძნება. მდგომარეობა შესაძლოა ძალიან ნელა ან პირიქით, ძალიან სწრაფად პროგრესირებდეს. შესაძლოა გადიდდეს ღვიძლი, ელენთა, ლიმფური კვანძები, პირის ღრუსა და ნაწლავებში გაჩნდეს წყლულები. თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებისას ვითარდება მათი უკმარისობა - ადისონის დაავადება. მკურნალობის გარეშე ეს ფორმა ასიდან 90 შემთხვევაში სასიკვდილოა. შიდსით დაავადებულებთან დაავადება, მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა სწრაფად დამთავრდეს სიკვდილით.

ქრონიკული კავიტაციური ჰისტოპლაზმოზი

ფილტვის ეს ინფექცია თანდათანობით, კვირების განმავლობაში ვითარდება, იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. ახასიათებს წონის კლება, სუსტი ცხელება, საერთო სისუსტე. პაციენტთა უმრავლესობა მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდება 2-6 თვეში. თუმცა სუნთქვის გაძნელება შესაძლოა პროგრესირებდეს. ზოგჯერ აღმოცენდება სისხლიანი ხველა. ფილტვის ქსოვილი ირღვევა, ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. ფილტვის დაზიანება ან მისი ბაქტერიული ინვაზია შესაძლოა სიკვდილის მიზეზად იქცეს.

მაკრომიკოზი

მაკრომიკოზის სიმპტომებია ცხელება, თვალბუდის არის ტკივილი და ინფექცია - ორბიტალური ცელულიტი, დაზიანებული თვალის წინ წამოწევა - პროპტოზი. ცხვირიდან გამოიყოფა ჩირქი. ინფექციის შედეგად გამორიცხული არ არის სასის, სახის ძვლების, ცხვირის ძგიდის დესტრუქცია (დაშლა). ტვინის ინფექციამ შესაძლოა კრუნჩხვა, დამბლა და კომა გამოიწვიოს. ფილტვის მაკრომიკოზი იწვევს ცხელებას, ხველას, ზოგჯერ - სუნთქვის გაძნელებას. შესაძლოა სოკოვანი ინფექციის არტერიებში გავრცელება, თრომბის ფორმირება, ქსოვილების სიკვდილი. მკვდარ ქსოვილებში სოკოების გამრავლება იწვევს ქსოვილების შემდგომ კვდომას, მიმდებარე ქსოვილებიდან სისხლდენას.

პარაკოქციდიოიდომიკოზი

სოკოვანი ინფექციის ამ სახეობას ლიმფური კვანძების ინფიცირება, მათგან ჩირქის გამოყოფა, მაგრამ მცირე მტკივნეულობა ახასიათებს. უმეტესად ზიანდება კისრისა და იღლიის ლიმფური კვანძები. შესაძლოა პირის ღრუში მტკივნეული წყლულების გაჩენა. ფილტვის დაზიანებას მოსდევს ხველა და სუნთქვის გაძნელება. შესაძლოა გადიდდეს ღვიძლი და ელენთა. სიმპტომები დიდხანს გასტანს, თუმცა სასიკვდილო იშვიათადაა.

სპოროტრიქოზი

ინფექცია, ჩვეულებრივ, იწყება თითებზე გამონაყარით, კვანძებით, რომლებიც ნელა დიდდება და წყლულებს წარმოქმნის. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ თითების, მტევნის, ზედა კიდურის ლიმფური სადინარებით პროცესი ლიმფური კვანძებისკენ ვრცელდება და მათ გასწვრივ წყლულები ჩნდება. ამ სტადიაზეც კი ტკივილი უმნიშვნელოა ან საერთოდ არ შეინიშნება. სხვა სიმპტომები არ არსებობს. ეს ინფექცია იშვიათადაა სასიკვდილო. ფილტვის ინფექცია იწვევს ფილტვების ანთებას, გულმკერდის სუსტ ტკივილსა და ხველას. ის, ჩვეულებრივ, მათ ემართებათ, ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს. სახსრების ინფიცირებას ახასიათებს შეშუპება, მოძრაობისას მტკივნეულობა. იშვიათად ინფექცია სხვა არეებშიც ვრცელდება. ამ შემთხვევაში მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთი სოკოვანი ინფექცია, რომლის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია, არის ასპერგილოზი.

სისტემური მიკოზების მკურნალობა

ამჟამად არსებობს სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო მრავალი ეფექტური პრეპარატი, თუმცა სოკოების აგებულება და ქიმიური შემადგენლობა მათთან ბრძოლას ართულებს.ზემოთ აღწერილი სოკოვანი ინფექციების დროს აუცილებელია ანტიფუნგალური ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ტაბლეტების ან ინექციის სახით. შესაძლოა საჭირო გახდეს მათი მიღება ხანგრძლივად, თვეების განმავლობაში.