სეფსისის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ოპტიმალური ანტიმიკრობული თერაპიის ჩასატარებლად.
როგორ ზუსტდება ლაბორატორიულად სეფსისი? ამის შესახებ ექიმი ლაბორანტი იულია რაზმაძე გვესაუბრება.
- სეფსისის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა რამდენიმე კლინიკურ კვლევას ითვალისწინებს, მათ შორის - სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზებს, სისხლის სინჯების ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას, პროჰორმონთა კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლის პლაზმაში და რამდენიმე დამხმარე მეთოდს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეფსისის ბიომარკერების კვლევას, ისეთებისა, როგორებიცაა ალფა-2 მაკროგლობულინი, ცერულოპლაზმინი, პროჰორმონი პროკალციტონინი და ზოგიერთი ტიპის ანთებითი ციტოკინის კონცენტრაცია.
სეფსისის დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია, ინფექციის კერიდან ან სისხლიდან გამოიყოს დაავადების გამომწვევი, რისთვისაც ზოგჯერ რამდენიმე ცდაა საჭირო. ეს კულტურალური მეთოდია, რომლის წარმატებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. კერძოდ, არცთუ იშვიათად სპეციალისტები მცდარ პასუხს იღებენ უკვე ჩატარებული ანტიმიკრობული თერაპიის ან ინფექციის გამომწვევის ნელი ტემპით გამრავლების გამო. სწორედ მცდარი დასკვნების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო, სისხლის ანალიზი დადასტურდეს მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევით და პაციენტის კანზე გამონაყარისა და ლორწოვანი გარსების შესწავლით.
-
როგორ ხორციელდება სისხლის სინჯების ლაბორატორიული კვლევა კულტურალური მეთოდით?
- სხვადასხვა საკვებ ნიადაგზე გამოზრდიან ინფექციური კერიდან ან სისხლიდან აღებულ მასალას, მერე კი ნათესში ვლინდება მიკროორგანიზმი. თუმცა მისი აღმოუჩენლობა ყოველთვის არ ნიშნავს სეპტიცემიის არარსებობას.
დიაგნოზის დასადასტურებლად იღებენ სისხლის, სულ მცირე, ორ სინჯს - 10-10 მლ-ს 30-წუთიანი ინტერვალით ზედა კიდურის სხვადასხვა ვენიდან. რამდენადაც სისხლში გრამუარყოფითი ბაქტერიების რაოდენობა არ აჭარბებს მკლ-ზე 10-ს, აუცილებელია მრავლობითი დათესვა და ხანგრძლივი ინკუბაცია. ბაქტერიემია სეფსისის ასიდან მხოლოდ 70-80 შემთხვევაში ვლინდება.
განსაკუთრებით რთულია ანაერობული გამომწვევების გამოყოფა. ენდოკარდიული სეფსისის დროს იკვლევენ არა მხოლოდ ვენურ, არამედ არტერიულ სისხლსაც, საიდანაც სეფსისის გამომწვევთა გამოყოფა გაცილებით ხშირად ხდება.
ოქროსფერი სტაფილოკოკი სწრაფად მრავლდება, მისი აღმოჩენა შესაძლებელია უკვე 48 საათის შემდეგ. ხდება ისეც, რომ სისხლში გამომწვევი არის, მაგრამ მისი გამოვლენა ვერ ხერხდება.
უარყოფითი პასუხი შესაძლოა განპირობებული იყოს სამი მიზეზით:
- უკვე ჩატარებული ანტიმიკრობული თერაპიით;
- იმით, რომ გამომწვევი მასიურად არ არის სისხლში;
- გამომწვევი მრავლდება ჩვეულებრივზე ნელა და, ამასთან, არ მრავლდება ჩვეულ ნიადაგზე.
ამ შემთხვევაში სეფსისის ეტიოლოგიის დადგენაში გვეხმარება ინფექციის პირველადი კერიდან აღებული მასალის ან გამონაყარის ელემენტების ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ხშირად პაციენტები და მათი პატრონები განმეორებით კვლევას აპროტესტებენ. არადა, ეს აუცილებელია: ნებისმიერ გამომწვევს აქვს თავისი სასიცოცხლო ციკლი, რომლის დროსაც მისი აღმოჩენა შეუძლებელია, ამიტომ პირველივე ცდისას შესაძლოა ვერ აღმოვაჩინოთ.
დადებითი შედეგის მისაღებად საჭიროა სისხლის, ჩირქისა და პლევრის სითხის რამდენიმეგზისი გამოკვლევა.
-
სეფსისის დიაგნოსტიკისას არცთუ იშვიათად იკვლევენ ლიქვორს. რა ინფორმაციას გვაწვდის ის?
- მიკრობებისა და ანთების ნიშნების აღმოსაჩენად ტარდება ლიქვორის - თავზურგტვინის სითხის - კვლევაც, რომელიც სეფსისური პროცესის დროს თითქმის ყოველთვის ავლენს ლიმფოციტოზს და სეპტიკური ანთების ნიშნებს.
არსებობს სეფსისის ოტოგენური ფორმა, რომლის წყაროც თრომბოფლებიტია. ამ შემთხვევაში ლიქვორის კვლევისას შესაძლოა მენინგიტისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც გამოვლინდეს. მიკროორგანიზმის აღმოჩენის შემდეგ განისაზღვრება მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი, რაც აუცილებელია სათანადო თერაპიის ჩასატარებლად.
-
რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სისხლის პლაზმაში პროკალციტონინის კონცენტრაციის განსაზღვრა?
- ბაქტერიული ეტიოლოგიის სეფსისის დიაგნოზის დასაზუსტებლად მაღალსპეციფიკურია სისხლის პლაზმაში ისეთი პროჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრა, როგორიც პროკალციტონინია. ჯანმრთელი ადამიანის სისხლის პლაზმაში პროკალციტონინის კონცენტრაცია არ აღემატება 0,05 ნგ/მლ-ს. ბაქტერიული ეტიოლოგიის სისტემური ანთებისას 6-12 საათის განმავლობაში მისი კონცენტრაცია მკვეთრად იმატებს.
- 0,05-დან 0,5-მდე, ჩვეულებრივ, ინტერპრეტირდება როგორც პათოლოგიური მაჩვენებელი, რომელიც ადასტურებს ლოკალური ბაქტერიული ინფექციის არსებობას.
- 0,5-დან 2-მდე მიუთითებს სისტემური ინფექციის არსებობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ იძლევა სეფსისის დიაგნოზის დასმის საფუძველს. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ანალიზის განმეორება 6-24 საათის შემდეგ. 2-ზე მაღალი მაჩვენებელი უკვე მეტყველებს ინფექციური პროცესის სისტემურ ანთებით მიმდინარეობაზე, რომელიც სეფსისამდე მიდის.
- 10-ზე მაღალი მაჩვენებელი მძიმე სეფსისისა და სეფსისური შოკის რისკის მაუწყებელია.
პროცესის მიმდინარეობის განსასაზღვრად და პროგნოზისთვის აუცილებელია, ყოველდღიურად შემოწმდეს პროკალციტონინის კონცენტრაცია. ეს მნიშვნელოვან სიგნალებს გვაწვდის. თუ პროჰორმონის კონცენტრაცია დიდხანს დარჩა მაღალი, ჩნდება ეჭვი შერჩეული ანტიბიოტიკოთერაპიის ნაკლებეფექტიანობისა და ინფექციური კერის არასათანადო სანაციის თაობაზე.
გარდა ამისა, მაღალი მაჩვენებლის დიდხანს შენარჩუნებას ზოგჯერ საფუძველს უქმნის ზოგიერთი ინფექციური გენეზის პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, ქსოვილების მოცულობითი დაზიანება ტრავმის შედეგად, მძიმე დამწვრობა. ამ შემთხვევაში პროკალციტონინის მაჩვენებელს ახასიათებს ტრანზიტორული - გარდამავალი - კლება და მატება 2-დან 5-მდე, თუმცა ეს არ უნდა გაგრძელდეს 2-3 დღეზე მეტხანს.
-
რა მიზანი აქვს ჰემოლოგიურ კვლევებს?
- ჰემოლოგიური კვლევებია სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც თვალსაჩინოს ხდის ანთებით პროცესს, და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი მისი ელეტროლიტური შემადგენლობისა და შედედების უნარის დასადგენად. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრით; ნეიტროფილოზს სისხლში ნეიტროფილების ახალგაზრდა ფორმებით, ედსის მომატებულ მაჩვენებელს, რომელიც ზოგჯერ 50-60-ს აღწევს.
სეფსისისთვის დამახასიათებელია ჰიპოქრომული ანემია, კოაგულაციის დარღვევას, განსაკუთრებით - ბავშვებში, ვლინდება თრომბოციტოპენია. წინათ სისხლში C-რეაქტიული ცილის მაჩვენებელსაც განსაზღვრავდნენ. დღეს ეს ანალიზი დაბალი სპეციფიკურობის გამო არ შეიძლება სეფსისის სადიაგნოსტიკო მარკერად იქნეს მიჩნეული.
ამრიგად, სეფსისის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა საკმაოდ რთული პროცესია, უშუალოდ სეფსისის დიაგნოზი კი ისმება კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული კვლევების მონაცემთა ურთიერთშედარებისა და თანხვედრის საფუძველზე.