ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
სამყაროში მრავალი ვირუსია გავრცელებული. ისინი დაავადებათა ფართო სპექტრს იწვევენ. ჩვენთვის ყველაზე უკეთ ცნობილი ვირუსული ინფექცია გაციებაა. მას 100-მდე ვირუსი იწვევს, უმეტესად - რინოვირუსი. ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციებია აგრეთვე ჩუტყვავილა, გრიპი, ჰერპესი, შიდსი, პაპილომავირუსი, ინფექციური მონონუკლეოზი, ყბაყურა, წითელა და წითურა, შემომსარტყლავი ჰერპესი, ვირუსული გასტროენტერიტი, ვირუსული ჰეპატიტი, ვირუსული მენინგიტი, ვირუსული პნევმონია.
რისი ბრალია ვირუსულ ინფექციათა ფართო გავრცელება, რატომ გვესმის ასე ხშირად ეს დიაგნოზები? იმიტომ, რომ ვირუსული ინფექციები ერთი ადამიანისგან მეორეს იოლად გადაეცემა. გადაცემის ფართოდ გავრცელებული გზებია:
- ჰაერთან ერთად ვირუსის მოხვედრა სასუნთქ გზებში;
- ვირუსით დაბინძურებული საკვებისა თუ სასმლის მიღება;
- სქესობრივი კავშირი დაავადებულთან;
- ვირუსის გადატანა ქინქლებისა თუ ტკიპების მიერ;
- შეხება ვირუსით კონტამინირებულ ზედაპირსა თუ სხეულის სითხეებთან.
გარდა ამისა, შესაძლებელია ვირუსის გადაცემა:
- ინფიცირებული ცხოველის მიერ ნაკბენით;
- ვირუსით კონტამინირებული ინსტრუმენტების მეშვეობით;
- დედისგან ნაყოფზე ორსულობისას ან მშობიარობისას.
რა განაპირობებს ვირუსული ინფექციით დაავადებას?
ვირუსული ინფექცია ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეხვდეს ადამიანს, თუმცა ზოგიერთს დაავადების ალბათობა უფრო დიდი აქვს. კერძოდ: ხანში შესულებს, პატარა ბავშვებს და იმუნოკომპრომეტირებულ პირებს (შიდსის, სიმსივნის, სიმსივნის მკურნალობის, თირკმლის დაავადებებისა და სხვა მდგომარეობებს დროს. ასევე მაღალია რისკი ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი, ტუბერკულოზი, გულის დაავადებები), ცუდი კვების, გადაღლილობისა და სტრესის, ჰიგიენის დაუცველობის (ხელების ბანის ჩვევის უქონლობის), საერთო ნემსის გამოყენების, დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს.
როგორ ხდება ინფიცირება
ვირუსით ინფიცირების პროცესი პირობითად შეიძლება შემდეგ ეტაპებად დავყოთ:
- ვირუსის მიერთება უჯრედის მემბრანასთან - ადსორბცია;
- შეღწევა უჯრედში, რის შედეგადაც ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია უჯრედში ხვდება;
- უჯრედის "პროგრამის ცვლილება". უჯრედში ვირუსის მოხვედრისას აქტიურდება სპეციალური ანტივირუსული დაცვის მექანიზმები. დასნებოვნებული უჯრედები იწყებენ ინტერფერონების სინთეზს, რის შედეგადაც აქტიურდება იმუნური მექანიზმები. უჯრედში ვირუსის გამრავლების შედეგად აღმოცენებულ ცვლილებებს ამოიცნობს იმუნური სისტემა და მისი ზემოქმედების შედეგად ვირუსით ინფიცირებული უჯრედი "თავს იკლავს". მედიცინაში ამ პროცესს აპოფთოზი ანუ დაპროგრამებული სიკვდილი ეწოდება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია. ვირუსებს შესწევთ უნარი, გადალახონ მასპინძელი ორგანიზმის ანტივირუსული დაცვა. სწორედ ევოლუციის პროცესში გამომუშავებული ეს უნარი განსაზღვრავს ვირუსის სიცოცხლისუნარიანობას. გარდა ამისა, ვირუსი "ცდილობს", უჯრედში მაქსიმალურად კომფორტული პირობები შექმნას თავისი "შთამომავლობის" გამრავლებისთვის, ისე შეცვალოს უჯრედის გენეტიკური მასალა, რომ საკუთარი "შთამომავლობა" წარმოქმნან;
- პერსისტენცია. ზოგიერთ ვირუსს შესწევს უნარი, გადავიდეს ლატენტურ მდგომარეობაში, არ ჩაერიოს უჯრედში მიმდინარე პროცესებში და მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობისას გააქტიურდეს.
როგორ ებრძვის ორგანიზმი ვირუსს
ორგანიზმში ვირუსის მოხვედრისას ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების სინთეზს. ვირუსით ინფიცირების ადრეულ სტადიაში IgM კლასის ანტისხეულები წარმოიშობა, მოგვიანებით კი IgG კლასისა. ამის კვალობაზე, სისხლში IgM კლასის ანტისხეულების აღმოჩენა მწვავე ინფექციაზე მეტყველებს. IgG კლასის ანტისხეულები კი შესაძლოა წარსულში გადატანილ ინფექციაზე მიუთითებდეს - ისინი სისხლიდან არ ქრება, თუმცა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.
ვირუსებისგან დაცვის მეორე მექანიზმია უჯრედული იმუნიტეტი. მასზე T ლიმფოციტები აგებენ პასუხს. როცა უჯრედი ვირუსით არის ინფიცირებული, მის ზედაპირზე ჩნდება ვირუსის ცილების მცირე ფრაგმენტები. T ლიმფოციტები ამოიცნობენ მათ და ინფორმაციას გადასცემენ T-კილერებს, რომლებიც ინფიცირებულ უჯრედებს ანადგურებენ. გარკვეულ ეტაპზე T-კილერების აქტივობა ითრგუნება - წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირებული უჯრედების მასობრივმა განადგურებამ შესაძლოა ორგანოს უკმარისობა გამოიწვიოს. ამის მაგალითია ღვიძლის მწვავე უკმარისობა, რომელიც ზოგჯერ ვითარდება მწვავე B ჰეპატიტის დროს.
რატომ არის შეუძლებელი ზოგიერთი ვირუსის განადგურება
ზოგიერთი ვირუსი ეფექტურად იცავს თავს იმუნური სისტემის ზემოქმედებისგან ვირუსის ცილებში ამინმჟავების თანამიმდევრობის ცვლილებით, ანტიგენების წარდგენის ბლოკირებით, ციტოკინებისადმი რეზისტენტობით, T-კილერების ზემოქმედების, აპოფთოზის თავიდან აცილებით, ანტიგენური სტრუქტურის ცვალებადობით, იმ სტრუქტურებში შეღწევით, რომლებიც იმუნური სისტემის ზემოქმედებისთვის მიუწვდომელია. აღნიშნული ფაქტორების შედეგია, რომ ზოგჯერ ვირუსული ინფექცია ქრონიკულ ხასიათს იღებს.
ვირუსები და ონკოლოგიური დაავადებები
ამჟამად არსებული მონაცემებით, ადამიანის სიმსივნურ დაავადებებთან ხშირად ასოცირდება:
- ადამიანის პაპილომავირუსი - იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს;
- B და C ჰეპატიტის ვირუსები - იწვევენ ღვიძლის კიბოს;
- ეპშტეინ-ბარის ვირუსი - იწვევს ბერკიტის ლიმფომას, ჰოჯკინის ლიმფომას,
- ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებას და ცხვირ-ხახის კიბოს;
- კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპესვირუსი;
- ადამიანის T-ლიმფოტროპული ვირუსი - იწვევს მოზრდილთა T-უჯრედოვან ლეიკემიას.
ვირუსული დაავადებების მკურნალობა
ხშირად ვირუსული დაავადებების მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია. პაციენტს ურჩევენ:
- პარაცეტამოლს ან იბუპროფენს ტემპერატურის დაქვეითების მიზნით;
- სითხის მიღებას;
- შინ ყოფნას და მოსვენებას;
- კარგად კვებას.
ზოგჯერ კი მიზანშეწონილია ანტივირუსული პრეპარატების მიღება. მაგალითად, შიდსის დროს ტარდება ანტირეტროვირუსული მკურნალობა, გრიპის დროს ინიშნება ტამიფლუ ან რელენზა, ჰერპესის დროს - ზოვირაქსი. ანტიბიოტიკები ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ უეფექტოა. მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების დროს არის რეკომენდებული.
როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსული ინფექციები და როგორ შევამციროთ მათი გავრცელება
ვირუსული დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა ვაქცინაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ვირუსული ინფექციებით დაავადებისა და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:
- თავი ვარიდოთ დაუცველ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს;
- ვერიდოთ დაუბანელი ხელის შეხებას თვალებზე, ცხვირზე, პირზე;
- თავი ვარიდოთ დაავადებულებთან კონტაქტს;
- თუ ცხვირსახოცი არ გვაქვს, დავაცემინოთ სახელოში და არა ხელისგულში;
- გვქონდეს ბალანსირებული, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონი;
- საკმარისად დავისვენოთ;
- თავი ვარიდოთ საერთო შპრიცის გამოყენებას;
- ხელები კარგად დავიბანოთ საპნით, განსაკუთრებით - ჭამის წინ, ტუალეტით სარგებლობის, დაავადებულთან კონტაქტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ.
შიდსი - ეს დიაგნოზი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უკურნებელ სენთან, საბედისწერო განაჩენთან ასოცირდება. 2011 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:
- შიდსის ვირუსით ინფიცირების 2991 შემთხვევა. აქედან 2199 - მამაკაცი, 792 - ქალი.
- პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა.
- შიდსი განუვითარდა 1764 პაციენტს, 662 გარდაიცვალა.
- 2011 წელს აღირიცხა 300 ახალი შემთხვევა.
- არვ მკურნალობას იტარებს 1050 პაციენტი, მათგან 39 - ბავშვი.
დაავადების ისტორია უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის. როგორ შეიცვალა შიდსის მკურნალობის პრინციპები, როგორია შიდსიანთა ბედი დღეს, რა განაპირობებს დაავადების ქრონიკულ ხასიათს? ამ და სხვა კითხვებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს ვეწვიეთ. გვესაუბრება სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობისა და მოვლის პროგრამის მენეჯერი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.
- კვლავ რჩება თუ არა შიდსი იმ დაავადებათა რიცხვში, რომელთა მკურნალობაც შეუძლებელია?
- შიდსის ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე შიდსის დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენთან ასოცირდებოდა. შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობის განვითარებასთან ერთად ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა. 1996 წლიდან მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დაინერგა მედიკამენტური მკურნალობა, რომელსაც მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას უწოდებენ. მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობა საგრძნობლად ზრდის პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს.
შიდსით დაავადებული ადამიანი, რომელიც თანამედროვე მკურნალობას იტარებს, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს და შიდსიც უიმედო სენის ნაცვლად ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცევა. ეს ნიშნავს, რომ მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით შიდსი გახდა დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა ისევე, როგორც სხვა ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
2004 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ, პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, უზრუნველყო შიდსით დაავადებულთა მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ-ინფიცირებულს, რომელიც კი მას საჭიროებს. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური ფონდის ერთობლივი ძალისხმევით.
- რამდენად ხელმისაწვდომია შიდსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩვენი თანამემამულეებისთვის?
- აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. გამოკვლევა უფასოა ყველა ორსულისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც აივ ინფექციის მაღალი რისკი აქვთ. ასეთები არიან შიდსის კლინიკური ნიშნების მქონე პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ჰომოსექსუალები, კომერციული სექსმუშაკები და სხვა.
- ინფიცირებიდან რამდენი ხნის შემდეგ არის შესაძლებელი შიდსის დიაგნოსტიკა?
- არსებობს შიდსის დიაგნოსტიკისთვის მოწოდებული რამდენიმე სახის ანალიზი. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ერთია შიდსის ანტისხეულების კვლევა, მეორე - უშუალოდ ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა სისხლში.
ანტისხეულების აღმოჩენა სისხლში შესაძლებელია ინფიცირებიდან სულ ცოტა 8 კვირის შემდეგ, გენეტიკური მასალის აღმოჩენა კი, რაც პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით - PCR (პი-სი-არ) კვლევით - ხორციელდება, ინფიცირებიდან დაახლოებით ერთ კვირაშია შესაძლებელი.
უნდა ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში შიდსის სადიაგნოზო კვლევად მიღებულია ანტისხეულების გამოკვლევა, ხოლო გენეტიკური მასალის კვლევა უმთავრესად მკურნალობის მეთვალყურეობისთვის გამოიყენება. პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია უტარდებათ შიდსით დაავადებული დედების ახალშობილებს, რათა ინფიცირება დროულად გამოვლინდეს.
- როგორია შიდსის მკურნალობის პრინციპები?
- როგორც მოგახსენეთ, შიდსისგან განკურნება დღეს შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მკურნალობის წყალობით შიდსი ქრონიკულ, მართვად დაავადებად იქცევა. ამჟამად შიდსს მკურნალობენ ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. ჩვეულებრივ, 3 ან 4 მედიკამენტის კომბინაციით. ეს მედიკამენტები სხვადასხვა ეტაპზე თრგუნავენ შიდსის ვირუსის რეპლიკაციის ციკლს.
ანტირეტროვირუსული მკურნალობა ყველა აივინფიცირებულს არ ენიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი რეკომენდაციების თანახმად, მკურნალობა ტარდება, თუ პაციენტს აქვს შიდსის კლინიკური ნიშნები ან CD4 ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა 1 მმ3 350-ზე ნაკლებია.
უნდა ითქვას, რომ ამერიკისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მკურნალობას ამჟამად დაავადების უფრო ადრეული სტადიიდანვე იწყებენ, როდესაც CD4 ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 500-ზე ნაკლებია.
დროულად დაწყებული ანტიორეტროვირუსული მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. ის თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას, ანელებს დაავადების პროგრესირებას და ინფიცირებულს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. გარდა ამისა, ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვანია აივ-ის ახალი შემთხვევების პრევენციისთვის. კერძოდ, სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით საგრძნობლად მცირდება ინფექციის გადაცემის რისკი.
სულ ახლახან დასრულდა მასშტაბური მულტიცენტრული რანდომიზებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ადრეული მკურნალობა აივ-ის სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობას 96%-ით ამცირებს.
- გამოდის, რომ შიდსის მკურნალობას პროფილაქტიკური მიზანიც აქვს. კიდევ როდის ტარდება იგი?
- მაგალითად, მაშინ, თუ ადამიანს, - წესისამებრ, მედპერსონალს, - შემთხვევით ეჩხვლიტა შიდსით დაავადებულის შპრიცი. ასეთ დროს სასწრაფოდ იწყება და ერთი თვის განმავლობაში 2-3 მედიკამენტის კომბინაციით ტარდება პროფილაქტიკური მკურნალობა - ეგრეთ წოდებული ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა.
მკურნალობა ენიშნება ყველა ინფიცირებულ ორსულს, რათა ნაყოფის ინფიცირება თავიდან ავიცილოთ. საზოგადოდ, აივ ინფექციის დედისგან შვილზე გადაცემა მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის აღმოსაფხვრელად შემუშავდა სპეციფიკური ღონისძიებები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოში.
2005 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსის თაობაზე ნებაყოფლობითი კონსულტაციითა და ტესტირებით, საჭიროებისას კი სათანადო მკურნალობითა და მოვლით. ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად წარვმართოთ დედისგან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის პრევენცია.
აივ-ინფიცირებული დედისგან შვილზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკს საგრძნობლად ამცირებს პროფილაქტიკური ღონისძიებების პაკეტი, რომელიც მოიცავს აივინფიცირებული ორსულებისა და მათი ახალშობილების პროფილაქტიკურ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, მშობიარობას საკეისრო კვეთის გზით და ახალშობილის ხელოვნურ კვებას.
საქართველოს შიდსის სამსახურის დიდი მიღწევაა, რომ 2005 წლის შემდეგ იმ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს პროფილაქტიკური კურსი, დედისგან ბავშვზე აივ ინფექციის გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა.
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: როგორ მოქმედებს ნაყოფზე შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული თერაპია?
ორსულებს მკურნალობენ მხოლოდ იმ ანტირეტროვირუსული პრეპარატებით, რომლებსაც ტერატოგენული ეფექტი არ აქვთ. ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დამტკიცებულია მასშტაბური რანდომიზებული კვლევებით და მათ რეკომენდაციას უწევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გაიდლაინები. ამ მედიკამენტების გამოყენება ნაყოფის არავითარ პათოლოგიას არ გამოიწვევს.
- აივ ინფექცია-შიდსი - ეს ორი ცნება ხშირად ერთდროულად გვესმის. რა განსხვავებაა მათ შორის?
- ტერმინი "აივ ინფექცია" აღნიშნავს ინფიცირებას შიდსის ვირუსით, დაავადებას ინფიცირებიდან სიცოცხლის ბოლომდე, შიდსი კი არის ორგანიზმის ინფიცირების შედეგად აღმოცენებული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომლის დროსაც ვლინდება დაავადების კლინიკური ნიშნები, იცვლება სისხლში CD4 ლიმფოციტების რაოდენობა. აივინფიცირებიდან შიდსის აღმოცენებამდე დაახლოებით 5-7 წელი გადის.
- რა გავლენას ახდენს შიდსის ვირუსი ადამიანის ორგანიზმზე, რატომ ვერ უმკლავდება იგი ვირუსს?
- ორგანიზმში შეჭრის შემდეგ შიდსის ვირუსი ახდენს თავისი გენეტიკური მასალის ინტეგრირებას ადამიანის გენეტიკურ მასალაში. ამით ის სხვა ვირუსებისგან განსხვავდება და სწორედ ამის ბრალია, რომ ამ დაავადებისგან განკურნება ვერ ხერხდება. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ძირითადი სამიზნე ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებია - CD4+ ლიმფოციტები.
ინფიცირებისას ვირუსის გარსის ცილა უერთდება სამიზნე უჯრედის CD4 მოლეკულას, რასაც მოჰყვება ვირუსის შესვლა უჯრედში და მისი გენეტიკური მასალის ინტეგრაცია მასპინძლის გენეტიკურ მასალაში. შემდეგ ხდება ახალი ვირიონების აწყობა. აივ ინფექციის იმუნოპათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას და მათი ფუნქციის დათრგუნვას, რასაც მოჰყვება იმუნური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა - იმუნოსუპრესია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისთვის დამახასიათებელია დაავადების ხანგრძლივი ლატენტური ანუ ფარული პერიოდი, პათოლოგიურ პროცესში ნერვული სისტემის ჩართვა და სუსტი იმუნური პასუხი. აივ ინფექციის პროგრესირების კვალდაკვალ CD4+ ლიმფოციტების რიცხვი პროგრესულად მცირდება, ამიტომ დაავადების ლაბორატორიული მეთვალყურეობისას CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა ვირუსულ დატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვანი მარკერია.
გარდა ამისა, შიდსის ვირუსის რეპლიკაციის თითოეული ციკლის დროს წარმოქმნილი შტამები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უჯრედული ტროპიზმით, ანტიგენურობით, წამლების მიმართ მგრძნობელობით და სხვა მახასიათებლებით. აივ-ის მაღალი მუტაგენურობა მას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად აიცილოს თავიდან ანტივირუსული იმუნური პასუხი, რაც ვირუსის პერსისტენციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აივ-ის მუტაციის ამგვარი უნარი დაბრკოლებას უქმნის ვაქცინის შემუშავებას და განაპირობებს წამლების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.
- რამდენ ხანს ძლებს გარემოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი?
- გარემოში აივ ადვილად ინაქტივირდება. სიმშრალეში იგი უმეტესად რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა არ არის გამორიცხული, 3 დღეც გაძლოს. ქსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, 37 0C-ზე - 11 დღე, ხოლო 56-60 0C-ზე 30 წუთში იღუპება. ვირუსი ადვილად ექვემდებარება ქიმიური საშუალებებით სტერილიზაციას.
- როგორ გადაედება შიდსის ვირუსი?
-შიდსის ვირუსი შეიძლება გადაედოს:
- ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას (როგორც ჰეტეროსექსუალური, ასევე ჰომოსექსუალური, ვაგინალური, ანალური, ორალური);
- სისხლით (აივინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებისას);
- დედისგან შვილს ორსულობის, მშობიარობის, ძუძუთი კვების დროს.
საქართველოში ყველაზე აქტუალურია შიდსის გადაცემა საერთო შპრიცის გამოყენებისას.
- მკითხველები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, გადაედება თუ არა შიდსი დაავადებულის ნერწყვით, მისი ნახმარი საგნებით და ასე შემდეგ.
- შიდსი არ გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით და ნერწყვით, მაშასადამე, კოცნით, დახველებით, ცხვირის ცემინებით. არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს დაავადებულთან საუბარი. ასევე არ გადაედება ვირუსი საყოფაცხოვრებო თუ სოციალური კონტაქტით. საშიში არ არის დაავადებულისთვის ხელის ჩამორთმევა, მისი მოხვევა, მის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობა, დაავადებულთან ერთად მგზავრობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა.
დაბოლოს, შიდსის ვირუსის გადამტანები არ არიან მწერები და ცხოველები. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავს:
- სოლიდარობას მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია - ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, ასევე მათი ახლობლებისა და მეგობრების მიმართ;
- პროტესტს აივინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციისა და სტიგმის წინააღმდეგ;
- იმედს, რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და კაცობრიობას განადგურებისგან იხსნის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1988 წელს 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ყოველწლიურად ეს დღე განსაზღვრულ თემას ეძღვნება, რომელშიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტია ხაზგასმული. 1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად, ეს დღე მაისის მე-3 კვირას აღინიშნება. ამ მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა.
- როგორ შეიძლება დავამარცხოთ შიდსი?
- ამჟამად მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შიდსის საწინააღმდეგო თერაპიული და პროფილაქტიკური ვაქცინის შესამუშავებლად, ასევე - იმ მიდგომების შესამუშავებლად, რომლებიც ინფექციისგან განკურნებას უზრუნველყოფს. გარკვეული წინსვლის მიუხედავად, საბოლოო წარმატების შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ამჟამად შიდსის დამარცხების ყველაზე რეალისტური და იმედისმომცემი მიდგომაა მკურნალობა პრევენციისთვის. მისი მთავარი პრინციპია რისკის ჯგუფების აივ ინფექციაზე ფართო გამოკვლევა და გამოვლენილი აივინფიცირებულების ჩართვა სამკურნალო ღონისძიებებში, რაც გაანეიტრალებს აივ ინფექციის რეზერვუარის მნიშვნელოვან ნაწილს და მოკლე დროში მკვეთრად შეამცირებს ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვს. როგორც ითქვა, ამ მიდგომის ეფექტურობა უკვე დაადასტურა მასშტაბურმა რანდომიზებულმა კვლევამ.
- რა სირთულე ახლავს შიდსის მკურნალობას?
- შიდსის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა. კერძოდ, აუცილებელია შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების ყოველდღიური მიღება. არამც და არამც არ შეიძლება მკურნალობის რეჟიმის დარღვევა, ზოგიერთ დღეს პრეპარატების მიღებაზე უარის თქმა. ეს დეტალები ყველა პაციენტს განემარტება მკურნალობის დაწყების წინ, მათთან ტარდება სათანადო საგანმანათლებლო მუშაობა.
მკურნალობის დაწყების შემდეგ დამყოლობის მონიტორინგი პაციენტის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. მკურნალობის რეჟიმის დარღვევა შეიძლება შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის ერთ-ერთ მიზეზად იქცეს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ეს ფაქტორი არ განსაზღვრავს რეზისტენტობას მკურნალობის მიმართ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიც.
- რამდენად ხელმისაწვდომია შიდსის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეთათვის?
- როგორც მოგახსენეთ, საქართველო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც უზრუნველყოფილია აივ თერაპიის 100%-იანი ხელმისაწვდომობა. ყველა აივინფიცირებული უფასოდ იღებს ამ და სხვა სამედიცინო მომსახურებას გლობალური ფონდის და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.
2001 წელს გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი, სადაც მთელი მსოფლიოდან ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება. ფონდი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში.
გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა. აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ხვდება ექიმი ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ; ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა; ვიკვლევთ იმუნურ სისტემას (CD4, CD4/CD8) და ვირუსულ დატვირთვას სისხლში. საბოლოო შედეგების საფუძველზე ექიმი წყევტს მკურნალობის საკითხს.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას, ინიშნება ამბულატორიული მკურნალობა. ამ შემთხვევაში პაციენტი ყოველთვიურად მოდის ცენტრში არვ-პრეპარატების წასაღებად. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პალატებში პაციენტს მორიგე ექიმი ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიებას უტარებს.
- ზოგიერთი შიდსის ვირუსის არსებობის ფაქტსაც კი ეჭვით უყურებს...
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი 1983 წელს ერთდოულად იქნა აღმოჩენილი საფრანგეთში, პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბეთესდაში კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში. მის აღმომჩენებს, ლუკ მონტანიესა და რობერტ გალოს, ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიენიჭათ. კლინიკურად კი აივ ინფექცია/შიდსი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერეს 1981 წელს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების - პნევმოცისტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული დაავადებები მანამდე მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იყო აღწერილი. 1982 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა შიდსი, როგორც ახალი დაავადება.
- ხალხში კიდევ ერთ უცნაურ მოსაზრებას მოისმენთ - თითქოს შიდსის ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა პენტაგონის ლაბორატორიებში...
- ვერსია, რომლის თანახმადაც შიდსის ვირუსი შეიქმნა როგორც ბიოლოგიური იარაღი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოპულარული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის განსაზღვრულ წრეებში. სადღეისოდ ეს წარმოდგენა უარყოფილია.
- როგორია ამჟამად შიდსით დაავადებულის სიცოცხლის ხანგრძლივობა?
-ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩატარებულია საკმაოდ ფართო გამოკვლევა, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყანა მოიცვა. არსებული მონაცემებით, ადამიანს, რომელსაც შიდსის დიაგნოზი 25 წლის ასაკში დაუსვეს, შეუძლია საშუალოდ კიდევ 53 წელი იცოცხლოს. საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ "შიდსი დაბერდა". შიდსით დაავადებულთა სიკვდილის მიზეზების საქართველოში ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ თუ 2005 წლამდე სიკვდილი უშუალოდ შიდსით გამოწვეულ დაავადებებთან იყო დაკავშირებული, ამჟამად წინა პლანზეა ღვიძლის ტერმინალური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაც არ აქვთ უშუალო კავშირი შიდსთან. უკანასკნელთა შორის უნდა აღინიშნოს C ჰეპატიტი, რომლის მაღალ მაჩვენებელსაც შიდსით დაავადებულთა შორის განაპირობებს ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების მაღალი სიხშირე.
- როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება?
- უშუალოდ ინფიცირებისას და ინფიცირებიდან მოკლე ხანში დაავადების სპეციფიკური კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. შესაძლოა, თავი იჩინოს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისთვის - ე.წ. გაციებისათვის - დამახასიათებელმა სიმპტომატიკამ. დაავადების კლინიკური სიმპტომები კი, როგორც აღვნიშნეთ, წლების შემდეგ ვლინდება. შიდსის გამოვლინება შეიძლება იყოს:
- გახანგრძლივებული ცხელება;
- პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ცუდად ემორჩილება მკურნალობას;
- ხანგრძლივი ფაღარათი;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის სოკოვანი ინფექცია.
როდესაც ეს სიმპტომები გამოაჩნდება პირს, რომელიც შიდსით დაავადების რისკჯგუფს ეკუთვნის (ნარკომანები, ჰომოსექსუალები, მეძავები), აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა შიდსის გამოსარიცხად. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა აღნიშნული კვლევა საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში ჩატარდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე.
დაავადების მომდევნო ეტაპებზე თავს იჩენს სხვადასხვა ვირუსული ინფექცია, სებორეული დერმატიტი, ტუბერკულოზი, სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის ლიმფომა, კაპოშის სარკომა და სხვა.
საზოგადოდ, შიდსის კლინიკური სურათი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად ვითარდება ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან.
- რას გულისხმობს ტერმინი "ოპორტუნისტული ინფექციები"?
- ოპორტუნისტული ეწოდება ინფექციას, რომლის გამომწვევი (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი თუ სოკო) შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს, მაგრამ არ იწვევდეს პათოლოგიას და მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში გამოიწვიოს დაავადება. სწორედ ამიტომ ოპორტუნისტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში.
აივ ინფექციის დროს ხშირია ტუბერკულოზი, პნევმოცისტური პნევმონია, ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვა ბაქტერიული, სოკოვანი თუ პარაზიტული ინფექციები. აივ ინფექციის შედეგად განვითარებული იმუნოდეფიციტის ფონზე ხშირად ვითარდება სხვადასხვა გენეზის სიმსივნე: კაპოშის სარკომა, საშვილოსნოს ყელის კიბო, სხვადასხვა სახის ლიმფომა, მათ შორის - არაჰოჯკინის, ცნს-ის პირველადი და ბერკიტის ლიმფომები, ასევე - ბრტყელუჯრედოვანი კიბო.
აივ ინფექციის დროული დიაგნოსტიკა გართულებების ეფექტური პროფილაქტიკისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.
- ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დაავადების წარმატებული მკურნალობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ტელევიზიითა თუ პრესით არცთუ იშვიათად ვრცელდება ინფორმაცია შიდსით პაციენტთა გარდაცვალების შესახებ.
- სამწუხაროდ, პაციენტები ჩვენს დაწესებულებას ხშირად დაგვიანებით მომართავენ. ისინი დიდხანს უშედეგოდ მკურნალობენ დიარეის, პნევმონიის, ცხელებისა თუ სხვა გამოვლინებების გამო ისე, რომ არ უტარდებათ გამოკვლევა შიდსის გამორიცხვის მიზნით. სწორედ ამიტომ იძენს განსაკუთრებულ აქტუალობას დაავადების დროული გამოვლენა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. როცა პაციენტი რისკის ჯგუფს ეკუთვნის, გამოკვლევა შიდსის გამოსარიცხად აუცილებელია.