ღვიძლის მწვავე უკმარისობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის მწვავე უკმარისობა

ტრეისიმ და დევიდსონმა XX საუკუნის 70-იან წლებში სამედიცინო საზოგადოებას შესთავაზეს ტერმინი ღვიძლის ელვისებური (ფულმინანტური) უკმარისობა. ეს ტერმინი გულისხმობს ღვიძლის მწვავე უკმარისობის იმ ფორმებს, რომლებიც დაავადების დაწყებიდან რვა კვირის განმავლობაში ვითარდება. აღნიშნულ ტერმინს დღესაც ფართოდ იყენებენ. გამოყოფენ აგრეთვე ღვიძლის ქვემწვავე უკმარისობას, რომელიც მწვავე ჰეპატიტის დაწყებიდან უფრო მეტი ხნის შემდეგ იჩენს თავს.

- რა იწვევს ღვიძლის მწვავე უკმარისობას?

- ღვიძლის მწვავე უკმარისობა უმეტესად მწვავე ვირუსული ჰეპატიტის მძიმე ფორმის დროს ვითარდება. ყველაზე ხშირია ბ და ც ჰეპატიტების, აგრეთვე - ბ ჰეპატიტის დელტა ვირუსთან კოინფექციის (თანდართვის) დროს. თუმცა ვირუსული ჰეპატიტი მისი ერთადერთი მიზეზი არ გახლავთ. კერძოდ, ღვიძლის მწვავე უკმარისობას საკმაოდ ხშირად იწვევს აცეტამინოფენის ზედოზირება; იშვიათად გვხვდება სხვა ვირუსებით (ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ჰერპესვირუსი) გამოწვეული ჰეპატიტების შემთხვევაში და კიდევ უფრო იშვიათად - ღვიძლის ზოგიერთი უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადების დროს. ერთ-ერთი მათგანია ვილსონის დაავადება - არ არის გამორიცხული, პირველად ის სწორედ ღვიძლის მწვავე უკმარისობით გამოვლინდეს. ვარაუდობენ, რომ ამ პათოლოგიის მიზეზია ცილოვანი ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ნაწლავებიდან შეწოვილი ტოქსიკური ნივთიერებების ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებში დაგროვება იმის გამო, რომ დაზიანებული ღვიძლი მათ განეიტრალებას ვეღარ ახერხებს.

დაავადებები და სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებას

ვირუსული ჰეპატიტები

  • a, b, c, d, e ვირუსული ჰეპატიტებილ 1, 2 და 6 ჰერპესვირუსი
  • ადენოვირუსები
  • ციტომეგალოვირუსი

მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება

  • აცეტამინოფენი (დოზის გადაჭარბება)
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები - ვალპორანი და სხვა
  • მეთილდოპა
  • ტეტრაციკლინი (ინტრავენური მიღებისას)
  • ზოგიერთი სხვა მედიკამენტი

ტოქსინები

  • ამანდარია პჰალლოიდეს - თეთრი შხამასოკო
  • ორგანული გამხსნელები
  • ფოსფორი
  • დარიშხანის ნაერთები
  • მცენარეული და სხვა ჰეპატოტროპული შხამები
  • სხვა ჯგუფის სისხლის გადასხმა

მეტაბოლური დარღვევები

  • ორსულთა მწვავე ცხიმოვანი ღვიძლი
  • რეის სინდრომი
სისხლძარღვოვანი დარღვევები

  • მწვავე ცირკულარული უკმარისობა
  • ბად-კიარის სინდრომი
  • ვენების ოკლუზიური დაავადება
  • მზის დაკვრა

სხვა დარღვევები

  • ვილსონის დაავადება
  • აუტოიმუნური ჰეპატიტი
  • ღვიძლის მასიური სიმსივნური ინფილტრაცია

- როგორ იჩენს თავს და ვითარდება ღვიძლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები?

- ღვიძლის მწვავე უკმარისობის ორი ძირითადი გამოვლინებაა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია და სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევები (კოაგულოპათია). მძიმე შემთხვევებში ითრგუნება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების ფუნქცია, ვითარდება მძიმე მეტაბოლური დარღვევები, ინფექციისადმი მომატებული მიდრეკილება. თუმცა ღვიძლის უკმარისობა ხშირად ისეთი არასპეციფიკური სიმპტომებითაც იწყება, როგორიც არის არამოტივირებული ძლიერი სისუსტე, ადინამია, დაღლილობა, შრომის უნარის დაქვეითება. სიყვითლის ფონზე თავს იჩენს დისპეფსიური დარღვევები - პროგრესირებადი ანორექსია (უმადობა), გულისრევა, განმეორებითი ღებინება, ბოყინი. ავადმყოფს ენა თეთრად აქვს შელესილი, პირში უჩნდება უსიამოვნო, მწარე გემო, უვარდება შემაწუხებელი და დამღლელი სლოკინი, უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმში, სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშ. პირის ღრუდან ამოსდის თავისებური მოტკბო ან აშმორებული, აცეტონის, იშვიათად კი ღვიძლისმიერი სუნი, ტანჯავს დაუძლეველი თავის ტკივილი. ძლიერი ქავილის გამო კანზე მრავალი ნაკაწრი და სისხლჩაქცევა უჩნდება. ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცხელება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა. სიყვითლე პროგრესირებს. ღვიძლი პატარავდება (ცარიელი მარჯვენა ფერდქვეშა არის სინდრომი). თუ ამ დროს რადიოიზოტოპურ სკანირებას ჩავატარებთ, ღვიძლმა შეიძლება არ ჩაირთოს იზოტოპი. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ასციტი და ელენთის გადიდება (სპლენომეგალია) შედარებით იშვიათია.

- როგორ ვლინდება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია?

- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ნიშნები ცნობიერების მსუბუქი დარღვევიდან და დეზორიენტაციიდან კონვულსიებით მიმდინარე მძიმე კომამდე ვარირებს. ცნობიერების დარღვევის მაჩვენებლებსა და ნევროლოგიურ სიმპტომებზე დაყრდნობით ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას, ტრადიციისამებრ, ოთხ სტადიად ყოფენ.


ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სტადიები და კლინიკური გამოვლინებები

სტადია I. დამახასიათებელია ხასიათის არამდგრადობა, გაღიზიანებადობა. ავადმყოფი ხან აღგზნებულია (მღერის, ყვირის, ლამობს გაქცევას, ცდილობს, გადახტეს ფანჯრიდან, წრიალებს, ემართება კრუნჩხვები და ეპილეფსიური გულყრები), ხან - აპათიური. ყურადღება უსუსტდება, ერღვევა ძილის რიტმი, კოორდინაცია, ხელწერა, შეინიშნება კიდურების მსუბუქი ტრემორი. ზოგჯერ ავადმყოფს გონება ებინდება, ხშირად ვეღარ სცნობს ახლობელ-ნათესავებს, ვერ ერკვევა დროსა და გარემოში, არაადეკვატურად პასუხობს ექიმის შეკითხვებს, მაგრამ შენარჩუნებული აქვს მგრძნობელობა და გარეგან გაღიზიანებაზეც რეაგირებს. ღამით ეს მოვლენები, ჩვეულებრივ, ძლიერდება.

სტადია II. ამ სტადიაში ავადმყოფი ძილად არის მივარდნილი. ვითარდება სოპორი - ცნობიერების უფრო მაღალი ხარისხის მოშლა, საიდანაც ავადმყოფის გამოყვანა უკიდურესად ძნელია. იგი ერთიანად მოშვებული და დეზორიენტირებულია, დაქვეითებული აქვს ანალიზის უნარი, იქცევა არაადეკვატურად. არ მოძრაობს, ლაპარაკის ნაცვლად ლუღლუღებს, მტკივნეულ გაღიზიანებაზე ხელის ან ფეხის გაწევით რეაგირებს. აქვს მფრინავი ტრემორი. წყლის სმა შეუძლია, საკვების მიღება - არა. შესაძლოა, განუვითარდეს უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. ცნობიერების დარღვევა მის სრულ დაკარგვამდეც კი პროგრესირებს.

სტადია III. ამ სტადიაში ავადმყოფი დათრგუნულია, დროსა და სივრცეში დეზორიენტირებული. გაძლიერებულია რეფლექსები, მომატებულია კუნთების რიგიდულობა, ჩნდება პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინკსის ნიშანი). სტუპორიდან გამოსაყვანად საჭიროა ძალიან ძლიერი გამღიზიანებელი, თუმცა ზოგჯერ ისიც არ იძლევა ეფექტს. ავადმყოფი არ ჭამს, აქვს უნებლე შარდვა და დეფეკაცია.

სტადია IV. ავადმყოფი უგონოდ არის. რეფლექსები იწყებს ქრობას. ქრება რეაქცია მტკივნეულ გამღიზიანებლებზე, გუგების რეფლექსები სინათლეზე. გუგები გაფართოებულია. ადამიანი გარეგან გამღიზიანებელს არ პასუხობს (სრული არეაქტიულობა), ძლიერდება ჰემორაგიული მოვლენები (სისხლჩაქცევები კანში, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან). მოშლილია სასიცოცხლო ფუნქციები. სახე ნიღბისებურია. ავადმყოფს ლოყები ჩაცვენილი აქვს, კიდურები - ცივი, პირიდან ამოსდის და კანზეც ასდის დამახასიათებელი ღვიძლისმიერი მოტკბო სუნი. ეცემა არტერიული წნევა, სხეულის ტემპერატურა, სუნთქვა ჯერ ხშირდება, შემდეგ ნელდება. ამ მდგომარეობამდე მისული ავადმყოფი, როგორც წესი, კვდება.

ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ლაბორატორიული გამოკვლევები აჩვენებს ღვიძლის სინჯების ნორმიდან გადახრას, სისხლში მომატებულია ბილირუბინის (ჰიპერბილირუბინემია),  ნაღვლის მჟავების შემცველობა, ალბუმინის, პროთრომბინისა და ფიბრინოგენისა კი, პირიქით, დაკლებულია. მკვეთრად იმატებს შრატის ამინოტრანსფერაზების აქტივობა. შორსწასულ შემთხვევებში ეცემა შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია) და ვითარდება მეტაბოლური აციდოზი, რესპირატორული ალკალოზი, იმატებს სისხლის შრატში ნარჩენი აზოტის რაოდენობა (აზოტემია). ვითარდება მძიმე დარღვევები სისხლის შედედების მხრივ. ეს დარღვევები ავადმყოფს სისხლდენებისადმი განაწყობს, განსაკუთრებით - გასტროინტესტინური ტრაქტიდან. დაავადების სიმძიმის შესაფასებლად ტრანსამინაზების აქტივობის დონეს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, თავდაპირველად ის იმატებს, მაგრამ შემდეგ ფერმენტების აქტივობა თანდათან მცირდება. ზოგჯერ დაავადება ისე სწრაფად პროგრესირებს, რომ ტრანსამინაზების აქტივობა მნიშვნელოვნად მომატებას ვერც კი ასწრებს. იგივე ემართება ბილირუბინს. დაავადების სიმძიმეზე ყველაზე უკეთ მეტყველებს პროთრომბინის დრო. მისი გახანგრძლივება ცუდი პროგნოზული მაჩვენებელია. იმ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ სიყვითლე და უდასტურდებათ ამინოტრანსფერაზების მაღლი აქტივობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი ეფუძნება ენცეფალოპათიის სიმპტომებსა და კოაგულოპათიური დარღვევების გამოვლინებას. მეტად მნიშვნელოვანია სპეციფიკური მიზეზის დადგენა (მწვავე ვირუსული ჰეპატიტია, მედიკამენტური ჰეპატიტი თუ სხვა), რადგან ამაზეა დამოკიდებული დაავადების მკურნალობის სტრატეგია და პროგნოზი. მწვავე ჰეპატიტის დროს განვითარებული ღვიძლის მწვავე უკმარისობა უთუოდ უნდა განვასხვაოთ ქრონიკული ჰეპატიტის დროს განვითარებული უკმარისობისგან. პირველი ხშირად ასოცირებულია კომის ორ პოტენციურ მიზეზთან - ტვინის შეშუპებასა და ჰიპოგლიკემიასთან. მის განვითარებაში არცთუ ისე დიდ როლს ასრულებს ისეთი დამამძიმებელი ფაქტორები, როგორიც არის გასტროინტესტინური სისხლდენა, ცილის გადაჭარბებული მიღება, ინფექცია, დიურეტიკების გამოყენება და სხვა.

- როგორ მკურნალობენ ავადმყოფებს, რომელთაც ღვიძლის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს?

- ღვიძლის მწვავე უკმარისობის სპეციფიკური მკურნალობა შემუშავებული არ არის. აუცილებელია ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია (ვირუსული ჰეპატიტის, ლეპტოსპიროზისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს – ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების დროს - ტოქსიკოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში). ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ავადმყოფს ინტენსიური ღონისძიებებით სიცოცხლე შეუნარჩუნდეს კრიტიკული პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე დღე). ამ ღონისძიებათა პარალელურად მკურნალობენ ძირითად დაავადებას.

- რას წარმოადგენს გლაზგოს სკალა?

- გლაზგოს სკალა (Glasgow Scoring System) კომური მდგომარეობის შეფასების მეთოდია. უკეთ, ავადმყოფის ცნობიერების შეფასების მეთოდი კომის დროს. მასში შესულია ყველა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ფასდება ავადმყოფის ცნობიერება. პაციენტის თითოეული მოქმედება ფასდება ამა თუ იმ ქულით, ქულები იკრიბება და მათი ჯამი გვიჩვენებს ცნობიერების დათრგუნვის ხარისხს. ასე, მაგალითად: თვალების გახელა მაქსიმუმ 4 ქულით ფასდება, მოძრაობითი რეაქციები - 6 ქულით, სიტყვიერი ნაწილი - 5 ქულით.

გლაზგოს კომის სკალა

თვალები

არ ახელს - 1 ქულა

ახელს მტკივნეული სტიმულის დროს - 2 ქულა

ახელს ხმის გაგონებისას - 3 ქულა

ახელს სპონტანურად - 4 ქულა

ვერბალური (სიტყვიერი) ნაწილი

ხმას არ გამოსცემს  - 1 ქულა

გამოსცემს გაურკვეველ

ბგერებს  - 2 ქულა

გამოთქვამს არეულ/შეუსაბამო სიტყვებს  - 3 ქულა

ლაპარაკობს დაბნეულად - 4 ქულა

გააზრებულად, ნორმალურად

ლაპარაკობს - 5 ქულა

მოტორული (მოძრაობითი) ნაწილი

არ მოძრაობს  - 1 ქულა

მოძრაობა/გაშლა მტკივნეულ სტიმულზე  - 2 ქულა

არანორმალური მოძრაობა/მოხრა მტკივნეულ სტიმულზე  - 3 ქულა

მოხრა/მოშორება მტკივნეულ სტიმულზე  - 4 ქულა

მტკივნეული სტიმულის

ლოკალიზაცია - 5 ქულა

ემორჩილება ბრძანებებს  - 6 ქულა

როგორც აღვნიშნეთ, პაციენტის მოქმედებები ამ სამი კრიტერიუმით ფასდება, ხოლო ქულები იკრიბება. რაც უფრო ნაკლებია ქულათა ჯამი, მით უფრო დაბალია პაციენტის ცნობიერების დონე. ქულების ჯამის მიხედვით კომის კლასიფიკაცია ამგვარად ხდება:

  • 8  - მძიმე
  • 9-12  - საშუალო სიმძიმის
  • 12 – მსუბუქი


- როგორია ამ მძიმე პათოლოგიის პროგნოზი, აქვს ავადმყოფს გადარჩენის, მდგომარეობიდან გამოსვლის შანსი?

- ღვიძლის უკმარისობის ელვისებური ფორმის პროგნოზი უფრო მძიმეა, ვიდრე ღვიძლის ქვემწვავე უკმარისობისა. რაც უფრო სწრაფად ვითარდება ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს იგი. მსუბუქ შემთხვევებში ავადმყოფთა 2/3 შეიძლება გადარჩეს. ენცეფალოპათიის IV სტადიის დროს სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია. მძიმე შემთხვევები მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ეტიოლოგიასთან. ასე, მაგალითად: პარაცეტამოლით გამოწვეული ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს გადარჩება ავადმყოფთა საკმაოდ დიდი ნაწილი, მაშინ, როდესაც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის ფონზე განვითარებული ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. იგი განსაკუთრებით მძიმეა ჩ ჰეპატიტის დროს. პროგნოზის თვალსაზრისით ცუდია 10 წლამდე და 60 წელზე უფროსი ასაკი, ხანგრძლივი ჰიპერბილირუბინემია (> 300 მმოლ/ლ - 20მგ%), პროთრომბინის დრო - 100 წამზე მეტი. ენცეფალოპათიის ხარისხის დასადგენად მნიშვნელოვანია ელექტროენცეფალოგრაფიის ჩატარება. ღვიძლის მწვავე უკმარისობა განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს, როდესაც ის რთულდება ტვინის შეშუპებით, რაც გარდაცვლილ ავადმყოფთა 80%-ს უდასტურდება. ტვინის შეშუპების დროს ხშირად აღინიშნება ბრადიკარდია, ჰიპერტენზია, დარღვეულია გუგის რეფლექსები, ვითარდება სუნთქვის დარღვევა თვით აპნოემდეც კი. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია შექცევადია, მაგრამ ტვინის შეშუპება ძალიან ხშირად ლეტალურად მთავრდება.

- რას გულისხმობს ღვიძლის მწვავე უკმარისობის პროფილაქტიკა?

- ღვიძლის მწვავე უკმარისობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ღვიძლის ინფექციური და ტოქსიკური დაზიანებების პროფილაქტიკას. I და II სტადიის ენცეფალოპათიის დროს პროგნოზი, ჩვეულებრივ, კარგია, III და IV (განსაკუთრებით - ამ უკანასკნელი) სტადიის ენცეფალოპათის დროს - ცუდი.

ორსულობა და მწვავე ცხიმოვანი დისტროფია

- ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის გავრცელება ორსულობის დროს ასეთია: 10 000 ორსულზე ერთი შემთხვევა. დაავადება, ჩვეულებრივ, ვითარდება ორსულობის 34-36-ე კვირას. წინათ ამ დაავადებით დედისა და ნაყოფის სიკვდილიანობა, შესაბამისად, 80 და 75%-ს აღწევდა. ბოლო ხანს ეს მაჩვენებელი 18 და 23%-მდე დაეცა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.

- რა იწვევს ღვიძლის მწვავე ცხიმოვან დისტროფიას ორსულობის დროს?

- მიზეზი დაუდგენელია. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექცია, ინტოქსიკაცია და პრეეკლამფსია. ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, რომ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და პრეეკლამფსია ერთი და იმავე დაავადების გამოვლინებაა.

- რას უჩივის ორსული?

- ორსულობის თანმხლები ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის დროს გამოხატულია სიყვითლე, ტკივილი ეპიგატრიუმისა და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, პრეეკლამფსიის სიმპტომები: არტერიული ჰიპერტენზია, პროტეინურია, აგრეთვე - ქავილი, გულისრევა და პირღებინება. მამრობითი სქესის ნაყოფის შემთხვევაში ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია 3-ჯერ უფრო ხშირია. ასიდან 30-60 შემთხვევაში ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია ერწყმის პრეეკლამფსიას, ხოლო 9-25 შემთხვევაში - მრავალნაყოფიან ორსულობას. ხშირია მწვავე პანკრეატიტი. ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს ირღვევა ფიბრინოგენისა და შედედების ფაქტორები II, VII,  IX და X (K-ვიტამინდამოკიდებული), ამიტომ ხშირია კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის ძირითადი გართულებაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა, არცთუ იშვიათად - მძიმე ფორმისა.

- როგორია ლაბორატორიული მაჩვენებლები?

- ამ დროს შეინიშნება:

  • ლეიკოციტოზი - 20-30 ათასამდე;
  • ამინოტრნაფერაზების აქტივობის მომატება - 3-10-ჯერ;
  • ტუტე ფოსტფატაზის აქტივობის მომატება - 5-10-ჯერ;
  • ჰიპოგლიკემია - ხშირად გამოუცნობი;
  • შრატში ამინომჟავების რაოდენობის შემცირება;
  • პროთრომბინის დროის მატება (ზოგჯერ - 25 წმ-ზე მეტად);
  • თრომბოციტოპენია - მაჩვენებელი იშვიათად ეცემა 100 000 მკლ-ზე დაბლა.

იმის გამო, რომ ღვიძლის მწვავე დისტროფიის პირველი ნიშნები შეიძლება გულისრევა, ღებინება და სიყვითლე იყოს, ყველა ორსულს, ვისაც კი ასეთი სიმპტომები აქვს, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა. უპირველეს ყოვლისა, გამორიცხავენ A, B, C, და E ჰეპატიტებს, ციტომეგალოვირუსულ ინფექციას და ინფექციურ მონონუკლეოზს, აფასებენ ღვიძლის ფუნქციას. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის დადგენის ყველაზე ზუსტი მეთოდი ბიოფსიაა, მაგრამ მას მხოლოდ მძიმე შემთხვევებში მიმართავენ. დიაგნოსტიკისთვის იყენებენ კვლევის ულტრაბგერით მეთოდს, რომელიც ყოველთვის ინფორმაციული არ არის. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის საბოლოო დიაგნოზი ეყრდნობა კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირების გარეშე და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

- როგორ მკურნალობენ?

- ტარდება მეტაბოლური დარღვევების კორექცია და ნაყოფის მდგომარეობის შეფასების შემდეგ მშობიარობა დაუყოვნებლივ სრულდება. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია სასწრაფო მშობიარობის ჩვენებაა. თუ საშვილოსნოს ყელი მწიფეა და უკუჩვენება არ არის დადასტურებული, აღძრავენ მშობიარობას; თუ ყელი მოუმწიფებელია, ატარებენ საკეისრო კვეთას. ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი გაუტკივარების საკითხი, ვინაიდან ზოგადი საანესთეზიო საშუალებები ჰეპატოტოქსიკურია. თუ სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებლები და თრომბოციტების დონე ნორმის ფარგლებშია, ნაჩვენებია რეგიონული (ეპიდურალური ან სპინალური) ანესთეზია. შედედების პარამეტრების შედარებისას აუცილებელია განისაზღვროს სისხლდენის დრო. დაბოლოს, ღვიძლის მწვავე ცხიმოვან დისტროფიას ზოგჯერ თან ახლავს მძიმე ჰიპოგლიკემია,  ამიტომ ცნობიერების დარღვევისას ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენებია გლუკოზის კონტროლი.