როგორ დავამარცხოთ ვირუსული დაავადება
ვირუსული დაავადებების სპეციფიკურობაზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "სამკურნალო სახლის" ექიმი თერაპევტი მარინა კულდონაშვილი.
- ქალბატონო მარინა, რა არის ვირუსი?
- ვირუსი ძალზე მცირე ზომის მიკროორგანიზმია. ის გენეტიკური პარაზიტია - არ ახდენს საკუთარი ცილების სინთეზს, ამისთვის იგი მასპინძელ უჯრედს იყენებს, ამავე დროს, არ იზრდება, მხოლოდ მრავლდება. ცნობილია მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა სამყაროსთვის დამახასიათებელი ვირუსები. ზოგიერთი ვირუსი ადამიანისთვისაც საშიშია და ცხოველისთვისაც. მაგალითად, ცოფის გამომწვევი აავადებს როგორც ცხოველს, ისე ადამიანსაც. ზოგიერთი ვირუსი მხოლოდ ადამიანს უქადის საფრთხეს, - ასეთია, მაგალითად,C ჰეპატიტის ვირუსი, - ზოგი კი მხოლოდ ცხოველებს.
დღესდღეობით ცნობილია ადამიანისთვის საშიში ვირუსების 20-ზე მეტი ოჯახი, რომელთაგან თითოეული კიდევ რამდენიმე ქვეტიპს მოიცავს. ნათელია, რომ ვირუსების ოჯახი დიდი და მრავალფეროვანია. ზოგიერთი ვირუსი შედარებით დიდი ზომისაა და დნმ-ს ჯაჭვს შეიცავს (დნმ-ვირუსები), ზოგიც ძალიან პატარა და მხოლოდ რნმ-ს შეიცავს (რნმ-ვირუსები).
- როგორ ვლინდება ვირუსული დაავადებები?
- ვირუსული დაავადებები მრავალნაირად ვლინდება. მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰერპესის ვირუსით არის ინფიცირებული, მაგრამ შესაძლოა, მრავალმა მათგანმა ვერასოდეს შეიტყოს ეს (უსიმპტომო პერსისტენცია), მაშინ როცა იმავე ვირუსმა სხვა ადამიანებში შესაძლოა სხვადასხვა სიძლიერის დაავადება გამოიწვიოს.
სხვაგვარად იქცევიან ყვავილის, ცოფის, შიდსისა და ზოგიერთი სხვა დაავადების გამომწვევი ვირუსები. მათთან შეხვედრა მუდამ ძალზე სახიფათოა, ხშირად კი საბედისწეროც.
ზოგი ვირუსი წლების განმავლობაში ვერაგულად, ფარულად გვიტევს, არაფრით ამჟღავნებს თავის არსებობას, დასასრული კი სამწუხაროა, როგორც, მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთ სეროტიპთან შეხვედრის დროს საშვილოსნოს ყელის კიბოს უდიდესი საშიშროების გამო.
ყველა კარგად იცნობს ორთომიქსოვირუსებს - გრიპის ვირუსებს. სიტყვა "ვირუსს" მრავალი ჩვენგანი სწორედ გრიპთან აიგივებს, მაგრამ ალბათ ამ ზერელე მიმოხილვითაც ჩანს, რომ ასე არ არის. გრიპის ვირუსებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სეზონურობა - წლის ცივი პერიოდი ხელს უწყობს მათ გააქტიურებას. გრიპის ვირუსს ერთი მეტად სამწუხარო თავისებურება ახასიათებს - ის ძალზე ვარიაბილურია. ცნობილია მისი 2000-ზე მეტი სახეობა. ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტუალური გახდა A ტიპის ვირუსი. უკანასკნელი წლების საშიში ეპიდემიები სწორედ A ტიპის ვირუსით იყო გამოწვეული. მას ახასიათებს თავისი ანტიგენური სტრუქტურის (ანუ დამაზიანებელი ნაწილების) იოლი ცვლა, რის გამოც ადამიანი ვერ ახერხებს ხანგრძლივი იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას. ეს ვაქცინაციასაც ართულებს.
- ყველაზე მეტად რომელ ორგანოსა და სისტემას აზიანებს ვირუსი?
- არ არის ადამიანის ორგანიზმში ქსოვილი ან ორგანო, ვირუსისთვის მიუწვდომელი რომ იყოს. საბედნიეროდ, ერთი სახეობის ვირუსი "ირჩევს" განსაზღვრულ ორგანოს ან ორგანოებს, რამდენიმე ვირუსის ერთდროული მოხვედრა ერთ ორგანიზმში კი შესაძლოა, მაგრამ იშვიათი.
შედარებით ხშირია B და C ჰეპატიტებით ერთდროული ინფიცირება, ასევე - B და E ჰეპატიტები. გარდა ამისა, ცნობილია შიდსის ვირუსის თანმხვედრი ვირუსების მთელი სპექტრი. საქმე ის არის, რომ შიდსის ვირუსის სამიზნეა თვით იმუნოკომპეტენტური უჯრედები - ლიმფოციტები, მაკროფაგები და სხვა, ამიტომ ორგანიზმს აღარ შესწევს სხვა მიკროორგანიზმებისგან თავის დაცვის უნარი.
ჩვენში ნაკლებად ცნობილი ტროპიკული ქვეყნების მრავალი ვირუსი მოქმედებს წითელ სისხლზე და იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას.
ყვავილის ვირუსი კანსა და ლორწოვან გარსებს აყენებს ზიანს;
ცოფის ვირუსი - ნერვულ სისტემას.
ასევე ნერვულ სისტემაზე, მაგრამ არა ცოფივით ფატალურად, მოქმედებს პოლიომიელიტის ვირუსი.
კანს, ლორწოვანებს, ნერვებს, ლიმფურ სისტემას აზიანებს მარტივი ჰერპესის ვირუსი - I და II ტიპისა. მას შეუძლია გამოიწვიოს გამონაყარი სახეზე, ცხვირთან, ტუჩთან, სასქესო ორგანოებზე.
ამავე ოჯახს ეკუთვნის ჩუტყვავილას ვირუსი, რომელიც ზრდასრულებში იწვევს ბევრისთვის ცნობილ ჰერპესზოსტერს (მტკივნეული სარტყლისებრი გამონაყარი რომელიმე ან რამდენიმე ნერვის გასწვრივ).
ამავე ოჯახის წარმომადგენელია ციტომეგალოვირუსი, რომელიც არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ჩანასახზე.
აქვეა ეპშტეინ-ბარის, მონონუკლეოზის გამომწვევი ვირუსი. თუ მეტისმეტად გაძლიერდა, მას შეუძლია ლიმფური სისტემის სიმსივნეების ჩამოყალიბებასაც კი შეუწყოს ხელი.
კანს, ლორწოვანს, თვალს, პლევრას, გულის კუნთს აზიანებენ კოქსაკის ვირუსები (ენტეროვირუსების ოჯახი).
უკვე ვახსენეთ ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები, რომლებიც ღვიძლს აზიანებენ.
მეჭეჭებსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთი სეროტიპი.
- როგორ ვლინდება კლინიკურად ვირუსული დაავადებები?
- რაკი სხვადასხვა ვირუსი სხვადასხვაგვარად მოქმედებს, კლინიკურ გამოვლინებათა სპექტრიც, შესაბამისად, ძალზე მრავალფეროვანია და ხშირად ძნელი მისახვედრია, რომ აქაც და იქაც ვირუსულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. თუ ერთგან ცხელება, ხველა, ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ანთებითი მოვლენები (მაგალითად, გრიპის ვირუსისა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა, რინოვირუსისა და სხვათა შემთხვევაში) მიგვახვედრებს, რომ ინფექციურ დაავადებასთან გვაქვს საქმე, მეორეგან ეს ფაქტი ძალზე ძნელი დასადგენია. ზოგჯერ ამის დადგენა გარკვეულ დრომდე შეუძლებელიც კია. მაგალითად,C ჰეპატიტის ან შიდსის დროს.
ძალზე მკაფიო და შიშის მომგვრელია ტროპიკული ქვეყნების ვირუსულ დაავადებათა (ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება და სხვა) კლინიკური გამოვლინებები. ასე რომ, ვირუსული დაავადებით ადამიანი შეიძლება ყველა პროფილის ექიმთან მოხვდეს, მათ შორის - სტომატოლოგთან (მაგალითად, ჰერპესის, აფთოზური გამონაყარის გამო), ოფთალმოლოგთან (ჰერპესი, კოქსაკის ვირუსი) და ფსიქიატრთანაც კი (ენცეფალიტის, იშვიათად - გრიპის დროს).
ნევროლოგიურ მოშლილობებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია ვირუსული დაავადებების კლინიკაში. დაავადების ნამდვილი მიზეზის ამოცნობა კი უკვე ექიმზეა დამოკიდებული.
- როგორ უნდა დაისვას ვირუსული დაავადების დიაგნოზი?
- დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზური მონაცემების სწორად შეკრებას. უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ცხოვრებისა და მუშაობის ადგილი და პირობები, ქვეყანა, სადაც იმოგზაურა, ცხოველებთან კონტაქტი, საკვები, სქესობრივი ცხოვრების წესი, ესა თუ ის სამედიცინო (მათ შორის - სტომატოლოგიური) და კოსმეტოლოგიური (მანიკიური, პედიკიური, ტატუირება, პირსინგი) ჩატარება, სისხლის გადასხმა და სხვა. ხანდახან ესეც საკმარისია სწორი დიაგნოსტიკური გეზის ასაღებად.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია სისხლის, შარდის ანალიზები. დიაგნოზს საბოლოოდ ადასტურებს ქსოვილოვან სითხეებში ვირუსის აღმოჩენა. ყველაზე ხშირად ეს ხდება სეროლოგიური გამოკვლევით, ანუ დაავადებულის სისხლში ამა თუ იმ ვირუსის საწინააღმდეგო თავდაცვითი ცილის - შესაბამისი ანტისხეულის - აღმოჩენით.
- როგორ შეიძლება მოვერიოთ ვირუსს?
- ადამიანი უძლური როდია ვირუსების წინაშე. ბავშვთა სახადები - წითელა, წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა - ვირუსული დავადებებია. როგორც წესი, ბავშვებს ისინი კარგად გადააქვთ და სამუდამო იმუნიტეტიც რჩებათ. ეს იმუნიტეტი მათ სხვა დაავადებებთან გამკლავებაშიც კი ეხმარება, თუმცა არაპირდაპირ. მოზრდილებს იგივე დაავადებები გაცილებით მძიმედ გადააქვთ. სხვა ვირუსული დაავადებები ასეთ ხანგრძლივ იმუნიტეტს არ ტოვებს. ერთგვარი იმუნური პასუხი უმეტესად რჩება, მაგრამ სრულყოფილად ვერ იცავს ორგანიზმს, ხანდახან კი საერთოდ არ ყალიბდება და ადამიანს რამდენიმეჯერ ემართება ერთი და იგივე ვირუსული დაავადება.
გრიპის ვირუსი ტოვებს განსაზღვრულ იმუნიტეტს, მაგრამ რამდენადაც იგი ხშირად იცვლის სახეს, ერთ სეზონზე ზოგჯერ რამდენიმეჯერაც კი ვხდებით ავად. ვირუსი მალე იმუნური სისტემისთვის შეუცნობელი სახით ბრუნდება უკან, რაც აძნელებს გრიპის ვაქცინაციას, მაგრამ ის მაინც ეფექტურია, ამიტომ ჯობს, იმუნურად სუსტმა, ხშირად მოავადე პირებმა ბოლო ხანს გამოჩენილი სახიფათო ვირუსებისგან აცრით დაიცვან თავი. ვაქცინაციამ იხსნა მსოფლიო ყვავილისგან, ვაქცინაციაა ხსნა ცოფის სასიკვდილო ვირუსისგან. პოლიომიელიტიც ამავე სიაშია.
განსაზღვრული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სასურველია B ჰეპატიტის აცრა. გარდა ამისა, არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატები: აციკლოვირი, ვალციკლოვირი ჰერპესის ჯგუფის ვირუსებისთვის, ოზელტამივირი და ზანამივირი გრიპის ვირუსებისთვის. ისინი ძლიერმოქმედნი არინ და მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
იაპონიაში საგანგაშო სტატისტიკაა მოზარდების სიკვდილიანობისა გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების უკონტროლო მიღების გამო. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერფერონებით მკურნალობას C ჰეპატიტის აქტიური ფორმების დროს. კარგი შედეგი აქვს სხვადასხვა ვირუსული დაავადების დროს ინტერფერონების გამოყოფის ინდუქტორებს.
დამხმარე როლს ასრულებენ C ვიტამინი, ნაცადი ხალხური საშუალებები, ზოგიერთი სანდო ჰომეოპათიური საშუალება.
- რას ურჩევდით მკითხველებს ვირუსებისგან თავის დასაცავად?
- ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ცხოვრების ჯანსაღი წესის, სწორი კვების, გაკაჟების, ფიზიკური და ემოციური ჰიგიენის როლი. დაბოლოს, რამდენიმე რჩევა:
- მიუხედავად ყველაფრისა, ნუ აჰყვებით შიშს. ვირუსები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ადამიანთა მოდგმა არ გადაშენებულა. ეს არც ამჯერად მოხდება, შიში კი საფუძველია იმუნიტეტის შერყევისა, რის შედეგადაც დაავადებები უფრო იოლად მოგვერევიან.
- იზრუნეთ იმუნიტეტის გამყარებაზე არა მარტო მედიკამენტებით, სპორტით და კვებით, არამედ ცხოვრების პოზიტიური ხედვითაც.
- გაიკეთეთ და გაუკეთეთ სავალდებულო და აზრიანი აცრები თქვენს ახლობლებს.
- ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, გაურკვეველი ჩივილების და ცუდად ყოფნისას დროულად მიმართეთ ექიმს.
- ადამიანი ვირუსზე ბევრად ძლიერია.