ვირუსი - ზოგადსაკაცობრიო საფრთხე და სამუზეუმო ექსპონატი
ორგანიზმში ამ დროს თანამიმდევრულად ვითარდება დამცველობით-შეგუებითი, კომპენსაციური პროცესები. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი ბელა ელიაძე:
- ინფექციური სნეულებანი უძველესი დროიდან არის ცნობილი. ამას მოწმობს ჰიპოკრატეს ნაშრომები, სადაც აღწერილია მუცლისა და შებრუნებითი ტიფი, დიზენტერია, ციმბირის წყლული, წითელა. ძველბერძნულ პაპირუსებში (II-IV საუკ. ჩვ. წ-აღ-მდე) მოიპოვება ცნობები შავ ჭირზე, პოლიომიელიტზე, მალარიაზე და სხვა. კიდევ უფრო ადრე, ჩინურ ხელნაწერებში, ნახსენებია ნატურალური ყვავილი.
კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მსოფლიოში არაერთხელ იფეთქა ინფექციური დაავადებების ეპიდემიამ თუ პანდემიამ, რომლებსაც ემსხვერპლა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ხოლო ბევრი დიდი ქალაქი მთლიანად განადგურდა. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფექციურ დაავადებას არა მხოლოდ ცალკე აღებული ადამიანისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.
- რა არის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური პროცესი?
- თუ ინფექციურ პროცესს წარმოვიდგენთ როგორც ინფექციური აგენტისა და მაკროორგანიზმის (ადამიანის) ურთიერთქმედებას გარემოში - ეპიდემიური პროცესი შეიძლება განვმარტოთ როგორც დაავადების გავრცელება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაზღვრულ მოსახლეობაზე, ასაკზე, სქესზე, რომელსაც ახასიათებს სეზონურობა, ჯგუფური და სპორადული (ერთეული) შემთხვევების განსაზღვრული თანაფარდობა და სხვა. ეპიდემიური პროცესის განვითარებისა და უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელია სამი კომპონენტის ურთიერთქმედება. ესენია:
- ინფექციური აგენტის წყარო;
- ინფექციის გადაცემის მექანიზმი;
- ინფექციისადმი ორგანიზმის მიმღებლობა.
ეპიდემიური პროცესის პირველი რგოლია ინფექციური აგენტის ბუნებრივი წყარო, სადაც ხდება მისი გამრავლება, დაგროვება. ინფექციის წყარო, გარდა ცოცხალი ორგანიზმისა, შეიძლება იყოს წყალი, ნიადაგი და ა.შ. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ცოცხალი ან არაცოცხალი (აბიოტური) ობიექტი:
- ადამიანის ორგანიზმი (ანთროპონოზები);
- ცხოველის ორგანიზმი (ზოონოზები);
- არაცოცხალი ობიექტი (საპრონოზები) - წყალი, ნიადაგი და სხვა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინფექციური აგენტის გადაცემის მექანიზმი, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგი თანამიმდევრული სტადიების სახით:
- ავადმყოფი ორგანიზმიდან ან მატარებლიდან ინფექციური აგენტის გამოყოფა;
- მისი მოხვედრა ცოცხალ ან არაცოცხალ ობიექტში, სადაც ინფექციური აგენტი თავისი ცხოველმყოფელობისთვის სათანადო პირობებს იპოვის;
- გამომწვევის შეჭრა ჯანმრთელ ორგანიზმში.
განასხვავებენ ინფექციური აგენტის გადაცემის 5 ტიპს:
- ჰაერწვეთოვანი ტიპი (აეროზოლური ან მტვრის მეშვეობით) ინფექციის გადაცემის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფი ტიპია. გადაცემის ინტენსივობა დამოკიდებულია ისეთ ფიზიოლოგიურ აქტებზე, როგორიც არის ლაპარაკი, ხველა, ცხვირცემინება და ასე შემდეგ. ამ დროს აეროზოლის სახით გამოყოფილი ინფიცირებული სეკრეტი, წვეთების ზომის შესაბამისად, სხვადასხვა მანძილზე ვრცელდება. მოზრდილი წვეთები მალევე ეშვება დაბლა (ასეთია, მაგალითად, ეპიდემიური პაროტიტი ანუ ყბაყურა, ყივანახველა და სხვა), მცირე აეროზოლები კი უფრო მეტხანს რჩება ჰაერში და დიდ მანძილზე ვრცელდება (წითელა, გრიპი, ჩუტყვავილა და სხვა).
- ფეკალურ-ორალური ან ალიმენტური გზით ინფექციის გადაცემა დამახასიათებელია ნაწლავთა როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ბუნების ინფექციებისთვის. მათ მიეკუთვნება შიგელოზი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, ქოლერა, როტავირუსული და სხვა დიარეაგენული ვირუსული ინფექციები. ინფექცია გადაეცემა საკვების, წყლის, ჭუჭყიანი ხელების, ბუზების, ინფიცირებული საყოფაცხოვრებო საგნების მეშვეობით. ასეთივე გზით ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ქუნთრუშის, დიფტერიის, ტუბერკულოზის დროს, მაგრამ ნაკლებმოსალოდნელია წითელას, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემთხვევაში - ამ უკანასკნელთა გამომწვევები გარემოში არამდგრადები არიან.
- ნიადაგს, როგორც ინფექციის გადაცემის ფაქტორს, მნიშვნელობა ენიჭება ჭრილობის ანაერობული ინფექციით დასნებოვნების დროს (გაზოვანი განგრენა, გაშეშება - ტეტანუსი).
- საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზის შემთხვევაში ინფექციური აგენტი ლოკალიზებულია უპირატესად კანისა და ლორწოვანი გარსების იმ უბნებზე, რომლებსაც გარემოსთან უშუალო შეხება აქვს. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი კონტაქტით - ინფიცირებული საგნების, ნაწლავთა ინფექციების დროს - ჭუჭყიანი ხელების მეშვეობით. ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტის გზით ინფექცია გადაეცემა დიფტერიის, ქუნთრუშის, ტუბერკულოზის, ჰერპეს-ინფექციის (კოცნით), აივ-ინფექციის (უმთავრესად სქესობრივი გზით), წითელი ქარის, მუნის დროს.
- ტრანსმისიულ გადაცემას ახორციელებენ ცოცხალი მწერები, ხშირად - სპეციფიკური გადამცემები (ტკიპა, ტილი, კოღო, რწყილი, მოსკიტი). ისინი ინფექციურ აგენტს უპირატესად კბენისას გადასცემენ. ამ მწერების ორგანიზმში ინფექციური აგენტი მრავლდება ან გადის სქესობრივი განვითარების ციკლს. არასპეციფიკურ ბიოლოგიურ გადამტანებად მიიჩნევენ ბუზებს, რომლებსაც ინფექციური აგენტი მექანიკურად გადააქვთ (შიგელოზი, მუცლის ტიფი, A ჰეპატიტი და სხვა).
- უკანასკნელ ხანს დიდი ყურადღება მიიქცია ვერტიკალური გადაცემის მექანიზმმა. განსაკუთრებით აქტუალურია ტრანსპლაცენტური გზით - დედისგან ნაყოფზე - ისეთი ინფექციების გადაცემა, როგორიც არის:
- ვირუსული ინფექციები - ციტომეგალია, წითურა, ჩუტყვავილა, ეპიდემიური პაროტიტი და სხვა;
- ბაქტერიული - სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური - ინფექციები;
- პროტოზოული ინფექციები - ლეიშმანიოზი, მალარია, ტოქსოპლაზმოზი.
აღნიშნული ინფექციები ორსულობის სხვადასხვა პერიოდში იწვევს ნაყოფის მძიმე დაავადებებს, მკვდრადშობადობას და/ან ახალშობილთა თანდაყოლილ ინფექციებს.
დაბოლოს, როგორც აღვნიშნეთ: ეპიდემიური პროცესის განვითარებისთვის, მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელია მესამე რგოლის - ინფექციისადმი მოსახლეობის მიმღებლობის - არსებობა. საუბარია ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე, იმუნიტეტზე. იმუნიტეტი შეიძლება იყოს ბუნებრივი, სახეობრივი, თანდაყოლილი ანუ გენეტიკურად ფიქსირებული. ასეთი იმუნიტეტით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი არ ავადდება ცხოველებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ინფექციით და პირიქით, ცხოველს არ ემართება, მაგალითად, წითელა, ქუნთრუშა, მენინგოკოკური ინფექცია და სხვა.
ინფექციის სახეობრივი მიუღებლობა დეტერმინირებულია ალელის წყვილი გენით. ასე, მაგალითად: აფრიკის ზოგიერთ რაიონში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული მალარია, აღმოჩენილია განსაკუთრებული გენი, რომელიც იწვევს ადამიანში ანომალიური, ნამგლისებრუჯრედოვანი ჰემოგლობინის სინთეზს. აღნიშნული გენის ჰეტეროგენულ პირებში მალარია არ ვითარდება.
ბუნებრივი იმუნიტეტის შესუსტებას ხელს უწყობს რიგი ფაქტორი - ორგანიზმის ფიზიოლოგიური თვისებებისა და კვების დარღვევა, ორგანიზმის გადაცივება და სხვა.
შეძენილი იმუნიტეტი შეიძლება იყოს ინფექციის გადატანის ან სპეციფიკური აცრის შედეგი. უკანასკნელი სახის იმუნიტეტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ინფექციისადმი მოსახლეობის მიუღებლობის ჩამოყალიბებისთვის, არამედ ინფექციის სრული ლიკვიდაციისთვის, უკიდურეს შემთხვევაში - მისი მკვეთრი შემცირებისთვის.
- ინფექციური პროცესი ყოველთვის ინფექციური დაავადებით არ სრულდება. რა არის იფექციური დაავადება?
- ინფექციური დაავადება გულისხმობს ინფექციური პროცესის უკიდურესი გამოვლინების კლინიკურ გამოაშკარავებას (მანიფესტაციას). ხაზგასმულია ის, რომ დაავადების კლინიკური სურათი შეიძლება მერყეობდეს ფართო დიაპაზონით - მიმდინარეობდეს ატიპურად, წაშლილი, უმსუბუქესი (ეს კი ხშირად ქმნის დიაგნოსტიკურ სირთულეებს) ან, პირიქით, უმძიმესი ფორმით. ამ შემთხვევაში ჩივილების არასწორი შეფასების, დაავადების მძიმე გამოვლინების შედეგად პროცესი შეიძლება ლეტალურად დასრულდეს საინკუბაციო პერიოდის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ (ელვისებური ფორმები).
დაავადების მიმდინარეობა შეიძლება დადასტურდეს ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ორგანოების მორფოლოგიური ცვლილებებით და სხვა. მეორე მხრივ, მაკროორგანიზმისა და მიკროორგანიზმის შეხვედრამ შეიძლება მიიღოს ასე თუ ისე ინდიფერენტული ურთიერთკავშირის სახე და განვითარდეს ე.წ. ჯანმრთელი მატარებლობა.
ასევე გამოვყოფ ნელი ინფექციების დროს მაკრო- და მიკროორგანიზმების თავისებურ ურთიერთქმედებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაავადების პროგრესირება, რამდენიმეწლიანი მიმდინარეობა. ამ ტიპის მიმდინარეობა ახასიათებს ისეთ ინფექციებს, როგორიც არის თანდაყოლილი წითურა, ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი ციროზის განვითარებით და სხვა. ასევე შესაძლებელია დაავადების რემისიის ან რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) დროს პროცესის გამწვავება ან რეციდივის განვითარება. ეს მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს აღნიშნულ პერიოდებში ორგანიზმის ხელახალი ინფიცირებით ან იდენტური (მსგავსი) მიკროორგანიზმებით. ამ მოვლენას რეინფექციას უწოდებენ.
- რა თავისებურება ახასიათებს ნოზოკომიურ ინფექციებს?
- ნოზოკომიური ინფექცია შეძენილი პათოლოგიაა. ამ ინფექციით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს როგორც მშობიარობის პროცესში, ასევე მოგვიანებითაც. აღნიშნული პათოლოგია უმთავრესად ახალშობილებსა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნება, თუმცა აფეთქებები გვხვდება მოზრდილთა სტაციონარის პირობებშიც. ნოზოკომიური ინფექციის სიხშირე იმაზეა დამოკიდებული, როგორ უვლიან და კვებავენ ახალშობილს, როგორია მისი მასა. დღეისთვის ეს ინფექცია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ბევრი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისთვის. პრობლემის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე პირობებში არსებითად შეიცვალა გამომწვევთა ბიოლოგიური თვისებები. ესენი შეიძლება იყოს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, უმარტივესები. ამ მიკროორგანიზმთა მოქმედებას განაპირობებს ფაქტორთა მთელი წყება - სტაციონარის პროფილი, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ხასიათი და დონე.
ნოზოკომიურ ინფექციას, ჩვეულებრივ, იწვევს ჰოსპიტალური (საავადმყოფოსშიგა) შტამები, რომელთაც ახასიათებთ წამლის მიმართ მდგრადობა (რეზისტენტობა). ისინი ასევე მდგრადნი არიან სხვა ფაქტორების - გამოშრობის, ულტრაიისფერი სხივების, სადეზინფექციო ხსნარების მიმართ.
- რა დამცველობითი მექანიზმები აქვს ადამიანის ორგანიზმს ინფექციური პროცესის მიმართ?
- მოზრდილისა და ბავშვის ორგანიზმის საპასუხო რეაქციები ინფექციური აგენტის მიმართ პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც განპირობებულია ბავშვის ორგანიზმის არასპეციფიკური და სპეციფიკური დამცველობითი მექანიზმების მოუმწიფებლობით, იმუნური რეაქციების არასრულყოფილებით.
თანამედროვე განმარტებით, იმუნოლოგია შეისწავლის გენეტიკური, მოლეკულური და უჯრედოვანი მექანიზმების რეაგირებას უცხო ცოცხალი სხეულების და/ან ნივთიერებების საწინააღმდეგოდ. ინფექციური დაავადების დროს იმუნიტეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იგი ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. როცა აღინიშნება იმუნიტეტის დეფიციტი, როცა იგი არასრულყოფილია, ინფექციური პროცესი ხანგრძლივდება, ქრონიკულდება, ვითარდება ვირუსმატარებლობა (მაგალითად, ვირუსული ჰეპატიტის დროს, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ინფექციის, მუცლის ტიფის და სხვა დაავადების დროს), ბაქტერიამატარებლობა ან ელვისებური ფორმა (მაგალითად, მენინგოკოქცემია), B ჰეპატიტის დროს - ღვიძლის მწვავე დისტროფია და სხვა.
ინფექციური პროცესის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის დაცვის არასპეციფიკურ და სპეციფიკურ ფაქტორებს. არასპეციფიკური დამცველობითი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ფაგოციტოზი, კომპლემენტის, პროპერდინის სისტემები, ინტერფერონული სისტემა და ა.შ.
ინტერფერონი უმნიშვნელოვანესი ვირუსსაწინააღმდეგო ცილაა, რომელსაც გამოიმუშავებს ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი. ის პრაქტიკულად ყველა ვირუსზე მოქმედებს. ინტერფერონის პროდუქციის ყველაზე დიდი უნარი აქვთ ლეიკოციტებს. ინტერფერონის პროდუქციის შესაძლებლობა გენეტიკურად დეტერმინირებულია და ორგანიზმს მემკვიდრეობით გადაეცემა. ახალშობილებში ამ ცილის აქტივობა დაბალია და მაქსიმუმს მხოლოდ 12-14 წლის ასაკში აღწევს.
ინტერფერონი აძლიერებს ფაგოციტოზს (მიკრობების ლიკვიდაციას მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს), თრგუნავს ონკოგენური უჯრედების ტრანსფორმაციას, თუ ეს უკანასკნელი ვირუსებით არის გამოწვეული, ამუხრუჭებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აძლიერებს ლიმფოცოტების მოქმედებას.
სიცოცხლის პირველ თვეებში ინტერფერონის დაბალი აქტივობა ხელს უწყობს ვირსული ინფექციების (მაგალითად, სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებების) მიმღებლობასა და მათ მძიმე მიმდინარეობას. ინტერფერონს როგორც ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეული ასაკის ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციაში (გარემო პირობებთან შეგუებაში).
არასპეციფიკური დამცველობითი ფაქტორებიდან ორგანიზმის რეზისტენტობისთვის (ვირუსებისადმი მდგრადობისთვის) დიდი მნიშვნელობა აქვს კანისა და ლორწოვანი გარსების საფარველს, ეპითელურ-ცილიარულ უჯრედებს, ნორმალურ მიკრობულ ფლორას, მათ შორის - ნაწლავებისას და ა.შ. ამიტომაც არის, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის მოუწესრიგებლობის დროს ადამიანი ხშირად ავადობს ვირუსული (მათ შორის - სასუნთქი გზების) ინფექციებით.
ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მაკროორგანიზმის სპეციფიკური დამცველობითი რეაქციები, რომლებიც, პირველ რიგში, იმუნიტეტის T და B სისტემებთან არის დაკავშირებული.
ფიზიკურ ფაქტორებს, რომლებსაც ყველაზე ადრე ხვდება ინფექციური აგენტი, მიეკუთვნება კანი, ლორწოვანი გარსი, ლორწო, წამწამოვანი ეპითელიუმის უჯრედები. იმუნურ სისტემას ქმნის T, B, NK უჯრედები, ფაგოციტური უჯრედები (ნიტროფილები, მონოციტები) და კომპლემენტის სისტემა. იმუნური სისტემა ორგანიზმს აუტოიმუნური და ავთვისებიანი დაავადებებისგანაც იცავს.
T და B ლიმფოციტები პასუხს აგებს ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ანტიგენის (მაგალითად, ვირუსის) ამოცნობაზე და გარკვეულ როლს ასრულებს იმუნური სისტემის რეგულაციაში.
B ლიმფოციტები გარდაიქმნება პლაზმურ უჯრედად, რომელსაც უკვე შეუძლია კონკრეტული ანტიგენის (მაგალითად, ვირუსის) საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების - იმუნოგლობულინების სინთეზი. არსებობს იმუნოგლობულინების 5 იზოტოპი:
- YgG - სისხლში მისი არსებობა ორგანიზმში მიმდინარე მწვავე ინფექციურ პროცესზე მეტყველებს.
- YgG - მისი არსებობა უკვე გადატანილ ინფექციაზე მიგვითითებს.
- YgA - არსებობს ისეთ სეკრეტებში, როგორიც არის რძე, კუჭ-ნაწლავის შიგთავსი, რესპირაციული ლორწო და ნახველი, უროგენიტალური ტრაქტის სეკრეტი. მისი აღმოჩენა სისხლშიც შეიძლება. იგი განსაზღვრავს ე.წ. ადგილობრივ იმუნიტეტს.
- YgE დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების ძირითადი თუ არა, ერთ-ერთი მედიატორია.
- ygD - მისი როლი ბოლომდე ნათელი არ არის.
პირველადი ლიმფოიდური ორგანოებია თიმუსი და ძვლის ტვინი, მეორეული კი ელენთა, ლიმფური კვანძები, ტონზილები, პეიერის ფოლაქები.
დაბადების შემდეგ ლიმფოიდური ორგანოები სწრაფად ვითარდება და 1 წლის ასაკში ჰისტოლოგიურ (უჯრედულ) სიმწიფეს აღწევს, 6 წლისთვის კი მოცულობით მოზრდილისას უახლოვდება. მხოლოდ ელენთა აღწევს თავის ნორმალურ მასას მოგვიანებით, გარდატეხის ასაკში. ამდენად, ორგანიზმისთვის, მისი თავდაცვისთვის მნიშვნელოვანია, მართებულად გადაწყდეს ტონზილების ამოჭრის საკითხი. ტონზილექტომია მხოლოდ ჩვენებისა და აუცილებლობის გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს. ნუშურა ჯირკვლები მეტად მნიშვნელოვანი ლიმფოიდური ორგანოებია, რომლებიც ნებისმიერ ასაკშია საჭირო და კარიბჭის როლს ასრულებს სასუნთქი გზების ინფექციური დავადებების დროს.
- როგორია ინფექციური დაავადებების მკურნალობის პრინციპები?
- მკურნალობის მთავარი პრინციპი კომპლექსური თერაპიაა დაავადების სიმძიმის, მიმდინარეობის, ფაზისა და ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამისთვის თანამედროვე მედიცინას აქვს ეტიოტროპული (გამომწვევის საწინააღმდეგო) და პათოგენეზური (დაზიანებული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღმდგენი) თერაპიის ვრცელი არსენალი, რომლის გამოყენება ხშირად ავადმყოფთა სრულ გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს, დანარჩენ შემთხვევებში კი მკვეთრად ამცირებს ლეტალურ შედეგს.
ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციური დაავადებების მკურნალობა ძირითადად პათოგენეზური თერაპიით შემოიფარგლება, ვინაიდან ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ეტიოტროპული საშუალებები დღემდე არ არსებობს.
ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ ინტერფერონს. მას ანტივირუსული მოქმედების ფარტო სპექტრი აქვს, მაგრამ ვირუსსპეციფიკურობა არ ახასიათებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტერფერონი უშუალოდ კი არ მოქმედებს ვირუსზე, არამედ უჯრედში იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას.
განასხვავებენ სამი ტიპის ინტერფერონს: ალფას, ბეტას და გამას. ინტერფერონის პრეპარატების გამოყენება ნაჩვენებია ვირუსული დაავადებების, მწვავე რესპირატორული ინფექციების, B და C ჰეპატიტების, ჰერპესული ინფექციის, ონკოლოგიური დაავადებების დროს.
ქრონიკული B და C ჰეპატიტების, მწვავე C ჰეპატიტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში იყენებენ:
- ადამიანის ლიმფობლასტურ ინტერფერონს (გელფერონი);
- რეკომბინანტურ ინტერფერონს: ალფა - 2ა (როფერონი); ალფა - 2ბ (ინტრონ A);
პეგილირებულ ინტერფერონს - პეგინტრონს, პეგასისს. პეგასისი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული ინტერფერონები. ეს იმით აიხსნება, რომ მას ახასიათებს:
- გაუმჯობესებული ანტივირუსული აქტივობა;
- სწრაფი და მყარი შეწოვა;
- ნახევარდაშლის გახანგრძლივებული პერიოდი;
- ნაკლები გვერდითი მოვლენები;
- ხანგრძლივი ინტერვალის შესაძლებლობა ინექციებს შორის (თერაპიულ კონცენტრაციას ის 7 დღე ინარჩუნებს, სტანდარტული ინტერფერონის იგივე მაჩვენებელი კი 4-6 საათს შეადგენს).
C ჰეპატიტის სამკურნალოდ პეგასისი ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბებამდე ან მისი კომპენსირებული ფორმის დროს გამოიყენება. პათოგენეზური თერაპია გულისხმობს პათოლოგიური პროცესების მექანიზმებზე ზემოქმედებას და მიმართულია დამცველობითი, კომპენსაციური და აღდგენითი პროცესების გაუმჯობესებისკენ.
ვირუსული ინფექციების დროს პათოგენეზის წამყვან რგოლს წარმოადგენს ინტოქსიკაცია და ელექტროლიტებისა და სითხეების დისბალანსით განპირობებული დარღვევები. საერთო ინტოქსიკაციის ასალაგებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსალურ სადეზინტოქსიკაციო საშუალებებს: რინგერის ლაქტატს, გლუკოზის 10%-იან ხსნარს, ალბუმინს და სხვა.
ადამიანის ინტრავენური იმუნოგლობულინები მნიშვნელოვნად ამცირებს ან სრულიად ხსნის ინტოქსიკაციურ მოვლენებს. ასეთი ეფექტი იმუნოლოგიური მოქმედებების მექანიზმით არის გამოწვეული და ვირუსული ინფექციების დროს ეტიოტროპული თერაპიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
ინფექციური ავადმყოფის მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმის სწორ ორგანიზაციას, სიმშვიდეს, უარყოფითი ემოციებისა და სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედების თავიდან აცილებას. ავადმყოფს უნიშნავენ მხოლოდ აუცილებელ გამოკვლევებს.
კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია რაციონალური კვება. საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი, კალორიული, დაცული უნდა იყოს კვების ჯერადობა - დღეში 4-ჯერ ერთსა და იმავე დროს. გამოშრობითა და ინტოქსიკაციით მიმდინარე ვირუსული დაავადებების დროს აუცილებელია სითხის საკმაო რაოდენობით მიღება. არასრულფასოვანი კვება იმუნოგენეზის დაქვეითებისა და მწვავე პროცესის გაქრონიკულების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
- ინფექციურ დაავადებებს, სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, აქვთ სპეციფიკური პრევენციული საშუალებები. რას ნიშნავს ეს?
- ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკა-პრევენცია სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა. პრევენცია ეყრდნობა მრავალრიცხოვან კომპლექსურ ღონისძიებებს. ის უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და უწყვეტად, მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურად მშვიდი სიტუაციაა. ეს განპირობებულია იმით, რომ როდესაც მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში არსებობს ეპიდემიური კერა, განსაკუთრებით კი მაღალკონტაგიოზური (სწრაფად გადამდები) ინფექციისა, გადაადგილების თანამედროვე საშუალებების წყალობით გამომწვევი სწრაფად ვრცელდება საინკუბაციო პერიოდში მყოფი პირების მიერ.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებების დროს ხორციელდება როგორც პროფილაქტიკური, ასევე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. პირველი მიმართულია ეპიდემიური პროცესის თავიდან აცილებისკენ, ხოლო მეორე უკვე არსებული ეპიდემიური პროცესის ლიკვიდაციას ითვალისწინებს.
თანამედროვე სამედიცინო-ბიოლოგიურ და მომიჯნავე მეცნიერებათა მიღწევების საფუძველზე შექმნილია მაღალეფექტური ვაქცინები. ექიმები უნდა იცნობდნენ მათ, ასევე - ვაქცინაციის დროს დასაცავ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებს. ვაქცინაციის როგორც დადებითი, ასევე არასასურველი გვერდითი ეფექტების თაობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბავშვების მშობლებსა და ზრდასრულ პაციენტებს.
აქტიური იმუნიზაცია ითვალისწინებს მაკროორგანიზმზე მიკრობების ან მათი პროდუქტების ზემოქმედებას დაავადების პროვოცირების გარეშე იმუნური რეაქციების გამოსაწვევად. ამ მიზნით გამოიყენება გაწმენდილი ანდა გენური ინჟინერიით მიღებული ანტიგენი. ვაქცინის ეფექტურობა იმით განისაზღვრება, რამდენად კარგად და რამდენი ხნის განმავლობაში იცავს იგი ორგანიზმს დაავადებისგან.
იმუნიზაციის შედეგად ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტიტოქსიკურ, ანტიინვაზიურ ან მანეიტრალიზებელ აქტივობას ჰუმორული ან უჯრედული პასუხის სახით. ზოგიერთი ვაქცინა ორგანიზმში ერთჯერადი შეყვანით სამუდამო იმუნიტეტს უზურნველყოფს, ზოგი - დროებითს, ზოგიერთი კი საჭიროებს ორგანიზმში ხელმეორედ შეყვანას - რევაქცინაციას განსაზღვრული პერიოდის შემდეგ.
- რას გვეტყვით აცრების გვერდით ეფექტებსა და უკუჩვენებებზე?
- აცრის შემდგომ ზოგიერთ ადამიანს უვითარდება გვერდითი მოვლენები, რომლებიც მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. გარდა იშვიათი გამონაკლისისა, პრაქტიკულად ყველა ვაქცინურ პრეპარატს აქვს განსაზღვრული რეაქტოგენული თვისებები, ამიტომ საჭიროა სათანადო ღონისძიებების გატარება ამ თვისებების შესამცირებლად. გვერდითი ეფექტი, წესისამებრ, მსუბუქია და ადგილობრივი მოვლენებით შემოიფარგლება. საეჭვო შემთხვევაში საჭიროა ჯანმრთელობის დაცვის ზემდგომი ორგანოების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმირება.
დაბალი ცხელება იმუნიზაციის უკუჩვენება არ არის, მაგრამ თუ სხვა ნიშნები მძიმე დაავადებაზე მიგვითითებს, საჭიროა, გამოჯანმრთელებამდე ვაქცინაციისგან თავი შევიკავოთ. იმუნიზაციისათვის უკუჩვენებას ასევე არ წარმოადგენს:
- ანტიმიკრობული თერაპია და რეკონვალესცენცია;
- ადგილობრივი მოვლენები, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, თუნდაც ტემპერატურის მომატება 40 გრადუსამდე წინა ვაქცინაციის დროს;
- ინფექციურ ავადმყოფთან კონტაქტი;
- ალერგია პენიცილინზე, ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ანამნეზში აღნიშნულია მათ მიერ გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი (ვაქცინა შესაძლოა დამზადებული იყოს ზემოთ ნახსენებ ანტიბიოტიკებზე);
- ალერგია ბატის ხორცზე ან მის პროდუქტებზე, თუ ვაქცინა არ შეიცავს ბატის ანტიგენს;
- ვაქცინაციის შემდგომი კრუნჩხვა ოჯახის რომელიმე წევრის ანამნეზში;
- ცუდი კვება ბავშვებში;
- დღენაკლულობა;
- ძუძუთი კვება;
- არასპეციფიკური ალერგია.
ორსულებისთვის ცოცხალ ვაქცინებს არ იყენებენ.
- რა არის პასიური იმუნიტეტი?
- პასიური იმუნიზაცია გულისხმობს პაციენტის მიერ მზა ანტისხეულების მიღებას დაავადების პროფლაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ადამიანის ჰიპერიმუნური პლაზმა და სპეციფიკური იმუნოგლობულინები.
ზოგიერთი სპეციფიკური იმუნოგლობულინი მზადდება ცხენის ორგანიზმის იმუნიზაციის შედეგად - მიიღება შრატისმიერი ანტისხეულები, რომლებსაც მიეკუთვნება:
- A, B და E ტიპის ბოტულიზმის ანტიტოქსინი;
- დიფტერიის ანტიტოქსინი;
- ტეტანუსის ანტიტოქსინი;
- ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი.
შრატის შეყვანისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი ტიპის რეაქციები:
1. ფებრილური რეაქცია - ტემპერატურის მომატება;
2. შრატისმიერი დაავადება - ტემპერატურის მომატება, გამონაყარი კანზე, სახსრების ტკივილი;
3. ანაფილაქსია - კანის გაწითლება, ქავილი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ხმის შეცვლა, ციანოზი, პულსის აჩქარება, წნევის დაცემა. ეს მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.
პასიური იმუნიზაცია ნაჩვენებია: იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს; კონტაქტირებულ პირებში, როცა დიდია მძიმე დაავადების განვითარების რისკი (წითელა, ცოფი, B ჰეპატიტი), ზოგიერთი დაავადების (ბოტულიზმის, დიფტერიის, ტეტანუსის, კავასაკის სინდრომის) სამკურნალოდ.
ცნობისათვის: საერთაშორისო და ნაციონალური ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ღონისძიებათა შედეგად ნატურალური ყვავილი მთელ მსოფლიოში იქნა ლიკვიდირებული. 1980 წლის მაისში გამართულ მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის XXXIII სესიაზე ხელმოწერილ იქნა სერტიფიკატი დედამიწაზე ყვავილის ლიკვიდაციის შესახებ.
ყვავილის ვირუსი მხოლოდ სამუზეუმო კულტურის სახით ინახება პარიზში, ლუი პასტერის სახელობის ინსტიტუტში. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ვირუსებიც, რომლებიც დღეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას, ადრე თუ გვიან ყვავილის ვირუსის გვერდით დაიკავებენ ადგილს.