ვაქცინაცია - დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაცია - დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება

- ქალბატონო თამარ, რა არის აცრა და რა მნიშვნელობა აქვს მას ინფექციური დაავადებებისგან თავდასაცავად?

- აცრა, ვაქცინაცია, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსია. ის მძიმე ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დედამიწაზე ჩვენ გვიწევს ცხოვრება უამრავ მიკრობთან ერთად, ისინი სხვადასხვა გზით (მტვერი, ჭუჭყიანი ხელები, საგნები, ნერწყვი) იჭრებიან ადამიანის ორგანიზმში, მრავლდებიან, შედეგად იწვევენ ინფექციურ დაავადებებს, რომელთა ნაწილი საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა და ლეტალურადაც შეიძლება დასრულდეს. მძიმე ინფექციების გავრცელება, განსაკუთრებით გასულ საუკუნეში, ეპიდემიებსა და პანდემიებსაც იწვევდა, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პირველად გამოსავალი ინგლისელმა ექიმმა, ჯენერმა იპოვა 1796 წელს, როცა მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგად ძროხის ყვავილის ვირუსისგან შექმნა ყვავილის საწინაარმდეგო ვაქცინა. ტერმინებიც „ვაქცინა“ და „ვაქცინაცია“ მომდინარეობს „Vარიოცელე ვაქცინაე“-დან (ლათ. - ძროხის ყვავილი) და უკავშირდება ედუარდ გენერის სახელს. მოგვიანებით, 1991 წელს, ფრანგი მიკრობიოლოგის, ლუი პასტერის წინადადებით, რომელიც ასევე მეცნიერული ვაქცინაციის ფუძემდებლად ითვლება, ეს ტერმინები გავრცელდა სხვა ახალ ვაქცინებზეც, რომლებსაც მაშინ ქმნიდნენ. ვაქცინაცია ვაქცინის მიღებას ნიშნავს. სწორედ ვაქცინაციის შედეგად მიღებული საყოველთაო იმუნიტეტის წყალობით გახდა შესაძლებელი, გასულ საუკუნეში პლანეტის მასშტაბით ყვავილის ვირუსის ლიკვიდაცია, მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში შეიზღუდა პოლიომიელიტის, დიფტერიის, ტეტანუსის გავრცელება, ეფექტიანობა დაადასტურა ისეთმა ვაქცინებმაც, როგორებიცაა ადამიანის პაპილომა ვირუსის, ჩუტყვავილას, გრიპის და ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

- რომელი ინფექციური დაავადებებისგან გვიცავს ვაქცინაცია?

- ამჟამად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, არსებობს ლიცენზირებული ვაქცინები 25 სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის. მათ შორისაა: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი, როტავირუსი, პნევმოკოკი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ადამიანის პაპილომავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები. უნდა გვახსოვდეს, როცა ვიცრებით, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ, არამედ სხვებსაც ჩვენ გარშემო. ზოგი ადამიანი, რომელსაც სერიოზული დაავადება აქვს და სპეციალისტები მას ვაქცინაციას არ ურჩევენ, დამოკიდებულია ჩვენზე. ვაქცინაციით, რომელსაც ჩავიტარებთ, შევამცირებთ დაავადების გავრცელებას!

- რა სახის აცრები არსებობს?

- ვაქცინა (ლათ. ვაცცა - ძროხა) ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატია, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ შეძენილ იმუნიტეტს. ვაქცინა, როგორც წესი, შეიცავს აგენტს, რომელიც წააგავს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს. ვაქცინის შემადგენლობაში შედის დახოცილი (დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) ან ცოცხალი (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი), თუმცა დასუსტებული (ატენუირებული) მიკროორგანიზმების არაინფექციური ფრაგმენტები, მთლიანი ორგანიზმები ან მათი ტოქსინები. აგენტი იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულაციას. ამ დროს იმუნური სისტემა ამოიცნობს სხეულში შეჭრილ მიკრობს ან ბაქტერიას, წარმოქმნის ანტისხეულებს (ცილებს დაავადებასთან საბრძოლველად), იმახსოვრებს დაავადებას. თუ მომავალში ამ მიკრობს კვლავ გადააწყდება, იმუნურ სისტემას შეუძლია ის გაანადგუროს მანამ, სანამ მიკრობი ავადმყოფობას გამოიწვევს. ჩვენი იმუნური სისტემა შექმნილია დამახსოვრების მიზნით. მას შემდეგ, რაც ვაქცინის ერთ ან მეტ დოზას მივიღებთ, დაავადებისაგან დაცული ვრჩებით წლობით, ათწლეულობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამის გამო ვაქცინა ყველაზე ჭკვიანი და ეფექტური გზაა დაავადების გამომწვევის გარეშე იმუნური პასუხის წარმოსაქმნელად.

ვაქცინა შეიძლება იყოს პროფილაქტიკური, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს ან აღკვეთოს მომავალში ბუნებრივი პათოგენით გამოწვეული ინფექცია, ან თერაპიული, რომელიც ებრძვის უკვე განვითარებულ დაავადებას.

- რომელი აცრებია აუცილებელი?

- იმუნიზაცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტს. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავალდებულო იმუნიზაციას, რომელიც განისაზღვრება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო აცრებს დადგენილ ვადებში. ეს დაავადებებია: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, როტავირუსი, პნევმოკოკი, წითელა, წითურა, ყბაყურა, და ადამიანის პაპილომავირუსი.

- რა პერიოდულობით უნდა გაკეთდეს აცრა?

- აცრის პერიოდულობა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, მაგალითად, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც სეზონურად ტარდება. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო შესაძლებელია იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის წარმოება. ასე მაგალითად, გვახსოვს წითელას აცრების მასობრივი კამპანია 2008 წელს. ასევე აცრები, რომლებიც უტარდებათ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს. მაგალითად, რისკის ჯგუფის მედპერსონალს ჩაუტარდა ჰეპატიტის საწინააღმდეგ ვაქცინაცია. ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებათ მოგზაურებს აფრიკისა და ამერიკის კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში. აცრები უტარდებათ ასევე ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება სპეციფიკურ დაავადებებთან, ასეთია, მაგალითად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ძაღლის ნაკბენის გამო).

- რომელი აცრა კეთდება ასაკობრივად და რა პერიოდულობით?

- ასაკობრივად ტარდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გამონაკლისია ტეტანუსი, დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც 14 წლის შემდეგ კეთდება ათ წელიწადში ერთხელ.

- რატომ იწყება აცრები ადრეული ასაკიდან?

- ჩვენი ქვეყნის პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით აცრა იწყება სამშობიარო სახლში და 14 წლის ასაკში მთავრდება. სამშობიარო სახლის შემდეგ აცრა ორი თვის ასაკიდან გრძელდება. ასეთ ადრეულ ასაკში აცრების დაწყების მიზეზია ის, რომ ყველა ახალშობილს დედისაგან პლაცენტის საშუალებით გადაეცემა ამა თუ იმ დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამიტომ წითელა, წითურა, ყბაყურა და ზოგი სხვა დაავადება იშვიათად ვითარდება წლამდე ასაკში. ერთადერთი დაავადება, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვს შეიძლება დაემართოს, მიუხედავად დედისაგან გადაცემული ანტისხეულებისა, ყივანახველაა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2 თვის ასაკიდან იწყება, ხოლო წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მოგვიანებით, ერთი წლის ასაკიდან. ასევე დადგენილია, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება და სრულდება ვაქცინაცია, მით უფრო ნაკლებია აცრის შემდგომი გართულებების რისკი.

- თუ ბავშვი დროულად არ აიცრა, შესაძლებელია თუ არა გამოტოვებული აცრების მოგვიანებით გაკეთება?

- არათუ შესაძლებელი, აუცილებელია! 0-18 წლამდე ასაკის ყველა არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული პირი უნდა აიცრას ასაკის შესაბამისი ვაქცინით, ეროვნული კალენდრის შესაბამისად!

- ორსულებისათვის განსაკუთრებით რომელი აცრაა საჭირო?

- არსებობს ვაქცინები, რომელთა რუტინული გამოყენება რეკომენდებულია ყველა ორსულისათვის. დიფტერია, ყივანახველა, გრიპი - ეს ვაქცინები ორსულთათვის უსაფრთხოა. ორსულობის დროს აკრძალული ვაქცინებია ატენუირებული ანუ ცოცხალი და დასუსტებული ვაქცინები, მაგ. წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, ტუბერკულოზი.

- არსებობს თუ არა კავშირი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის?

- ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს! შესაბამისად, არ არსებობს კავშირი მათ შორის, ეს საკამათო თეორია კვლევებით არ დასტურდება.

- რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახასიათებდეს ვაქცინაციას?

- ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტები გამოწვეულია უცხო სხეულზე იმუნური სისტემის პასუხით. ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა მუშაობს. ეს ეფექტები, როგორც წესი, ქრება 2-3 დღის განმავლობაში (გამონაკლისია ანაფილაქსიური შოკი, რომელიც თავს იჩენს აცრიდან 30 წუთში, უკიდურეს შემთხვევაში - ერთ დღეში). ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები საერთოდ არ უვითარდება. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინიექციის ადგილას, დაღლილობა, თავის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა. წითელა-წითურა-ყბაყურის აცრის შემდეგ რეაქცია შეიძლება იყოს 4-10 დღეში ტემპერატურის მატებით და გამონაყარით, რაც თავისთავად გაივლის.

- ვისთვის არ შეიძლება ვაქცინაცია?

- ვაქცინაცია კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს! კატეგორიულად არ შეიძლება ასევე, თუ ვაქცინაციის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია. ცოცხალი ვაქცინებით (მაგ. წწყ) ვაქცინაცია არ უტარდებათ შიდსით ან სიმსივნით დაავადებულებსა და ორსულებს. დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსით აცრა დაუშვებელია პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიის დროს.