ბაქტერიათა სამყარო
მეცნიერმა ჭურჭელი ოთახის ტემპერატურაზე დატოვა და ორი დღის შემდეგ მასში უკვე რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ბაქტერიათა კოლონიებიც შეამჩნია.
მოგვიანებით ქალმა საკუთარი საშინაო ექსპერიმენტის ფოტო ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების საიტზე, MicrobeWorld-ზე, ატვირთა წარწერით: „ეს გიგანტური ყვავილი დაახლოებით რამდენიმე მილიონ ბაქტერიას შეიცავს“.
თითების ბოლო ფალანგების ირგვლივ თეთრი კოლონიები სტაფილოკოკებია, მოყვითალო ფერისანი – მიკროკოკები, ვარდისფერი კი სერატიაა.
ბუნებაში საკმაოდ გავრცელებულ ამ მიკრობებთან ჩვენ ყოველდღიურად ვკონტაქტობთ, სტაფილოკოკებს დიდი რაოდენობით შეიცავს ნიადაგი, ადამიანის კანი და ლორწოვანი გარსები.
მიკროკოკები უვნებელი ორგანიზმებია და უპირატესობას ანიჭებენ წყალში, მტვერსა და ნიადაგში არსებობას, თუმცა ისინი მოიძებნებიან ასევე ადამიანის კანზე, რძის პროდუქტებსა და ლუდში.
სერატიების ზოგიერთ სახეობას შეუძლია ინფექციის გამოწვევა, განსაკუთრებით ჰოსპიტლებში მყოფთა შორის, ისინი კოლონიებს ჩვენს სასუნთქ და შარდგამომტან გზებში ქმნიან, ასევე შეუძლიათ კანზე არსებობაც, თუმცა მიკრობიოლოგს ამის არ ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ თუ ბავშვს იმუნოდეფიციტი არ აქვს, ბაქტერიებთან მისი ყოველდღიური კონტაქტი იმუნური სისტემის ერთგვარი გაჯანსაღების წყაროა, მთავარია, ხელების ხშირად დაბანა არ დაგვავიწყდეს.
ზეორგანიზმი – ბაქტერიებით დასახლებული ადამიანის სხეული
მიკრობებთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობის გამო მეცნიერები დღეს ადამიანს მასზე არსებული ბაქტერიული მიკროფლორით ერთ მთლიან – ზეორგანიზმად განიხილავენ.
ადამიანის სხეულზე თითქმის ყველგან მიკრობია დასახლებული, მხოლოდ ნაწლავებში მათი რაოდენობა დაახლოებით 1,81 კგ-ია, ჩვენ მხოლოდ 10% ვართ საკუთრივ ადამიანები, დანარჩენი – სხვადასხვა მიკრობია.
გაიცანით ბაქტერიათა უცნაური, მაგრამ შესანიშნავი სამყარო!
- ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ ბევრი ბაქტერიისათვის ბუნებრივი ნავსაყუდელია მათთვის მისაღები გარემოპირობებით, ამიტომ ჩვენი მიკროფლორა სრულიადაც არ არის სიცოცხლის უცხო ფორმა.
- აქტიური გამრავლების ფაზაში ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 ტრილიონამდე ერთუჯრედიანი არსებაა – რაც 10-ჯერ აჭარბებს სხეულში არსებულ უჯრედთა საერთო რაოდენობას.
- მათ შორის არსებობს 500-მდე სხვადასხვა სახეობის ბაქტერია: ნაწლავის ჩხირიდან დაწყებული, რომელიც კუდის საშუალებით თავისუფლად გადაადგილდება ჩვენს შიგნით, დამთავრებული სალმონელათი, რომელსაც ნებისმიერი საკვების მოწამვლა შეუძლია, თუმცა ზიანის მიუყენებლად ცხოვრობს ჩვენს კანზე.
- ჩხირისებრი ბაქტერიების ზოგიერთ სახეობას და სალმონელებს გააჩნიათ წამწამოვანი სტრუქტურის წანაზარდები, რომელთა დახმარებითაც ისინი მოძრაობენ.
- ბაქტერიათა ამგვარი წარმომადგენლობა სულაც არ ქმნის განგაშის საფუძველს, რადგანაც ეს ურთიერთობა სიმბიოზურია, მეტიც, ზოგიერთი მათგანის გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით.
- საცხოვრებელი ადგილისა და საკვების სანაცვლოდ ისინი საჭმლის მონელებაში, ვიტამინების წარმოქმნასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში გვეხმარებიან. ამასთან, მეტად პათოგენური და საშიში ინფექციებისგან გვიცავენ.
- საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა კანზე მოსახლე ბაქტერიული მიკროფლორა, ისინი ძირითადად საოფლე და თმის ფოლიკულებიდან გამონაყოფებს უკავშირდებიან. ჩვეულებრივ, არ იწვევენ პრობლემებს, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეუძლია კანქვეშ შეღწევა, მაგალითად, ჭრილობის ან განაკაწრის მეშვეობით და პრობლემებიც მაშინ იწყება...
- არსებობენ საკმაოდ სასარგებლო და სასიკვდილოდ საშიში ბაქტერიები, მიჩნეულია, რომ 2050 წლისთვის ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელმა, შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ლეტალობის მაჩვენებელს გადააჭარბოს კიდეც.
მოდი, მათ შორის განსაკუთრებით საშიშები გავიცნოთ.
ოქროსფერი სტაფილოკოკი
სტაფილოკოკები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაქტერიული რიგია, რომელიც საკმაო რაოდენობის სახეობას აერთიანებს, თუმცა,მათ შორის ოქროსფერი სტაფილოკოკი ყველაზე პათოგენურია.
ადამიანისთვის ზიანის მიყენების ხარისხს განსაზღვრავს ბაქტერიის უნარი – წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიბიოტიკებს და მათგან თავის დაღწევა შეძლოს.
ამ მხრივ განსაკუთრებით ოქროსფერი სტაფილოკოკი გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე საკმაოდ სერიოზული ინფექციური დაავადების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
თავდაპირველად ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ გამოიყენებოდა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, თუმცა დროთა განმავლობაში ბაქტერიულმა მუტაციებმა ისინი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი გახადა და მათაც ბრძოლის ველზე კაპიტულაცია გამოაცხადეს.
ოქროსფერი სტაფილოკოკის ზოგიერთი შტამი პრაქტიკულად არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას, მათ არ ეშინიათ მძლავრი ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკების, მათი აღმოჩენა შესაძლებელია სასუნთქი გზების ზედა ნაწილში, შარდგამომტან არხებსა და ზოგიერთ ღია ჭრილობაში, პაციენტთა ერთ მესამედში, თუმცა ძირითადად ისინი იმუნური სისტემისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
ოქროსფერი სტაფილოკოკი დღესაც განვითარებული ქვეყნების თავის ტკივილია, რადგანაც აქტიურად მრავლდება სამედიცინო დაწესებულებებში.
სტრეპტოკოკი
ეს ის ბაქტერიაა, რომელიც პასუხისმგებელია პნევმონიების, მენინგიტების, აბსცესებისა და სხვა დაავადებათა გავრცელებაზე.
ტოქსიკური სტრეპტოკოკური შოკის გამო ადამიანი შესაძლოა 10 საათის განმავლობაში დაიღუპოს, ხოლო საშუალოდ მისით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა 30%-ს შეადგენს.
ნაწლავის ჩხირი
ნაწლავის ჩხირი ენტერობაქტერიათა ოჯახის წარმომადგენელია და მისით დასახლებულია ჩვენი ნაწლავები, თუმცა არსებობს 100-მდე საშიში, პათოგენური სეროტიპი, რომელიც მწვავე ნაწლავურ ინფექციასა და მუცლის ტიფს იწვევს. ბაქტერია გამოიმუშავებს ტოქსინებს, რომლებიც განსაკუთრებულ საშიშროებას ადამიანებისთვის წარმოადგენს.
ინფექცია საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს და ვრცელდება ალიმენტურად – ფეკალურ-ორალური გზით.
თავისთავად მიკრობი საკმაოდ მდგრადია გარემოში: წყალსატევებში თვემდე ცოცხლობენ, 10 დღემდე – ხილსა და ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებში კი წარმატებით მრავლდებიან.
საბედნიეროდ, მათზე საკმაოდ კარგად მოქმედებს ანტისეპტიკი – ეთილის სპირტი, მისი გავლენით ისინი რამდენიმე წამში იღუპებიან. სწორედ ამ მიკროორგანიზმის მავნე ქმედების შედეგია ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ლეტალურად მიმდინარე ინფექცია. თუმცა საკმარისია თავი ვარიდოთ ჭუჭყიან წყალსატევებს, საგულდაგულოდ გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, რომ მან ვეღარაფერი დაგვაკლოს.
მუცლის ტიფის გამომწვევი სალმონელა
არსებობს მუცლის ტიფისა და ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ფორმები. ეს ბაქტერიები ვრცელდებიან ფეკალიებით და დასნებოვნებული ადამიანის შარდით. მუცლის ტიფი მკურნალობას ადვილად ემორჩილება.
ძირითადად დაავადების მატარებლები არიან სამხრეთ აფრიკასა და ამერიკაში, ის გავრცელებულია განვითარების დაბალი დონის მქონე სხვა ქვეყნებშიც.
ქოლერის ვიბრიონი
ეს მწვავე კუჭ-ნაწლავის ინფექციის გამომწვევია, რომელიც ყველაზე ხშირად დაბინძურებული წყლით ვრცელდება.
გასულ საუკუნეებში მისით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ეპიდემიები ხშირი იყო, განსაკუთრებით ინდოეთსა და პაკისტანში.
დღეს ქოლერა შედარებით ნაკლები სიმწვავის პრობლემაა, თუმცა კვლავ ჩნდება ხოლმე წერტილოვანი ეპიდემიები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არაცენტრალიზებული და გაუმართავია.
ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერია – კლოსტრიდია
ტეტანუსის გამომწვევი კლოსტრიდია საკმაოდ მდგრადი და საშიში ბაქტერიაა, ის გამოიმუშავებს მსოფლიოში ტოქსიკურობის მხრივ მეორე ბაქტერიულ შხამს – ტეტანუსის ეგზოტოქსინს. ინფიცირებულები მტანჯველ გარემოებაში იღუპებიან, სიკვდილიანობა საკმაოდ დიდია.
კლოსტრიდიის სპორები მშვიდად უძლებენ დუღილს, რომელიც 1 საათზე მეტხანს გრძელდება, ან მშრალ გარემოში გაცხელებას 150 გრადუსამდე, ზღვის წყალში მათ შეუძლიათ 6 თვემდე ცხოვრება, ტუტე გარემოში კი 100 წელზე მეტხანს ძლებენ.
ტეტანუსის სპორებს შეუძლიათ უჰაერო გარემოში არსებობა, ამიტომ სპორების ჭრილობით დაინფიცირებისას ისინი იჭრებიან ქსოვილთა ღრმა ფენებში, იწყებენ აქტიურ გამრავლებასა და ტოქსინის გამოყოფას. სწორედ ასე ინფიცირდება ადამიანი ტეტანუსით, რომლით გამოწვეული სიკვდილიანობა, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, 40-დან 70%-ს შეადგენს.
ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა 1890 წელს, 1928 წელს კი დამუშავდა მისი საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება – ანტიტეტანური შრატი.
ტუბერკულოზის მიკობაქტერია – კოხის ჩხირი
მედიკამენტებისადმი მორჩილი კოხის ჩხირიც კი საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შტამებზე, რომლებიც არ რეაგირებენ თანამედროვე პრეპარატებზე.
დღეისთვისაც კი კოხის ჩხირით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, დაავადება შედის სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა ათეულში. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კოხის ჩხირი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც ინფექციის ფარულ, ლატენტურ და სწრაფგავრცელებას უწყობს ხელს.
კოხის ჩხირს განსაკუთრებით უყვარს ნესტიანი, თბილი და გრილი გარემო, ადგილები, რომლებიც ცუდად ნიავდება, სადაც იგი მშვენივრად გრძნობს თავს.
ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად წამლისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადების 450 ათასი შემთხვევა აღირიცხება, რომელთა შორისაც უმეტესობა ცხელი კლიმატის და განვითარების დაბალი დონის მქონე ქვეყნებშია რეგისტრირებული – ინდოეთში, პერუში, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში.
ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია
ეს სპორების წარმომქმნელი ჩხირია, რომელიც აპროდუცირებს ყველაზე საშიშ შხამს – ბოტულინს, მის ჩაის კოვზის ოდენობას – ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მოსახლეობის, 4 კგ-ს კი მთელი კაცობრიობის განადგურება შეუძლია. ბოტულიზმის ჩხირი იწვევს დიაფრაგმის დამბლას, წყვეტს კავშირს ტვინსა და კუნთებს შორის და იწვევს ასფიქსიას, მოხრჩობას.
ყველაზე საშიში ბაქტერია ცხოვრობს ყველგან: ყველა კონტინენტსა და მატერიკზე, გრუნტებში. მას განსაკუთრებული უნარი აქვს გარემოსთან შეგუების, არ ეშინია არც ზღვის მარილიანი წყლის, არც უდაბნოს სიცხის, არც სიცივის.
ერთადერთი, რაც ადამიანს მისგან იცავს, კუჭის წვენია, რომელიც ბლოკავს სპორიდან ბაქტერიის განვითარებას, მაგრამ თუ სპორებიდან ბაქტერიებმა დაიწყეს განვითარება, ამ პროცესის გაჩერება საკმაოდ რთულია, მათი გამრავლების ოპტიმალური პირობები ნარჩუნდება კონსერვირების დროსაც კი, არც ადამიანს და არც ცხოველს არ გააჩნია ბოტულიზმისადმი იმუნიტეტი.
მოზრდილი სპილო იწონის 5,5 ტონას, თუმცა იგი კვდება, როცა მასში შხამის 0,005454 მგ ტოქსინი ხვდება. ადამიანისთვის ლეტალური დოზა 5-50 მგ/კგ-ს შეადგენს.
თანამედროვე მედიცინაში ბოტულინოტოქსინი ბოტოქსის – საკმაოდ გავრცელებული კოსმეტიკური საშუალების – აქტიური შემადგენელი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება ნაოჭების გასასწორებლად და ოფლის გამოყოფის შესამცირებლად.
დღეისათვის კლინიკური გამოყენებისათვის ბოტულინოტოქსინი მსოფლიოს 58 ქვეყანაში იხმარება.
ასპერგილოზის გამომწვევი ბაქტერია
ასპერგელები ობში მობინადრე მიკროორგანიზმებია, რომლებიც პათოგენურია ადამიანის ორგანიზმისთვის. ასპერგელას სპორებს ჩვენ ყოველდღიურად ვისუნთქავთ, მაგრამ დაავადება ასპერგილოზი მხოლოდ იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომელთაც დასუსტებული იმუნტეტი აქვთ. რისკჯგუფში შედიან ადამიანები ასთმითა და იმუნოდეფიციტით, გადატანილი ქიმიოთერაპიის კურსის ან ორგანოთა გადანერგვის შემდგომ პერიოდში.
ასპერგელები აზიანებენ შინაგან ორგანოებს და იწვევენ სასიცოცხლო ფუნქციების მნიშვნელოვან შესუტებას.
მკრთალი ტრეპონემა
ეს სიფილისის, იმავე ათაშანგის, გამომწვევი ბაქტერიაა. ოდესღაც დაავადება საკმაოდ რთულად დასადგენი და სამკურნალო სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია იყო, მას უდიდეს მსგავსებელსაც უწოდებდნენ.
დღეს ათაშანგი საკმაოდ ადვილად იკურნება პირველ და მეორე ეტაპზე, მესამე ეტაპი უწინდელივით საშიშია.
როგორც დავრწმუნდით, ბაქტერიები – უძველესი მიკრობები – მთელ ჩვენს პლანეტაზე აქტიურად არიან გავრცელებულნი და მათ მაღალგანვითარებულ შთამომავლებს ყველაფრით კვების უნარი შესწევთ, ლითონებითაც კი.
მათ შეუძლიათ გამრავლდნენ ყველაზე საშიშ და გამოუსადეგარ გარემოში: უდაბნოში, ყინულში, ღრმად მიწისქვეშ და ოკეანეების ფსკერზე, მოქმედი ვულკანების სიახლოვეს.
ცოცხალის ევოლუცია აფიქსირებს, რომ ყველგან მოარსებე მიკროორგანიზმებმა შექმნეს სიცოცხლე და ამ პროცესში ადამიანის სხეული მათი ძირითადი თავშესაფარი იყო.