სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი

აღმომაჩნდა ანტიმიკრობული ანტისტაფილოკოკური ანტისხეულები დიდი რაოდენობით. გამოხატული მაქვს თავზე სტაფილოკოკური ფოლიკულიტი.
კოკები ოვალური და სფერული ფორმის ბაქტერიების საერთო სახელწოდებაა (ბერძნული სიტყვა კოკკოს "მარცვალს" ნიშნავს). ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ასობით სხვადასხვა კოკის გარემოცვაში იმყოფება, თუმცა სტაფილოკოკზე მეტად ცნობილი და ფართოდ გავრცელებული კოკი არ არსებობს. მიკრობიოლოგიური ტერმინი სტაფილოკოკი სამედიცინო პრაქტიკაში პირველად 1881 წელს გამოიყენეს.
მიკროსკოპში ჩანს, რომ კოკები ჯგუფებად გროვდებიან და ყურძნის მტევნებს ჰგვანან. სწორედ აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - სტაპჰყლოს ბერძნულად მტევანს ნიშნავს. სიტყვა სტაფილოკოკი დღეს პრაქტიკულად ყველას გაუგონია და, წესისამებრ, უარყოფით ემოციას იწვევს. ადამიანისა და ცხოველების ათობით დაავადება სწორედ სტაფილოკოკებს უკავშირდება. ამ დაავადებათა მკურნალობისას ექიმები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან.
სტაფილოკოკები მიკროორგანიზმთა მთელი გვარია. ამჟამად მათი 27 სახეობაა ცნობილი. 14 მათგანი ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზეა აღმოჩენილი. სტაფილოკოკების უმრავლესობა ადამიანისთვის უვნებელია, მაგალითად, ხსენებული 14 სახეობიდან დაავადებას მხოლოდ სამი იწვევს, მაგრამ ეს სამიც საკმარისია... აქ უთუოდ უნდა ითქვას ერთი რამ: რომელი ბაქტერიაც არ უნდა ავიღოთ, დაავადების თვალსაზრისით საშიშროებას ქმნის არა საკუთრივ მიკრობი, არამედ მისი პათოგენურობის ფაქტორები - განსაზღვრული ნივთიერებები, რომლებიც შედის მიკრობის შემადგენლობაში ან მისი ცხოველმყოფელობის პროცესში წარმოიქმნება.
როგორც ამბობენ, ჯარისკაცს კი არ უნდა ვუფრთხოდეთ, არამედ მის ხელთ არსებულ იარაღს. სტაფილოკოკი, რომელიც მიკროსკოპში პატარა და უმოძრაო მარცვალს ჰგავს, ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა - მისი ყოველი ნაწილი, სტრუქტურის ყოველი ელემენტი და თითოეული ბიოქიმიური პროცესი დიდი საფრთხის წყაროს წარმოადგენს.
სტაფილოკოკის გარემომცველი კაფსულა ადვილად ისხლეტს და იგერიებს ფაგოციტებს - მიკრობების მშთანთქავ უჯრედებს და ხელს უწყობს ორგანიზმში ბაქტერიის შეჭრას. მისი უჯრედული კედელი იწვევს ალერგიულ და ანთებით რეაქციებს, ანეიტრალებს იმუნოგლობულინებს, ართმევს ფაგოციტებს მოძრაობის უნარს. სტაფილოკოკის მრავალრიცხოვანი ფერმენტები არღვევს უჯრედთა სტრუქტურას, უვნებელყოფს ანტიბიოტიკებს, ამასთანავე წარმოქმნის ე. წ. ჰემოლიზინებს - ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და სისხლის სხვა უჯრედებს. გარდა ამ საშიში არსენალისა, სტაფილოკოკს აქვს ტოქსინებიც, რომელთაგან თითოეული ფაქტობრივად განსაზღვრული მოქმედების შხამია.
სტაფილოკოკური ინფექციის სირთულე და არსი სწორედ ამ დამაზიანებელ ფაქტორთა მრავალფეროვნებაშია. დამაზიანებელ ფაქტორთა რაოდენობით სტაფილოკოკს ბაქტერიათა სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება. აქედან გამომდინარე, გასაგებია სტაფილოკოკურ დაავადებათა მრავალფეროვნებაც. სტაფილოკოკი დიფტერიის გამომწვევი ჩხირი არ გეგონოთ, ერთი კონკრეტული ტოქსინითა და ერთადერთი დაავადებით;
სტაფილოკოკისგან უამრავ დაავადებას უნდა მოელოდეთ - კანის ჩირქგროვიდან დაწყებული, მენინგიტითა და ფილტვების ანთებით დამთავრებული. მათ შორის - სეფსისს, ნაწლავურ ინფექციას და ვინ მოთვლის, კიდევ რას არა. ცალკე უნდა ვახსენოთ ოქროსფერი სტაფილოკოკი. ის განსაკუთრებით საშიში ბაქტერიაა, ვინაიდან დამაზიანებელ ფაქტორთა მთელ არსენალს ფლობს და, რაც მთავარია, ანტიბიოტიკებისა და ანტისეპტიკური საშუალებებისადმი ძლიერი გამძლეობით გამოირჩევა.