ღორის გრიპი მსოფლიოს თვალით

ორიოდე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას დავახველე. არა, არც გრიპი მქონია და არც სხვა ვირუსული დაავადება - ბრონქიტი მაქვს. იქ ამბავი ატყდა... ერთმა ქალბატონმა გამანადგურებელი მზერა მტყორცნა, ჩანთიდან სასწრაფოდ ამოიღო ერთჯერადი ნიღაბი და სახეზე, უფრო სწორად, პირზე მოირგო, ცხვირი კი - ალბათ, თავისუფლად რომ ესუნთქა - გარეთ დარჩა (ასე გრიპს თავიდან ვერ აიცილებთ). მეორე ქალბატონმა სქელი კაშნე აიფარა სახეზე, გვერდით მჯდომმა მამაკაცმა, სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, წინ გადაჯდომა ამჯობინა. მოკლედ, კეთროვანივით მარტო დავრჩი. ერთმა აზრმა გამიელვა და ვიდრე რედაქციამდე მივაღწევდი, მისი განხორციელება გადავწყვიტე. რესპონდენტებად ავტობუსში მსხდომნი ავირჩიე, მათ გარდა ფეხით მოსიარულეებსაც დავუსვი რამდენიმე კითხვა, რისთვისაც სამსახურამდე ორიოდე გაჩერებით ადრე მომიხდა ჩამოსვლა...
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას (დაახლოებით 60%-ს) მიაჩნია, რომ ღორის გრიპი სეზონურზე გაცილებით საშიშია, 30% გრიპის შემთხვევაში გადარჩენის გზად დროულ ჰოსპიტალიზაციას მიიჩნევს, 7%-ს სჯერა, რომ თუ ღორის გრიპით დაავადდი, გადარჩენის შანსი მინიმალურია. მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მასმედიის მიერ დათესილი პანიკის შედეგია. არც ერთმა რესპონდენტმა არ იცოდა, რომ ღორის გრიპი ბუნებაში რამდენიმე ათეული წელია ცირკულირებს. ამ მონაცემებით შეიარაღებულმა გადავწყვიტე, მსოფლიო პრესისთვისაც გადამევლო თვალი და მკითხველისთვის იმ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები გამეცნო, რომლებმაც ჩვენზე ადრე გადაიტანეს პანდემიის პირველი ტალღა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ტერმინი "პანდემია", კლასიკური გაგებით, გახლავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიების ერთობლიობა, ხოლო თუ დაინტერესებული პირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საიტზე შეიხედავს, დაინახავს, რომ ღორის გრიპის მიმართ ტერმინი "პანდემია" მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მისმა გავრცელებამ ერთზე მეტი, ანუ რამდენიმე რეგიონი მოიცვა და სხვას არაფერს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ახლა კი მსოფლიო პრესის მიმოხილვას დავუბრუნდეთ: EL PAIS (ესპანეთი), ემილიო დე ბენიტო, 1.07.2009: "H1N1-მა H5N1 დაჩრდილა". ახალი გრიპი უკვე 115 ქვეყანაში გავრცელდა და 323 ადამიანის სიკვდილის მიზეზად იქცა... თუმცა გაცილებით რეპრეზენტატიულია დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობრივი შეფარდება. ამ მხრივ ფრინველის გრიპი ინარჩუნებს უპირატესობას - 433 დაავადებულიდან 262 დაიღუპა.
სიკვდილიანობამ 60,5% შეადგინა. ღორის გრიპის შემთხვევაში კი სიკვდილიანობა ჩვეულებრივ გრიპზე დაბალია და ამ დროისთვის დაავადებულთა 0,4%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგთა მოქმედება მიუთითებს, რომ სიტუაცია არც ისე საშინელია, თუმცა ექსპერტები ყოველთვის ამბობენ: "ჯერჯერობით..." (არადა, ამ დროს ჩვენთან უკვე პანიკის ნიშნები შეიმჩნეოდა და გასაკვირია, რომ მისი განეიტრალება არავის უცდია - დ. დ.). DIE WELT (გერმანია).
"შემოსავლიანი ბიზნესი და შიში გრიპის წინაშე" - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ჟურნალისტი ფლორიან ჰასელი: "ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან ერთად დიდ მოგებას ნახულობენ დანაშაულებრივი ორგანიზაციებიც, ეს უკანასკნელნი - ფალსიფიცირებული პრეპარატების გაყიდვით (ამიტომ არ ღირს ინტერნეტის მეშვეობით ამა თუ იმ წამლის შეძენა - დ. დ.). აშშ-ის ადმინისტრაციასთან არსებული დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ჯული გერბერდინგის განცხადებით, მსოფლიოში არავის ძალუძს პლანეტაზე ღორის გრიპის გავრცელების პროგნოზირება. თუმცა, ამავე დროს, უკვე დღეს არ ღირს AH1N1 ვირუსის გავრცელების შედეგების უგულებელყოფა. 6 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია ღორის გრიპით დაავადების 503 ათასი დადასტურებული შემთხვევა. გართულებებისგან გარდაიცვალა 620 ადამიანი. სპეციალისტთა შეფასებით, დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ ექსპერტები იმაზეც მიუთითებენ, რომ სეზონური გრიპით არანაკლები ხალხი იღუპება. ასე, მაგალითად: აშშ-ში გრიპის (ჩვეულებრივი, სეზონური გრიპის - დ. დ.) გართულებათა შედეგად წელიწადში 36 ათასი კაცი კვდება, ხოლო გერმანიაში - 20 ათასამდე...
ღორის გრიპით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მასობრივი ტალღის რისკი დღეს არც ისე მაღალია, - მიაჩნიათ ექსპერტებს, თუმცა აქ გადამწყვეტია ის საკითხი, განიცდის თუ არა ვირუსი მუტაციას და შეიძენს თუ არა მომაკვდინებელ თვისებებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გააჩნიათ. გაცილებით ადვილია იმ კომპანიების მოგების დათვლა, რომლებიც ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს აწარმოებენ..." LE FIGARO. "ტამიფლუს" სკანდალი: ღორის გრიპზე ფარმაცევტებმა 2,6 მილიარდი გააკეთეს".
ევროპელმა მეცნიერებმა ჯანმოს ანტივირუსული მედიკამენტების მწარმოებლებთან შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად. ღორის გრიპის ირგვლივ მორიგი სკანდალი აგორდა. ერთდროულად რამდენიმე ცნობილმა ევროპელმა მეცნიერმა შეიტანა ეჭვი "ტამიფლუსა" და "რელენზას" ეფექტურობაში, რომლებიც ჯანმოს მიერ არის რეკომენდებული ღორის გრიპის წინააღმდეგ. ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის რედაქტორს ფაიონა გუდლს მიაჩნია, რომ არსებული მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო "ტამიფლუს" ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, არამედ წამლების წარმოებისა და გავრცელების სისტემის რეგულირებასაც. Cochrane Collaboration - მეცნიერთა დამოუკიდებელი ასოციაციის ინგლისელმა ეპიდემიოლოგმა ტომ ჯეფერსონმა და მისმა ამერიკელმა (აშშ) კოლეგამ უილიამ ენგდალმა ჯანმოს ექსპერტებს ბრალად დასდეს, რომ ისინი "ტამიფლუსა" და "რელენზას" მწარმოებლებთან იყვნენ შეკრულნი და ფარმაცევტული კომპანიების ინტერესთა ფარგლებში მოქმედებდნენ. "სვობოდნაია პრესა", 15 დეკემბერი, 2009 წელი. "ღორის გრიპი ევროპაში".
"ჯანმოს მონაცემებით, ევროპის 15 ქვეყანაში შეინიშნება პანდემიური გრიპის (H1N1) მაღალი აქტიურობა, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში რესპირატორული ავადობა შემცირდა 10 ქვეყანაში: ბელგიაში, ბულგარეთში, ისრაელში, ირლანდიაში, ისლანდიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, უკრაინაში, შვედეთში. ამასთანავე, 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით 27 ქვეყანაში ლაბორატორიულად დამტკიცებული ღორის გრიპით (H1N1) გამოწვეული გართულებებით 412 ადამიანი გარდაიცვალა. აპრილიდან დღემდე ევროპის რეგიონში სულ 1655 კაცი გარდაიცვალა.
პაციენტთა უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარეს ალექსანდრ სავერსკის მიაჩნია, რომ H1N1 ვირუსის არავითარი ეპიდემია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მედიკამენტების მწარმოებელთა სურვილი, მოქალაქეთა შიშის ხარჯზე მოგება ნახონ. ივნისში ჯანმომ ღორის გრიპის საშიშროების მეექვსე დონე დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ დაავადებული მხოლოდ რამდენიმე ათასი იყო. ნახევარი წლის მანძილზე მსოფლიოში კიდევ 250 ათასი კაცი დაავადდა, მაშინ, როცა სეზონური გრიპით მსოფლიოში ყოველწლიურად 500 მილიონი კაცი ხდება ავად...
შემთხვევითი არ არის, რომ სიკვდილიანობაზე აცრების კამპანიამდე ორიოდე კვირით ადრე დაიწყეს ლაპარაკი. მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვა, რათა ხალხი აიცრას. სიტყვაზე, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გრიპის ინსტიტუტი არსებობს, რომელიც, ბუნებრივია, დაინტერესებულია გრიპის არსებობით: არ იქნება გრიპი, არ იქნება ინსტიტუტიც. ადამიანების დაშინება მათი პირდაპირი ინტერესია. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ვაქცინისთვის გამოყოფილია ოთხი მილიარდი მანეთი, რომელიც როგორღაც უნდა აითვისონ". გაზეთი იქვე აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან, დ. ივანოვსკის სახელობის ს/კ ინსტიტუტის ვირუსთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, ვირუსოლოგ ნიკოლაი კავერინთან, რომლის თქმითაც, "ტამიფლუ" კონკრეტულად ღორის გრიპის კი არა, საზოგადოდ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატია და იგი უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ისეთი შემთხვევების რიცხვი, როცა ღორის გრიპმა მის მიმართ მედეგობა შეიძინა, ძალიან მცირეა - დაახლოებით 1%. მონაცემები იმის შესახებ, რომ ეს პრეპარატი ეფექტურია, ძალიან ბევრია და სწორედ ამიტომ არის ის რეკომენდებული სხვა პრეპარატებთან ერთად გრიპის საწინააღმდეგოდ, ოღონდ - ექიმის დანიშნულებით...