გრიპი
გრიპის ვირუსი
გრიპის ვირუსი ორთომიქსოვირუსების ოჯახის წევრია და სამ სეროტიპს აერთიანებს - A-ს, B-სა და C-ს. თითოეულ სეროვარიანტს თავისი ანტიგენური თვისებები აქვს.
A სეროტიპი
A ვირუსი, ჩვეულებრივ, საშუალო სიმძიმისაა და მძიმე დაავადებას იწვევს. აავადებს როგორც ადამიანს, ისე ზოგიერთ ცხოველს (ცხენს, ღორს, ფრინველს). სწორედ მას მიუძღვის ბრალი ეპიდემიებისა და პანდემიების გავრცელებაში. A ვირუსი ადვილად იცვლის ანტიგენურ სტრუქტურას. ამ ნიშნის მიხედვით იგი რამდენიმე ქვეტიპად იყოფა. მისი ქვეტიპებია H1N1, H3N2 და სხვა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ადამიანისთვის ყველაზე სახიფათო A ვირუსის H1N1, H2N2, H3N3, H5N1, H7N7, H9N7 ქვეტიპები აღმოჩნდა. A სეროტიპით გამოწვეულ დაავადებას საკმაოდ სწრაფი გავრცელება და მოსახლეობის დიდი ნაწილის - დაახლოებით 40%-ის ინფიცირება ახასიათებს. წინათ მიიჩნეოდა, რომ A ვირუსით გამოწვეული ეპიდემია 2-3 წელიწადში იჩენდა თავს, 1977 წლიდან კი ის თითქმის ყოველწლიურად ვრცელდება.
B სეროტიპი
A სეროტიპის მსგავსად, მასაც შესწევს ანტიგენური სტრუქტურის შეცვლის უნარი, თუმცა შედარებით ნაკლებად. B ვირუსი პანდემიებს არ იწვევს. ის, ჩვეულებრივ, ლოკალური აფეთქებებითა და მცირემასშტაბიანი ეპიდემიებით შემოიფარგლება. ზოგჯერ შესაძლოა მოიცვას ერთი ან რამდენიმე ქვეყანა, რაც დაახლოებით 4-6 წელიწადში ერთხელ ხდება. B სეროტიპით გამოწვეული დაავადების შემთხვევები ხშირად ერთვის ან წინ უძღვის A ვირუსის ეპიდემიას. B ვირუსი მხოლოდ ადამიანთა პოპულაციაში ცირკულირებს და შედარებით ნაკლები სიმძიმის დაავადებას იწვევს.
C სეროტიპი
C სეროტიპიც ადვილად იცვლის გენეტიკურ სპექტრს, თუმცა ეპიდემიებს არ იწვევს. ახასიათებს დაავადების ერთეული შემთხვევები, ისიც - ბავშვებსა და სხვადასხვა დაავადებისგან დასუსტებულ ადამიანებში.
დაავადების გავრცელება
გრიპისადმი მიმღებლობა ნებისმიერ ასაკში მაღალია, ამიტომაც ვრცელდება ის ასე ადვილად. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც ვირუსს ჰაერწვეთოვანი გზით ავრცელებს ხველისას, ცემინებისას. ამ დროს ავადმყოფის ირგვლივ 2-3 მეტრის რადიუსში ინფიცირების ზონა იქმნება. დაავადების გამომწვევი ვრცელდება ცხვირსახოცისა და ტანსაცმლის საშუალებითაც. დაავადებული გადამდებია დაავადებიდან 3-5 დღის განმავლობაში, ანუ საინკუბაციო პერიოდის დასასრულიდან. დაავადების გამოვლენიდან 5-7 დღის შემდეგ ვირუსის კონცენტრაცია ამონასუნთქ ჰაერში საგრძნობლად მცირდება და პაციენტი ირგვლივ მყოფთათვის პრაქტიკულად უვნებელი ხდება.
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც დაავადების წაშლილი ფორმები აქვთ, აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და იოლად ავრცელებენ დაავადებას.
რისკჯგუფები
გრიპის რისკჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები, ორსულები და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებით ქრონიკულად მოავადენი, აგრეთვე ის ინდივიდები, რომელთაც თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებათ. სკოლამდელი ასაკის ბავშვი გრიპით წელიწადში შესაძლოა 6-7-ჯერ გახდეს ავად, სასკოლო ასაკისა - 3-4-ჯერ, მოზრდილი კი 2-3-ჯერ. დაავადება უპირატესად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მწვავდება.
რატომ იწყება გრიპის ეპიდემია ზამთარში
დაავადების შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება, თუმცა ზამთარში განსაკუთრებით ხშირდება, რასაც ხელს უწყობს ადამიანთა კონცენტრირება დახურულ შენობებში და ზოგიერთი სეზონური ფაქტორი. კერძოდ, ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე მალე იღუპება, დაბალზე კი დიდხანს ძლებს. გარდა ამისა, ზამთრობით ადამიანთა შორის კონტაქტი უფრო ინტენსიურია, ისინი დიდ დროს ატარებენ ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ვირუსი ადვილად ვრცელდება. ეს განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე ითქმის.
ორგანიზმში შეჭრა
ვირუსი ორგანიზმში ზედა სასუნთქი გზებიდან - ცხვირიდან, ტრაქეიდან, ბრონქებიდან იჭრება, მათ ლორწოვანი გარსის ამომფენ მოციმციმე ეპითელიუმზე იბუდებს და მრავლდება. 8 საათის განმავლობაში ყოველი ვირუსი 8 თაობას იძლევა. ამიტომაც აქვს გრიპს საკმაოდ ხანმოკლე (1-2-დღიანი) საინკუბაციო პერიოდი.
გამრავლების შემდეგ ვირუსი ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის უჯრედების დაშლასა და განადგურებას იწყებს. სწორედ ამის გამოვლინებაა ცხვირის გაჭედვა, სურდო, ხველა და ცემინება. სისხლში მოხვედრის შემდეგ გრძელდება ვირუსის ტოქსიკური ზემოქმედება, იმატებს ტემპერატურა, იწყება შემცივნება, მიალგია და თავის ტკივილი.
ზედა სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელიუმის ფიზიოლოგიური ფუნქცია მტვრისა და უცხო მიკროორგანიზმებისგან სასუნთქი გზების დაცვაა. მისი დაზიანებისას დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები ადვილად აღწევენ ფილტვებამდე, ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს, რაც იწვევს მეორეული ინფექციების დართვა-გააქტიურებას, თავს იჩენს გრიპის გართულებები: რინიტი, სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტები, პნევმონიები და სხვა პათოლოგიები.
რატომ ავადობენ გრიპით ყოველწლიურად
გრიპის ვირუსები ყველა სხვა ვირუსისგან ერთი ნიშნით განსხვავდებიან: ყოველწლიურად იცვლიან სახეს, ამიტომ ადამიანი, რომელმაც გრიპი უკვე გადაიტანა, შესაძლოა, მომდევნო ან იმავე წელს კვლავ დაავადდეს, ოღონდ სხვა სეროტიპით. 30-40 წლის განმავლობაში ვირუსი მნიშვნელოვნად იცვლის სახეს. სწორედ მის ამ სახეცვალებას ემთხვევა ძლიერი ეპიდემიები, რადგან ასეთ სახეცვლილ ვირუსთან ჩვენს ორგანიზმს კონტაქტი ჯერ კიდევ არ ჰქონია. უკანასკნელ წლებში ასეთები აღმოჩნდნენ ფრინველის და ღორის გრიპის გამომწვევი ვირუსები.
ფრინველის გრიპი - A/H5N1
ფრინველის გრიპი პირველად 1878 წელს აღწერა იტალიელმა ვეტერინარმაEედუარდო პერონჩიტომ და მას ქათმის გრიპი უწოდა. მისი აღწერით, ეს იყო დაავადება, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ტურინის მახლობლად მდებარე ქათმის ფერმებში და მუსრს ავლებდა ფრინველს. ფრინველის გრიპმა XX საუკუნის დასაწყისში ჯერ ევროპაში იფეთქა, შემდეგ - აფრიკასა და აზიაში, 1925 წელს კი ჩრდილოეთ ამერიკაშიც დაფიქსირდა.
1901 წელს დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევს ვირუსული ბუნება ჰქონდა, ხოლო 1955 წელს დამტკიცდა, რომ ის გრიპის ვირუსთა ოჯახის წარმომადგენელი იყო. ფრინველის გრიპით ადამიანის დასნებოვნება პირველად 1997 წელს ჰონგ-კონგში დაფიქსირდა, 18 ავადმყოფიდან 6 გარდაიცვალა. სწორედ ამ დროს გამოიყო ვირუსის შტამი H5N1 და დაფიქსირდა, რომ იგი ფრინველისგან ადამიანს გადაეცემოდა. ფრინველის გრიპით გარდაცვალების უკანასკნელი შემთხვევა 2009 წლის 20 იანვარს ჩინეთში დაფიქსირდა.
ღორის გრიპი - A/H1N1
ღორის გრიპი პირობითი სახელწოდებაა ადამიანთა და ცხოველთა დაავადებისა, რომელსაც გრიპის A/H1N1 შტამი იწვევს. კლასიკური ღორის გრიპი შინაურ ღორებში პირველად მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში გავრცელდა, შემდეგ კი ევროპასა და აზიაში. ვირუსი ადვილად ცირკულირებს ადამიანთა, ფრინველთა და ცხოველთა გარემოში, თუმცა ცხოველისგან ადამიანს თითქმის არ გადაეცემა. სწორად, თერმულად კარგად დამუშავებული ღორის ხორცი ამ მხრივ საშიშროებას არ წარმოადგენს.
ის ვირუსი, რომელიც ცხოველისგან ადამიანს გადაედება, ყოველთვის არ იწვევს დაავადებას. ამას ადასტურებს ღორის ფერმებში მომუშავე პერსონალთა ავადობის მცირე მასშტაბი - ასეთი მხოლოდ 50-მდე შემთხვევაა ცნობილი. უბრალოდ, ვირუსმა წლების განმავლობაში ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის უნარი შეიძინა და 2009 წელს ეპიდემიის სახით იფეთქა. რეალურად კი ეს კლასიკური ღორის გრიპის ვირუსის კი არა, არამედ მასთან დიდი გენეტიკური მსგავსების მქონე ვირუსის დამსახურებაა. ეს არის A/H1N1 შტამი, რომლის ზუსტი წარმომავლობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დადასტურებულია, რომ გრიპის ეს შტამი ღორებს არ აავადებს.
ღორის გრიპი ადამიანში მწვავე რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს. ვირუსი გადაეცემა როგორც უშუალო, კონტაქტური გზით, ისე ჰაერწვეთოვანი მექანიზმით. ორგანიზმში სასუნთქი გზებიდან იჭრება და ლორწოვანი გარსის ეპითელიუმში ბინავდება, სადაც ხდება მისი რეპლიკაცია და რეპროდუქცია. პათოლოგიური პროცესი დაახლოებით 10-14 დღე გრძელდება და თან სდევს ვირუსემია, შინაგან ორგანოებში ტოქსიკური და ტიქსიკურ-ალერგიული რეაქციები. იგი უპირველეს ყოვლისა გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს აზიანებს.