A ჰეპატიტი
ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც კი მოიხსენიება.
-
ინფექციის წყარო
A ჰეპატიტი უმეტესად შემოდგომაზე და ზამთარში აღინიშნება. ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით. ეს ვირუსის გავრცელების კლასიკური გზაა. არსებობს სხვა გზებიც. წლამდე ასაკის პატარები არ ავადდებიან - მათ დედისეული ანტისხეულები იცავს. დაავადება უფრო ხშირად ხვდებათ უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებიც მიირთმევენ გაურეცხავ ხილს, ჭუჭყიანი ხელებით შეექცევიან კერძს, პირში იდებენ სათამაშოებს და თითებს. წინათ დაავადების პიკი 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდიოდა. დღეს უმთავრესად უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები და არასათანადო სანიტარულ პირობებში მცხოვრები მოზარდები ავადმყოფობენ. ნარკომანები რისკის ჯგუფში შედიან, რადგან უმთავრესად საერთო შპრიცს მოიხმარენ.
ინფექციის წყაროს, გარდა სიყვითლით მიმდინარე დაავადების მქონე პირებისა, წარმოადგენენ ავადმყოფები A ჰეპატიტის უსიყვითლო და სუბკლინიკური ფორმით. ვირუსი გამოიყოფა ინფიცირებულის განავალში დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში და გამოვლენის შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე. დაავადება მაქსიმალურად გადამდებია უშუალოდ სიყვითლის განვითარების წინ. A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ვირუსმატარებლობა არ აღინიშნება. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.
ვარაუდობენ, რომ ვირუსის გამრავლების პირველი ადგილია პირ-ხახა, შესაძლოა, სანერწყვე ჯირკვლები და მათ ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები. არაიმუნიზებულ ორგანიზმში ვირუსი აქტიურად მრავლდება ღვიძლის უჯრედებში, საიდანაც ლიმფური გზებისა და სისხლძარღვების გავლით ხვდება ნაღვლის სადინარსა და სანაღვლე გზებში, საბოლოოდ კი ნაწლავის სანათურში მკვიდრდება. დაავადება თითქმის არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში. სიკვდილიანობა 0,1%-ზე დაბალია და აღინიშნება ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში.
-
ინკუბაციის პერიოდი
A ჰეპატიტის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი საშუალოდ 3-4 კვირას შეადგენს (ზოგჯერ უფრო ნაკლებ ან მეტ ხანს - 1-დან 7 კვირამდე გრძელდება). დაკვირვებამ აჩვენა, რომ საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, როცა დაავადების წყარო წყალი და საკვებია, და ხანგრძლივი, როცა გადაცემა კონტაქტური გზით ხდება - ვირუსი ადამიანისგან უშუალოდ ადამიანს გადაედება.
-
სიყვითლისწინა პერიოდი
პროდრომულ ანუ სიყვითლისწინა პერიოდში, რომელიც 5-7 დღე (შესაძლოა, 1-დან 14 დღემდეც) გრძელდება, ავადმყოფს აღენიშნება სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კანის ქავილი. ტემპერატურის ზომიერი (37-38,50ჩ-მდე) მომატება. მცირე ასაკის ბავშვებს აქვთ დიარეა (კუჭის აშლილობა), მოზარდებსა და მოზრდილებს აწუხებთ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და კუჭის არეში. ავადმყოფის მდგომარეობა უმეტესად სიყვითლის გამოვლენისთანავე უმჯობესდება, ზოგადი სიმპტომები ქრება.
-
სიყვითლის პერიოდი
სიყვითლის პერიოდს ახასიათებს მუქი შარდი, უფერული განავალი, ლორწოვანის, თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე. სიყვითლემ შესაძლოა მოიმატოს პირველ, მეორე, მესამე დღეს, შენარჩუნდება 1-2 კვირას, შემდეგ კი ნელ-ნელა ცხრება. მდგომარეობა ნორმას საბოლოოდ რომ დაუბრუნდეს, კიდევ 1-2 კვირაა საჭირო.
სიყვითლის პირველ დღეებში ისინჯება გადიდებული ღვიძლი (ჰეპატომეგალია), ზოგჯერ - სპლენომეგალიაც (ელენთის გადიდება). ნეკნებიდან გამოსული ღვიძლის კიდე მკვრივი და სადაა. უმეტესად, განურჩევლად დაავადების სიმძიმისა, A ჰეპატიტი გამოჯანმრთელებით სრულდება, ღვიძლის ფუნქცია აღდგება, თუმცა არ არის გამორიცხული სიყვითლის რეციდივი (განმეორება) და შეცვლილი ლაბორატორიული მაჩვენებლების დიდხანს შენარჩუნება. ასეთი გახანგრძლივებული ფორმის დროს ღვიძლის ფუნქციის აღსადგენად 1 წელია საჭირო.
-
დიაგნოსტიკა
დიაგნოზს სვამენ სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე. ინფორმაციულია შარდის ტესტი ბილირუბინზე, შრატში საერთო და პირდაპირი ბილირუბინის, ალანინამინოტრანსფერაზის და ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა (ეს ფერმენტები ღვიძლის დაშლილი უჯრედებიდან გამოდის), მაგრამ ვინაიდან მწვავე პერიოდში ყველა ვირუსული ჰეპატიტის კლინიკური სურათი მსგავსია, საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სპეციალური იმუნოდიაგნოსტიკური მეთოდით, რომლის შესახებაც სხვა დროს ვისაუბრებთ.
დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიყვითლოდ. ასეთ შემთხვევაში ექიმსაც კი უჭირს მისი გარჩევა სასუნთქი გზების ბანალური გაციებითი დაავადებისგან.
A ჰეპატიტის ოთხი განსაკუთრებული ნიშანი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია:
- გაციებითი დაავადების დროს, როდესაც სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს, ავადმყოფის თვითშეგრძნება უმჯობესდება. A ჰეპატიტის დროს ეს არ ხდება. ტემპერატურა მომატებული არ არის, მაგრამ თვითშეგრძნება ცუდია: ავადმყოფი მოთენთილია, უხალისო, დღეში რამდენჯერმე იძინებს.
- ნორმალური ტემპერატურის ფონზე მადა არ აქვს, აღებინებს. საჭმლის დანახვაზეც კი გულისრევის შეგრძნება უჩნდება. ღებინებაც თავისებურია, არა ისეთი, როგორიც მოწამვლისას - ხშირი და უხვი, არამედ იშვიათი და მცირე, მაგრამ შეუპოვარი და ზედიზედ რამდენიმე დღე.
- თუ სკოლაში, საბავშვო ბაღში, ეზოში, აგარაკზე შეიტყვეთ, რომ ვინმე A ჰეპატიტით დაავადდა, იყავით მზად - გადადების ალბათობა დიდია.
- შარდის ანალიზი უსიყვითლო ფორმას არ ავლენს. აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რომელიც ორგანიზმში ვირუსის არსებობას დაადასტურებს.
ავადმყოფს ცალკე ოთახი უნდა ჰქონდეს. შეძლებისდაგვარად ერიდეთ მასთან კონტაქტს. განსაკუთრებით გაუფრთხილდით ბავშვებს. ასეთი ზერელე კონტაქტის დროს დაავადების გადადების ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.
-
საჭიროა თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში დაწოლა?
A ჰეპატიტის დროს თანამედროვე მედიცინა ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია ექიმი-ჰეპატოლოგის მუდმივი კონსულტაცია, ასევე - რეგულარული სეროლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევები. უკეთესი იქნება, თუ ავადმყოფს პოლიკლინიკაში არ ატარებთ - მას ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი სჭირდება. ღვიძლმა, რომელიც ჰეპატიტის დროს ძირითად დარტყმას იღებს, უნდა მოისვენოს, რათა მაქსიმალურად მომარაგდეს სისხლით, იკვებოს ჟანგბადით.
-
მკურნალობა
ამჟამად წამლის ბაზარზე რეკლამირებას უწევენ მრავალ სამკურნალო საშუალებას, რომელიც ღვიძლის ფუნქციას აღადგენს. A ჰეპატიტით დაავადებულს ასეთი მედიკამენტები არ სჭირდება. სპეციალურ დიეტას უნდა დაემატოს პოლივიტამინები, შეიძლება, მიეცეს ნაღველმდენი ბალახების - სიმინდის ულვაშის, კრაზანას - ფიტოჩაი.
-
ნებადართულია:
რძე, რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის, ქათმის, კურდღლის მჭლე ხორცი (ხბოსა და წიწილისა არასასურველია), მოხარშული მჭლე თევზი - ვირთევზა, ქარიყლაპია, კობრი; ბოსტნეული - კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი, ასევე - ფაფები და მაკარონის ნაწარმი, მსხვილად დაფქული ხორბლის პური, მწვანე ბარდა, ტკბილი ხილი და კენკრა, მურაბა, თაფლი, ბურღული, ბოსტნეულის სუპი, წინა დღეს გამომცხვარი ნამცხვარი, ოღონდ არა ფენოვანი.
-
შეზღუდულია:
ნაღების კარაქი (დღეში 30-40 გ) არაჟანი - მხოლოდ სადილზე დასამატებლად, კვერცხის გული - კვირაში არა უმეტეს 1-2-ჯერ (ცილა უფრო ხშირად შეიძლება), ყველი, საქონლის ხორცის სოსისი, დიეტური ძეხვი.
-
აკრძალულია:
შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, ასევე - მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღვეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი, ხორცი, ქათმის, სოკოს ბულიონი.
სრული გამოჯანმრთელება 6-12 თვეზე ადრე არ ხდება, ამიტომ მოგვიანებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
- დროულად გაიაროთ დისპანსერული გამოკვლევა;
- მოერიდოთ გადახურებას და გადაცივებას, დაუშვებელია გარუჯვა.
- დაიცავით დიეტა. რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი და კალორიული, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების საკმარისი შემცველობით. კვება საჭიროა დღეში 4-6-ჯერ, მცირე ულუფებით.
- ბავშვებს ათავისუფლებენ პრიფილაქტიკური აცრებისგან და ფიზკულტურის გაკვეთილებისგან, სპორტული სექციებიდან, შეჯიბრებებიდან, ტურისტული ლაშქრობიდან, ხოლო სამკურნალო ფიზკულტურა ამ დროს სასარგებლოა.
-
პროფილაქტიკა
- ყველა დროის საუკეთესო პროფილაქტიკაა სურნელოვანი საპონი და ფუმფულა პირსახოცი, მშობლებს კი მოეთხოვებათ, მეთვალყურეობა გაუწიონ ბავშვს, რომ ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ დაიბანოს ხელები, ჭამოს მხოლოდ კარგად გარეცხილი ხილი.
- დიდი მნიშვნელობა აქვს სასმელი წყლის სისუფთავეს. არასოდეს შეიძინოთ პროდუქტი ხელზე - ეს დაავადების ყველაზე უფრო რეალური გზაა.
- თუ ოჯახში ვინმეს A ჰეპატიტი შეხვდა, მისი ნივთები, ჭურჭელი დაამუშავეთ ქლორამინით, ოჯახის სხვა წევრები მოარიდეთ დაავადებულთან კონტაქტს.
- ჰეპატიტისგან თავის დაცვის მთავარი გზა დროული ვაქცინაციაა. ის, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკში და კურორტზე წასვლის წინ. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დაავადდა ვინმე, ვისთანაც ხშირად აქვს კონტაქტი.
- A ჰეპატიტით დიდებიც ხდებიან ავად. რისკის ჯგუფს, რომელსაც ვაქცინაცია სჭირდება, ეკუთვნიან პირები, რომლებმაც გადაიტანეს სხვა ფორმის ჰეპატიტი (B, C ,D), აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ჰემოფილია. ვაქცინაცია აუცილებელია მათთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს, სამედიცინო-სანიტარული სამსახურის მუშაკებისთვის, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი კვების ადგილების, კომუნალური მომსახურების, წყალმომარაგების სისტემაში მომუშავეებისთვის, სამხედროებისთვის, განსაკუთრებით - კავკასიასა და შუა აზიაში სამსახურისას.