როგორი უნდა იყოს სხეულის ნორმალური ტემპერატურა
რატომ იცვლება სხეულის ტემპერატურა და ყოველთვის არის თუ არა ეს ორგანიზმის პათოლოგიის ნიშანი, გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი-თერაპევტი, ლია გოგუა.
- ქალბატონო ლია, როგორია სხეულის ნორმალური ტემპერატურა?
- ადამიანის სხეულის ტემპერატურის საზოგადოდ აღიარებული სტანდარტი 36,6 - 1868 წელს გაჩნდა. იგი შემოიტანა გერმანელმა თერაპევტმა კარლ რეინჰოლდ ავგუსტ ვუნდერლიხმა, გაზომა რა 25 ათასი პაციენტის სხეულის ტემპერატურა. 36, 6 გრადუსი აღმოჩნდა საშუალო მაჩვენებელი. 100 წლის შემდეგ, უფრო ზუსტი თერმომეტრების გამოჩენასთან ერთად, მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დააზუსტეს საშუალოსტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც 0,2 გრადუსით მაღალი გახდა და 36,8 გრადუსი შეადგინა.
დღეისათვის სხეულის ტემპერატურის ნორმად მიიჩნევა მაჩვენებელი 35,2-დან 36,8 გრადუსამდე იღლიის ქვეშ, 36,4-37,2 გრადუსი ენის ქვეშ და 36,2-37,7 გრადუსი სწორ ნაწლავში. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ამ დიაპაზონიდან დროებითი გადახრა. მაგალითად, საღამოს სხეულის ტემპერატურა, ნორმის დროს, უახლოვდება 37 გრადუსის მაჩვენებელს და შეიძლება მისი ტოლიც კი იყოს.
სხეულის ტემპერატურა იცვლება აქტიურობისა (მაღალი აქტივობისას მან შეიძლება უმნიშვნელოდ მოიმატოს) და დღე-ღამის პერიოდის მიხედვით. ტემპერატურის ნორმალური სადღეღამისო ცვლილება შეადგენს 0,5-0,7 გრადუსს. დაძინებისას სხეულში ყველა პროცესი ნელდება, სხეულის ტემპერატურა მცირედ ქვეითდება და შეადგენს 35-36 გრადუსს.
- რატომ შეიძლება შეიცვალოს ტემპერატურა?
- ყოველი ადამიანის სხეულის ტემპერატურის განაწილება კანსა და შინაგან ორგანოებზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია:
- გენეტიკურ პროგრამაზე;
- მეტაბოლიზმის თავისებურებებზე;
- ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობაზე;
- ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე.
სწორედ ამიტომ ვიღაცას ხელები ყოველთვის ცივი აქვს, ვიღაცას - გახურებული, ზამთარშიც კი.
საქმე ისაა, რომ ჩვენს ორგანიზმს აქვს სითბოს წარმოქმნის ქიმიური და მექანიკური საშუალებები. პირველი უკავშირდება ორგანიზმში ქიმიური პროცესების მიმდინარეობას, მეორე - კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვას. ჩვენ გვცივა და ვიწყებთ აქტიურ მოძრაობას გასათბობად, ვუშვებთ შინაგან ორგანოებში პროცესებს, რომლებიც ტემპერატურას ნორმამდე ზრდის.
სითბოსა და სიცივის ზემოქმედება, ფიზიკური აქტივობა, ცხარე კერძების ან მსუყე საკვების მიღება სხეულის ტემპერატურას მცირე დროით უმნიშვნელოდ ცვლის. ასე რეაგირებს ვეგატაციური და ენდოკრინული სისტემა გარე გამღიზიანებელზე.
ხანდაზმულებს აღენიშნებათ ტემპერატურის ცრუ დაქვეითება. ეს იმას უკავშირდება, რომ ასაკთან ერთად ქვეითდება მეტაბოლური პროცესების ინტენსივობა და იცვლება კანის სისხლით მომარაგება. ამასთან, პირსა და სწორ ნაწლავში ტემპერატურა ნორმალურად რჩება.
მსგავსი სიტუაციაა მწეველებთან: სხეულის ტემპერატურის დაქვეითება შეიძლება დაკავშირებული იყოს კანის სისხლით არასათანადო მომარაგებასთან. ამასთან, სიგარეტის მოწევისთანავე პირში ტემპერატურის გაზომვისას შეიძლება აღინიშნოს ტემპერატურის ხანმოკლე მომატება, ხოლო იღლიისქვეშ - მისი დაქვეითება.
ალკოჰოლის მოხმარება იწვევს კანისა და კანქვეშა უჯრედისის სისხლძარღვების გაფართოებას, ასევე სითბოს გაცემის დროებით გაძლიერებას, რაც დროებით ზრდის ტემპერატურას.
ტემპერატურაზე მოქმედი მეორე ფაქტორი ჭარბი წონაა: სრულ ადამიანებს ხშირად ნივთიერებათა ცვლა და სითბოს გამოყოფა დარღვეული აქვთ. ამიტომ კანის საფარველის ტემპერატურა შეიძლება რეალურზე დაბალი იყოს.
ქალებს სხეულის ტემპერატურა ეცვლებათ მენსტრუალური ციკლის ფაზის გათვალისწინებით: იზრდება ოვულაციის პერიოდში და ქვეითდება მენსტრუაციის შემდეგ. ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ჰორმონული გადაქმნა უმნიშვნელოდ მოქმედებს სხეულის ტემპერატურაზეც.
- რა მდგომარეობაა, თუ სხეულის ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნორმაზე მაღალია?
- 37,1-38 გრადუსი, ე.წ. სუბფებრილური ტემპერატურა, შეიძლება შენარჩუნდეს ცხელებით მიმდინარე ინფექციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში. სხვა სიმპტომების არარსებობისას ამგვარი მდგომარეობა არ მოითხოვს დამატებით კვლევებსა და მკურნალობას.
ზოგჯერ 37 გრადუსი ტემპერატურა ექიმთან მიმართვის სიგნალი უნდა იყოს, თუ ის დიდხანს გაგრძელდება გაციების სიმპტომების გარეშე და ასეთი ეპიზოდები მეორდება. სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება იყოს აცრის, ტრავმის, ღრძობის, გადატანილი ოპერაციების, ასევე პარაზიტული დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, ალერგიული დაავადებების, რკინადეფიციტისა და ანემიის დროს. მაგალითად, ამ უკანასკნელის დროს ქსოვილები, მათ შორის - ტვინი, ვერ იღებს ჟანგბადს. შედეგად ვითარდება ჟანგბადის შიმშილი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმის თერმორეგულაცია, ტემპერატურა იზრდება.
- რით განსხვავდება ცხელება ჰიპერთერმიისგან?
- ჰიპერთერმია (მაღალი ტემპერატურა) და ცხელება სხეულის ტემპერატურის მომატებას უკავშირდება. ჰიპერთერმია, ჩვეულებრივ, აღინიშნება სითბოს არასაკმარისი გაცემისას, მაგალითად, სიცხეში, ადამიანი იღებს თბურ დარტყმას. ის შეიძლება უკავშირდებოდეს ფიზიკურ დატვირთვას, ოფლის გამოყოფის შემამცირებელი წამლების მიღებას, ნარკოტიკების მოხმარებას, ცნს-ზე მოქმედი პრეპარატების მიღებას და ა.შ. ჰიპერთერმიის მკურნალობა გულისხმობს სხეულის ტემპერატურის სწრაფად დაქვეითებას. სიცხის დამწევი საშუალებები ამ შემთხვევაში უსარგებლოა. ცხელება კი სხეულის ტემპერატურის მომატებაა, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრში ცვლილებებით.
ორგანიზმში ბაქტერიების ან ვირუსის მოხვედრისას აქტიურდება იმუნური უჯრედები, შედეგად სისხლში გამოიყოფა დიდი რაოდენობით პიროგენები - ნივთიერებები, რომლებიც ზრდის სხეულის ტემპერატურას. პიროგენები ზემოქმედებს ჰიპოთალამუსზე, რომელიც ტემპერატურულ დიაპაზონს ცვლის 37-დან 39 გრადუსამდე. ინფორმაცია სისხლძარღვოვან ცენტრს გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ამიტომ ვლინდება შემცივნება და ცივდება ფეხები.
ცხელების დროს იზრდება სითბოს წარმოქმნაც ცხიმოვანი ქსოვილისა და ცილების დაშლის შედეგად და ღვიძლში თერმოპროდუქციის გაზრდის ხარჯზე. სითბოს უფრო სწრაფი წარმოქმნისთვის ინფექციების დროს ზოგჯერ ერთვება კუნთოვანი კანკალის მექანიზმი. ეს ყველაფერი ხდება დაცვისთვის - ინფექციის უფრო ეფექტურად გასანადგურებლად, რადგანაც სხეულის მომატებული ტემპერატურა აჩქარებს მიკრობების განადგურებას. ამას გარდა, ცხელება აძლიერებს იმუნური სისტემის უჯრედების - ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების - აქტივობას. ინფექციასთან ბრძოლის ამგვარი მეთოდი ხშირად გადარჩენაში გვეხმარება. ცხადია, ცხელება ნაკლებსასიამოვნოა: გარდა ცუდი თვითგანწყობისა, ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხესა და ენერგიას, რაც საშიშია.
- როდისაა ტემპერატურა ნორმაზე დაბალი?
- დაბალი ტემპერატურა (35,2 გრადუსზე დაბალი) შეიძლება გამოწვეული იყოს გადაცივებით, ინტოქსიკაციით, ენდოკრინული სისტემის პრობლემებით. ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია სამედიცინო კვლევა.
სხეულის ტემპერატურა ქვეითდება ინფექციის გადატანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ე.წ. ასთენიურ კვალს წარმოადგენს. ეს არის იმის სიგნალი, რომ ორგანიზმი გაუმკლავდა ინფექციას, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტადაა და ხელმეორე დასნებოვნების რისკი მაღალია. ამიტომ ავადობის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ.