ჭუჭყიანი ხელები და პარაზიტები

ეს არის ორი ცოცხალი ორგანიზმის თანაარსებობს განსაზღვრული ფორმა: ერთი მათგანი, რომელსაც პარაზიტს ვუწოდებთ, მეორის, მასპინძლის, ნივთიერებებით იკვებება და ზიანს ყენებს მას.
პარაზიტების შესახებ საუბრისას გრძელი, საშინელი შესახედაობის ან პატარა, მაგრამ საკმაოდ თვალსაჩინო ზომის ჭიები წარმოგვიდგება თვალწინ. უნებლიეთ ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დავუშვათ მათი მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო - ხელებით?! ვის მოუვა აზრად მათი ხელში აღება და, მით უმეტეს, პირში ჩადება?!
ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს: პარაზიტი საკმაოდ ეშმაკია და ახერხებს, ისე იცხოვროს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს, - აბა, თუ შევამჩნიეთ, ხომ დაუყოვნებლივ გავანადგურებთ!
პარაზიტის მიზანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზმისა, გადარჩენა და გამრავლებაა, ამიტომ ევოლუციის პროცესში მან რამდენიმე თავისებურება შეიძინა: გარემოში, წესისამებრ, გამოიყოფა პარაზიტის ძალიან მცირე, ადამიანისთვის თითქმის უხილავი კვერცხები, რომლებიც ბუნებრივი პირობებისადმი საკმაოდ გამძლეა; სწორედ ეს კვერცხები ხვდება ჭუჭყთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ხილული და კარგად შესამჩნევი პარაზიტი კი ცხოველის ან ადამიანის ორგანიზმში იზრდება.
აი, ამიტომ არის, რომ პარაზიტულ დაავადებათა უმეტესობას ჭუჭყიანი ხელების დაავადებებსაც უწოდებენ. არ არის გასაკვირი, რომ პარაზიტული დაავადებები საკმაოდ ხშირად ემართებათ პატარა ბავშვებს - ისინი ხომ ყველაფერს ხელს ჰკიდებენ, მერე კი ამ ხელს პირში იდებენ. ქვემოთ რამდენიმე ასეთ დაავადებას მიმოვიხილავთ.
ენტერობიოზი
ენტერობიოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევია კუდმახვილა - ეგრეთ წოდებული მახვილა ჭია. ის ნაწლავური პარაზიტია და უმეტესად სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებთან გვხვდება.
ინვაზიის (დასნებოვნების) წყარო ინვაზირებული ადამიანია (ანუ ადამიანი, რომელსაც პარაზიტები ჰყავს). მისი ორგანიზმიდან განავალთან ერთად გამოიყოფა მახვილა ჭიის მომწიფებული კვერცხებიც, რომლებიც სამოსსა და სხვა ნივთებზე მიმოიფანტება. ისვრება ხელებიც. მოგეხსენებათ, ბავშვებს ხელების პირში ჩადება სჩვევიათ - ამ დროს პარაზიტის კვერცხი საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება. კვერცხიდან მოძრავი მატლი გამოდის, ნაწლავში გადაადგილდება და სწორ ნაწლავში იბუდებს. დროდადრო უკანა ტანიდან გამოძვრება, ნაოჭებში კვერცხებს დებს და ქავილს იწვევს.
ქავილის დროს კვერცხები ხელზე გადადის, იქიდან - სხვადასხვა ნივთზე, ბოლოს კი კვლავ ადამიანის პირის ღრუში ხვდება. ვინაიდან კუდმახვილა საკმაოდ ბევრ კვერცხს დებს და გავრცელებაც ზემოთ აღწერილი გზით ხდება, ოჯახის ერთი წევრის დასნებოვნების შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად ხდება სხვების ინვაზიაც.
ლამბლიოზი
ლამბლიოზიც ერთ-ერთი გავრცელებული პარაზიტული დაავადება, ჭუჭყიანი ხელების დაავადების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მისი გამომწვევია უმარტივესი ორგანიზმი ლამბლია.
ინვაზიისთვის ადამიანს ლამბლიის ცისტა უნდა გადაეყლაპოს. ცისტა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, ის მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დავინახოთ. ინფექციის წყარო ადამიანია. დაავადება გადაედება ფეკალურ-ორალური გზით ანუ განავლის უმცირესი ნაწილაკების პირის ღრუში მოხვედრის შედეგად, რაც ლამბლიებით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების, ჭუჭყიანი ხელების, მიწის, დაბინძურებული სურსათის მეშვეობით ხდება - მათზე ლამბლიის ცისტები სიცოცხლის უნარს 6 საათიდან 2 დღემდე ინარჩუნებენ.
გავრცელების თავისებურების გამო ხშირად ხდება ბავშვების ინვაზია ქვიშაში თამაშის ან დაავადებულთან კონტაქტის დროს. რამდენიმე ათეული წლის წინ ლამბლია ნაღვლის ბუშტის დაავადების, ქოლეცისტიტის ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნდათ. ეს შეხედულება კარგა ხანია უარყოფილია -