ხელის ბანა
თურმე, ნუ იტყვით და, სხვადასხვა კვლევით დადგენილი ყოფილა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ხელების დაბანის აუცილებლობის შეხსენება კვლავ აქტუალურია საზოგადოების ფართო ფენებისთვის. კვლევებს თავი დავანებოთ და ირგვლივ მიმოვიხედოთ. თუ გულდასმით გავიხსენებთ ჩვენი ნაცნობ-მეგობრების ჩვევებს, გაოცებული აღმოვაჩენთ, რომ თურმე ხელის დაუბანლობის პრობლემა ჩვენთანაც მწვავედ დგას. დიახ, ხელებს დაბანა რომ სჭირდება, ყველამ იცის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ზოგს ტუალეტიდან გამოსვლისას ავიწყდება ეს უმარტივესი პროცედურა, ზოგი ისე ჩქარობს, რომ ხუთ წუთს ვერ პოულობს ხელების დასაბანად, ზოგიც პრინციპულად არ იბანს და ასე შემდეგ. არადა, კარგად ვიცით, რომ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზენტერია, ამებიაზი, გრიპი, პარაზიტები, ჰელმინთები და სხვა, ადამიანს ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, გაურეცხავი ბოსტნეულითა და ხილით, უხარისხო საკვებით გადაედება. აქედან გამომდინარე ამ ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და უბრალო საშუალება ხელების ხშირი და სწორი დაბანაა. ახლა კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ხელების სწორად დაბანის წესებს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ბავშვობიდანვე იცის, მაგრამ ერთია ცოდნა, მეორე კი - ამ ცოდნის გამოყენება. მაშ ასე: როგორ დავიბანოთ ხელები სწორად?
- დავისველოთ ხელები გამდინარე წყლით.
- გავისაპნოთ ისე, რომ საპნის ქაფით მთლიანად დაიფაროს მტევნები - ხელისგულები, ხელის ზურგები, თითებს შორის არეები, ფრჩხილების ირგვლივ მიდამოები და მაჯები.
- დაახლოებით 20 წამის განმავლობაში კარგად ავაქაფოთ საპონი (ანტიბაქტერიული არ არის აუცილებელი, ბაქტერიებს ჩვეულებრივი საპონიც კარგად აშორებს).
- გულმოდგინედ ჩამოვიბანოთ ხელები გამდინარე წყლით და დავრწმუნდეთ, რომ საპონი მთლიანად მოგვცილდა.
- ხელების დაბანას, სულ მცირე, 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.
- დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოთ გავიმშრალოთ მშრალი, სუფთა ხელსაწმენდით. შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც.
- თუ გამდინარე, სუფთა წყალზე ხელი არ მიგვიწვდება და ხელების დაბანას ვერ ვახერხებთ, შეიძლება გამოვიყენოთ ჰიგიენური საშუალებები, მაგალითად, სველი ხელსახოცი (თუ არც ეს საშუალებები გაქვთ ხელთ, უბრალოდ, დაუბანელი ხელებით გაურეცხავს ნურაფერს მიირთმევთ). სასურველია, მშობლებმა აუხსნან ბავშვებს, რომ არსებობს ისეთი მომენტები, როცა ხელების დაბანა უბრალოდ აუცილებელია, კერძოდ:
- შინ შესვლისთანავე, საიდანაც არ უნდა მოვიდეთ (სკოლიდან, ბაღიდან, ეზოდან);
- ჭამის წინ და ჭამის შემდეგ;
- ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
- ცხვირის მოწმენდის, დაცემინების ან დახველების შემდეგ;
- ნაგავთან შეხების შემდეგ;
- ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და მეტად ეფექტური საშუალებაა. ახლა კი მედიცინის მუშაკებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით მილიონი პაციენტი ავადდება საავადმყოფოსშინა ინფექციებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფექცია ხშირია, მაინც უცნობია მათი რეალური გლობალური ტვირთი, რადგან საკმაოდ რთულია ამ ინფექციებზე სანდო ინფორმაციის მოპოვება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ საავადმყოფოსშინა ინფექციებით ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია განვითარებად ქვეყნებში. ამ ინფექციების პრევენცია უმეტესად შესაძლებელია ხელების სათანადო ჰიგიენით. აუცილებელია, ჯანდაცვის მუშაკებმა საჭირო დროს და სათანადოდ იბანონ ხელები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიური კამპანია „გადაარჩინეთ ადამიანები - დაიცავით ხელების სისუფთავე“ 2009 წლიდან ტარდება. ამ დღეს ჯანმო მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას, „გაერთიანდნენ ხელების ჰიგიენის ხარისხის გასაუმჯობესებლად“. ეს დღე ბიძგს აძლევს თითოეულ ჩვენგანს:
- გახდეს გლობალური მოძრაობის ნაწილი ხელების ჰიგიენის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- გახდეს თავის ქვეყანაში საავადმყოფოსშინა ინფექციების პრევენციის ხელშეწყობის და, შესაბამისად, ადამიანების გადარჩენის ერთ-ერთი ლიდერი;
- მიიღოს მხარდაჭერა, რომ კლინიკებში აღებული ვალდებულებებიდან მოქმედებაზე გადავიდეს;
- გაუზიაროს სხვებს თავისი ცოდნა და წარმატებები;
- შეუერთდეს იმ ქვეყნების ქსელს, რომლებმაც უკვე აიღო ვალდებულება, რეგულარულად ჩაატაროს ხელების ჰიგიენის კამპანიები;
- აჩვენოს, რომ პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.