ტემპერატურა - სადიაგნოზო ნიშანი ინფექციური დაავადების დროს

გვესაუბრება ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე.
- ყველაზე მეტად რომელი ინფექციური დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ტემპერატურული ცვლილებები?
- თითქმის ყველა ინფექციური დაავადება ტემპერატურის მომატებით მიმდინარეობს. თუ ასე არ მოხდა, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმთან, თუმცა შესაძლოა, ჩვილ ასაკში, კერძოდ, ახალშობილობის პერიოდში, დაავადების მძიმე ფორმები ტემპერატურის მკვეთრი მომატების გარეშე და უსიცხოდაც კი მიმდინარეობდეს. ყველაზე დამახასიათებელი ტემპერატურული მრუდი აქვს მუცლის ტიფს, A და B ჰეპატიტებს (იწვევს სალმონელას ჯგუფის ბაქტერიები); მალარიას, ლეიშმანიოზს, ბრუცელოზს, შავ ჭირს. ეს ის დაავადებებია, რომლებიც არცთუ იშვიათად გვხვდება ჩვენს სინამდვილეში. მინდა შევჩერდე შავ ჭირზე, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს მიეკუთვნება. ბოლოს ხანს აღირიცხა მისი შემთხვევები ჩინეთში და, ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ამ დაავადების შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ.
შავი ჭირი
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას, თუმცა ყველა მათგანი იწყება მძაფრად, ძლიერი შემცივნებით, 39-40-გრადუსიანი ცხელებით. დასაწყისშივე გამოხატულია მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნები: ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, თავბრუ, უძილობა, გულისრევა, პირღებინება. ავადმყოფს სახე და თვალები უწითლდება, ხოლო ინტოქსიკაციის მატებასთან ერთად ულურჯდება. თვალების ირგვლივ ჩნდება მუქი რგოლები. ავადმყოფის სახე ტანჯვას, შიშს, უიმედობას გამოხატავს. კანი მშრალი და ცხელია. ტერმინალურ (სიკვდილის წინარე) პერიოდში კანი მუქდება, მოშავო-ალუბლისფერს იღებს (სწორედ აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდებაც). პროცესში ჩართულია შინაგანი ორგანოები - გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემები. ზოგადი სიმპტომების ფონზე ვითარდება თითოეული კლინიკური ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნები: კანის ფორმისას ნაკბენ ადგილას ჩნდება ლაქა, რომელიც იზრდება და სითხით სავსე ბუშტუკად გადაიქცევა, ხოლო ფილტვისმიერი ფორმის დროს პროცესი ფილტვისმიერი უკმარისობით მიმდინარეობს. მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები. საქართველოში ასეთი კერაა ელდარისა და ნაზარლების ველები, სადაც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია მღრღნელი წითელქუდა მექვიშია. მეორე ბუნებრივი კერა მდებარეობს ნინოწმინდის, ახალქალაქისა და დმანისის რაიონში, სადაც ინფექციის რეზერვუარს მემინდვრია წარმოადგენს. გადამტანია რწყილი. არსებობს ინფექციის გადაცემის სამი გზა:
- კონტაქტური - ინფიცირებული ცხოველის დამუშავებისას;
- ალიმენტური - ინფიცირებული საკვების მიღებისას;
- ჰაერწვეთოვანი - ფილტვისმიერი ფორმის შემთხვევაში. ეს გზა განაპირობებს ეპიდემიის შემდგომ ინტენსიურ გავრცელებას და სიმძიმეს.
დაავადება მყარ იმუნიტეტს ტოვებს.
მუცლის ტიფი
დაავადება უმეტესად თანდათანობით იწყება, სწრაფი დასაწყისი იშვიათია. დაავადება ვლინდება საერთო სისუსტით, შრომის უნარისა და მადის დაქვეითებით, თავის ტკივილით. ტემპერატურა კიბისებურად იმატებს და პირველი კვირის ბოლოს 39-40 გრადუსს აღწევს, შემდეგ ამ დონეზე რჩება და დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლება. დამახასიათებელია უძილობისა და თავის ტკივილის ერთდროული გამოხატულება. დაავადების საწყისი პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება. მწვავე დასაწყისის შემთხვევაში ტემპერატურა შემცივნების შემდეგ 1-2 დღეში აღწევს მაღალ ციფრებს. მოკლე ხანში ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. მე-6-7 დღიდან იწყება დაავადების სრული გამოხატულების პერიოდი. ვითარდება ე. წ. ტიფური სტატუსი. ამ დროს ავადმყოფი გაბრუებულია, ბოდავს, ზოგჯერ გონება დაბინდული აქვს, უძლიერდება უძილობა და თავის ტკივილი, კარგავს მადას (ანორექსია). ცხელება ან მუდმივად მაღალია (ვუნდერლიხის ტიპი), ან ტალღისებურად ცვალებადი (ბოტკინის ტემპერატურის მრუდი). ცხელების პერიოდში დროდადრო ჩნდება როზეოლური გამონაყარის ახალ-ახალი ელემენტები. კლინიკური ნიშნების უკუგანვითარების პერიოდში ტემპერატურა თანდათან დაბლა იწევს. დამახასიათებელია მისი რემისიული ცვალებადობა - ე. წ. ამფიბოლია: დილისა და საღამოს ტემპერატურას შორის სხვაობა 2-2,5 გრადუსს შეადგენს. თვითშეგრძნება თანდათან უმჯობესდება. ტემპერატურის კლების დასაწყისში კანზე წარმოიქმნება მცირე ზომის გამჭვირვალე ბუშტუკები. ეს პერიოდი დაახლოებით 1 კვირა გრძელდება. ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ იწყება გამოჯანმრთელების პერიოდი, რომელიც, იმისდა მიხედვით, რამდენად მძიმედ მიმიდნარეობდა დაავადება, 2-4 კვირამდე გასტანს. მუცლის ტიფის მსუბუქი ფორმის დროს ტემპერატურა 6-12 დღეში უბრუნდება ნორმას. საშუალო სიმძიმის ფორმის შემთხვევაში ცხელება 2-3 კვირას გრძელდება. მძიმე ფორმას ახასიათებს ტიფური მდგომარეობა, მძიმე ინტოქსიკაცია, ზოგჯერ - სტოპორი და კომა (გონების ნაწილობრივი და სრული დაბინდვა). ცხელება 3-4 კვირას გრძელდება და მუდმივია. ვითარდება მძიმე გართულებები და რეციდივი. მუცლის ტიფი შესაძლოა ჰიპერტოქსიკურადაც მიმდინარეობდეს, რაც ინფექციური ტოქსიკური შოკით ვლინდება. თავდაპირველად ვითარდება მაღალი ცხელება, შემდეგ ცხვირიდან, კუჭიდან, საშვილოსნოდან სისხლდენის გამო არტერიული წნევა ეცემა, ვითარდება ჰიპოთერმია - ტემპერატურა 35 გრადუსამდე იკლებს, ავადმყოფი გონს კარგავს და კვდება. ამდენად, მუცლის ტიფის დროს მაღალი ტემპერატურის დაბლით შეცვლა ცუდი ნიშანია.