C ჰეპატიტი
ვირუსული C ჰეპატიტი მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს. რედაქციაში უამრავი წერილი მოდის. ჩვენც არაერთი სტატია მივუძღვენით ამ დაავადებას, მაგრამ მისდამი ინტერესი არ ცხრება. ქვემოთ კიდევ ერთხელ ვუპასუხებთ C ჰეპატიტის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.
უმეტესად ვინ ავადდება C ვირუსული ჰეპატიტით?
C ჰეპატიტით უმეტესად ახალგაზრდები ავადდებიან, მაგრამ ისიც შესამჩნევია, რომ ინფიცირების ასაკი თანდათან იმატებს. მთელ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს; ყოველწლიურად ინფიცირდება 3-4 მლნ კაცი. დაავადება გავრცელებულია ყველა ქვეყანაში, მაგრამ არათანაბრად.
სად და როგორ შეიძლება C ვირუსით ინფიცირება?
ინფიცირების ძირითადი მექანიზმებია ჰემატოგენური, პარენტერალური (სისხლიდან). ინფიცირება შესაძლოა მოხდეს პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტებითაც, რომლებიც დაბინძურებულია ავადმყოფის ან ინფექციის მატარებლის ინფიცირებული სისხლით, აგრეთვე - სამართებლით, მანიკიურის საშუალებებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ჯაგრისითაც კი. მაგრამ, სტატისტიკურად, ინფიცირება უმეტესად საინექციო ნარკოტიკების საერთო შპრიცით შეყვანისას ხდება. ინფიცირების რისკი მაღალია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ჰემოტრანსფუზია (სისხლის გადასხმა) დღეს იშვიათადაა რეციპიენტის ინფიცირების მიზეზი - მისი წილი არ აღემატება 4%-ს. განვითარებულ ქვეყნებში C ვირუსით ინფიცირება სისხლის პრეპარატების გადასხმის, სამედიცინო პრეპარატის შეყვანისა თუ მასობრივი ვაქცინაციის დროს, ასევე - სტომატოლოგიურ კაბინეტში ნაკლებმოსალოდნელია. სამედიცინო მანიპულაციების დროს ინფიცირების რისკი წარმოიშობა, თუ უხეშად დაირღვა სანიტარიული ნორმები. ამ შემთხვევაში ინფიცირების ადგილად შეიძლება იქცეს ნებისმიერი კაბინეტი, სადაც სამედიცინო მანიპულაციები ტარდება. სამედიცინო პერსონალი შეიძლება დაინფიცირდეს სამსახურში (საავადმყოფოში, კლინიკაში) ტრავმირებისას და ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას. არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის დროს ზუსტი წყაროს დასახელება ჭირს.
ნიშნავს თუ არა სისხლის უარყოფითი ანალიზი C ვირუსის არარსებობას?
ავადმყოფებს, რომლებსაც ღვიძლის პათოლოგიის ნიშნები აქვთ, სეროლოგიური ნიშნების გარეშეც შეიძლება ჰქონდეთ C ვირუსით გამოწვეული ქრონიკული ჰეპატიტი.
გადაეცემა თუ არა C ვირუსი სქესობრივი გზით?
დღეს მიიჩნევა, რომ სქესობრივი გზით C ჰეპატიტის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით იშვიათია, ვიდრე ბ ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემა. ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას ინფექციის გადაცემის ალბათობა 3-5%-ს შეადგენს. მონოგამიური ქორწინების დროს ინფექციის გადაცემის რისკი მინიმალურია, ხოლო შემთხვევითი კავშირებისა და მრავალი პარტნიორის ყოლის დროს იმატებს. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გადაცემას ორალური სექსი. რისკის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი კონტაქტის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. საზოგადოდ, სქესობრივი გზა არ არის C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის ძირითადი გზა. ვირუსი ორგანიზმში უმეტესად ინფიცირებული სისხლით ხვდება. თუ ეჭვობთ, რომ სქესობრივი პარტნიორისგან დაინფიცირდით, დაფიქრდით, ხომ არ შეიძლებოდა, ეს სხვა გზით მომხდარიყო: ხომ არ სარგებლობს ვინმე თქვენი კბილის ჯაგრისით, მაკრატლით, სამართებლით, ხომ არ გაგიკეთებიათ სვირინგი, ხომ არ გამოგიყენებიათ საერთო ნემსი ნარტკოტიკის მოხმარებისას, ხომ არ გადაგიტანიათ ოპერაცია, სისხლის გადასხმა და ა.შ.
გადაედება თუ არა C ჰეპატიტი ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონტაქტების დროს?
C ჰეპატიტი არ გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ნერწყვით), ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, საერთო ჭურჭლის ხმარებისას. თუ ინფექციის გადაცემა ყოფითი გზით მოხდა, სავარაუდოა ავადმყოფის ან მატარებლის სისხლთან კონტაქტი. C ვირუსით დაავადებულებსა და მის მატარებლებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან, შრომის, სწავლების, მოვლის განსაკუთრებული პირობები მხოლოდ ინფექციის გამო, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში C ვირუსით ინფიცირებულებს ჯარიდან ათავისუფლებენ.
როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირების რისკი?
ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ:
- ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ საინექციო ნარკოტიკებს;
- რომლებსაც 1987 წლამდე გადაუსხეს სისხლის შემდედებელი ფაქტორი.
ინფიცირების საშუალო რისკი აქვთ:
- ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (ხელოვნური თირკმლის აპარატი);
- რომლებსაც გადაუნერგეს ორგანო ან ვისაც გადაუსხეს სისხლი 1992 წლამდე;
- რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაუდგენელი დაავადება;
- ინფიცირებული დედის ახალშობილებს.
ინფიცირების დაბალი რისკი აქვთ:
- სამედიცინო პერსონალს და სანიტარულ-ეპიდემიური სამსახურის მუშაკებს;
- ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი;
- ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი ერთ ინფიცირებულ პარტნიორთან.
მაღალი და საშუალო რისკის პირებმა აუცილებლად უნდა გაიარონ გამოკვლევა C ვირუსზე. ანალიზები უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საინექციო ნარკოტიკებს პირი მოიხმარდა რამდენიმე წლის წინ. გამოკვლევა უნდა გაიაროს ყველა აივინფიცირებულმა პირმა. ბავშვებს, რომელთა დედაც ინფიცირებულია, გამოკვლევა უტარდებათ 12-18 თვის ასაკში. გამოკვლევა სჭირდება აგრეთვე სამედიცინო პერსონალს პაციენტის სისხლთან უნებლიე კონტაქტის შემდეგ.
ინფიცირებიდან რამდენი ხნის შემდეგ ვლინდება ჰეპატიტის პირველი სიმპტომები? C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 20-დან 140 დღემდეა, საშუალოდ - 50 დღეა. C ჰეპატიტის სიმპტომები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს და დაავადება მხოლოდ მაშინ აღმოაჩინონ, როდესაც საქმე ციროზამდე მივა.
ც ჰეპატიტის ზოგადი სიმპტომები C ჰეპატიტი, როგორც ითქვა, უსიმპტომო დაავადებაა და უმეტესად დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც ადამიანი ექიმს მიმართავს სხვა დაავადების გამო, ამიტომ დროული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანალიზები. რაც შეეხება თავჩენილ სიმპტომებს, უმეტესად შეინიშნება ასთენია, სისუსტე, დაღლილობა. მაგრამ ეს ნიშნები ძალზე არასპეციფიკურია (მხოლოდ მათი არსებობა C ჰეპატიტს არ ადასტურებს). ღვიძლის ციროზის დროს მოსალოდნელია სიყვითლე, მუცლის გარშემოწერილობის მომატება (ასციტი), სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების გაჩენა და სხვა.
ინფიცირებიდან რამდენი ხნის შემდეგ არის დადებითი ანალიზის პასუხი?
დაავადებულთა 70%-ში - პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ხოლ 90%-ში - სამი თვის განმავლობაში აღმოუჩენენ ანტისხეულებს (ანტი-HCV), მაგრამ ზოგ შემთხვევაში ანტისხეულები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. სისხლში ვირუსის რნმ (PCR) ინფიცირებიდან 1-2 კვირის განმავლობაში ვლინდება.
რომელი ანალიზი ადასტურებს ერთმნიშვნელოვნად C ჰეპატიტის დიაგნოზს?
ანტისხეულების ანტი-HCV IgM და HCV- რნმ. ორივე ტესტის დადებითი შედეგი ადასტურებს ინფექციას. igM-ანტისხეულების არსებობის მიხედვით არჩევენ აქტიურ ჰეპატიტს მატარებლობისგან (როდესაც ანტისხეული იგმ არ არის და ალტ ნორმაშია).
რას აჩვენებს PCR დიაგნოსტიკა?
PCR დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ვირუსის რნმ C-ჰეპატიტიანის სისხლში. ამრიგად, იგი ადასტურებს როგორც ინფექციის არსებობას, ასევე ვირუსის რეპლიკაციის არსებობის ფაქტსაც.
რითი მკურნალობენ C ჰეპატიტს?
გამწვავების დროს ზოგჯერ საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და თერაპიული ღონისძიებები. ინტერფერონი 1-3 თვის განმავლობაში გამოიყენება ქრონიკული ფორმების დროს (მაგალითად, რეკომბინანტული ალფა-2 ბ ინტერფერონი, ლიმფობლასტური ველფერონი). ინტერფერონს იყენებენ კომბინაციაში რიბავირინით უროდეზოქსიქოლის მჟავასთან ერთად. მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ფაქტორთა წყებაზე - ასაკზე, დაავადების ხანდაზმულობაზე და ა.შ. იყენებენ აგრეთვე თიმოზინ-ალფას როგორც იმუნომოდულატორს, ანტიოქსიდანტებს (ალფა-ტოკოფეროლს). ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინფიცირებულმა უნდა დაიცვას რამდენიმე წესი:
- არ გახდეს სისხლისა და ორგანოების დონორი;
- არ გამოიყენოს საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც შესაძლოა გადაცემის მიზეზად იქცეს (სამართებელი, ეპილატორი, კბილის ჯაგრისი და ძაფი, მანიკიურის ხელსაწყოები);
- თუ დაშავდა, იმისთვის, რომ სისხლი გარეთ არ გამოვიდეს, ჭრილობებსა და ნაჭდევებზე დაიკრას პლასტირი.
სისხლით დაბინძურებული ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვისას გაითვალისწინეთ: 60-გრადუსიან წყალში ვირუსის ინაქციატივა 30 წუთში ხდება, დუღილისას - 2 წუთში. დადგენილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსი გარემოში, გამშრალ სისხლში, ოთახის ტემპერატურაზე 16 საათიდან 4 დღემდე ცოცხლობს. ყველა ის ადგილი, სადაც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი, უნდა დამუშავდეს ქლორის ან ქლორიანი კირის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით, განზავებით 1:100.