რას წარმოადგენს PCR-ანალიზი - როდის ინიშნება და როგორ ტარდება
დღეს ქვეყანაში ამ თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. რას წარმოადგენს PCR-ანალიზი, როდის ინიშნება ის და როგორ ტარდება?
საზოგადოდ, დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული მეთოდები ბევრი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. PCR ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (Pოლყმერასე ცჰაინ რეაცტიონ), დიაგნოსტიკის ერთ-ერთი უახლესი და ზუსტი მეთოდია. მისი შემუშავებისთვის მეცნიერმა, კერი მულისმა, 1993 წელს ნობელის პრემია მიიღო. სადღეისოდ, ეს მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება, მაინც ფართოდ და წარმატებით გამოიყენება მედიცინაში.
PCR-დიაგნოსტიკის არსი
PCR-მეთოდი ეფუძნება მოლეკულური ბიოლოგიის პრინციპებს. მისი არსი განსაკუთრებული ფერმენტების გამოყენებაა, იმ ფერმენტებისა, რომლებიც სხვადასხვა ბიომასალის სინჯებში, მაგალითად, სისხლში არსებული დაავადებათა გამომწვევების - რნმ-ისა (რიბონუკლეინის მჟავა) და დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ფრაგმენტების მრავალჯერადად კოპირებას (ასლების წარმოქმნას) უზრუნველყოფს. ამის შემდეგ, ლაბორატორიის თანამშრომლები მიღებულ ფრაგმენტებს ადარებენ მონაცემთა ბაზას, გამოავლენენ დაავადების გამომწვევის ტიპს და მის კონცენტრაციას.
PCR-ანალიზი ტარდება ამპლიფიკატორში – მოწყობილობაში, რომელშიც ცივდება (იყინება) და თბება (ცხელდება) ბიომასალის სინჯებიანი სინჯარები (სატესტო მილები). გაციება-გათბობა საჭიროა რეპლიკაციისათვის (ფრაგმენტების გამრავლებისათვის ანუ ასლების წარმოქმნისათვის). ტემპერატურული რეჟიმის სიზუსტე გავლენას ახდენს შედეგის სიზუსტეზე.
PCR-მეთოდის გამოყენების სფეროები
PCR-მეთოდის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები დიდია. მისი დახმარებით სხვადასხვა ინფექციის გამოვლენაა შესაძლებელი. ყველაზე ხშირად PCR-მეთოდს იყენებენ შემდეგი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ:
• აივ ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული);
• ჰერპესინფექცია;
• სხვადასხვა სასქესო ინფექცია, კერძოდ, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გარდნერელოზი, მიკოპლაზმოზი და ტრიქომონიაზი;
• კანდიდოზი;
• ჰეპატიტები;
• მონონუკლეოზი;
• ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
• ტუბერკულოზი;
• ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია;
• ტკიპისმიერი ენცეფალიტი.
ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომელთა დიაგნოსტიკაც ხდება PCR-მეთოდის გამოყენებით.
საყურადღებოა, რომ PCR-მეთოდი არა მარტო მედიცინაში გამოიყენება, არამედ მას დიდი გამოყენება აქვს კრიმინალისტიკაშიც, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც სურთ გაარკვიონ, ვის ეკუთვნის დანაშაულის ადგილზე მოპოვებული ბიომასალა. PCR-მეთოდი ზოგჯერ მამობის დასადგენადაც გამოიყენება.
მეთოდის უპირატესობანი და ნაკლოვანება
PCR-მეთოდით დიაგნოსტიკას ბევრი დადებითი ანუ პლიუსი აქვს:
• მაღალი მგრძნობელობა - აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია დაავადების გამომწვევის გამოვლენა მაშინაც კი, თუ მისი დნმ-ის რამდენიმე მოლეკულაა სინჯში, ანუ ძალიან ადრეულ სტადიაზე, დაავადების ქრონიკული ფორმის დროსაც კი და იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადება ლატენტურად (ფარულად) მიმდინარეობს, ანუ არ ავლენს თავს;
• უნივერსალურობა - PCR-მეთოდის ჩასატარებლად ხელსაყრელია თითქმის ყველა ბიომასალა - დაწყებული სისხლით, დამთავრებული ნერწყვითა და კანის უჯრედებით;
• ფართო არეალი – ერთი ნიმუშის გამოკვლევით შესაძლებელია დაავადების რამდენიმე გამომწვევის ერთდროულად გამოვლენა;
• ოპერატიულობა – შედეგი, როგორც წესი, 5-7 საათში მზადაა, ანუ დასკვნის გაკეთება შესაძლებელია ბიომასალის აღებიდან მეორე დღეს;
• სიზუსტე - PCR-მეთოდი პრაქტიკულად არასდროს იძლევა ცრუ დადებით ან ცრუ უარყოფით შედეგებს, თუ, რა თქმა უნდა, დაცულია ამ ანალიზის ჩატარების ტექნოლოგია;
• არაძვირადღირებულება - PCR-ანალიზის ღირებულება დიდად არ აღემატება სისხლის სხვა ლაბორატორიულ ანალიზს.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ 100%-ით სრულყოფილი ანალიზი არ არსებობს. PCR-მეთოდს უარყოფითი მხარე, ანუ მინუსიც აქვს – ტექნოლოგიის დაცვისადმი და ლაბორანტის პროფესიონალიზმისადმი განსაკუთრებული მოთხოვნილება. თუ ნიმუში დაბინძურდება, ანალიზი შესაძლოა ცრუ აღმოჩნდეს, შესაბამისად, PCR-დიაგნოსტიკა მაღალი დონის ლაბორატორიაში უნდა ჩატარდეს, სადაც სამუშაოთა შესრულების მაღალი ხარისხის კონტროლია დანერგილი.
საკვლევი ბიომასალა
PCR-ანალიზისათვის იყენებენ სხვადასხვა ბიომასალას. სინჯის აღება ინფექციის ტიპზეა დამოკიდებული. სქესობრივი გზით გადამდები ბევრი ინფექციის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება საშვილოსნოს ყელიდან ან შარდსადინარიდან (ურეთრიდან) აღებული ნაცხი ან ანაფხეკი, ასევე შარდი. ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის, ტოქსოპლაზმოზის, ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის ანალიზისათვის იღებენ სისხლს. მონონუკლეოზსა და ციტომეგალოვირუსზე ხახის ნაცხის კვლევას მიმართავენ. ნერვული სისტემის დაზიანებების დროს იკვლევენ ზურგის ტვინის სითხეს, ჩანასახის ინფექციათა სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პლაცენტის ქსოვილები, ფილტვის დაავადებათა გამოსავლენად - ნახველი და პლევრალური სითხე. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის სადიაგნოსტიკოდ ხახიდან მოპოვებული მასალის (ნაცხის) კვლევა წარმოებს.
კვლევისათვის მომზადება
PCR-დიაგნოსტიკისათვის მომზადება დამოკიდებულია უშუალოდ ბიომასალის ტიპზე. სისხლი ბარდება დილით უზმოდ. შარდიც უნდა ჩაბარდეს დილით, ლაბორატორიულ პირობებში, სტერილურ კონტეინერში. უროგენიტალური არიდან ნაცხის ან ანაფხეკის ჩაბარებამდე რამდენიმე დღის მანძილზე აუცილებელია სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება, არ შეიძლება გამორეცხვის პროცედურების ჩატარებაც. დაუშვებელია ნაცხისა და ანაფხეკის ჩაბარება მენსტრუაციისDდღეებში და მისი დასრულებიდან 2 დღის მანძილზე.
დაავადების PCR -დიაგნოსტიკის მეთოდები
არსებობს PCR -დიაგნოსტიკის რამდენიმე განსხვავებული მეთოდი: PCR-დიაგნოსტიკა რეალურ დროში, სეკვენირებული, პიროსეკვენირებული, მიკროფლუიდური ტექნოლოგია და სხვა. სადღეისოდ, უფრო მეტად გავრცელებული ანალიზის მეთოდია PCR-დიაგნოსტიკა რეალურ დროში.Eამ მეთოდს პრაქტიკულად არ გააჩნია ცრუ დადებითი შედეგები, ამასთან, ამ მეთოდით კვლევისას ნიმუშების დამუშავების ვადა (პერიოდი) მოკლდება - შედეგების მიღება კი უკვე ერთ საათშია შესაძლებელი.
შედეგების გაშიფვრა
პაციენტისათვის PCR-ანალიზის პასუხი შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი პასუხი ნიშნავს იმას, რომ გამომწვევის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა და ადამიანი ჯანმრთელია. დადებითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოა გამომწვევის დნმ-ის ფრაგმენტების არსებობა – ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დაინფიცირებულია და საჭიროებს მკურნალობას.