გარემო და ღვიძლი
საკვებდანამატებისა და კონსერვანტების გარეშე სურსათს, ფაქტობრივად, აღარ აწარმოებენ; მედიკამენტების, ბიოაქტიური დანამატებისა და ფიტოპრეპარატების უკონტროლო მიღებაზე აღარაფერს ვამბობთ. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ იმატებს ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნივთიერებებით - ქსენობიოტიკებით (xenos - უცხო; bios - სიცოცხლე) გამოწვეული დაავადებების რიცხვი და ისინი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო და სოციალურ პრობლემად იქცევა.
გარემო მდიდარია ისეთი ეკოპოლუტანტებით, როგორებიცაა ჰაერში არსებული გოგირდის, აზოტის, ნახშირბადის ოქსიდები, ოზონი, ქლორი, ნახშირწყალბადები, ფრეონები, წყალსა და ნიადაგში არსებული ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლი, ქლოროორგანული პესტიციდები (DDT, ალდრინი, დიელდრინი, ქლორდანი), ნიტრატები, ფოსფატები, ნავთი და ნავთობპროდუქტები, ორგანული გამხსნელები (ტოლუოლი, ბენზოლი, ტეტრაქლორეთილენი), დაბალმოლეკულური ჰალოგენირებული ნახშირწყალბადები (ქლოროფორმი, ბრომდიქლორმეთანი, ბრომოფორმი, ტეტრაქლორმეთანი, დიქლორმეთანი), პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, ბიფენილები, დიოქსინები, დიბენზოფურანები, მჟავები და სხვა.
წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ქიმიური ნივთიერებებით მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევები საწარმოო ავარიების შედეგად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების მცირე დოზების ხანგრძლივი ზემოქმედება, პოლიპრაგმაზია (მრავალი მედიკამენტის ერთდროული დანიშვნა) და მედიკამენტების თვითნებური მიღება.
მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი დამცავი ღვიძლია. ღვიძლის, ორგანიზმიდან ტოქსიკური პროდუქტების ელიმინაციის უმთავრესი ორგანოს, ფუნქციური მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმსა და უვნებელყოფას. მათი დიდი ნაწილი ღვიძლისთვის ტოქსიკურია, რის გამოც ხშირად ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმის უმთავრესი ორგანო მათივე ზემოქმედების სამიზნე ხდება.
როგორ ზიანდება ღვიძლი
ღვიძლის ქიმიური დაზიანება ორი სახისაა: ობლიგატური - დოზაზე დამოკიდებული - და ფაკულტატიური - დოზისგან დამოუკიდებელი, იდიოსინკრაზიული.
ობლიგატური ჰეპატოტოქსიკურობა ქსენობიოტიკების უშუალოდ ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელ ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული და მოქმედი აგენტის დოზით განისაზღვრება. ტოქსიკური ეფექტი ვითარდება, როცა მიღებული ქსენობიოტიკის დოზა აჭარბებს ორგანიზმის ბიოტრანსფორმაციის (ღვიძლში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნის) უნარს.
ფაკულტატიური ჰეპატოტოქსიკურობის გამომწვევი აგენტების ზემოქმედება იდიოსინკრაზიითაა განპირობებული და მათი დოზითა და მოქმედების ხანგრძლივობით არ განისაზღვრება - შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს პრეპარატის ერთი ან რამდენიმე ტაბლეტი. ვინაიდან მედიკამენტებით ინდუცირებული ღვიძლის დაზიანება პრეპარატების მიღებისას მხოლოდ პაციენტთა მცირე ჯგუფს უვითარდება, ვარაუდობენ, რომ რისკი დეტერმინირებულია გარემოსა და მრავალი გენეტიკური ფაქტორის ურთიერთქმედებით. მაგალითად, ისინი, ვისაც ციტოქრომ-P450D6-ის (ღვიძლში არსებული ფერმენტული სისტემა) გენეტიკურად დაბალი დონე აქვს, მედიკამენტებით ინდუცირებული ჰეპატოტოქსიკურობის რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნივთიერებების გარდაქმნის პირველი ეტაპია ჟანგვითი მეტაბოლიზმი. გარდაქმნის პროცესში მედიკამენტების ნაწილი სტაბილურ მეტაბოლიტებად ტრანსფორმირდება, ნაწილი კი რეაქტიულ, პოტენციურად ტოქსიკურ აგენტებად, რაც ციტოქრომ-PPP450-ისა და სხვა ფერმენტების, მაგალითად, ალკოჰოლდეჰიდროგენაზის ზემოქმედებით ხდება. ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმის მეორე ფაზაში პირველი ფაზის პროდუქტები კონვერტირდება სხვადასხვა პოლარულ მეტაბოლიტად გლუკურონის მჟავასთან, სულფატთან, აცეტატთან, გლუტათიონთან, ამინმჟავებთან კონიუგაციის ან მეთილირების მეშვეობით. ამ გარდაქმნის შედეგად მცირდება ქსენობიოტიკების ტოქსიკურობა და იზრდება მათი წყალში ხსნადობა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ფაზაშიცაა შესაძლებელი ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნა. ციტოქრომ-PPP450 იზოფერმენტების ინდუქტორები (ეთანოლი, აცეტონი, შიმშილი) აძლიერებს, ხოლო ინჰიბიტორები (დიეთილთიოკარბამატი, დიმეთილსულფოქსიდი) ამცირებს ამ ნივთიერებების ტოქსიკურობას.
როგორ ვლინდება ღვიძლის დაზიანება
ქსენობიოტიკები იწვევს ღვიძლის ნებისმიერი სიმძიმის დაზიანებას, ასიმპტომური ჰიპერფერმენტემიით დაწყებული, ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობით დამთავრებული, რაც მოიცავს ღვიძლის ყველა არსებულ დაავადებას ცხიმოვანი ინფილტრაციიდან სიმსივნეებამდე.
ქსენობიოტიკებით ინდუცირებული ტოქსიკური ჰეპატოპათიები თავდაპირველად ფარულად მიმდინარეობს. მათი ერთადერთი გამოვლინება, ღვიძლის ფერმენტების უსიმპტომო მატება, შემთხვევითი ბიოქიმიური გამოკვლევისას ვლინდება. ზოგჯერ შეინიშნება ზოგადი სისუსტე და სწრაფად დაღლა, რაც ხშირად იმ დაავადების გამოვლინებად მიიჩნევა, რომლის გამოც მკურნალობა დაენიშნა პაციენტს.
რისკ-ფაქტორები
ღვიძლში უცხო ნივთიერებების გარდაქმნის დარღვევა მათი ჰეპატოტოქსიკურობის განმსაზღვრელი ფაქტორია. თავის მხრივ, მეტაბოლიზმის დარღვევა მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის აღსანიშნავია ღვიძლის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ალბუმინის სინთეზის დაქვეითება.
მედიკამენტებით ინდუცირებული ღვიძლის დაზიანება ხშირია ხანში შესულებში, რაც ღვიძლის მოცულობის შემცირებითა და მასში სისხლის მიმოქცევის დაქვეითებით აიხსნება. ცნობილია, რომ ღვიძლის დაზიანების ალბათობა იმატებს რამდენიმე პრეპარატის ერთდროული მიღებისას. დადგენილია, რომ თუ ავადმყოფი ერთდროულად ექვს ან მეტ პრეპარატს იღებს, ღვიძლის დაზიანების რისკი 80%-ს უტოლდება.
ფერმენტების ინდუქციის უნარის მქონე პრეპარატები ზრდიან სხვა მედიკამენტების ჰეპატოტოქსიკურობას. ქსენობიოტიკების მოსალოდნელ ტოქსიკურ ეფექტს ზრდის ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ქრონიკული დაავადება. გარდა ამისა, უკანასკნელ ათწლეულებში ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების რისკ-ფაქტორებადაა იდენტიფიცირებული:
- მდედრობითი სქესი;
- ხანში შესული ასაკი;
- ორსულობა;
- არაბალანსირებული, ცილებით ღარიბი კვება;
- ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება და პრეპარატის მიღება ალკოჰოლთან ერთად;
- წინამორბედი მედიკამენტური მკურნალობა;
- გენეტიკური განწყობა, რაც მედიკამენტების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების სტრუქტურისა და შემცველობის დეფექტებით განისაზღვრება და მედიკამენტების ბიოტრანსფორმაციის რეაქციებში ცვლილებას იწვევს.
ქიმიური ნივთიერებების მეტაბოლიზმში ღვიძლის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ განსაზღვრულ პირობებში პრაქტიკულად ნებისმიერი მედიკამენტი შეიძლება იქცეს ღვიძლის დაზიანების მიზეზად.
ღვიძლისთვის საშიშნი
ქსენობიოტიკებს, რომლებმაც შეიძლება ღვიძლი დააზიანოს, მიეკუთვნება სამრეწველო შხამები, პესტიციდები, კანცეროგენები, მედიკამენტები, საკვების დანამატები, საღებავები, საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები და სხვა.
ღვიძლის დაზიანების მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც ექიმის მიერ დანიშნული ან თვითნებურად მიღებული მედიკამენტები, ასევე ალტერნატიული მედიცინის საშუალებები - ფიტოპრეპარატები, ჰომეოპათიური მედიკამენტები.
აშშ-ში ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევათა უმრავლესობა აცეტამინოფენით ანუ პარაცეტამოლითაა განპირობებული, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ეხება მის მაღალ დოზებს; თერაპიული დოზა საშიში არ არის. ტოქსიკური დოზა საშუალოდ 10-20 გრამის (20-40 ტაბლეტი!) ტოლია, ხოლო ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლებისთვის - 5-10 გრამის. პაციენტთა 80%-ს ღვიძლის მძიმე დაზიანება უვითარდება 15 გრამზე მეტი დოზის მიღების შემდეგ.
განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის დოზის გადაჭარბება ან მისი მიღება ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარების ფონზე, რაც პრეპარატის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების აქტივაციისა და ამის შედეგად ღვიძლის დამზიანებელი ბიოაქტიური რადიკალების წარმოშობის მიზეზია. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღების ფონზე პარაცეტამოლის არცთუ მაღალი დოზებით - დღე-ღამეში 2,6 გ - გამოყენებისას აღწერილია მძიმე ჰეპატოტოქსიკური ეფექტის შემთხვევები.
პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის რისკი იმატებს სხვადასხვა პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას. ჰეპატოტოქსიკური ეფექტი მოსალოდნელია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ანტიტუბერკულოზური საშუალებებისა და სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებისას, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, ესტროგენების, ანდროგენების, ანაბოლური სტეროიდების გამოყენებისას.
მორფინი, ტრამადოლი, კოკაინი ხშირად იწვევს ღვიძლის დაზიანებას. არ შეიძლება, ღვიძლის დამაზიანებელ ფაქტორებზე საუბრისას არ ვახსენოთ ოთხქლორიანი ნახშირბადი, ტრიქლორეთილენის შემცველი საყოფაცხოვრებო ხსნარები, ტოლუოლის შემცველი წებო, ბენზოლის ნაწარმები - ტრინიტროტოლუოლი, დინიტროფენოლი, ტოლუოლი, ყვითელი ფოსფორი (გამოიყენება თაგვების საწინააღმდეგო საშუალებებში), დიოქსინი, ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო საშუალებები) მაღალი დოზები.
უნდა ვიცოდეთ
შესაძლოა, მკითხველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მდგომარეობა უიმედოა და ღვიძლის დაზიანება - გარდაუვალი. საბედნიეროდ, ასე არ არის. მთავარია, გავითვალისწინოთ სიტუაცია და შევასრულოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
- არ მივიღოთ ალკოჰოლი ჭარბად, უარი ვთქვათ მის სუროგატებზე.
- არ მივიღოთ მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე.
- მეტისმეტად ნუ გაგვიტაცებს ფიტოპრეპარატები და ჰომეოპათიური საშუალებები, სპეციალისტის კონსულტაცია მათი მიღების დროსაც აუცილებელია.
- აუცილებლად გამოვიყენოთ დამცავი საშუალებები სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სამუშაოებისას.
- მავნე ქიმიკატებთან აუცილებელი კონტაქტის დროს არ გავეკაროთ ალკოჰოლს.
ამ რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს.