ღვიძლი - ყველაზე დიდი ზომის ორგანო
იგი ყველაზე დიდი ზომის ორგანოა როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების. მოზრდილი ადამიანის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულის მასის 2-3%-ს შეადგენს, ორგანიზმის მიერ მოხმარებული საერთო ჟანგბადის 20-30%-ს მოიხმარს. იგი 300 მილიარდამდე უჯრედისგან შედგება, რომელთა 80%-საც მისი სტრუქტურული ერთეული – ჰეპატოციტები – შეადგენენ. ცენტრალური ადგილი ორგანიზმში მიმდინარე შუალედური მეტაბოლიზმის პროცესში სწორედ მათ უკავიათ.
ღვიძლის „ნიღბები“
ღვიძლი ბიოქიმიური ლაბორატორიაა, რომელშიც წუთში მილიონამდე ქიმიური გარდაქმნა ხორციელდება, შესაბამისად, მისი დაზიანება სხვა ორგანოების და მთელი ორგანიზმის მუშაობაზე უმალ ისახება. სწორედ ამიტომ ღვიძლისმიერ სიმპტომებზე მეტად ის არაღვიძლისმიერი სიმპტომები ჩნდება, რომელთაც ჰეპატოლოგები ღვიძლის დაავადებათა „ნიღბებს“ უწოდებენ.
ე.წ. არაღვიძლისმიერი სიმპტომებია:
- ნ ზოგადი სისუსტე;
- ნ კუნთებისა და სახრების ტკივილი;
- ნ სხვადასხვა სახის დერმატოლოგიური გამოვლინებანი: გამონაყარი და სისხლჩაქცევები კანზე;
- ნ ცვლილებანი პერიფერიულ სისხლში ანემიის სახით და სხვა;
- ნ თირკმლის დაზიანების ნიშნები – შეცვლილი შარდი;
- ნ ენდოკრინული დარღვევები.
სწორედ ამიტომ ქრონიკული ჰეპატიტისას ან ღვიძლის ციროზისას პაციენტები ხშირად სხვა პროფილის სპეციალისტებს მიმართავენ: რევმატოლოგებს, დერმატოლოგებს, ჰემატოლოგებს, ენდოკრინოლოგებსა და ნეფროლოგებს.
„ნიღბებს“ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ ადამიანის ყურადღების გადატანა სხვა მდგომარეობაზე, რაც, საბოლოოდ, ორგანოს სერიოზული დაზიანების დაგვიანებული აღმოჩენის მიზეზი ხდება.
ღვიძლის ფუნქციები
უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიაში მიმდინარე მილიონობით ურთულესი ქიმიური გარდაქმნა მიზნად ისახავს ორი ტიპის:
- საჭმლის მომნელებელ პროცესთან დაკავშირებულ და
- საჭმლის მონელებისგან დამოუკიდებელ ფუნქციათა განხორციელებას.
ფუნქციები, რომლებიც საჭმლის მომნელებელ პროცესს არ უკავშირდება, რამდენიმე ტიპისაა:
- ნ მეტაბოლური ფუნქცია;ნ სისხლის ცილათა სინთეზი.
ამინომჟავათა დაშლა, ცილა ფიბრინოგენის, ალბუმინის, იმუნოგლობულინების და სისხლის სხვა ცილების (სისხლის შემადედებელი და შედედების საწინააღმდეგო ფაქტორების), პროთრომბინის სინთეზი, ყოველივე ღვიძლის ცილოვან ცვლაში მონაწილეობაზე მეტყველებს.
ლიპიდური ცვლის რეგულაცია
ცხიმების ტრანსპორტისთვის საჭირო ლიპოპროტეინების და მათი კომპონენტების: ქოლესტერინისა და ფოსფოლიპიდების ფორმირებაა.
ჰორმონთა მეტაბოლიზმი
ღვიძლში მიმდინარეობს საკმაოდ ბევრი ჰორმონის და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, სტეროიდების (გლუკოკორტიკოსტეროიდების და სასქესო ჰორმონების), ინსულინის, გლიკოგენის, კატექოლამინების, სეროტონინისა და ჰისტამინის ინაქტივაცია.
იოდისშემცველი თირეოიდული ჰორმონების, ალდოსტერონისა და სხვათა დაშლა.
ბიოქიმიური ტრანსფორმაცია
სტეროიდული ჰორმონები და ბილირუბინი, აგრეთვე მედიკამენტები, ეთანოლი და სხვა ქსენობიოტიკები ღვიძლში მოხვედრის შემდგომ ინაქტიურდებიან და მაღალპოლარულ ნაერთებად კონვერტირდებიან.
დეპონირება
ღვიძლი ორგანიზმის ენერგეტიკული რეზერვების დეპოს ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც ისეთი ნაერთების შემნახველი ადგილია, როგორებიცაა: გლიკოგენი, ცხიმები, ცილები, ჰორმონები, ფოსფოლიპიდები, ზოგიერთი ვიტამინი, რკინა და სხვა მიკროელემენტები, მასში ასევე დეპონირდება სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ღვიძლში შენახული გლიკოგენის შემცველობა ზოგჯერ ორგანოს მასის 20%-საც კი შეადგენს, აქ ინახება რეტინოლი, A, D, K, B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა, მთელი ორგანიზმის რკინის 15%.
ღვიძლიდან, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზმს მოეწოდება მაკროერგული და სტრუქტურირებული ნაერთები, რომლებიც რთული მოლეკულების სინთეზისთვისაა საჭირო.
დეტოქსიკაციური – ბარიერული ფუნქცია
ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქცია ითვალისწინებს: 1. ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებებისა და მეტაბოლიზმის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ნაერთებისგან სხეულის გაწმენდას: წამლებისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების დეტოქსიკაციას. 2. ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, შადმჟავას პროდუქტების, მისი ტოქსიკური ნაერთებიდან გამოდევნას.
დეტოქსიკაციური ფუნქციის საზღვრებში ღვიძლი ასევე აუვნებელყოფს ნაწლავებიდან შეწოვილ ზოგიერთ ნაერთს, რის გამოც ამ ფუნქციას ბარიერულსაც უწოდებენ, რამდენადაც ნაწლავში საჭმლის მონელების პროცესისას დაგროვილი აირები ინდოლი, სკატოლი, კრეზოლი შეიწოვება სისხლში, რომელიც, ვიდრე მათ საერთო ნაკადში გადაუშვებს, ღვიძლის მიერ ნეიტრალდება.
ჰომეოსტაზური ფუნქცია
ღვიძლი დიდ როლს თამაშობს სისხლის ნორმალური შემადგენლობის მუდმივობის (ჰომეოსტაზის) შესანარჩუნებლად, უზრუნველყოფს სინთეზს, სისხლში სხვადასხვა ტიპის მეტაბოლური ნაერთის დაგროვებასა და გამოყოფას, აგრეთვე სისხლის პლაზმის ბევრი კომპონენტის შთანთქვას, ტრანსფორმაციასა და გამოყოფას.
ექსკრეტორული ფუნქცია
ღვიძლიდან სხვადასხვა წარმოშობის როგორც ენდო, ისე ეგზოგენური ნივთიერებანი გადადის ნაღვლის სადინარებში და დაახლოებით 40-მდე ნაერთი გამოიყოფა ნაღველთან ერთად ან ხვდებია სისხლში და იქიდან, ჩვეულებრივ, თირკმელების საშუალებით გამოიდევნება ორგანიზმიდან.
საჭმლის მომნელებელ პროცესთან დაკავშირებული ფუნქციებია:
- გამომყოფი – ღვიძლის მიერ ნაღვლის გამოყოფა და მის ნაღვლის ბუშტში რეზერვუარიზაცია. ნაღველი შეიცავს მთელ რიგ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა საჭმლის ნორმალური მონელებისთვის, ამას გარდა, სწორედ ნაღველში გადადის ორგანიზმიდან ბილირუბინი და ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა.
- ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაცია – გლუკოზის კონვერცია გლიკოგენად და პირიქით. ღვიძლი ახორციელებს ე.წ. გლუკოსტატიურ ფუნქციას, ანუ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებას – სისხლში ჭარბი გლუკოზის არსებობისას იგი გარდაქმნის მას გლიკოგენად და მარაგის სახით ინახავს, ხოლო გლუკოზის დეფიციტისას, პირიქით, დეპონირებულ გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად და ასე უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის საჭირო რაოდენობის მუდმივობას.