ღვიძლის დაავადებათა მიზეზები და სიმპტომები
- კონსერვანტებით, ნიტრატებითა თუ საღებავებით - გაჯერებულ საკვებს, სვამს წამლებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწევა სიგარეტს, მეტ-ნაკლები სიხშირითა და რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, ეს ყოველივე კი ტოქსინებისა და წიდის წყაროა, რომლებიც დღიდან დღემდე ზღვა რაოდენობით ხვდება ჩვენს სისხლში.
ღვიძლი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, ორგანიზმის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. სწორედ აქ მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა, რომლებიც ღვიძლში სისხლის მეშვეობით ხვდება. ღვიძლი ორგანიზმში მოცირკულირე მთელ სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს. ამ ორგანოში წუთში 20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის სიჯანსაღეს.
ღვიძლის დაავადებებზე, მათ სიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება ენდოსკოპიის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ექიმი გასტროენტეროლოგი მანანა კვარცხავა.
- ქალბატონო მანანა, რატომ და როდის დიდდება ღვიძლი?
- ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ღვიძლის უჯრედების - ჰეპატოციტების - დისტროფია, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა;
- გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება;
- ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.
გადიდებული ღვიძლი შეიძლება მუცლის დათვალიერების დროსაც შევამჩნიოთ. ის ხელითაც ისინჯება - ექიმი პალპაციისას შეიგრძნობს გადიდებულ ღვიძლს, ადგენს, რამდენი სანტიმეტრით გამოდის იგი ნეკნთა რკალიდან და როგორია მისი კონსისტენცია. ღვიძლის გადიდებას ადასტურებს მუცლის ღრუს ექოსკოპია.
- ღვიძლის რომელი დაავადებებია გავრცელებული საქართველოში ყველაზე მეტად?
- ჩვენ ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ცხიმოვანი ჰეპატოზით, შედარებით იშვიათად - ციროზით, სიმსივნით, მეტასტაზებით ღვიძლში. ძალზე გახშირდა C ჰეპატიტი, თუმცა ეს დაავადება ინფექციონისტების კომპეტენციაა.
- ახასიათებს თუ არა ღვიძლის პათოლოგიებს ტკივილი?
- ღვიძლში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესებსა და შეგუბებით მოვლენებს თან სდევს ტკივილის შეგრძნება, რომელიც ღვიძლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვით არის გამოწვეული. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ტკივილი, წესისამებრ, არ იგრძნობა.
- რა სადიაგნოზო საშუალებები მოეპოვება დღეს მედიცინას ღვიძლის პათოლოგიების გამოსავლენად?
- ღვიძლის დაავადებათა სადიაგნოზოდ დღესდღეობით ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია, ლაპაროსკოპია, პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით, იზოტოპური გამოკვლევა. ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ბიოქიმიურ ტესტებს ან ბიოქიმიურ სინჯებს, რომელთაც ხალხში "ღვიძლის ფუნქციებს" უწოდებენ. მათი მეშვეობით განისაზღვრება ბილირუბინი, ALT და AST, ტუტე-ფოსფატაზა და სხვა. ეს ტესტები არ გახლავთ მკაცრად სპეციფიკური და ზუსტ დიაგნოზს ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ მათი შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობასა და დაავადების სიმძიმეზე. ინფორმაციული და მნიშვნელოვანია ასევე ცილოვანი, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, პიგმენტური და ფერმენტული ცვლის განსაზღვრა.
- რა არის ღვიძლის ციროზი?
- ღვიძლის ციროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება და იღუპება ღვიძლის უჯრედები, მათ ადგილას კი ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიშობა, რის გამოც დაავადების უკანასკნელ სტადიაში ღვიძლი შეჭმუხნული, დაპატარავებული და გამკვრივებულია. "ციროზი" ყვითელს ნიშნავს - ზუსტად ასეთ შეფერილობას იღებს ღვიძლი დაავადების უკანასკნელ სტადიაში. ამ დროს მას უკვე აღარ ძალუძს თავის ფუნქციათა შესრულება.
სტატისტიკის თანახმად, ციროზის შემთხვევათა 50%-ზე მეტს იწვევს ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მიღება, 25%-ს - ვირუსული ჰეპატიტები, ხოლო 25%-ს - სხვა დაავადებები.
ციროზი შესაძლოა წლობით შეუმჩნეველი დარჩეს. უსიმპტომო მიმდინარეობა მისი მზაკვრული თვისებაა. შესაძლოა, თანდათანობით თავი იჩინოს ადვილად დაღლამ, საერთო სისუსტემ, უმადობამ, წონის უმიზეზო კლებამ, სიმძიმის შეგრძნებამ, ყრუ ტკივილმა მარჯვენა ფერდქვეშ, სიყვითლემ, კანის ქავილმა, დისპეფსიურმა მოვლენებმა - მეტეორიზმმა, გულისრევის შეგრძნებამ, პირის სიმწარემ და სხვა. პაციენტის დათვალიერებისას შეიმჩნევა წითელი ლაქები მკერდზე, ზურგსა და მხრებზე, ღვიძლისმიერი სისხლძარღვები - ე.წ. ვარსკვლავები, ხელისგულების ერითემა (სიწითლე), გალაქული, ჟოლოსფერი ენა. მუცლის ზედა ნაწილში ვენები ფართოვდება და ჭიპის გარშემო ჩნდება მოლურჯო ნახატი, რომელიც მედუზას თავს ჰგავს. მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, სცვივათ თმა, ქალებს უწყდებათ მენსტრუალური ციკლი.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ღვიძლის ციროზს?
- ღვიძლის ციროზისთვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები: სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან; ასციტი; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; ჰეპატოცელულარული კარცინომა (კიბო); ღვიძლის უკმარისობა - კომა.
- რა არის ასციტი?
- ასციტი, იგივე წყალმანკი, არის თავისუფალი სითხის დაგროვება მუცლის ღრუში. ათიდან ცხრა შემთხვევაში მისი მიზეზი ღვიძლის დაავადებაა. დანარჩენ შემთხვევებში ასციტი გამოწვეულია გულის ან თირკმელების უკმარისობით, ბად-კიარის სინდრომით, კარის ვენის ბლოკადით, ტუბერკულოზური პერიტონიტით, პანკრეატიტით... ასციტი ერთბაშადაც შეიძლება განვითარდეს და თანდათანობითაც. ასციტის სწრაფი განვითარება ახასიათებს ციროზს დეკომპენსაციის ფაზაში.
- როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის მართვა?
- ძირითადი მკურნალობა მიმართული უნდა იყოს იმ დაავადებისკენ, რომელმაც ეს გართულება გამოიწვია. ზოგადი ღონისძიებები ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობით და მოიცავს:
- წოლით რეჟიმს;
- სუფრის მარილის შეზღუდვას (2 გრამამდე დღე-ღამეში);
- სითხის შეზღუდვას (750-1000 მლ-მდე);
- ცილითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას;
- დიურეტიკების - შარდმდენი პრეპარატების - მიღებას, სასურველია, მინიმალური დოზით.
თუ ასეთმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მიმართავენ ლაპაროცენტეზს - მუცლის ღრუდან სითხის გამოღებას. ლაპაროცენტეზი ძველი, მაგრამ ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. გამოკვლევები მოწმობს, რომ ის დადებითად მოქმედებს პაციენტის ჰემოდინამიკაზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ასციტური სითხის ხშირი და დიდი რაოდენობით გამოღება იწვევს მასში ცილის დაქვეითებას, ამან კი შესაძლოა სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის განვითარებას შეუწყოს ხელი, ამიტომ არ შეიძლება, ლაპაროცენტეზი დაენიშნოს ყველა ასციტიან პაციენტს მუდმივ რეჟიმში. ის ნაჩვენებია მხოლოდ რეფრაქტერიული ასციტის დროს. რეფრაქტერიული ასციტისთვის დამახასიათებელია მდგრადობა უმარილო საკვებისა და დიურეტიკების მაღალი დოზების მიმართ.
- როგორ მკურნალობენ ციროზს?
- ეს დაავადება, საბედნიეროდ, ნელა პროგრესირებს, ასე რომ, დროული მკურნალობა პროცესს აჩერებს. უპირველეს ყოვლისა საჭიროა ალკოჰოლზე უარის თქმა. სპეციალური დიეტა შემუშავებული არ არის, მაგრამ საჭიროა ჯანსაღი კვება, რაციონიდან ნოყიერი, შემწვარ-მოხრაკული საკვების ამოიღება. სასურველია ახალი ხილი, ბოსტნეული, ვიტამინებით მდიდარი საკვები. საჭიროა, შეიზღუდოს მარილის მიღება.
დაზიანებული ღვიძლი ვეღარ აუვნებლებს და ორგანიზმიდან ვეღარ გამოყოფს წამალს, ამიტომ საჭიროა, ექიმთან შეთანხმებით შეიზღუდოს ან საერთოდ უარი ითქვას მედიკამენტების მიღებაზე (აუცილებელი წამლების გარდა). თანამედროვე მიდგომით, ციროზის არააქტიური ფორმის დროს მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ რეგულარული დაკვირვება. ისინი უნდა განაგრძნობდნენ აქტიურ ცხოვრებას. სხვა საქმეა კლინიკურად მანიფესტირებული ციროზი. ასეთ პაციენტებს მედიკამენტური და ხშირად სტაციონარული მკურნალობა სჭირდებათ. თუ ავადმყოფს გამოაჩნდა რომელიმე ზემოთ ნახსენები გართულება, ესე იგი საქმე გვაქვს დეკომპენსირებულ ციროზთან და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებაა საჭირო.
დღესდღეობით ციროზის მკურნალობა, ფაქტობრივად, ციროზის გართულებათა მკურნალობაა. დეკომპენსირებული ციროზის მკურნალობის რადიკალური გზაა ქირურგიული ჩარევა - ღვიძლის გადანერგვა.
- როგორია პროგნოზი ღვიძლის ციროზის დროს?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ღვიძლის ციროზი პროგრესირებადი დაავადებაა და სახიფათო გართულებებს იწვევს. შესაძლებელია მისი მხოლოდ შეჩერება, ისიც - მხოლოდ ადრეულ სტადიებში. ჩვენი მიზანია, მკურნალობით შევასუსტოთ სიმპტომები და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ გართულებების პროგრესირება.
- საუბრისას ცხიმოვანი ჰეპატოზი ახსენეთ. რა დაავადებაა ეს?
- ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ცხიმოვანი ინფილტრაცია, სტეატოზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია - არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები გაცხიმოვნებას განიცდის. ჰეპატოზს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- სიმსუქნე;
- დაუბალანსებელი კვება;
- კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
- ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ზოგიერთი წამლის მიღება.
ჰეპატოზის დროს პაციენტი უჩივის:
- თავის ტკივილს;
- ადვილად დაღლას;
- ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ;
- გულისრევის შეგრძნებას;
- მუცლის შებერილობას;
- ყაბზობას ან დიარეას.
ჰეპატოზის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ ექიმს სპეციალურ გამოკვლევათა შედეგების საფუძველზე.
- როგორია ჰეპატოზის მკურნალობა, პროფილაქტიკა და პროგნოზი?
- ცხიმოვანი ჰეპატოზის მკურნალობის საუკეთესო გზაა ალკოჰოლზე უარის თქმა და სრულფასოვანი კვება. საჭიროა ცხიმების, განსაკუთრებით - ცხოველური წარმოშობის ცხიმების, შეზღუდვა. პაციენტმა უნდა მიიღოს საკვები, რომელიც მდიდარია ლიპოტროპული ფაქტორით. ასეთია ხაჭო, წიწიბურა, ჰერკულესი, ხორბალი. კარგია ხილი და ბოსტნეული. პრეპარატებიდან რეკომენდებულია B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა.
- როდის და რატომ ვითარდება ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა?
- ტერმინი "ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა" ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევას აერთიანებს. გამოყოფენ უკმარისობის სამ სტადიას:
I - საწყისს ანუ კომპენსირებულს;
II - დეკომპენსირებულს;
III - ტერმინალურს (დისტროფიულს) - ღვიძლის კომას.
ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი;
- ციროზი;
- ჰეპატოზი;
- პირველადი სიმსივნეები და მეტასტაზები ღვიძლში;
- ღვიძლის საერთო სადინარისა და პანკრეასის თავის სიმსივნე;
- ჰეპატოტროპული შხამებითა და წამლებით მოწამვლა;
- ტრავმები;
- დამწვრობა.
ანუ ყველა ის დაავადება, რომელიც საბოლოოდ ღვიძლის ქსოვილის მასიურ ნეკროზს იწვევს.
- რა ნიშნები ახასიათებს ღვიძლის ქრონიკულ უკმარისობას?
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის კლინიკური სურათი დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. საწყის, კომპენსირებულ სტადიაში კლინიკური სიმპტომები შესაძლოა არც კი იყოს გამოხატული, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევები სისხლში ღვიძლის სინჯების ცვლილებას ავლენს. დეკომპენსირებულ სტადიაში გამოხატულია ყველა ის სიმპტომი, რომელიც კი ახასიათებს ღვიძლის ციროზს და რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ლაბორატორიული გამოკვლევები ავლენს დარღვევათა მთელ წყებას, რომელიც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი.
III სტადია, ღვიძლის კომა, უმძიმესი დაავადებაა, რომლის დროსაც ღრმა დარღვევები არა მარტო ღვიძლში, არამედ სხვა ორგანოებშიც შეინიშნება.
ღვიძლის კომა ღვიძლის პარენქიმის მასიური ნეკროზის შედეგად ვითარდება. ამ დროს ღვიძლის შეჭმუხვნას ერთვის ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები, ხასიათის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, აზოტემია. აქტიური თერაპიის მეშვეობით პაციენტი შეიძლება გამოვიდეს კომური მდგომარეობიდან, მაგრამ ღვიძლში მიმდინარე ცვლილებები უკვე შეუქცევადია, მდგომარეობა თანდათან მძიმდება, აღგზნება იცვლება დათრგუნულობით და ცნობიერების პროგრესირებადი დარღვევით, ზოგჯერ მისი დაკარგვითაც კი. ვითარდება კრუნჩხვა, ირღვევა სუნთქვა, აღინიშნება სხეულის ჰიპოთერმია. ავადმყოფს პირიდან ამოსდის დამახასიათებელი, ღვიძლისმიერი მოტკბო სუნი.
პროგნოზი მძიმეა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ღვიძლის კომამ შეიძლება რეგრესი განიცადოს.
- როგორი იქნება ზოგადი რჩევები ღვიძლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის?
- ღვიძლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
- ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- ფიზიკური აქტიურობა;
- მრავალფეროვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება;
- ბრძოლა ალკოჰოლთან;
- ვირუსული ჰეპატიტების პროფილაქტიკა;
- ქრონიკული ჰეპატიტებისა და ნაღვლის შეგუბებით მიმდინარე დაავადებების დროული მკურნალობა.