ღვიძლის გადანერგვა
აქედან ყველაზე რთული და ძვირად ღირებული ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი ბელა ელიაძე.
- რას წარმოადგენს ორგანიზმისთვის ღვიძლი?
- ღვიძლი გული არ არის, მაგრამ მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება მას. ის მეტად საჭირო ორგანოა. მის მუშაობაზე დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების ხარისხი და სიცოცხლეც კი.თუ ღვიძლმა შეწყვიტა მომწამლავი ნივთიერებების გაუვნებლება, ისინი ორგანიზმში დაგროვდება; თუ ღვიძლში არ წარმოიქმნა ნაღვლის წვენი, დაირღვევა საჭმლის მონელების პროცესი; დაზიანებული ღვიძლი ვერ შეძლებს სისხლის ცილებისა და სასარგებლო გლიკოგენის, ვიტამინების სინთეზს და სხვა.
ღვიძლის მძიმე დაავადებებია ღვიძლის კიბო, ციროზი, ჰეპატიტი, ოპისტორქოზი, სტეატოზი (ცხიმოვანი დისტროფია). ღვიძლის კიბოსწინარე დაავადებებად მიიჩნევა ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პარაზიტული დაავადებები (ცისტოსომოზი, ოპისტორქოზი), ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვება (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი), სიფილისი, ალკოჰოლიზმი.
- ღვიძლის ზოგიერთი დაავადების მკურნალობა შედეგიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი დაავადებებიც არსებობს, რომელთა განკურნებაც შეუძლებელია. მათგან ყველაზე გავრცელებულია ციროზი. რა ხდება ციროზის დროს ღვიძლის ქსოვილში?
- დაავადებულ ღვიძლში იწყება შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურის წარმოქმნა. იგი თანდათან ანაცვლებს ჯანსაღ ქსოვილს, ნორმალური ღვიძლის უჯრედები სულ უფრო ნაკლები რჩება. ღვიძლის სტრუქტურა ირღვევა, სისხლძარღვები იჭყლიტება, მათში სისხლის წნევა იმატებს. ღვიძლს უჭირს თავისი ფუნქციების შესრულება. ადამიანი თანდათან და ტანჯვით იღუპება.
ცოტა რამ ისტორიიდან
- ჯერ კიდევ 40 წლის წინ ღვიძლდაავადებული ადამიანების გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. მედიცინას შეეძლო, მხოლოდ სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა და ტკივილები შეემსუბუქებინა მათთვის. გარდატეხა მოხდა 1963 წელს, როდესაც ამერიკელმა ქირურგმა თომას სტარლზმა პირველად მსოფლიოში ჩაატარა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მან ამოკვეთა დაავადებული ღვიძლი და მის ადგილას გვამიდან ამოღებული ჯანმრთელი ორგანო ჩანერგა.
ოპერაცია ძალიან რთულია. ერთი არასწორი მოძრაობა და ღვიძლის ნაზი ქსოვილი, მისი სისხლძარღვები დაზიანდება. რაც მთავარია, ახალი, უცხო სხეულიდან ამოღებული ორგანო უნდა მოერგოს, შეეგუოს ახალ გარემოს. ამიტომ საჭირო გახდა ისეთი პრეპარატების შექმნა, რომლებიც დაიცავდა გადანერგილ ორგანოს პაციენტის იმუნური სისტემის აგრესიისგან. დღეს მსგავსი ოპერაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კეთდება, ყველაზე მეტი კი ამერიკაში, სადაც არსებობს 200-მდე სპეციალიზებული ტრანსპლანტაციის ცენტრი. სამწუხაროდ, ბევრი ამაოდ ელის თავის ჯერს. ამის მიზეზი დონორი ორგანოების დეფიციტია.
- საიდან იღებენ დღეს დონორ ორგანოებს?
- დონორ ორგანოებს დიდხანს გვამიდან იღებდნენ. ეს ძალიან რთულია, რადგან საამისოდ უნდა არსებობდეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც ექიმს გვამიდან ჯანმრთელი ორგანოს ამოღების ნებას აძლევს. მით უმეტეს - როცა საქმე ეხება ბავშვს. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება მშობლების დაყოლიება, რომ მათ გარდაცვლილ შვილს ღვიძლი ამოჰკვეთონ, რადგან მან შეიძლება სხვა ბავშვი გადაარჩინოს...
- გასული საუკუნის 80-იან წლებში ამ მხრივ ნამდვილი რევოლუცია მოხდა. მეცნიერებმა დიდი ხანია იცოდნენ, რომ ღვიძლს რეგენერაციის (თვითაღდგენის) უნარი შესწევს. მაშ, რატომ არ შეიძლებოდა, ცოცხალი ადამიანის ღვიძლის წილის გადანერგვა ჩაეტარებინათ?
- მონათესავე ტრანსპლანტაციის ოპერაციები პირველად ბრაზილიასა და ავსტრალიაში ჩატარდა და, სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა. ჩიკაგოელმა ქირურგმა კრისტოფ ბრიოლშმა კი შეიმუშავა სპეციალური მეთოდი: ის პაციენტს უახლოესი ნათესავის მარცხენა (მცირე) წილს უნერგავდა. განსაკუთრებით აქტუალური და მისაღები აღმოჩნდა ტრანსპლანტაციის ეს მეთოდი აღმოსავლეთის ქვეყნებსა და იაპონიაში, სადაც რელიგია კრძალავს გარდაცვლილის სხეულის ნაწილების გამოყენებას.
- რა უპირატესობა აქვს ნათესავურ დონორობას?
- ნათესავურ დონორობას მრავალი უპირატესობა აქვს. მთავარი ის არის, რომ დონორი ორგანო ხელმისაწვდომია და ქირურგს საშუალება ეძლევა, კარგად მოემზადოს ოპერაციისთვის. გარდა ამისა, დონორი-ნათესავის ღვიძლი პრაქტიკულად ყოველთვის კარგი ხარისხისაა.
- ვის აქვს უფლება, გახდეს ღვიძლის დონორი?
- საკუთარი ღვიძლის წილის გაღების უფლება აქვს მხოლოდ 18 წელს მიღწეულ პაციენტის სისხლით ნათესავს - დედას, მამას, ძმას, დას, დეიდასა და ბიძას. ცოლი ვერ შეძლებს გახდეს ქმრის დონორი, ისევე როგორც ქმარი - ცოლისა, რადგან ისინი სისხლით ნათესავები არ არიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა: სასურველია, დონორსა და რეციპიენტს ერთი და იმავე ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავსებადი ჯგუფის სისხლი ჰქონდეთ. 15 კგ-მდე წონის ბავშვს ნათესავური გადანერგვისთვის ღვიძლის წილის ნახევარი სჭირდება, მოზრდილ ადამიანს კი მთელი წილი.
- როდის ტარდება ტრანსპლანტაცია და როდის იკრძალება მისი ჩატარება?
- სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტრანსპლანტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს ღვიძლის ყველა იმ დაავადების დროს, რომელიც ციროზის ჩამოყალიბებით სრულდება. გარდა ამისა, ოპერაცია საჭიროა ღვიძლის თანდაყოლილი დეფექტის დროს, ისეთი დაზიანების დროს, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევებითა და ალერგიული რეაქციებით გამოვლინდება, ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის დროს. ასეთ შემთხვევაში ღვიძლის გადანერგვა ერთადერთი გზაა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად. მაგრამ ღვიძლის გადანერგვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, არსებობს უკუჩვენებებიც, სახელდობრ, ქრონიკული ინფექციური დაავადებები: ვირუსული ჰეპატიტი აქტიურ ფაზაში, ტუბერკულოზი, სიფილისი, შიდსი. თუ ამ დაავადებათა გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ჯერ კიდევ არსებობს, ცირკულირებს, ტრანსპლანტაციას აზრი არ აქვს - ინფექციას შეუძლია დააზიანოს გადანერგილი ღვიძლიც. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ იმუნიტეტს ხელოვნურად აქვეითებენ, რათა გადანერგილიFღვიძლი კარგად შეეთვისოს მასპინძელ ორგანიზმს, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმში არსებული მიკროორგანიზმები კი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან გადანერგილ ღვიძლს. იგივე ხდება ავთვისებიანი ღვიძლის მეტასტაზირებული ფორმის დროსაც. ამ შემთხვევაშიც დიდია რისკი, ტრანსპლანტაციის შემდგომ ღვიძლი კვლავ დაზიანდეს.
- როგორ ამზადებენ ოპერაციისთვის პაციენტს?
- ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს.
პირველ ეტაპზე ექიმი სვამს დიაგნოზს, ნიშნავს ოპერაციის ვადას, იწყება დონორის შერჩევა სისხლით ნათესავებისგან. ამის შემდეგ საჭიროა ორივეს - პაციენტისა და დონორის - სრულყოფილი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში - მაკორეგირებელი მკურნალობა (ოპერაციისთვის მომზადება).
მეორე ეტაპი თვით ტრანსპლანტაციაა. ეს არის ურთულესი ოპერაცია, რომელსაც გამოცდილი და პროფესიონალი ქირურგი ატარებს სპეციალური აპარატურით. ოპერაციას ჯერ დონორს უკეთებენ, ფრთხილად ამოაქვთ მისი ორგანიზმიდან ღვიძლის წილი და პაციენტის ორგანიზმში გადანერგავენ. რამდენიმე ქირურგი ერთდროულად მუშაობს. პარალელურად ხდება დაზიანებული ღვიძლის ამოკვეთა.
ცოცხალი დონორის შემთხვევაში ტრანსპლანტაციის ოპერაცია არანაკლებ 15 საათს გრძელდება.
მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი აღდგენის ეტაპია. იგი გულისხმობს პროფილაქტიკასა და ინფექციების მკურნალობას, იმუნიტეტის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენებას, გადანერგილი ღვიძლის მუდმივ კონტროლს, მონიტორინგს. ოპერაციის შემდეგ როგორც დონორის, ასევე პაციენტის ორგანიზმის სრულ აღდგენას სამი კვირა სჭირდება. ხდება სრული რეაბილიტაცია. ადამიანს შეუძლია იცხოვროს სრულყოფილი ცხოვრებით, დაუბრუნდეს სამუშაოს, მისდიოს სპორტს, გააჩინოს შვილები. უკანასკნელი მომენტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დონორები უმეტესად ახალგაზრდა ქალები - პაციენტთა დედები არიან.
სტატისტიკურად, ქალები მამაკაცებზე ორჯერ უფრო ხშირად თანხმდებიან ასეთ ოპერაციაზე. საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია არ ტარდება. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოიძებნოს საზღვარგარეთ არსებული სპეციალიზებული ცენტრი, სადაც მოხდება პაციენტისა და დონორის მომზადება ამ ურთულესი ოპერაციისთვის და ჩატარდება თვით ტრანსპლანტაცია, ეს ყოველივე კი, სამწუხაროდ, სოლიდურ თანხებს მოითხოვს..