ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობა

აქტიური მკურნალობის გარეშეც უმკლავდება და დაავადება სპონტანური გამოჯანმრთელებით მთავრდება. მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი გამოკვლევა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

მძიმე შემთხვევებში საჭიროა სითხეების ინტრავენური წვეთოვანი გადასხმა, რათა შემცირდეს ღვიძლზე ვურუსის ტოქსიკური ზემოქმედება.

D ჰეპატიტი - ამ ჰეპატიტით ადამიანი იზოლირებულად იშვიათად ავადდება. იგი უმეტესად B ჰეპატიტს ახლავს თან და მის მიმდინარეობას ამძიმებს. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მკურნალობის კურსის გახანგრძლივება და მედიკამენტების დოზის გაზრდა. მაშინაც კი, როცა ვირუსი ორგანიზმიდან მთლიანად არ გამოიდევნება, აღინიშნება შესამჩნევი უკეთესობა ღვიძლის უჯრედების მხრივ, რაც ღვიძლის ციროზის განვითარებას აფერხებს.

E ჰეპატიტი - მას, როგორც წესი, არ მკურნალობენ. 1-1,5 თვის შემდეგ ის თავისთავად გაივლის. ორგანიზმი თვითონვე უწევს ვირუსს წინააღმდეგობას. იშვიათად ინიშნება სიმპტომური საშუალებები თავის ტკივილის, გულისრევის ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.

B ჰეპატიტი - მისი მწვავე ფორმის სრული განკურნება შესაძლებელია. მოზრდილთა უმრავლესობა ამ დაავადებას მკურნალობის გარეშეც მოერევა. B ჰეპატიტი ოფიციალურად მიეკუთვნება თვითგანკურნებად დაავადებათა რიცხვს - ასიდან 85-90 შემთხვევაში ავადმყოფი თავისთავად იკურნება, ამიტომ მწვავე B ჰეპატიტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების შემთხვევაში სპეციფიკური ანტივირუსული (ვირუსის საწინააღმდეგო) მკურნალობა ნაჩვენები არ არის.

2009 წელს მიღებული გაიდლაინის თანახმად, მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა დაინიშნოს ანტივირუსული პრეპარატი ლამივუდინი. ძირითადად კი მწვავე B ჰეპატიტს სიმპტომურად მკურნალობენ. სასურველია, ავადმყოფი მოთავსდეს სტაციონარში, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ არის მიჩნეული აუცილებელ ღონისძიებად. მნიშვნელოვანია, დაავადების მწვავე სტადიაზე ადეკვატურად შეფასდეს ავადმყოფის მდგომარეობა. სწორედ ობიექტური მონაცემების საფუძველზე ადგენს ექიმი, აუცილებელია თუ არა ავადმყოფის სტაციონარში მოთავსება.

მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფი უფრო ინტენსიური დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, ფულმინანტური მიმდინარეობისას ის რეანიმაციულ განყოფილებაში თავსდება, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში კი შეიძლება ამბულატორიული მკურნალობა ექიმის ზედამხედველობით. ავადმყოფს პერიოდულად უტარდება ექიმის კონსულტაცია.

უნდა ითქვას, რომ მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, სად ტარდება მკურნალობა, საავადმყოფოში თუ ბინაზე, მთავარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნაა. უმთავრესად ტარდება დეზინტოქსიკაციური მკურნალობა საინფუზიო ხსნარებით. შესაძლოა, ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაინიშნოს ვიტამინოთერაპიაც.

ამბულატორიულ პირობებში მკურნალობისას ინიშნება წოლითი რეჟიმი და დიდი ოდენობით სითხის მიღება. შემთხვევათა 10-15%-ში შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული B ჰეპატიტი.

ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები და ე. წ. ნუკლეოზიდის ანალოგები. B ჰეპატიტის სამკურნალოდ შერჩევის პრეპარატია ინტერფერონი (ჩვეულებრივი ან პეგილირებული). პეგილირებული ინტერფერონი უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი (კონვენციური). მისი ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით ერთი კვირაა. აქედან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ამ პრეპარატის ინექცია ორგანიზმში ვირუსის მყარ დათრგუნვას უზრუნველყოფს.პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობა ერთ წელიწადს უნდა გაგრძელდეს.

B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ნუკლეოზიდის ანალოგებიც. ოფიციალურად რეგისტრირებულია ნუკლეოზიდის რამდენიმე ანალოგი.

რომელი პრეპარატით ჩატარდეს მკურნალობა, ამას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სპეციალისტი წყვეტს. ცნობილია, რომ არანამკურნალევ შემთხვევებში ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა საშუალოდ 40%-ს ვირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ უვითარდება ღვიძლის ციროზი და/ან ჰეპატოცელულარული კარცინომა, რის შემდეგაც დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ღვიძლის უკმარისობით სრულდება.


C ჰეპატიტი - ყველაზე მძიმეა ვირუსულ ჰეპატიტებს შორის. დაავადების გაქრონიკულება აღენიშნება, სულ მცირე, ყოველ მეშვიდე ავადმყოფს. ამ ავადმყოფებში მაღალია ღვიძლის ციროზისა და კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომის) განვითარების რისკი. სადღეისოდ C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები. უფრო ზუსტად, ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაცია, თუმცა წამყვან როლს ინტერფერონი ასრულებს.

ინტერფერონი ორნაირია: სტანდარტული (არამოდიფიცირებული) და პეგილირებული (მოდიფიცირებული). ბოლო ხანს C ჰეპატიტის სამკურნალოდ იყენებენ უმთავრესად პეგილირებულ ინტერფერონებს, რომლებიც ეფექტურად თრგუნავს C ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციას (გამრავლებას) და ხშირად ორგანიზმიდან მის სრულ ელიმინაციასაც (განდევნა) კი ახერხებს, რაც, თავის მხრივ, გამოჯანმრთელებას ნიშნავს.

C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში ეფექტიანობა დაახლოებით 90-99%-ია, ქრონიკულის შემთხვევაში კი მაჩვენებელი ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული. კერძოდ, I გენოტიპის შემთხვევაში განკურნებით სრულდება ასიდან 40-45 შემთხვევა, ხოლო II და III გენოტიპის შემთხვევაში - 80-85. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის - დაავადების გართულებათა არსებობა-არარსებობას, პაციენტის ასაკს, სქესს, წონას, ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის კონცენტრაციას და სხვა.

C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებისას უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები - სქესი, ასაკი, ასევე - ვირუსის გენოტიპი, კონცენტრაცია, ღვიძლის ფიბროზის ხარისხი და სხვა. თუ ავადმყოფს აქვს მკურნალობის ეფექტიანობის დადებითი პროგნოზული მარკერები ანუ მოსალოდნელია, მისი მკურნალობა წარმატებული იყოს, უმეტესად მკურნალობის დაწყებას ურჩევენ. თუ პროგნოზული მარკერები უარყოფითია (მაგალითად, ვირუსის გენოტიპი ძნელად სამკურნალოა), უმჯობესია, მკურნალობის დაწყებისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ თუ ღვიძლის პროგრესირებადი ფიბროზი უკვე აშკარაა, მკურნალობა უნდა დავიწყოთ.

C ჰეპატიტის მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას უმთავრესად დაავადების სტადიისა და სიმძიმის საფუძველზე იღებენ. სადღეისოდ მედიკოსები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:

  • თუ C ჰეპატიტი გამოწვეულია HCV II ან III გენოტიპით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განკურნების შანსი ძალიან მაღალია. ამ დროს ექიმი პაციენტს ურჩევს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მკურნალობა. განკურნების შემთხვევაში ავადმყოფი სამუდამოდ თავისუფლდება C ჰეპატიტის ვირუსისგან.
  • თუ ავადმყოფს აქვს HCV I გენოტიპით გამოწვეული C ჰეპატიტი და ამავე დროს დაავადება მსუბუქი ფორმისაა, ექიმი უმეტესად მკურნალობის გადადებას და ავადმყოფობის დინამიკაზე დაკვირვებას ურჩევს.
  • შორს წასული C ჰეპატიტის შემთხვევაში ექიმი ავადმყოფს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას ურჩევს.

ინტერფერონის პრეპარატების ზემოქმედება ავადმყოფის ორგანიზმზე

დადგენილია, რომ ინტერფერონი ორგანიზმს უცხო აგენტებთან, კერძოდ, ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. ის ააქტიურებს იმუნურ სისტემას, თუმცა ამას შეიძლება მოჰყვეს რამდენიმე სპეციფიკური სიმპტომის აღმოცენება. C ჰეპატიტის შემთხვევაში მეორე ანტივირუსული პრეპარატის - რიბავირინის დამატება საგრძნობლად ზრდის ორგანიზმის პასუხს ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობაზე.

რამდენად ეფექტურია C ჰეპატიტის მკურნალობა

ცნობილია, რომ C ჰეპატიტის სხვადასხვა ტიპი სხვადასხვანაირად ექვემდებარება მკურნალობას. თავად მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია და, როგორც აღვნიშნეთ, ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული. დადგენილია, რომ პეგილირებული ინტერფერონ ალფა 2-ით მკურნალობისას ვირუსის I გენოტიპის შემთხვევაში მკურნალობაზე მოპასუხეთაგან გამოჯანმრთელდება:

  • მკურნალობის მეოთხე კვირას - ათიდან ცხრა პაციენტი;
  • მკურნალობის მეთორმეტე კვირას - ათიდან რვა პაციენტი;
  • მკურნალობის ორმოცდამერვე კვირას - ათიდან ხუთი პაციენტი.
  • ათიდან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდება მკურნალობის კურსის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

წარმატებულ მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხი საკმაოდ მყარია. თუ მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტებს სისხლში ვირუსი არ აღმოაჩნდათ, მათ 99%-ს ის აღარც მომდევნო 5 წლის განმავლობაში აღმოაჩნდება. ეფექტური მკურნალობის ალბათობა უფრო მაღალია ვირუსის II/III გენოტიპის შემთხვევაში. დადგენილია, რომ ამ ფორმის 24-კვირიანი მკურნალობის დასასრულს ათიდან ცხრა პაციენტს სისხლში ვირუსს ვეღარ აღმოუჩენენ. ამ პაციენტთა 86%-ს ვირუსი არც მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ უვლინდება. 48-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ათიდან რვა პაციენტს, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობა, ვირუსს ვერც 6 თვის შემდეგ აღმოუჩენენ.


პეგილირებული ინტერფერონ ალფა 2-ით მკურნალობის გვერდითი ეფექტები

ანტივირუსული პრეპარატებით ჰეპატიტის მკურნალობის შესაძლებლობა დღითი დღე მეტი და მეტი პაციენტისთვის ხდება ცნობილი. ამასთანავე, პაციენტები უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ იმ გვერდითი ეფექტების შესახებაც, რომელთა აღმოცენებასაც უნდა ველოდეთ აღნიშნული პროცესის დროს.

ანტივირუსული მკურნალობის დროს ორგანიზმი იწყებს ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლას. ამ დროს მართლაც მოსალოდნელია თანმხლები ეფექტების აღმოცენება. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნებებით, ასევე საკმაოდ მძიმე პათოლოგიური გადახრებითაც. თუმცა უნდა ითქვას, რომ ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობისას თავჩენილი ყველა თანმხლები ეფექტი მართვადია. ამის გათვალისწინებით აუცილებელია, ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა წარმართოს გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ხანგრძლივ (6 თვე ან ერთი წელი) პროცესს.

მკურნალი ექიმი ავადმყოფს დროულად აძლევს მითითებებს აუცილებელი საკონტროლო გამოკვლევებისა და მათი ჩატარების ვადების შესახებ, რათა დროულად მოხდეს გართულებათა კორექცია და შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს.

ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა, თუ ის გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით ტარდება, უსაფრთხოა. კურსის დასრულების შემდეგ ყველა გვერდითი ეფექტი უკვალოდ ქრება. ცხოვრების წესის მცირე მოდიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, მკურნალობა წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე და კურსის ნაადრევი შეწყვეტის აუცილებლობა არ წარმოიშვას. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • ბალანსირებული, აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი რაციონი;
  • ექიმის შეხედულებისამებრ - მაღალკალორიული, ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი დიეტა;
  • ზომიერი ფიზიკური ვარჯიში. ის პაციენტს ხალისსა და ენერგიას მატებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, იწვევს ძალების მოზღვავებას;
  • აუცილებელია წყლის უხვი მიღება, დღე-ღამეში 3 ლიტრამდეც კი. ეს ასუსტებს ინტერფერონით მკურნალობის გვერდით ეფექტებს, ამცირებს სისუსტის, უმადობის, გულისრევის, ღებინების, ფაღარათის, კანის გამოშრობის რისკს;
  • არ არის რეკომენდებული კოფეინიანი სასმელები და ალკოჰოლი. თამხლები ეფექტების ხანგრძლივობა და გამოხატულება მკურნალობის ვადების მიხედვით იცვლება. ქვემოთ ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს და მათ საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაგაცნობთ.
  • გრიპისმაგვარი სიმპტომები - მათი აღმოცენებისას რეკომენდებულია მეტი სითხის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში - ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა. დისკომფორტის შესამცირებლად პრეპარატის ინექცია კეთდება ძილის წინ, უქმეების დღეების წინ.
  • სისუსტე - მიზანშეწონილია მეტი სითხის მიღება, დასვენებისა და დატვირთვის სათანადო ბალანსირება.
  • დეპრესიის/შფოთვის სიმპტომები - შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქიატრის კონსულტაცია, ანტიდეპრესანტების მიღება.
  • უძილობა - მას უნდა ვებრძოლოთ რელაქსაციით, დღის განმავლობაში მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით, კოფეინიან სასმელებზე (კოლა, მუქი ჩაი, ყავა) უარის თქმით, ზოგჯერ - საძილეების გამოყენებით.
  • ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედება - შესაძლოა, საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება.
  • ტოქსიკური ზემოქმედება სისხლზე: ანემია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება - შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
  • ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) - შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატებით.
  • გულისრევა/ღებინება/ფაღარათი - ამ გვერდითი ეფექტების წინააღმდეგ რეკომენდებულია საკვების ხშირი მიღება მცირე პორციებით, მეტი სითხის მიღება, მჟავე, ცხარე, ტკბილ ან ცხიმიან საკვებზე უარის თქმა.
  • გამელოტება - მისი ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია თმის მოკლედ შეჭრა, რბილი შამპუნის, თავსაბურავის ხმარება. მკურნალობის დასრულებამდე ნუ გამოიყენებთ თმის საშრობს (ფენს) და ბიგუდებს.
  • რეაქცია ინექციის ადგილას - მის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ინექციის ადგილი ვცვალოთ. გაკეთებისას პრეპარატი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.

C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობისას შესაძლოა დეპრესიის სიმპტომებმა იჩინოს თავი, მაშინაც კი, თუ პაციენტს არასოდეს ჰქონია მსგავსი სიმპტომები ან ფსიქიკური დაავადება. შესაძლოა, განწყობის ცვლილება ახლობლებმა უფრო ადრე შეამჩნიონ. დეპრესიის სიმპტომებია:


როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

  • სისუსტე, რომელსაც არ შველის დასვენება;
  • სევდა, რომელიც დიდხანს არ გაივლის;
  • გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილება;
  • ინტერესის დაკარგვა იმ საქმიანობის მიმართ, რასაც ადამიანი ადრე გატაცებით ასრულებდა;
  • ყურადღების კონცენტრირების გაძნელება.

დეპრესია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. მისი მართვისას შესაძლოა საჭირო გახდეს ჰეპატიტის მკურნალობის გადავადება ან შეწყვეტა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ ოდესმე მკურნალობდით დეპრესიის გამო, თუ გაქვთ გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა ან თუ გქონიათ აზრი თვითმკვლელობის შესახებ.

რიბავირინი

რიბავირინი ტაბლეტირებული პრეპარატია. ის აქტიურია სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ. დამოუკიდებლად მას C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო უმნიშვნელო ეფექტი აქვს, მაგრამ ინტერფერონთან კომბინაციაში 2-3-ჯერ ზრდის პასუხს ანტივირუსულ მკურნალობაზე.

გვერდითი ეფექტები რიბავირინსაც აქვს. მათ შორის აღსანიშნავია ანემია, სისუსტე და გაღიზიანებადობა, ქავილი, კანის გამონაყარი, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი, ხველა.

ორსულობა მკურნალობის დროს

პეგილირებული ინტერფერონი ალფა 2-ითა და რიბავირინით კომბინირებული თერაპიისას მოსალოდნელია ნაყოფის მძიმე დეფექტების განვითარება, ამიტომ დაორსულება უკუნაჩვენებია მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან კიდევ ოთხი თვე. თავი უნდა ვარიდოთ დაორსულებას იმ შემთხვევაშიც, თუ ქალი ჯანმრთელია, მაგრამ მისი პარტნიორი მკურნალობს ან მკურნალობდა და კურსის დასრულებიდან ჯერ არ გასულა 7 თვე.

გაითვალისწინეთ:

  • მოყვანილი მონაცემები ინფორმაციული ხასიათისაა.
  • აღწერილი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია ექიმთან მისვლა.
  • გვერდითი ეფექტების აღმოცენებისას თვითმკურნალობა ან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა დაუშვებელია.