როგორია ვირუსული ჰეპატიტის სიმპტომები, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებები
– ქალბატონო თამარ, რა არის ვირუსული ჰეპატიტი და რომელი ვირუსები იწვევს მას?
– ვირუსული ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომელსაც იწვევს სხვადასხვა ვირუსი. ყველაზე ხშირი და გავრცელებული ვირუსი შეიძლება იყოს A, B, E, C და D ვირუსები, თუმცა ჩვენს რეალობაში უფრო ხშირად გვხვდება B, C ვირუსებით გამოწვეული ჰეპატიტები. აქვე აღვნიშნავ, რომ, გარდა ამ ვირუსებისა, გვხვდება ჰეპატიტის გამომწვევი სხვა ვირუსებიც: ადენოვირუსი, ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი.
– როგორ ხდება ვირუსული ჰეპატიტით დასნებოვნება?
– ვირუსული ჰეპატიტები დასნებოვნების მექანიზმის მიხედვით 2 ჯგუფად იყოფა, ეს არის ჰეპატიტები (A, E), რომელთა ინფიცირების მექანიზმია ფეკალურ-ორალური, რაც ნიშნავს ინფიცირებულის ფეკალური მასებით დაბინძურებული პროდუქტის ან ნივთების (სათამაშოები, დაუბანელი ხელი და სხვ.) პირის ღრუში მოხვედრას. საბედნიეროდ, A ჰეპატიტი უკვე თითქმის აღარ გვხვდება, ხოლო E ჰეპატიტისთვის არასდროს ვყოფოლვართ ენდემური კერა, მხოლოდ ერთეული შემოტანილი შემთხვევებია დაფიქსირებული. რაც შეეხება, ჰეპატიტების (B, C და D) მეორე დიდ ჯგუფს, მათი გადაცემის მექანიზმი განსხვავებულია და ძირითადად ბიოლოგიური სითხეებით (სისხლი, ნერწყვი, სპერმა, ვაგინალური სეკრეტი, მშობიარობის დროს ნაყოფის სამშობიარო გზებში გავლის დროს) კანის ან ლორწოვანის კონტამინაციისას ხდება. საკმარისია კანის ან ლორწოვანის უხილავ დაზიანებაზე ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხის მოხვედრა, რაც შეიძლება დასნებოვნების მიზეზი გახდეს. აღნიშნული მექანიზმი შეიძლება განხორციელდეს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური გზით. ბუნებრივ გზას მიეკუთვნება სქესობრივი კონტაქტი, ინფიცებული დედიდან ახალშობილზე ვერტიკალური გზა, ხელოვნურ გზაში მოიაზრება ყველა ინვაზიური სამედიცინო თუ არასამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც შესაძლოა მიკროტრავმების არსებობის ან განვითარების დროს მოხდეს ინფიცირებული ინსტრუმენტით კონტამინაცია (მანიკიური, პედიკიური, პირსინგი, ტატუ, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება და სხვ.).
– როგორია დაიგნოსტიკის მეთოდები?
– სადღეისოდ საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის ყველა მეთოდია ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, ყოველგვარი სიმპტომის გარეშეც, პერიოდულად ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა ამ დაავადებებზე. მით უმეტეს, რომ C ჰეპატიტზე კვლევა ჩვენს ქვეყანაში უფასოა. როგორც მოგეხსენებათ, ორსულთა მონიტორინგის პროგრამაშიც შედის კვლევა ამ ვირუსებზე და, არცთუ იშვიათად, ამ დროს დადგენილია პრაქტიკულად ჯანმრთელი ორსულის ინფიცირება B ან C ვირუსით, რაც მეტად საყურადღებოა როგორც ორსულის, ისე ახალშობილის შემდგომი სწორი მართვისთვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების სავალდებულო კვლევაც აღნიშნულ ვირუსებზე და მათი გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებისთვის ადეკვატური მიმართულების მიცემა.
– რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება ვირუსული ჰეპატიტი?
– ჰეპატიტების მწვავე და ქრონიკული ფორმა არსებობს. მწვავე ფორმა კლინიკურად გამოვლენილი ფორმაა და ხასიათდება დისპეფსიური (გულძმარვა, გულისრევა, უმადობა, მუცლის ტკივილი) ნიშნების შემდეგ სიყვითლის გამოხატვით. დაავადების ეს ფორმა ყოველთვის იქცევს პაციენტის ყურადღებას და ის მიმართავს ექიმს. მწვავე ფორმა უხშირესად გამოჯანმრთელებით მთავრდება. იშვიათია ქრონიზაცია და კიდევ უფრო იშვიათია მძიმე ფულმინანტური (ღვიძლის მწვავე უკმარისობით მიმდინარე) ფორმები. რაც შეეხება ქრონიკულ ჰეპატიტს, პრობლემა სწორედ ჰეპატიტის ეს ფორმაა, რადგან ხშირად ინფიცირებულს, ანუ დაავადებულს, არანაირი კლინიკური ნიშანი არ აქვს, მაგრამ მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება პროგრესირებდეს. არც ისე იშვიათია, როდესაც დაავადების პირველი ნიშნები უკვე ისეთი გართულებებით მჟღავნდება, როგორებიცაა ღვიძლის ციროზი, საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა ან ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება) ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.
– როგორია მკურნალობის საშუალებები?
– მკურნალობისას უნდა გავმიჯნოთ B და C ჰეპატიტი. თუმცა მწვავე ფორმა ორივე შემთხვევაში არ მოითხოვს რაიმე სპეციფიკურ ჩარევას. რაც შეეხება ქრონიკულ ფორმებს, განსხვავება ისაა, რომ C ჰეპატიტის დროს დიაგნოზის დასმისთანავე პაციენტი საჭიროებს ანტივირუსული თერაპიის დაუყოვნებლივ დაწყებას, რაც ღვიძლის (შემდგომი) დაზიანების პროგრესის, ღვიძლის ციროზისა და ჰეპატოცელულარული კარცინომის პრევენციაა. მით უმეტეს, რომ განკურნების პროცენტი თანამედროვე ანტივირუსული საშუალებებით დაახლოებით 98 და მეტია.
რაც შეეხება B ჰეპატიტს, ამ შემთხვევაში ანტივირუსული თარაპიის დაწყებას თავისი კრიტერიუმები აქვს. დღეს არსებული ანტივირუსული საშუალებებით ვირუსის სრული აღმოფხვრა ორგანიზმიდან ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვირუსის რეპლიკაციის მინიმუმამდე დაყვანა, რითაც მცირდება ღვიძლის დაზიანება, ამიტომ მკურნალობა უნდა დაიწყოს პროცესის პროგრესირების რისკის შეფასების შემდეგ, მოსალოდნელი ციროზისა და მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ასეთი პაციენტების მონიტორინგი, რომ შეფასდეს ტრანსამინაზების (ღვიძლის ფერმენტების) აქტივობა, ვირუსული დატვირთვა, ღვიძლის ფიბროზის დინამიკა, ექოსკოპიურად ღვიძლში კეროვანი წარმონაქმნების დროულად დაფიქსირება, პორტული სისტემის მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები.
– რამდენად შესაძლებელია ვირუსული ჰეპატიტის პრევენცია და როგორ?
– ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგიის გათვალისწინებით საჭიროა აღიკვეთოს ის გზები, რომლითაც გადადის ეს ინფექციები, კერძოდ, დაუცველი სექსი, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება, არასტერილური ინსტრუმენტებით სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაცია (მაგ. მანიკიური, პედიკიური და სხვ.).
– როგორია საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის შედეგები?
– C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების დღიდან ინფექციაზე პირველადი სკრინინგით მოსახლეობის დაახლოებით 2/3 გამოიკვლიეს. C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა, ჯამურად, ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობის ნახევარზე მეტმა – 76 000-ზე მეტმა ადამიანმა – ჩაიტარა. პროგრამის ფარგლებში განკურნების მაჩვენებელი 98,9%-ია. ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ამ ციფრების უკან რეალურად გადარჩენილი ადამიანები დგანან, რომელთაც აღარ განუვითარდებათ ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო მთელი თავისი გართულებებითა და დრამატული შედეგით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პაციენტების ასაკი ძირითადად 40-დან 60 წლამდეა. ეს ცხოვრების ის პერიოდია, როცა ადამიანი სოციალურად ყველაზე აქტიური უნდა იყოს.
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია არა მარტო C ჰეპატიტზე გამარჯვების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ის ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის, რაც ნიშნავს, რომ მკურნალობის წინა კვლევები, მკურნალობა და მკურნალობის პერიოდში ჩატარებული გამოკვლევები პაციენტებისთვის უფასოა.
– გარკვეულ წრეებში გავრცელებულია ერთგვარი უნდობლობა იმ სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებითაც საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობა. რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობისთვის მოწოდებული სამკურნალო საშუალებები?
– დიახ, არსებობს მსგავსი მოსაზრებებიც, თუმცა რეალური სტატისტიკა ასეთი გვაქვს: განკურნების მაჩვენებელი 98,9%-ია, რაც სწორედ პრეპარატის ეფექტურობაზე მიუთითებს. ამჟამად გამოყენებულ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს, განსხვავებით წინა თაობის პრეპარატებისგან, არანაირი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, მით უმეტეს, როცა პაციენტი მომზადებულია მკურნალობის დასაწყებად, გათვალისწინებულია ყველა ფონური დაავადება და მედიკამენტები, რომლებსაც იღებს პაციენტი. რაც შეეხება მოსაზრებას პრეპარატით ღვიძლის კიბოს გამოწვევის შესახებ, მოგახსენებთ, რომ სწორედ C ვირუსი არის ღვიძლის კიბოს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი. არცთუ იშვიათად ღვიძლის ციროზით პაციენტებს უკვე მკურნალობის წინ ჩატარებულ კვლევებში უვლინდებათ ჰეპატოცელულარული კარცინომა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაავადების რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე ანტივირუსული მკურნალობის დაწყება.
– რა როლი ენიჭება იმუნიზაციას ვირუსული ჰეპატიტის პრევენციის საკითხში?
– დღეისათვის არსებობს და საკმაოდ ეფექტურია, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც იმუნიზაცია უტარდება ყველა ახალშობილს და უგრძელდება სქემის მიხედვით. ჰეპატიტის იმუნიზაცია თავისთავად დაცვაა დელტა ჰეპატიტისგანაც, ვინაიდან დელტა ვირუსი B ვირუსის გარეშე ვერ მრავლდება ადამიანის ორგანიზმში. რაც შეეხება ჩ ჰეპატიტს, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.