აუტოიმუნური ჰეპატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აუტოიმუნური ჰეპატიტი

გარდა ვირუსებისა, ღვიძლის ანთებითი დაავადებები სხვა მიზეზებითაც შეიძლება აღმოცენდეს. ეს მიზეზებია დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ტოქსინები (მომწამლავი ნივთიერებები), ზოგიერთი მედიკამენტი, გარკვეული დაავადება. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ჰეპატიტის ის სახეები, რომლებიც ვირუსებით არ არის გამოწვეული. საუბარს აუტოიმუნური ჰეპატიტით დავიწყებთ.

რა არის აუტოიმუნური ჰეპატიტი

აუტოიმუნური ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა იწყებს „ბრძოლას“ საკუთარი ორგანიზმის ღვიძლის უჯრედების წინააღმდეგ. იმუნური სისტემის ასეთი რეაქციის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ დაავადების აღმოცენების საფუძველია დროთა განმავლობაში გენეტიკური (მემკვიდრული) და საყოფაცხოვრებო ფაქტორების ურთიერთქმედება, რაც ბიძგს აძლევს იმუნური სისტემის აღწერილ ანომალიურ რეაქციას.

როგორ გამოვლინდება აუტოიმუნური ჰეპატიტი

აუტოიმუნური ჰეპატიტის გამოვლინება სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში განსხვავებულია. ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება უეცრად აღმოცენდეს. პაციენტთა ნაწილს დაავადების ადრეულ სტადიაზე აქვს მცირე გამოვლინება ან სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთოდ არ იპყრობს ყურადღებას. ზოგჯერ შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს:

  • სისუსტე;
  • დისკომფორტი, არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში;
  • სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე – კანისა და ლორწოვანების მოყვითალო შეფერვა;
  • ღვიძლის გადიდება;
  • კანზე კაპილარული ქსელის გაგანიერება – ეგრეთ წოდებული „სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები“;
  • კანის გამონაყარი;
  • სახსრების ტკივილი;
  • ქალებს შორის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან ციკლის შეწყვეტა.

როგორ აღმოცენდება აუტოიმუნური ჰეპატიტი

აუტოიმუნური ჰეპატიტი აღმოცენდება, როცა ადამიანის იმუნური სისტემა, რომლის მიზანიცაა ბრძოლა ვირუსებთან, ბაქტერიებთან და ორგანიზმში მოხვედრილ სხვა გენეტიკურად უცხო ნაწილაკებთან, თავის სამიზნედ შეცდომით ირჩევს საკუთარ ღვიძლს, მის უჯრედებს. იმუნური სისტემის ასეთი „შეტევა“ იწვევს ქრონიკულ ანთებასა და ღვიძლის უჯრედების სერიოზულ დაზიანებას. ზუსტი მიზეზი, რატომ იწყებს იმუნური სისტემა „ბრძოლას“ საკუთარ ღვიძლთან, უცნობია. სადღეისოდ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ფუნქციის მაკონტროლებელი გენების ურთიერთქმედება და ორგანიზმზე გარკვეული ვირუსებისა და მედიკამენტების ზემოქმედება.

აუტოიმუნური ჰეპატიტის ტიპები

განასხვავებენ აუტოიმუნური ჰეპატიტის ორ ძირითად ფორმას:

  • ტიპი 1 აუტოიმუნური ჰეპატიტი – ეს არის დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა, შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. პაციენტთა დაახლოებით ნახევარს ამავე დროს აქვს სხვა აუტოიმუნური დაავადებაც – ცელიაკია, რევმატული ართრიტი ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
  • ტიპი 2 აუტოიმუნური ჰეპატიტი – მართალია, აუტოიმუნური ჰეპატიტის ეს ტიპი მოზრდილ პაციენტთა შორისაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ დაავადება მაინც ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორისაა უფრო ხშირი. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია სხვა აუტოიმუნური დაავადებების თანაარსებობა.

აუტოიმუნური ჰეპატიტის რისკფაქტორები

მართალია, აუტოიმუნური ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია ის ფაქტორები, რომლებიც ზრდიან დაავადების რისკს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • მდედრობითი სქესი – დაავადება ორივე სქესის პირთა შორის გვხვდება, მაგრამ ცნობილია, რომ ის უფრო ხშირია ქალთა შორის;
  • გარკვეული ინფექციების ისტორია – აუტოიმუნური ჰეპატიტი შეიძლება აღმოცენდეს წითელას, ჰერპესის ან ებშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირების შემდეგ. დაავადება ზოგჯერ ასევე დაკავშირებულია A, B, C ჰეპატიტთან;
  • მემკვიდრული ფაქტორი – არსებობს მტკიცებულებები, რომ აუტოიმუნური ჰეპატიტისადმი განწყობა თაობებს გადაეცემა;
  • აუტოიმუნური დაავადებები – ადამიანებს, რომელთაც აქვთ ავტიომუნური დაავადებები (ცელიაკია, რევმატული ართრიტი, ჰიპერთიროიდიზმი გრეივსის დაავადების ან ჰაშიმოტოს თიროიდიტის გამო), აუტოიმუნური ჰეპატიტის აღმოცენების მეტი ალბათობა აქვთ.

აუტოიმუნური ჰეპატიტის გართულებები

როცა აუტოიმუნურ ჰეპატიტს წლების განმავლობაში არ მკურნალობენ, დროთა განმავლობაში შესაძლებელია ღვიძლის ქსოვილი შეუქცევადად დაზიანდეს – აღმოცენდეს ციროზი. ღვიძლის ციროზის გართულებებია:

  • საყლაპავის ვენების გაგანიერება – ვარიკოზი – როცა ღვიძლის ქსოვილის დაზიანების გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა კარის ვენაში, სისხლი მიედინება სხვა, უპირველესად, საყლაპავისა და კუჭის ვენებში, რასაც მოსდევს მათი გაგანიერება და შემდგომში სისხლდენა. მასიური სისხლდენა საყლაპავიდან და კუჭიდან არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომლის დროსაც აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება;
  • ასციტი – მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვება – დიდი ოდენობით სითხის დაგროვება დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ართულებს სუნთქვას. აღნიშნული გართულება შორს წასული ციროზის სიმპტომია;
  • ღვიძლის უკმარისობა – როდესაც ღვიძლის უჯრედთა მნიშვნელოვანი ნაწილი ზიანდება, ორგანო კარგავს თავისი ფუნქციის შესრულების უნარს – ვითარდება ღვიძლის უკმარისობა. ანალოგიურ სიტუაციაში აუცილებელია ღვიძლის გადანერგვა;
  • ღვიძლის კიბო – ღვიძლის კიბოს რისკი დიდია ღვიძლის ციროზის დროს.

კვლევები აუტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზის დასადგენად

აუტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზის დადგენის მიზნით ტარდება:

  • ლაბორატორიული ტესტები – სისხლში იკვლევენ ავტოანტისხეულებს, ატარებენ კვლევებს, რაც გვეხმარება ჰეპატიტის სხვა მიზეზების გამორიცხვასა და აუტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზის დადგენაში, ასევე აუტოიმუნური ჰეპატიტის ტიპის დაზუსტებაში.
  • ღვიძლის ბიოფსია – სპეციალური ნემსით ხდება ღვიძლის ქსოვილის მცირე ნაწილის აღება მიკროსკოპული კვლევისთვის, რაც გვეხმარება დიაგნოზისა და ღვიძლის დაზიანების ხარისხის დაზუსტებაში.

აუტოიმუნური ჰეპატიტის მკურნალობა

აუტოიმუნური ჰეპატიტის ორივე ტიპის დროს მკურნალობის მიზანია ღვიძლის იმუნური დაზიანების შეფერხება-შეჩერება, რაც გვეხმარება დაავადების პროგრესირების და ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილებაში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მედიკამენტები, რომლებიც დათრგუნავენ იმუნური სისტემის ანომალიურ აქტივობას. საწყისი მკურნალობისათვის, როგორც წესი, გამოიყენება პრედნიზონი (პრედნიზოლონი). შესაძლოა საჭირო გახდეს მეორე პრეპარატის – აზათიოპრინის – დამატება.

პრედნიზონი, განსაკუთრებით – ხანგრძლივად მიღებისას, შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტების მიზეზი გახდეს. მათ შორისაა დიაბეტი, ოსტეოპოროზი ანუ ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ოსტეონეკროზი, არტერიული წნევის მომატება, კატარაქტა, გლაუკომა, წონის მატება.

როგორც წესი, ექიმები პრედნიზონს მაღალი დოზით ნიშნავენ მკურნალობის დასაწყისში, პირველი თვეების განმავლობაში. ეფექტის მიღწევის შემდეგ, დასახელებული გვერდითი ეფექტების რისკის დასაქვეითებლად, იწყება დოზის თანდათანობითი შემცირება, რაც გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ არ მიიღწევა მინიმალური ეფექტური დოზა – ყველაზე პატარა დოზა, რომლის მიღებაც საკმარისია, რათა დაავადების ნიშნები კვლავ არ გამწვავდეს. აზათიოპრინის დამატება საშუალებას გვაძლევს შევამციროთ პრედნიზონის დოზა და თავიდან ავიცილოთ გვერდითი ეფექტები.

სამწუხაროდ, დაავადების ქრონიკული ხასიათის გამო, მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, დანიშნული მედიკამენტების მიღების სრული შეწყვეტა ვერ ხერხდება.

თუ მედიკამენტები არაეფექტურია ან ვითარდება ღვიძლის ციროზი ან უკმარისობა, მკურნალობის მეთოდი არის ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

ტოქსიკური ჰეპატიტი

ტოქსიკური ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომელიც აღმოცენდება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ტოქსიკური ჰეპატიტის აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლი, ქიმიური ნივთიერებები, მედიკამენტები, საკვები დანამატები. ზოგ შემთხვევაში ტოქსიკური ჰეპატიტი გამომწვევი ნივთიერების ზემოქმედებიდან საათებისა და დღეების განმავლობაში აღმოცენდება, ზოგჯერ კი ქიმიური ნივთიერების მიღება პირველი სიმპტომების აღმოცენებამდე თვეების განმავლობაში გრძელდება.

ხშირად ტოქსიკური ჰეპატიტის სურათი შექცევადია – გამომწვევი ნივთიერების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ უკუგანვითარდება. ამავე დროს არის შემთხვევები, როცა ტოქსიკური ნივთიერება ნელ-ნელა აზიანებს ღვიძლს, იწვევს შეუქცევად ცვლილებებს, ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის უკმარისობის აღმოცენებას.

ტოქსიკური ჰეპატიტის სიმპტომები

დაავადების მსუბუქი შემთხვევები შესაძლებელია შესამჩნევი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს და ღვიძლის დაზიანებაც მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდეს. დაავადების პროგრესირებისას შეიძლება გამოვლინდეს:

  • კანისა და ლორწოვანების სიყვითლე;
  • ქავილი;
  • ტკივილი და არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილის მარჯვენა არეში;
  • სისუსტე;
  • უმადობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • კანზე გამონაყარი;
  • ცხელება;
  • წონის კლება;
  • მუქი, ლუდისმაგვარი შარდი.

რა იწვევს ტოქსიკურ ჰეპატიტს

როგორც აღვნიშნეთ, ტოქსიკური ჰეპატიტი ღვიძლზე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების შედეგია. ზოგჯერ მისი მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი ნივთიერების გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივი ოდენობით სავსებით უვნებელია. მაგალითად, როგორც ექიმის მიერ დანიშნული, ასევე გასაყიდი მედიკამენტების ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დოზით მიღება ტოქსიკური ჰეპატიტის ხშირი მიზეზია.

ღვიძლს განსაკუთრებული როლი ეკისრება ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნივთიერებების გაუვნებელყოფაში. ის სისხლის ნაკადს აცილებს, შლის, აუვნებელყოფს და ნაღველთან ერთად გამოყოფს მედიკამენტებისა და ქიმიური ნივთიერებების დიდ ნაწილს. ამ ქიმიური გარდაქმნისას ზოგჯერ შესაძლებელია სინთეზირდეს (წარმოიქმნას) ნივთიერება, რომელიც თავად არის ღვიძლის დაზიანების მიზეზი. მართალია, ღვიძლს აღდგენის (რეგენერაციის) დიდი უნარი აქვს, მაგრამ ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება სერიოზული, ზოგჯერ შეუ­ქცევადი დაზიანების მიზეზია.

ტოქსიკური ჰეპატიტის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ალკოჰოლი – წლების განმავლობაში ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ალკოჰოლური ჰეპატიტის, შემდგომში ალკოჰოლური ციროზის მიზეზია. ამ მიზეზით ღვიძლის დაზიანება იმდენად აქტუალურია, რომ ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება ცალკე განიხილება.
  • თავისუფლად (რეცეპტის გარეშე) ხელმისაწვდომი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – ღვიძლის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს ფართოდ გავრცელებული და ხშირად გამოყენებული ტკივილგამაყუჩებლები, რომელთა შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეა შესაძლებელი (აცეტამინოფენი ანუ პარაცეტამოლი; ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი). ღვიძლის დაზიანების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება ამ საშუალებების ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.
  • სარეცეპტო მედიკამენტები – ზოგჯერ ღვიძლის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი – სტატინი (მაღალი ქოლესტეროლის სამკურნალო საშუალება), ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა (ანტიბიოტიკი), ფენიტოინი, აზათიოპრინი, ნიაცინი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), ზოგი ანტივირუსული საშუალება, ანაბოლური სტეროიდები და სხვა. ამ თავისებურების გამო მედიკამენტის დანიშვნისას ექიმი ყოველთვის ცდილობს შეაფასოს ღვიძლის დაზიანების რისკი, აწონ-დაწონოს მედიკამენტის მიღების რისკი და დადებითი ეფექტი.
  • მცენარეული საშუალებები და საკვები დანამატები – მართალია, პაციენტები ხშირად თვლიან, რომ მცენარეული საშუალებები „ბუნებრივია, ამიტომ უვნებელია“, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ღვიძლზე დამზიანებელი ზემოქმედება შეიძლება გამოვლინდეს ალოეს (ალოე ვერა), ციმიციფუგას (Bლაცკ ცოჰოსჰ), ხეჭრელას (ცასცარა), ცხენისმუხლას (ეპჰედრა), ლაშქარას, კავაინის (კავაკავა) მიღებისას. სამწუხაროდ, ეს ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის.
  • წარმოებაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები – ღვიძლის ქიმიური დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, პლასტიკის წარმოებაში გამოყენებული ვინილის ქლორიდი, პოლიქლორირებული ბიფენილები, ჰერბიციდები (სარეველა ბალახის საწინააღმდეგო საშუალებები).

ტოქსიკური ჰეპატიტის რისკფაქტორები

გარკვეული ფაქტორები ზრდიან ტოქსიკური ჰეპატიტის აღმოცენების რისკს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ტკივილგამაყუჩებლებისა და ღვიძლზე ზემოქმედების უნარის მქონე ზოგიერთი მედიკამენტის მიღება. ტოქსიკური ჰეპატიტის რისკი განსაკუთრებით იზრდება, როცა პაციენტი იღებს რამდენიმე მედიკამენტს ან მედიკამენტს იღებს მაქსიმალური ან ჭარბი დოზით;
  • ღვიძლის დაავადებები – ღვიძლის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, ტოქსიკური ჰეპატიტის აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია;
  • ვირუსული ჰეპატიტები – B ან C ჰეპატიტის ფონზე ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების რისკი იზრდება;
  • ასაკი – ხანშიშესულ ასაკში ღვიძლის მიერ მავნე ნივთიერებების დაშლის პროცესი შენელებულია, რის გამოც ტოქსიკური ნივთიერებები და მათი დაშლის პროდუქტები ორგანიზმში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ყოვნდება. ეს ზრდის ტოქსიკურობის რისკს;
  • ალკოჰოლის მიღება – ალკოჰოლის ფონი მედიკამენტების ან მცენარეული საშუალებების მიღებისას ზრდის ტოქსკურობის რისკს;
  • მდედრობითი სქესი – ქალების ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების მეტაბოლიზმი უფრო ნელია, რის გამოც ღვიძლზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედება გახანგრძლივებულია. ეს კი ტოქსიკური ჰეპატიტის რისკს ზრდის;
  • გარკვეული გენური მუტაცია – ზოგიერთი გენური მუტაციისას დარღვეულია ტოქსიკური ნივთიერებების გადამუშავებაში მონაწილე ღვიძლის ფერმენტების სინთეზი და მათი აქტივობა, რაც ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების რისკს ზრდის;
  • საწარმოო მავნე ფაქტორების ზემოქმედება – მუშაობა გარემოში, სადაც ადამიანი მავნე ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებას განიცდის, ზრდის ტოქსიკური ჰეპატიტების რისკს.

როგორ დავსვათ ტოქსიკური ჰეპატიტის დიაგნოზი

უპირველეს ყოვლისა, ტარდება პაციენტის ფიზიკური გამოკვლევა. კონსულტაციისას, გარდა გასინჯვისა, მნიშვნელოვანია, პაციენტმა ექიმს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა გამოყენებული მედიკამენტის შესახებ, მცენარეული საშუალებებისა და ბიოაქტიური დანამატების ჩათვლით, დეტალურად აღწეროს ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება სამუშაო ადგილზე, მათი გამოყენება ოჯახში თუ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას.

ექიმი ნიშნავს სისხლის ლაბორატორიულ გამოკვლევას ღვიძლის მდგომარეობის შესაფასებლად. ამავე მიზნით ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევებიც – ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია), ელასტოგრაფია, ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

დიაგნოზის დადასტურებისა და ღვიძლის დაზიანების სხვა მიზეზების გამოსარიცხად, შესაძლოა, ჩატარდეს ღვიძლის ბიოფსია. ამ დროს სპეციალური ნემსით იღებენ ღვიძლის უმცირეს ნაწილს, რომელსაც იკვლევენ მიკროსკოპულად.

ტოქსიკური ჰეპატიტის გართულებები

ტოქსიკური ჰეპატიტის დროს ღვიძლის ხანგრძლივ ანთებას შეიძლება მოჰყვეს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანება და საბოლოოდ, ციროზის აღმოცენება. ციროზის შედეგად ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, ვითარდება ღვიძლის უკმარისობა. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა მხოლოდ ღვიძლის გადანერგვითაა შესაძლებელი.

ტოქსიკური ჰეპატიტების მკურნალობის გზები

უპირველესად, აუცილებელია დადგინდეს, რომელი მავნე ნივთიერება ზემოქმედებს ღვიძლზე. ზოგჯერ ეს აშკარაა, თუმცა არცთუ იშვიათად ექიმისა და პაციენტის დიდ ძალისხმევას და „დეტექტივის უნარს“ მოითხოვს. საბედნიეროდ, შემთხვევათა დიდ ნაწილში მავნე ნივთიერების ზემოქმედების შეწყვეტით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება. ზოგადად კი ტარდება:

  • სიმპტომური თერაპია – ინიშნება მედიკამენტები გულისრევის, ღებინების, ინტოქსიკაციის წინააღმდეგ;
  • აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ტოქსიკური დაზიანებისას რაც შეიძლება ადრე უნდა დაინიშნოს აცეტილცისტეინი;
  • გადაუდებელი დახმარება, როცა პაციენტს აქვს ქიმიური მოწამვლა;
  • ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში – ტრანსპლანტაცია.

როგორ ავიცილოთ თავიდან ღვიძლის ტოქსიკური და­ზიანება

სამწუხაროდ, არის მედიკამენტები, რომელთა ზემოქმედებითაც ღვიძლის დაზიანების პროგნოზირება შეუძლებელია და შესაბამისად, ტოქსიკური ჰეპატიტის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ გარკვეული ღონისძიებებით შესაძლებელია ღვიძლის დაზიანების რისკის შემცირება. ამ მიზნით აუცილებელია:

  • მედიკამენტების მიღება მხოლოდ ჩვენებით, მათი რაოდენობის შემცირება;
  • მედიკამენტების მიღება მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, მითითებული დოზით;
  • სიფრთხილე მცენარეული საშუალებებისა და დანამატების მიღებისას, მათი შემადგენლობის დაზუსტება, უსაფრთხოობის დაზუსტება;
  • უარი ალკოჰოლისა და მედიკამენტების ერთდროულად მიღებაზე;
  • ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვა, შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართვა ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში;
  • ტოქსიკური ნივთიერებების შენახვა ცალკე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე და ისე, რომ გამორიცხული იყოს სასმელებში არევა და შემთხვევით მიღება.