B და C ვირუსთა თვისებები
დაავადება ერთი ადამიანისგან მეორეს პარენტერული გზით - სისხლით, ნერწყვით, სპერმით, ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეებით გადაეცემა. დასაინფიცირებლად ვირუსის შემცველი სითხის 1 მლ-ის მემილიონედიც კი საკმარისია. გარდა ღვიძლისა, ვირუსები ბინადრობენ სისხლის უჯრედებში, იმუნურ სისტემაში, თირკმელებში, რასაც საბოლოოდ მათ ქრონიკულ უკმარისობამდე მივყავართ. დაავადების გამომწვევს შესწევს უნარი, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში შეიჭრას და მრავალი დაავადების პროვოცირება მოახდინოს. რაც შეეხება კანცეროგენულ - კიბოს გამომწვევ თვისებას, ამ მხრივ B ჰეპატიტის ვირუსი მხოლოდ ფილტვის კიბოს გამომწვევ კანცეროგენს ჩამოუვარდება. ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანი მის მიერ პროვოცირებული ღვიძლის ციროზით იღუპება, ხოლო 300 ათასი - ჰეპატოკარცინომით. რამდენიმე წლის წინათ დაავადება არასრულწლოვანებისა და ახალგაზრდების პრობლემად იქცა - 100 დაავადებულიდან 75-80 30 წლამდე ასაკისა გახლდათ, მაგრამ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინის შექმნამ მოზარდების ინფიცირებისა და ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა. დაავადებულთა 29,9% ნარკომანია, 20% სქესობრივი გზით დაავადდა, დანარჩენი კი ცუდად გასტერილებული სამედიცინო ინსტრუმენტებით (ინფიცირებული ინსტრუმენტების დეზინფექციისა და ვირუსის ლიკვიდაციისთვის საჭიროა მათი დამუშავება 1000ჩ-ზე 40 წუთის განმავლობაში, რადგან ვირუსი მაღალი ტემპერატურისადმი ძალზე მედეგია), შეუმოწმებელი დონორის სისხლით, მანიკიურისა და პედიკიურის, ტატუირების ხელსაწყოებით.
C ჰეპატიტი
C ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტით დღეს დედამიწის მოსახლეობის 15-20%-ია დაავადებული და მათ 70-75%-ს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ელის. თუ B ჰეპატიტისგან სრული განკურნება ასიდან 80-95 შემთხვევაშია შესაძლებელი, ჩ ჰეპატიტისგან განკურნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა მეცნიერები გვაიმედებენ, რომ სულ მალე შეძლებენ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. C ჰეპატიტიც ტრანსმისიულია, ანუ ისიც სისხლისა და მისი კომპონენტების საშუალებით ვრცელდება, თუმცა სქესობრივი გზით იშვიათად გადადის (1-2%-ში, ისიც უმეტესად ჰომოსექსუალებსა და იმ პირებში, ვინც სქესობრივ პარტნიორს ხშირად იცვლის). აღსანიშნავია, რომ შემთხვევათა 40-%-ში ვირუსის ორგანიზმში შეჭრის გზას საერთოდ ვერ ადგენენ. დაავადება ათიდან 7-8 შემთხვევაში ქრონიკულ ხასიათს იღებს და ღვიძლის კიბოთი, ციროზითა და ქრონიკული ჰეპატიტით რთულდება. ერთი ინდივიდისგან მეორეს ვირუსი ყველაზე ხშირად პოსტტრანსფუზიურად (სისხლის გადასხმის შემდგომ) გადაეცემა. ამ გზით ინფიცირების რისკჯგუფში შედიან ჰემოფილიით, თალასემიით დაავადებულები და სხვა ისეთი ავადმყოფები, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა. დაავადების რისკჯგუფში შედიან ინტრავენური ნარკომანებიც, რომლებიც ნარკოტიკულ ინექციას საერთო შპრიცით იკეთებენ. დაახლოებით 5%-ში ინფიცირება ხდება ვერტიკალური გზითაც. ეს დაავადებული ორსულისგან ახალშობილის დასნეულებაა. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია დედის სისხლში ვირუსის მაღალი კონცენტრაციის, სამშობიარო ტრავმების და ძუძუთი კვების დროს. უკანასკნელ წლებში მეტისმეტად იმატა აკუპუნქტურის, ნემსოთერაპიის და ტატუირების დროს არასტერილური ნემსებით ინფიცირებულთა რიცხვმა. ცნობილია შემთხვევები, როცა დაავადება საკუთრივ ნარკოტიკს გამოუწვევია. C ჰეპატიტი მედიცინის მუშაკთა ერთგვარი "პროფესიული დაავადებაა". ყველაზე მეტად ჰემოდიალიზისა და ჰემატოლოგიური განყოფილების თანამშრომლები ზარალდებიან. ხშირია ლაბორატორიის, რეანიმაციისა და ქირურგიულ კლინიკათა თანამშრომლების ინფიცირებაც. გახსოვდეთ: B და C ჰეპატიტები არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო კონტაქტით, საუბრით, ცემინებისა და ხველებისას, ფიზიკური სიახლოვისას, ხელის ჩამორთმევისა თუ კოცნისას, ამიტომ დაავადებულები და ვირუსმატარებლები ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან იზოლირებას არ საჭიროებენ.