რას გვიჩვენებს კოაგულოგრამა

ის კომპლექსურ ანალიზს წარმოადგენს, აქვს ჩატარების რამდენიმე მეთოდიკა და ჩვეულებრივ, სისხლის შედედების რამდენიმე ფაქტორს განსაზღვრავს. კოაგულოგრამა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევაა ორსულობის დროს, ოპერაციული ჩარევის წინ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ყველა იმ სიტუაციაში, როდესაც პაციენტს სისხლის დაკარგვა უწევს. ჰემოსტაზიოგრამა შედის გამოკვლევათა კომპლექსში, რომელიც აუცილებლად ტარდება ქვემო კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, აუტოიმუნური დაავადებებისა და თირკმლის პათოლოგიების დროს. სისხლის შედედების დარღვევამ, უპირატესად - მომატებამ, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს - დასაბამი მისცეს ინსულტს, ინფარქტს, თრომბოზს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ექიმის მიერ ჰემოსტაზზე დანიშნული სისხლის ანალიზის უგულებელყოფა. მით უფრო, რომ ჰემოსტაზის დარღვევა ზოგჯერ დიდხანს არ მჟღავნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. სისხლის ჰემოსტაზი სამი სისტემის ბალანსს ეფუძნება. ესენია:
- შემდედებელი სისტემა, რომელიც ააქტიურებს თრომბოციტებს, სისხლძარღვის კედელზე მათ მიკვრასა და შეწებებას (ძირითადი კომპონენტები: შედედების ფაქტორები, თრომბოციტები, კალციუმი, სისხლძარღვის კედელი);
- შედედების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აკონტროლებს სისხლის შედედებას და აფერხებს თრომბის თვითნებური წარმოქმნის პროცესს (სისტემის გამაწონასწორებელი ანტითრომბინ III);
- ფიბრინოლიზური სისტემა, რომელიც ემსახურება კოლტების გახსნას (პლაზმინი).
ადამიანის ორგანიზმში სისხლის მდგომარეობა ამა თუ იმ სისტემის ფუნქციურ გადამეტებაზეა დამოკიდებული.
ჰემოსტაზის მდგომარეობა ხასიათდება კოაგულოგრამის შემდეგი მაჩვენებლებით:
- ფიბრინოგენით;
- პროთრომბინით;
- ანტითრომბინ III-ით;
- D-დიმერით;
- მგლურას ანტიკოაგულანტით და სხვა.
შედედების სისტემის რომელიმე მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა ჰემოსტაზის დარღვევის მანიშნებელია და ამა თუ იმ დაავადების მაუწყებელ განგაშის ზარს წარმოადგენს.
სისხლის შედედება და ორსულთა ჰიპერკოაგულაცია
ორსულობის დროს კოაგულოგრამა ყოველთვის სისხლის მომეტებულ შედედებას აჩვენებს. ორსულთათვის ეს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური ნორმაა. ამასთანავე, თუ მომავალ დედას აღენიშნებოდა წინასწარი განწყობა სისხლის შედედების დარღვევის, მისი მომატების მიმართ, ორსულობისას ჰიპერკოაგულაციამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც თავად მას, ასევე ბავშვსაც. თუ თრომბი პლაცენტის სისხლძარღვებში წარმოიქმნა, საშვილოსნოში მყოფი ნაყოფი ვერ მიიღებს სათანადო ოდენობის ჟანგბადს და შესაძლოა, მოხდეს მისი გამოძევება, მშობიარობა ნაადრევად დაიწყოს ან ბავშვი ტვინის მძიმე დარღვევებით დაიბადოს. ჰემოსტაზიოგრამის შედეგების მიღებისას დასკვნის დამოუკიდებლად გამოტანას ნუ იჩქარებთ. გაითვალისწინეთ, რომ კოაგულოგრამის სწორად, მართებულად გაშიფვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
კოაგულოგრამის ანალიზისთვის საჭირო მასალა და გამოკვლევისათვის მომზადება
სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებელთა გამოსაკვლევად სისხლს იდაყვის ვენიდან იღებენ. სარწმუნო მონაცემთა მისაღებად სასურველია ანალიზის უზმოზე გაკეთება. კოაგულოგრამის არსისა და მნიშვნელობის უკეთ შესაცნობად განვიხილოთ მისი რამდენიმე მაჩვენებელი.
ფიბრინოგენი
ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება. ის გარდაიქმნება უხსნად ფიბრინად, რომელიც სისხლის შედედებისას კოლტის საფუძველს ქმნის. ფიბრინიდან საბოლოო ჯამში თრომბი წარმოიქმნება, შედედების პროცესის დასრულება კი სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული. ფიბრინოგენი კოაგულოგრამის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული მაჩვენებელია. მისი ანალიზი აუცილებელია ოპერაციის წინა პერიოდში, ანთებითი პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას. ფიბრინოგენი გავლენას ახდენს ერითროციტების დალექვის სიჩქარეზეც. ფიბრინოგენის ნორმა რამდენადმე იზრდება ორსულობისას. სხვა შემთხვევაში კოაგულოგრამის აღნიშნული მაჩვენებლის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს:
- მწვავე ინფექციურ და ანთებით დაავადებებზე (გრიპზე, ტუბერკულოზზე);
- ინსულტზე;
- მიოკარდიუმის ინფარქტზე;
- ჰიპოთირეოზზე;
- ამილოიდოზზე;
- პნევმონიაზე;
- ავთვისებიან სიმსივნეზე (ფილტვის კიბოზე და სხვა).
ფიბრინოგენის დონის მომატება თან სდევს დამწვრობას, ოპერაციულ ჩარევას, ესტროგენებისა და ორა-ლური კონტრაცეპტივების მიღებას. ფიბრინოგენის დონე მცირდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის ჰეპატიტი, ციროზი, С და B12 ვიტამინების ნაკლებობა, პოლიციტემია და სხვა. ფიბრინოგენის დონე ასევე იკლებს გველის შხამით მოწამვლისას, ანაბოლური ჰორმონების, ანდროგენებისა და თევზის ქონის მიღებისას.