კუჭ-ნაწლავის ტრაქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

საკვები ორგანიზმში გარემოდან ხვდება, მაგრამ მასთან ერთად ხვდება უამრავი გამღიზიანებელიც, რომლებიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და მრავალ პათოლოგიას უდებს სათავეს.

როგორ მოვუაროთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემას, როგორ დავიცვათ იგი კიდევ უფრო ძლიერი დაზიანებისგან პათოლოგიური პროცესის არსებობისას, - ამ და სხვა საკითხების შესახებ ექიმი ელზა ჯიქურაშვილი გვესაუბრება.

- საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სისტემა დანარჩენი სისტემებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი ყველა ორგანოს ფუნქცია ჯაჭვურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მოქმედებს როგორც ერთი მთლიანობა. როგორ ახორციელებს ორგანიზმი ამას?

- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციები: მოტორიკა, სეკრეცია და შეწოვა, - ამ პროცესის მარეგულირებელი სამი საკმაოდ რთული მექანიზმით ხორციელდება: ცენტრალური რეფლექტორულით, ჰუმორულითა და ლოკალურით.

ცენტრალური რეფლექტორული რეგულაცია - ეს ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ განხორციელებული კონტროლია, რომელშიც მოგრძო ტვინში მდებარე საჭმლის მომნელებელი ცენტრი და უამრავი ნერვული უჯრედი მონაწილეობს.

ჰუმორული რეგულაცია გულისხმობს შემდეგს: საჭმლის მონელების დროს სისხლში პერიოდულად გადადის კუჭის ლორწოვანი გარსის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ლორწოვანი გარსის ენდოკრინული უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საკვების მონელებისა და ათვისების პროცესს საჭირო მიმართულებით წარმართავენ.

ლოკალური ანუ ადგილობრივი - ნაწლავებში გადასული საკვები უშუალოდ მოქმედებს მის ადგილსამყოფელზე, ააქტიურებს ნაწლავის სეკრეციასა და მოტორიკას, რითაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

ამ სამი მექანიზმის როლი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებაში სხვადასხვანაირია. ცენტრალურ-რეფლექტორული გავლენა განსაკუთრებით გამოხატულია ზედა ნაწილში, პირის ღრუდან საკვები გუნდის საყლაპავში გადასვლის შემდეგ იგი სუსტდება, სამაგიეროდ ძლიერდება ჰუმორული მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერ გავლენას კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობასა და ნაღვლის გამოყოფაზე ახდენს. წვრილ, უფრო მეტად კი მსხვილ ნაწლავში ძლიერდება ადგილობრივი - მექანიკური და ქიმიური გაღიზიანების შედეგად წარმოქმნილი - ლოკალური მარეგულირებელი მექანიზმი.

- მიუხედავად სარეგულაციო მექანიზმებისა, ეს ჰარმონიული "ორკესტრი" ზოგჯერ მაინც გამოდის მწყობრიდან და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებაში პათოლოგიური პროცესები ვითარდება. ყველაზე ხშირად პეპტიკურ წყლულს ვაწყდებით, რომელიც კუჭსა და ნაწლავებში ქსოვილოვან-ანატომიური დეფექტით ვლინდება. რას წარმოადგენს იგი?

- საჭმლის მონელებაში შეუცვლელ როლს ასრულებს მარილმჟავა. ის, ერთი მხრივ, ქმნის წყალბადის იონთა ისეთ კონცენტრაციას, რომ პეპსინები მაქსიმალურად აქტიურდებიან და ახდენენ ცილების დენატურაციას, რითაც მათ დაშლა-მონელებას უწყობენ ხელს, მეორე მხრივ კი მარილმჟავას გარეშე წარმოუდგენელია ქიმიური გარდაქმნები.

კუჭის წვენის სეკრეციის დარღვევისას - ჰიპერსეკრეციისას (მომატება) ან ჰიპოსეკრეციისას (დაქვეითება) - კუჭში პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. მჟავიანობის მომატებას ჰიპერაციდოზს უწოდებენ, დაქვეითებას კი ჰიპოაციდოზს, ერთიც და მეორეც არღვევს წინასწორობას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დამცავ ფაქტორსა და აგრესიულ ელემენტებს შორის, რაც სათავეს უდებს პეპტიკურ წყლულად წოდებულ მულტიფაქტორულ დაავადებას, რომლის მთავარი ნიშანიც ლორწოვანი გარსის დეფექტი - წყლული - გახლავთ.

პეპტიკური წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებაში არსებულ ქსოვილოვან დეფექტებს გულისხმობს. იგი უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში.

საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გარდა, ქსოვილოვანი დაზიანებით მიმდინარეობს ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.


- რას უნდა ერიდოს ადამიანი ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად და ისიც, ვისაც უკვე აქვს ეს პათოლოგია მიძინებულ მდგომარეობაში, რათა ის არ გამოაღვიძოს?

- უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა ეგრეთ წოდებული სტრესული წყლული, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც დადებითი, ისე უაყოფითი ემოციების ფონზე, თუმცა ნეგატიური გავლენა უარყოფითი ემოციებისა განსაკუთრებით დიდია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვერიდოთ უარყოფით ემოციებს, შფოთვას, ნერვული სისტემის გადაძაბვას.

მნიშვნელოვანი რისკფაქტორია კვების რეჟიმის დარღვევა და არასწორი რაციონი. საკმაოდ დიდხანს არსებობდა სამკურნალო კვების განსაზღვრული ტიპები, რომლებსაც ყველა პაციენტი ერთნაირად იცავდა. დღეს ამ მხრივ მიდგომა შეიცვალა. აუცილებელია რაციონიდან გამოირიცხოს ის პროდუქტები, რომელთა მიმართ პაციენტი ინდივიდუალურ აუტანლობას ამჟღავნებს და რომლებიც მასში დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ერთისთვის ეს შეიძლება მანანის ფაფა იყოს, მეორისთვის კი შაშხი, თუმცა გამწვავების პერიოდში არავის ურჩევენ ძლიერ ცხარე საკვებს, არომატულ სანელებლებს, კონსერვანტებითა და საღებავებით მდიდარ პროდუქტებს.

აუცილებელია უარის თქმა რამდენიმე მავნე ჩვევაზე, უპირველეს ყოვლისა კი თამბაქოს წევაზე, რომელიც აძლიერებს კუჭის წვენში მარილმჟავას გამოყოფას, არღვევს საკვების გადამუშავებას და აზიანებს წყლულოვანი დეფექტის არეს, რითაც უფრო მეტად აქვეითებს ორგანოს ფუნქციებს.

სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ უბანზე წყლულოვანი დეფექტის გაჩენა შესაძლოა მედიკამენტის უკონტროლო მიღებას უკავშირდებოდეს. ამ მხრივ საშიშია გლუკოკორტიკოსტეროიდები, ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვა.

პეპტიკური წყლულით დაავადებულს ხშირად დეპრესია ეუფლება და გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმზე უნდა გადაერთოს და ბევრ რამეზე უარი თქვას, იმდენად თრგუნავს, რომ ხშირად სამსახურში წასვლის სურვილიც კი ეკარგება, არადა უმოძრაობა და ჰიპოდინამია მხოლოდ ფსიქოემოციურ მდგომარეობას კი არა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობასაც უშლის ხელს.

რამის აკრძალვა ცხოვრების დასასრულს ნამდვილად არ ნიშნავს. მოძრაობა ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება ძალ-ღონის მოსაკრებად. ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც წყლულოვანი დაავადებებისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი. თუ დატვირთულ გენეტიკას ცხოვრების არაჯანსაღი წესიც დაემატა, პეპტიკური წყლულის ჩამოყალიბების ალბათობა საკმაოდ იზრდება.

- რას წარმოადგენს დისკინეზია და რა იწვევს მას?

- დისკინეზია მდგომარეობაა, როდესაც დარღვეულია ნაღვლის ბუშტისა და ნაღველგამომტანი გზების მოტორულ-ევაკუატორული ფუნქცია.

ნაღვლის ბუშტი ნაღვლის რეზერვუარია, რომელშიც გროვდება ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი, რომელიც ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება, საკვების მონელებაში მონაწილეობს და ნაწლავთა მოძრაობას - პერისტალტიკას განაპირობებს. იმისთვის, რომ ნაღვლის ბუშტი დაიცალოს, საჭიროა მოდუნდეს ბილიარული სისტემის სფინქტერები. დისკინეზიის დროს სწორედ მათი სინქრონული მოქმედებაა დარღვეული და ნაღველიც არანორმალურად გადაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში.

გამომწვევი მიზეზის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ დისკინეზიას. პირველადის დროს მიზეზი თავად ნაღველგამომტანი გზებისა და სისტემის ფუნქციური დარღვევებია, მეორეულის დროს კი დამნაშავე მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს დაავადებაა - საკუთრივ ნაღვლის ბუშტისა, კუჭისა, ნაწლავებისა... ხშირად მეორეულ დისკინეზიაში პანკრეასის პათოლოგიები მონაწილეობენ. ისინი ნეგატიურ გავლენას ახდენენ ნაღვლის ბუშტის დაცლის რეგულაციაზე.

არსებობს ნაღვლის ბუშტის თანდაყოლილი დეფორმაციით გამოწვეული დისკინეზიაც, რომელიც ასაკთან ერთად აღმოიფხვრება, მანამდე კი ნაღვლის გამოდევნის პრობლემას ქმნის.

- როგორ მოვიქცეთ დისკინეზიის დროს?

- თუ დისკინეზიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში, უსიამოვნო გემო პირში, გულისრევის შეგრძნება, ყრუ, მჩხვლეტავი ან შეტევისმაგვარი ტკივილი) ნაღვლის ბუშტის დეფორმაციით არის განპირობებული, მისი გამოსწორება სწრაფად ვერ ხერხდება. ამ დროს აუცილებელია, პაციენტს უსიამოვნო შეგრძნებები მოეხსნას. საზოგადოდ, დისკინეზიას დიეტითა და ნაღვლმდენი პრეპარატებით, ყრუ გამორეცხვებით მკურნალობენ.

დიეტა გულისხმობს რაციონიდან ცხიმიანი, ცხარე, მჟავე, მწარე კერძების გამორიცხვას. სასურველია მოხარშული საკვების მიღება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიტმულ კვებას. რამდენადაც ნაღვლის ბუშტი ჭამის შემდეგ იცლება, როცა კვების რეჟიმი მოუწესრიგებელია, ბუშტის დაცლაც არარეგულარული ხდება და ნაღვლის შეგუბებისა და პათოლოგიური პროცესების განვითარების ალბათობაც იზრდება.

ყრუ გამორეცხვა ტარდება დილით, უზმოზე. მისი ხშირად ჩატარება არ შეიძლება, რადგან ეს პროცედურა საკმაოდ ტვირთავს ნაღვლის ბუშტს. საკმარისია, კვირაში ერთხელ ჩაიტაროთ. კურსი 8-10 გამორეცხვაა.

დისკინეზიის ჩივილები სწორი დიეტისა და მკურნალობისას იხსნება, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტი ზუსტად ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს.


- რას გვეტყვით ნაწლავების ისეთ ფუნქციურ მოშლილობაზე, როგორიცაა დუღილისა და ლპობითი დისპეფსია?

- დუღილის დისპეფსია ისეთი ფუნქციური დაავადებაა, როდესაც მოშლილია ნაწლავებში ნახშირწყლების მონელება. იგი ვითარდება საკვებით ნაწლავების გადატვირთვისას, უმი ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღებისას, ბოლომდე დაუდუღებელი სასმელების (მაჭარი, ბურახი) დალევისას.

მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფის შემცირება, წვრილი ნაწლავების მოტორიკის გაძლიერება, პანკრეასის ფერმენტ ამილაზის ნაკლებობა. ყოველივე ეს აფერხებს ნახშირწყლების სრულ მონელებასა და შეწოვას. ნაწლავის სანათურში დარჩენილი ნახშირწყლები მიკრობული ფლორის გავლენით იწყებენ დუღილს, რაც იწვევს მუცლის ძლიერ შებერილობას, ყურყურს, ფაღარათს, ტკივილს.

ლპობითი დისპეფსია მაშინ ვითარდება, როდესაც ირღვევა ნაწლავებში ცილების მონელება. ის შესაძლოა განვითარდეს ცილოვანი საკვებით ორგანიზმის დატვირთვისას, განსაკუთრებით - უხარისხო ხორცის ან თევზის ჭარბი მიღების შემდეგ.

ცილოვანი ნივთიერებების მონელების დარღვევას ხელს უწყობს ლპობითი მიკრობების გამრავლება დუღილის მიკრობებზე მეტად. ამის შედეგად ჭარბობს ლპობითი პროცესები, ჭარბად ჩნდება არანორმალური პროდუქტები, აირები, რაც ნაწლავს აღიზიანებს. ამ დროს პაციენტი უჩივის ფაღარათს დამპალი სუნის მქონე მასებით, უგუნებობას, თავის ტკივილს, ადვილად დაღლას, რაც ნაწლავში გაჩენილი ტოქსიკური პროდუქტების შეწოვით არის განპირობებული.

დროული მკურნალობის გარეშე როგორც დუღილის, ისე ლპობითი დისპეფსიები სისტემატურ ხასიათს იღებს და შესაძლოა, ნაწლავებში ქრონიკული ანთებითი პროცესების მიზეზად იქცეს.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მსგავსი სიმპტომების გაჩენისას?

- დუღილის დისპეფსიის დროს აუცილებელია რაციონიდან ნახშირწყლების, განსაკუთრებით - რაფინირებულის, გამორიცხვა და ცილებით მდიდარი დიეტა.

რაც შეეხება ლპობით დისპეფსიას, ამ დროს აუცილებელია რამდენიმედღიანი შიმშილობა და შესაბამისი ფერმენტების მიღება.

ორივე შემთხვევაში პაციენტი უნდა დაიტვირთოს ვიტამინებით, აკრძალულია ყოველგვარი ანტიბიოტიკის მიღება, რადგან ისინი თრგუნავენ ნაწლავის ნორმალურ ფლორას და შეიძლება კანდიდამიკოზამდეც კი მიგვიყვანონ.

- ადამიანის ქიმუსი, მკვრივ და თხიერ ნაწილთან ერთად, საკმაოდ შეიცავს აიროვან კომპონენტსაც, რომელიც ხშირად დიდი უსიამოვნების მიზეზი ხდება...

- ნაწლავებში აირები ჩაყლაპულ ჰაერთან ერთადაც ხვდება და საკუთრივ ნაწლავებშიც წარმოიქმნება. გარდა ამისა, მათი ნაწილი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლიდანაც გადადის. ნაწლავებში დაგროვილი აირები ნაწილობრივ შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, ნაწილობრივ კი ევაკუირდება საყლაპავიდან, სწორი ნაწლავიდან და გარემოში ასე გამოიყოფა. ნორმაში ადამიანი ყოველდღიურად გამოყოფს 0,5-1,5 ლ აირს. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავში ყოველთვის არის 200 მლ აირი, რომელიც წარმოქმნის ლორწოვან ქაფს. სწორედ ამ ქაფის თხელი ფენა ფარავს ნაწლავის ლორწოვან გარსს და ართულებს მონელებას, აქვეითებს ფერმენტების აქტივობას, შეწოვის პროცესებს, მათ შორის - წყლისასაც. როდესაც ნაწლავებში დაგროვილი აირების რაოდენობა მეტისმეტად დიდია, ორგანიზმი ვეღარ ახერხებს მის ბუნებრივ დრენირებას და ორგანოს კედლები იბერება. ამაზე მწვავედ რეაგირებს ადგილობრივი ნერვული დაბოლოებანი, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს. ყოველივე ეს ადამიანს ძლიერ დისკომფორტს უქმნის. ამ მოვლენას მედიცინაში მეტეორიზმად იცნობენ.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც მეტეორიზმი აწუხებს?

- აუცილებელია რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა, რომლებიც არა მხოლოდ მეტეორიზმის, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის თითქმის ყველა დაავადების პროფილაქტიკისთვის არის რეკომენდებული:

  • სითხის მიღება - ჭამამდე 15-30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ სითხე, რომლის რაოდენობაც მირთმეულ საკვებზეა დამოკიდებული;
  • კვებისას საჭმლის მომნელებელი ფერმენტების თვისებათა გათვალისწინება - დაუშვებელია ერთროულად ხორცის (მისი მონელება მჟავა არეში მომუშავე ფერმენტების დახმარებით ხდება) და კარტოფილის (მისი მონელება ხდება ტუტე არეში მომუშავე ფერმენტებით) მიღება. ამ დროს საჭმლის მომნელებელ არხში ხდება ფერმენტთა ინაქტივაცია და საკვების გადამუშავება ფერხდება.

ამ პრინციპით, ერთმანეთთან კატეგორიულად შეუთავსებელი პროდუქტებია, ერთი მხრივ, ცხოველური და მცენარეული ცილების შემცველი ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ყველი, რძე და რძემჟავა პროდუქტები, ლობიო, ბარდა, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, მეორე მხრივ კი სახამებლით და ნახშირწყლებით მდიდარი კარტოფილი, მარცვლეული, პური და ფქვილის ნაწარმი, შაქარი და მისი შემცველი ნამცხვრები, მურაბები, თაფლი და ხილი. ეს უკანასკნელი უმჯობესია მიიღოთ სხვა პროდუქტების მიღებამდე 30 წუთით ადრე ან მათი მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ.

  • ჭამის დროს ნუ იჩქარებთ - საჭმელი უნდა მიირთვათ ნელა, დაღეჭოთ კარგად და საგულდაგულოდ, რათა გუნდა მაქსიმალურად გაჯერდეს ნერწყვით. ეს აუცილებელი პირობაა საჭმლის სრულფასოვანი მონელებისთვის, რადგან ნერწყვი საკვების გუნდას ლპობისა და დუღილისგან იცავს.


ნუ მიუჯდებით მაგიდას გადაღლილი, გაღიზიანებული, ფიზიკური შრომის დამთავრებისთანავე ან უშუალოდ სამუშაოს დაწყებამდე, - ყოველივე ეს ანელებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას, იწვევს ლპობისა და დუღილის სწრაფად დაწყებას და ნაწლავში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიებს საჭმლის მომნელებელ პროცესებში მონაწილეობაში უშლის ხელს.

  • კვებისას დაიცავით სეზონურობა - ეს პოსტულატი ითვალისწინებს წელიწადის განსაზღვრულ დროს განსაკუთრებული საკვების მიღების აუცილებლობას, მაგალითად, ზამთარში და შემოდგომაზე - პარკოსნებისას, მარცვლეული კულტურებისას, ახალი ხილისა და ბოსტნეულისას, ზაფხულში - კენკრისას, გაზაფხულზე კი მცენარეული სალათებისას.

წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც შეიძლება მეტი უმი ხილი და ბოსტნეული, რადგან ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ უმი ხილი და ბოსტნეული მოხარშულზე გაცილებით მეტად ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის.

მეტეორიზმისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან მოდურ, წონის დასაკლებ დიეტებზე, რადგან ისინი ყველაზე ძლიერ და ადვილად აყენებენ ტრავმას საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. საშიშია გაზიანი სასმელებიც, განსაკუთრებით - თვითფერმენტირებადი ბურახი და ლუდი.

მეტეორიზმის გამოწვევა შეუძლია საღებავის შემცველ საღეჭ რეზინებსაც. აუცილებელია ასაკის შესატყვისი მოძრაობითი აქტივობა. თუ ადამიანი არ მოძრაობს, მისი კუნთები, მათ შორის - შინაგანი ორგანოების მუსკულატურაც, დაქვეითებული აქტივობის რეჟიმში გადადის, რაც ორგანიზმში შეგუბებით მოვლენებს და მათ შორის მეტეორიზმსაც იწვევს.

თუ ყაბზობას უჩივით, ნუ გამოიყენებთ ხშირად და უმართებულოდ გამწმენდ ოყნებსა და საფაღარათო პრეპარატებს, - ესეც უარყოფითად აისახება კუჭ-ნაწლავზე. ამ შემთხვევაში გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.

მეტეორიზმის პროვოცირება შეუძლია ტკბილ და ცხიმიან საკვებს. ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვებისას უარი თქვით ყავასა და შოკოლადზე. ზომიერად მიირთვით კომბოსტო, ბარდა და სხვა ბოსტნეული. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა - ეცადეთ, საჭმელი დღის ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. გახსოვდეთ: მეტეორიზმი ზოგჯერ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე სერიოზული პათოლოგიური პროცესის მაუწყებელი სიგნალია, ამიტომ ნუ ეცდებით მასთან დამოუკიდებლად გამკლავებას, უმჯობესია, ეს სპეციალისტს მიანდოთ.

- ორგანიზმის ცალკეული სისტემები ასაკის კვალდაკვალ გარკვეულ ცვლილებებს განიცდიან. რა იცვლება ამ მხრივ საჭმლის მომნელებელ სისტემაში?

-უპირველეს ყოვლისა, ქვეითდება ნაწლავთა შემწოვი ფუნქცია და პერისტალტიკის უნარი. 60-65 წლის შემდგომ ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალშისაცემია. სწორედ ამის ბრალია, რომ ხანში შესული ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ რაციონს არ იცვლიან, ხშირად იკლებენ წონას და შეკრულობა უვითარდებათ. გარდა ამისა, ხანდაზმულ ასაკში უკვე შესამჩნევი ხდება და კლინიკურად ვლინდება ყველა ის ანატომიური დეფექტი, რომელიც ადამიანს აქვს. ახალგაზრდობისას ეს თავისებურებები სარეგულაციო მექანიზმების წყალობით რეგულირდება და არც ისე აშკარაა, ასაკის მატებასთან ერთად კი ზოგადსარეგულაციო მექანიზმები სუსტდება და ყველა სისუსტე თვალშისაცემი ხდება.

ასაკოვან პირებში შეკრულობის მიზეზი ყველაზე ხშირად დოლიქოსიგმაა - გრძელი სიგმური კოლინჯი. ამ შემთხვევაში მონელებული მასები უფრო მეტხანს რჩება ნაწლავში, მეტი წყალი შეიწოვება და განავლოვანი მასების ევაკუაცია ყოვნდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასაკთან ერთად ნაწლავებში ისედაც ძნელდება საკვების ტრანზიტი, ცხადი გახდება, რატომაც ვითარდება ასეთი მყარი შეკრულობა. მოხუცებულთა ნაწილს აწუხებს ფაღარათიც, მაგრამ იგი ხშირად რომელიმე დაავადების შედეგია და არა ასაკობრივი ცვლილებებისა.

- რას ურჩევდით ხანდაზმულებს, ამ პრობლემებს უკეთ რომ გაართვან თავი?

- შეძლებისამებრ დაიცვან კვების რეჟიმი, მიირთვან ერთსა და იმავე დროს, რაციონი გაიმდიდრონ მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვებით. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცხიმი. შეწვისას უმჯობესია ზეითუნის ზეთი გამოიყენონ, მოხარშულ და ცოცხალ საკვებთან კი მზესუმზირასი და სიმინდის ზეთი.

სიფრთხილე მართებთ მედიკამენტების მიმართაც. ასაკოვანი პირები მშვიდად მაშინ არიან, როდესაც უამრავ წამალს სვამენ, არადა, ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკები, ისე აზიანებს ასაკის გამო ისედაც დასუსტებულ ნაწლავურ ფლორას, რომ ზოგჯერ მისი აღდგენა შეუძლებელიც კი ხდება. ნებისმიერი პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის დანიშნულებით, რეჟიმისა და დოზის მკაცრი კონტროლით. მათთვის, ვისაც შეკრულობა დიდი ხანია აწუხებს, პერიოდულად აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება, რადგან ასაკთან ერთად თავჩენილი ყაბზობა შესაძლოა რომელიმე დაავადების სიმპტომი იყოს.